არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ იგავიდან ტალანტებზე

ისწავლეთ იგავიდან ტალანტებზე

„ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, და მესამეს — ერთი“ (მათ. 25:15).

1, 2. რატომ მოიყვანა იესომ იგავი ტალანტებზე?

იესომ ცხებულ მიმდევრებს იგავით ტალანტებზე დაანახვა, თუ რა პასუხისმგებლობა უნდა ეტვირთათ მათ. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ამ იგავის მნიშვნელობას, ვინაიდან ის ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს გვეხება — ვიქნებით მიწიერი იმედის მქონენი თუ ზეცაში ცხოვრების მომლოდინენი.

2 იესოს ეს იგავიც პასუხს სცემს იმ კითხვას, რომელიც მას მოწაფეებმა დაუსვეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3). ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს იგავი ჩვენს დროში სრულდება და იმ ნიშნის ნაწილია, რომლის საფუძველზეც ვასკვნით, რომ იესო მოსულია და ზეცაში მეფობს.

3. რას ვსწავლობთ მათეს 24-ე და 25-ე თავებში მოთხრობილი იგავებიდან?

3 იგავი ტალანტებზე იმ ოთხი იგავიდან ერთ-ერთია, რომლის შესახებაც მათეს 24:45-დან 25:46-ის ჩათვლით ვკითხულობთ. სხვა სამი იგავიც — იგავები ერთგულ და გონიერ მონაზე, ათ ქალწულზე, ცხვრებსა და თხებზე — ერთგვარ პასუხს წარმოადგენს მოციქულების მიერ იესოსთვის დასმულ კითხვაზე, თუ რა იქნებოდა მისი მოსვლის ნიშანი. ოთხივე იგავში იესო ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რა იქნებოდა ბოლო დღეების განმავლობაში მისი მიმდევრების განმასხვავებელი ნიშანი. იგავები ერთგულ და გონიერ მონაზე, ათ ქალწულსა და ტალანტებზე უშუალოდ იესოს ცხებულ მიმდევრებს ეხება. იგავით ერთგულ მონაზე, იესომ ცხადყო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უნდა ეარსება ცხებულთა პატარა ჯგუფს, რომელსაც ის მიანდობდა შინაურების სულიერად დაპურების საქმეს; ეს ცხებული ქრისტიანები ერთგულები და გონიერები იქნებოდნენ. იგავში ათ ქალწულზე იესომ აღნიშნა, რომ ყველა ცხებულ მიმდევარს თადარიგი უნდა დაეჭირა და უნდა ეფხიზლა, რადგან მართალია, მათ ეცოდინებოდათ იესოს მოსვლის შესახებ, მაგრამ არ ეცოდინებოდათ მისი მოსვლის დღე და საათი. ტალანტებზე მოყვანილი იგავით იესოს იმის თქმა სურდა, რომ ცხებულებს გულმოდგინედ უნდა შეესრულებინათ მათზე დაკისრებული ქრისტიანული მოვალეობა. იესოს ბოლო იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ, მიწიერი იმედის მქონეთ ეხებათ. ამ იგავით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „სხვა ცხვარი“ ყოფილიყო ერთგული და ბოლომდე დაეჭირა მხარი ქრისტეს ცხებული ძმებისთვის დედამიწაზე. * მოდი, ამ სტატიაში ყურადღება შევაჩეროთ იგავზე ტალანტების შესახებ.

ბატონმა ქონება მონებს ჩააბარა

4, 5. ვის განასახიერებს იგავში მოხსენიებული ბატონი და რა ღირებულება გააჩნდა ტალანტს იმ დროისთვის?

4 წაიკითხეთ მათეს 25:14—30. უკვე დიდი ხანია, რაც ამ იგავს ჩვენს პუბლიკაციებში შემდეგნაირად ვხსნით: იგავში მოხსენიებული კაცი, იგივე ბატონი, იესოა, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით სხვა ქვეყანაში მაშინ გაემგზავრა, როცა ახ. წ. 33 წელს ზეცად ამაღლდა. იესომ ცოტა ხნით ადრე მოთხრობილ, მსგავს იგავში თქვა, რომ ბატონი შორეულ ქვეყანაში ძალაუფლების მისაღებად წავიდა (ლუკ. 19:12). თუმცა ზეცად დაბრუნებულ იესოს მაშინვე არ მიუღია სრული სამეფო ძალაუფლება. * ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იგი „ღვთის მარჯვნივ დაჯდა [და] მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცევიან“ (ებრ. 10:12, 13).

5 იგავში მოხსენიებულ ბატონს რვა ტალანტი ჰქონდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი იმ დროისათვის დიდძალ ქონებას ფლობდა. * სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მან ტალანტები მონებს დაუნაწილა იმ იმედით, რომ მის დაბრუნებამდე ისინი ტალანტებს ბრუნვაში გაუშვებდნენ. ამ ბატონის მსგავსად, ზეცად ამაღლებამდე იესოც „დიდძალ ქონებას ფლობდა“. რა იყო ეს „დიდძალი ქონება“? მოდი, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თვალი გადავავლოთ იესოს მოღვაწეობას დედამიწაზე.

6, 7. რისი სიმბოლოა ტალანტები?

6 იესომ თავისი მოღვაწეობით ცხადყო, რომ მისთვის უმთავრესი ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე იყო (წაიკითხეთ ლუკას 4:43). სწორედ ამიტომ, ის ამუშავებდა „მინდორს“, სადაც „უხვ მოსავალს მოიწევდა“. ეს მოწაფეებისთვის ნათქვამი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35—38). ამით იესოს იმის თქმა სურდა, რომ მათ ირგვლივ არსებობდნენ ალალ-მართალი ადამიანები, რომლებიც მისი მოწაფეები გახდებოდნენ. იესო, როგორც „კარგი მიწათმოქმედი“, უყურადღებოდ არ დატოვებდა მინდორს, რომელიც მზად იყო მოსამკელად. სწორედ ამიტომ, მან მკვდრეთით აღდგომიდან მალევე, სანამ ზეცად ამაღლდებოდა, თავის მოწაფეებს არცთუ ისე იოლი დავალება მისცა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“ (მათ. 28:18—20). ამგვარად, იესომ თავის მოწაფეებს „განძი“, ქრისტიანული მსახურება, მიანდო (2 კორ. 4:7).

7 ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, რა დასკვნამდე მივდივართ? როდესაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, რომ მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი, ამით მათ ფაქტობრივად თავისი „ქონება“, „ტალანტები“, დაუნაწილა (მათ. 25:14). მარტივად რომ ვთქვათ, ტალანტები ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმის სიმბოლოა.

8. რას მოელოდა ბატონი მონებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მან თითოეულ მათგანს ტალანტების განსხვავებული რაოდენობა არგუნა?

8 ტალანტების იგავიდან ვიგებთ, რომ ბატონმა ერთ მონას ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, მესამეს კი — ერთი (მათ. 25:15). მართალია, თითოეულ მონას ტალანტების განსხვავებული რაოდენობა ერგო, მაგრამ ბატონი ელოდა, რომ მონები გულმოდგინებას გამოიჩენდნენ და ტალანტებს ბრუნვაში გაუშვებდნენ; ბატონის მსგავსად, იესოც მოელოდა, რომ მისი ცხებული მიმდევრები მსახურებისთვის საუკეთესოს გაიღებდნენ (მათ. 22:37; კოლ. 3:23). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ქრისტეს ცხებულმა მიმდევრებმა „ტალანტები“ ბრუნვაში გაუშვეს. ისინი მართლაც გულმოდგინედ ქადაგებდნენ და ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მოწაფეების მოსამზადებლად, რის შესახებაც საუკეთესოდ მოწმობს ბიბლიის წიგნი „საქმეები“ * (საქ. 6:7; 12:24; 19:20).

„ტალანტების მიმოქცევა“ ბოლო დღეებში

9. ა) როგორ განკარგეს მინდობილი ქონება ერთგულმა მონებმა და რაზე მეტყველებს ეს? ბ) რა წვლილი შეაქვს „სხვა ცხვარს“ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში?

9 ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტულად კი 1919 წლიდან მოყოლებული, ქრისტეს ერთგული ცხებული მიმდევრები დედამიწაზე განკარგავენ მათთვის მიბარებულ „ტალანტებს“. იგავში მოხსენიებული პირველი ორი მონის მსგავსად, ცხებული და-ძმებიც თავს არ ზოგავენ „ბატონის“ საქმის შესასრულებლად. ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ ხუთი ტალანტი მიიღო და ვინ — ორი. ფაქტი ერთია: ორივე მონამ გულმოდგინება გამოიჩინა და ბატონის ქონება გააორმაგა. თუმცა ჩნდება კითხვა: რა წვლილი შეაქვს ამ საქმეში „სხვა ცხვარს“? ფრიად მნიშვნელოვანი! იესოს იგავიდან ცხვრებსა და თხებზე ვიგებთ, რომ მიწიერი იმედის მქონეთ წილად ხვდებოდათ პატივი, მხარი დაეჭირათ იესოს ცხებული ძმებისთვის ქადაგებისა და სწავლების საქმეში. ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში ცხებულები და „სხვა ცხვარი“ ერთმანეთის მხარდამხარ იღვწიან, როგორც „ერთი სამწყსო“ და მთელი გულმოდგინებით მონაწილეობენ მოწაფეების მომზადების საქმეში! (იოან. 10:16).

10. რა არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ იესო ზეცაში მეფობს?

10 ბატონი სამართლიანად ელის, რომ მის მიერ წამოწყებული საქმე უშედეგოდ არ ჩაივლის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ საუკუნეში იესოს ერთგულმა მოწაფეებმა მართლაც „გაზარდეს ბატონის ქონება“ ანუ საუკეთესოდ გაართვეს თავი დავალებას. მაგრამ რის თქმა შეგვიძლია დღეს, ბოლო დღეებში? იესოს ერთგული და გამრჯე მსახურები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საქმეს არიან შეჭიდებულნი — ქადაგებენ და ამზადებენ მოწაფეებს. ყოველ წელს მათი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ღვთის ცნობის მაუწყებელთა რიგებს ასობით ათასი ახალი მოწაფე უერთდება; ეს ყოველივე კი იმის უტყუარი ნიშანია, რომ იესო ზეცაში მეფობს. უდავოდ, ეჭვი არავის გვეპარება იმაში, რომ ჩვენი ბატონი ძალიან კმაყოფილია.

ქრისტე სამქადაგებლო საქმეს თავის მსახურებს ანდობს (იხილეთ მე-10 აბზაცი)

როდის მოვა ბატონი ანგარიშის გასასწორებლად?

11. რას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ იესო დიდი გასაჭირის დროს გაუსწორებს ანგარიშს თავის მონებს?

11 იესო თავის მონებს დიდი გასაჭირის მიწურულს გაუსწორებს ანგარიშს. რას მივყავართ ამ დასკვნამდე? როგორც გვახსოვს, მათეს 24-ე და 25-ე თავებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში იესომ არაერთხელ გაუსვა ხაზი თავის მოსვლას. როდესაც ის დიდი გასაჭირისას ადამიანების გასამართლებაზე საუბრობდა, იქვე დასძინა, რომ ადამიანები იხილავდნენ „ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“. მან ბოლო დღეებში მცხოვრებ თავის მიმდევრებს სიფხიზლისკენაც მოუწოდა და უთხრა: „არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი . . . რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათ. 24:30, 42, 44). აქედან გამომდინარე, იესო სიტყვებში, „მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიშსწორებას შეუდგა“, როგორც ჩანს, მის მიერ ქვეყნიერების აღსასრულისას განაჩენის აღსასრულებლად მოსვლას გულისხმობდა * (მათ. 25:19).

12, 13. ა) რა უთხრა ბატონმა გულმოდგინე მონებს და რატომ? ბ) როდის დაესმებათ ცხებულ ქრისტიანებს ბეჭედი საბოლოოდ? (იხილეთ ჩარჩო „ ანგარიშსწორება სიკვდილისას“) გ) რა ელის მას, ვინც „ცხვრად“ ჩაითვლება?

12 იგავის თანახმად, დაბრუნებული ბატონი ხედავს, რომ ორმა მონამ, რომლებსაც მან 5 და 2 ტალანტი მიანდო, უერთგულა და ტალანტების რაოდენობა გააორმაგა. ბატონმა ორივე მონა ერთნაირად შეაქო: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ“ (მათ. 25:21, 23). ისმის კითხვა: რას უნდა ველოდოთ, როდესაც ჩვენი ბატონი, განდიდებული იესო ქრისტე, მომავალში განაჩენის აღსასრულებლად მოვა?

13 შრომისმოყვარე ცხებულ ქრისტიანებს, რომლებსაც იგავში მოხსენიებული გულმოდგინე მონები განასახიერებენ, დიდი გასაჭირის დაწყებამდე დაესმებათ საბოლოო ბეჭედი (გამოცხ. 7:1—3). მათ იესო ქრისტე არმაგედონის დაწყებამდე აღთქმულ ზეციურ ჯილდოს უბოძებს. ხოლო მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები, რომლებიც ერთგულად ედგნენ მხარში ქრისტეს ძმებს სამქადაგებლო საქმეში, „ცხვრებად“ ჩაითვლებიან და წილად ხვდებათ პატივი, იცხოვრონ დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს (მათ. 25:34).

„ბოროტი და ზარმაცი მონა“

14, 15. ტალანტების იგავის წარმოთქმისას, ის ხომ არ უგულისხმია იესოს, რომ ბევრი ცხებული ძმა „ბოროტი და ზარმაცი“ იქნებოდა? ახსენით.

14 იგავში მოხსენიებულმა მესამე მონამ ნაცვლად იმისა, რომ ტალანტი ბრუნვაში გაეშვა და მოგება ენახა, ის მიწაში დამალა. მონა არასწორად მოიქცა, რადგან მან ბატონის დავალება განგებ არ შეასრულა. ამიტომაც იყო, რომ ბატონმა მას „ბოროტი და ზარმაცი“ უწოდა. ბატონმა მას ტალანტი წაართვა და ათი ტალანტის მქონეს მისცა. რა მოხდა შემდეგ? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ეს უვარგისი მონა გარეთ, სიბნელეში გადააგდეს, სადაც მას ტირილი და კბილთა ღრჭენა მოუწევდა (მათ. 25:24—30; ლუკ. 19:22, 23).

15 რამდენადაც ბატონის სამი მონიდან ერთმა ტალანტი მიწაში დამალა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ იესოს ცხებული მიმდევრების ერთი მესამედი გაბოროტდებოდა და გაზარმაცდებოდა? არავითარ შემთხვევაში! ამის დასტურად მოვიშველიოთ კონტექსტი. მაგალითად, ერთგული და გონიერი მონის იგავში იესომ ისაუბრა ბოროტ მონაზე, რომელიც სასტიკად გაუსწორდა თავისნაირ მონებს. თუმცა იესოს ამით იმის თქმა არ უნდოდა, რომ „ბოროტი მონა“ გამოჩნდებოდა. მან უბრალოდ გონიერი მონა გააფრთხილა, რომ არ გამოევლინა ბოროტი მონისთვის დამახასიათებელი თვისებები. ამის მსგავსად, იესოს არც ათი ქალწულის იგავით სურდა იმის თქმა, რომ თავისი ცხებული მიმდევრების ნახევარი 5 უგუნური ქალწულივით მოიქცეოდა. ამ შემთხვევაშიც მან თავისი სულიერი ძმები გააფრთხილა, რა მოჰყვებოდა შედეგად იმას, თუ ისინი თადარიგს არ დაიჭერდნენ და სიფხიზლეს დაკარგავდნენ. * ამ კონტექსტის გათვალისწინებით, გონივრულია დავასკვნათ: ტალანტების იგავით იესოს არ უგულისხმია, რომ მისი ცხებული ძმებიდან ბევრი ბოლო დღეების განმავლობაში „ბოროტი და ზარმაცი“ იქნებოდა. ამგვარად, იესომ კეთილი განზრახვით გააფრთხილა თავისი ცხებული მიმდევრები, რომ ყოფილიყვნენ გულმოდგინენი ანუ „ფული ბრუნვაში გაეშვათ“ და არ დამსგავსებოდნენ ბოროტ მონას (მათ. 25:16).

16. ა) რას ვსწავლობთ იგავიდან ტალანტებზე? ბ) როგორ მოჰფინა მეტი ნათელი ამ სტატიამ იესოს იგავს ტალანტებზე? (იხილეთ ჩარჩო „ ტალანტების იგავის მნიშვნელობა“)

16 რომელ ორ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის იგავი ტალანტებზე? პირველი: ბატონი, იესო ქრისტე, თავის ცხებულ მონებს ანდობს განძს — ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს. და, მეორე: ქრისტე თითოეული ჩვენგანისგან მოელის, რომ გულმოდგინედ მოვეკიდებით სამქადაგებლო საქმეს. თუ დღესვე პირნათლად ვასრულებთ ქრისტეს დავალებას, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ბატონი ჩვენი რწმენის, სიფხიზლისა და ერთგულების წილ, აღთქმულს შეგვისრულებს (მათ. 25:21, 23, 34).

^ აბზ. 3 იგავი ერთგულ და გონიერ მონაზე განხილულია 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 21, 22, აბზაცები 8—10; იგავი ათ ქალწულზე — ამავე ჟურნალის წინა სტატიაში, ხოლო იგავი ცხვრებსა და თხებზე — br-10-ში, გვერდები 27—32 და ამავე ჟურნალის მომდევნო სტატიაში.

^ აბზ. 5 დედამიწაზე იესოს მოღვაწეობის დროს ერთი ტალანტი დაახლოებით 6 000 დინარს უდრიდა. როგორც წესი, მუშის დღიური გასამრჯელო ერთ დინარს შეადგენდა; შესაბამისად, მუშას თითქმის 20 წელი უნდა ემუშავა, რომ ერთი ტალანტი გამოემუშავებინა.

^ აბზ. 8 მოციქულების სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებაში განდგომილებამ იჩინა თავი, რამაც საუკუნეების განმავლობაში უფრო და უფრო ღრმად გაიდგა ფესვი. ამ ყველაფერში სატანის ხელი ერია. მთელი ამ ხნის მანძილზე დედამიწის ზურგზე არ არსებობდა ღვთის მსახურთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ქრისტეს დავალებას შეასრულებდა და ხალხს მოწაფეებად მოამზადებდა. მაგრამ „მკის“ დროს ანუ ბოლო დღეებში, სურათი ძირეულად შეიცვლებოდა (მათ. 13:24—30, 36—43). ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 9—12.

^ აბზ. 15 იხილეთ ამავე ჟურნალში სტატია „იფხიზლეთ!“, აბზაცი 13.