არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იფიქრეთ იეჰოვას უსაზღვრო სიყვარულზე!

იფიქრეთ იეჰოვას უსაზღვრო სიყვარულზე!

„ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ“ (ფსალმ. 77:12).

სიმღერები: 18, 61

1, 2. ა) რა გარწმუნებთ იმაში, რომ ღმერთს უყვარს თავისი ხალხი? ბ) რისი მოთხოვნილებითაა შექმნილი ადამიანი?

პირადად თქვენ, რა გარწმუნებთ, რომ იეჰოვას თავისი ხალხი უყვარს? ვიდრე ამ კითხვას პასუხს გასცემთ, მოდი, მიმოვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. არაერთი წლის მანძილზე ტეილინს თანაქრისტიანები სითბოთი და სიყვარულით ურჩევდნენ, რომ საკუთარი თავისგან მეტისმეტი არ მოეთხოვა. ტეილინი ამბობს: „იეჰოვას რომ არ ვყვარებოდი, წლების განმავლობაში ერთსა და იმავე რჩევას არ მომცემდა“. ბრიჯიტი, რომელმაც ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალ-ვაჟი მარტომ გაზარდა, გვიზიარებს: „მარტოხელა მშობლისთვის სატანის ქვეყნიერებაში შვილების აღზრდა მართლაც რთულია. მაგრამ იეჰოვას სიყვარულში ის მარწმუნებდა, რომ იგი გასაჭირში — მწუხარებისა თუ გულგატეხილობის ჟამს — ყოველთვის მხელმძღვანელობდა და არასდროს უშვებდა ისეთ განსაცდელს, რომელსაც ვერ გადავიტანდი“ (1 კორ. 10:13). სანდრა კი, უკურნებელ სენს ებრძვის. ერთ-ერთ კონგრესზე მისდამი ყურადღება გამოავლინა დამ, რომლის მეუღლეც იეჰოვას ორგანიზაციაში მეტად საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებს. სანდრას ქმარი გვიყვება: „მართალია, ამ დას პირადად არ ვიცნობდით, მაგრამ მან ჩვენი საწუხარი გულთან ისე ახლოს მიიტანა, რომ სული გაგვითბა. და-ძმების მიერ გამოვლენილი სიყვარულის გამომხატველი უმნიშვნელო ჟესტიც კი, გვაგრძნობინებს, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას“.

2 ადამიანი სიყვარულის მოთხოვნილებითაა შექმნილი — მას სურს, რომ უყვარდეთ და თავადაც უყვარდეს. თუ ის ამ მოთხოვნილებას თავსდატეხილი განსაცდელების, იმედგაცრუების, შერყეული ჯანმრთელობის, ფინანსური პრობლემების ან მსახურებაში წარუმატებლობის გამო ვერ იკმაყოფილებს, შეიძლება იოლად გაუტყდეს გული. მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ იეჰოვას აღარ ვუყვარვართ, კარგია, გვახსოვდეს, თუ რაოდენ ძვირფასნი ვართ მისთვის და რომ მას ჩვენი მარჯვენა უჭირავს. თუ იეჰოვას ვუერთგულებთ, ის არასდროს შეგვაქცევს ზურგს (ეს. 41:13; 49:15).

3. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვას ჩვენდამი განუზომელი სიყვარული გააჩნია?

3 ზემოთ მოხსენიებული და-ძმების კომენტარები იმაზე მოწმობს, რომ ძნელბედობის ჟამს მათ იეჰოვა ედგა მხარში. ჩვენც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ იეჰოვა მხარში ამოგვიდგება (ფსალმ. 118:6, 7). ამ სტატიიდან დავინახავთ, თუ როგორ გვარწმუნებს ღვთის სიყვარულში 1) შემოქმედება, 2) ბიბლია, 3) ლოცვა და 4) გამოსასყიდი. ამ ყველაფერზე ფიქრი კიდევ უფრო გაგვიღრმავებს მადლიერებას ღვთის განუზომელი სიყვარულისადმი (წაიკითხეთ ფსალმუნის 77:11, 12).

იფიქრეთ იეჰოვას შემოქმედებაზე

4. რა დასკვნამდე მივყავართ იეჰოვას შემოქმედებაზე ფიქრს?

4 ხედავთ იეჰოვას დიდ სიყვარულს მის შემოქმედებაში? რა თქმა უნდა, ის ხომ მისი სიყვარულის საუკეთესო დასტურია! (რომ. 1:20). ღმერთმა დედამიწაზე ისეთი ეკოსისტემა შექმნა, რომ ადამიანებს უსაფრთხოდ ეარსებათ. თუმცა, ღვთის ჩანაფიქრი უფრო მეტს მოიცავდა. ფაქტია, არსებობისთვის საკვები გვჭირდება და იეჰოვამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დედამიწას გამუდმებით აღმოეცენებინა უამრავი სახეობის მცენარე სასარგებლო საკვების მოსამზადებლად. თუმცა ღმერთმა იმაზეც იზრუნა, რომ ჩვენთვის კვების პროცესი სასიამოვნო ყოფილიყო (ეკლ. 9:7). ერთ დას, ქეთრინს, ძალიან სიამოვნებს იეჰოვას შემოქმედებაზე დაკვირვება განსაკუთრებით მაშინ, როცა კანადაში გაზაფხული დგება და ბუნება იღვიძებს. ის აღნიშნავს: „საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ ცოცხლდება გარემო — ყვავილები მიწის პირზე იწვერებიან, ჩიტები თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან; პაწაწინა კოლიბრიც ბრუნდება, რომელიც თავისით მოიკვლევს გზას ჩემი სამზარეულოს ფანჯარასთან მიმაგრებული საკვებურისკენ. მართლა რა საოცრად გვიმრავალფეროვნებს იეჰოვა ცხოვრებას! მას ძალიან ვუყვარვართ“. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ტკბება თავისი შემოქმედების ხილვით და სურს, რომ მისმა შემოქმედებამ ჩვენც დაგვატკბოს (საქ. 14:16, 17).

5. როგორ მოწმობს ღვთის სიყვარულზე მის მიერ შექმნილი ადამიანი?

5 იეჰოვამ შეგვქმნა უნარით, რომ ვაკეთოთ უამრავი საქმე; ეს ჩვენს ცხოვრებაში სიხარულის კიდევ ერთი მიზეზია (ეკლ. 2:24). ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანებს უნდა აევსოთ დედამიწა, დაპატრონებოდნენ მას და მორჩილებაში ჰყოლოდათ თევზები, ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება (დაბ. 1:26—28). მართლაც, რაოდენ მოსიყვარულე ღმერთი გვყავს; მან დაგვაჯილდოვა თვისებებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მივბაძოთ მას (ეფეს. 5:1).

დააფასეთ ღვთის სიტყვა

6. რატომ უნდა დავაფასოთ ღვთის სიტყვა, ბიბლია?

6 ღმერთმა თავისი უსაზღვრო სიყვარული ჩვენ მიმართ იმითაც გამოხატა, რომ გვიბოძა თავისი სიტყვა, ბიბლია. ეს წიგნი გვაცნობს ღვთის პიროვნებას და აგრეთვე იმას, თუ როგორ ურთიერთობს იგი ადამიანებთან. მაგალითად, წმინდა წერილებიდან ვიგებთ, თუ როგორ ეპყრობოდა იგი ისრაელებს, რომლებიც ხშირად ეურჩებოდნენ მას. ფსალმუნის 78:38-ში ვკითხულობთ: „ის . . . გულმოწყალებას ავლენდა, ფარავდა მათ დანაშაულს და არ ანადგურებდა მათ; მრავალჯერ შეიკავა ბრაზი და არ გამოავლინა მთელი თავისი რისხვა“. ამ მუხლზე დაფიქრება დაგვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე. დარწმუნებულნი იყავით, რომ თქვენ მართლაც ძვირფასნი ხართ მის თვალში! (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6, 7).

7. კიდევ რატომ უნდა ვაფასებდეთ ბიბლიას?

7 ჩვენ ბიბლიას კიდევ იმიტომ უნდა ვაფასებდეთ, რომ ღმერთი უმთავრესად მისი მეშვეობით გვესაუბრება. მშობლებსა და შვილებს შორის ნდობა და სიყვარული რომ განვითარდეს, აუცილებელია, მათ საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრონ და თანაუგრძნონ ერთმანეთს. მაგრამ, იეჰოვა როგორ ურთიერთობს ჩვენთან? მართალია, იგი არასდროს გვინახავს და არც მისი ხმა მოგვისმენია, მაგრამ ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით გვესაუბრება და ჩვენ უნდა ვუსმინოთ მას (ეს. 30:20, 21). იეჰოვას სურვილია, რომ უხელმძღვანელოს თავის ხალხს და ზიანისგან დაიფაროს ისინი. გარდა ამისა, მას სურს, რომ მისმა მსახურებმა გაიცნონ იგი და მიენდონ მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7—11; იგავების 1:33).

მართალია, იეჰუმ იეჰოშაფატი შეაგონა, მაგრამ იეჰოვამ მაინც დაინახა მასში კარგი (იხილეთ მე-8 და მე-9 აბზაცები)

8, 9. რის გაგებინება სურს ღმერთს ჩვენთვის? მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითი.

8 იეჰოვას სურს, ვიცოდეთ, რომ მას ვუყვარვართ და ჩვენში არასრულყოფილ ადამიანზე მეტს ხედავს; ის თავის მსახურებში კარგს ეძებს (2 მატ. 16:9). ღმერთი ასე მოიქცა იუდას მეფე იეჰოშაფატთან მიმართებითაც. ერთხელ იეჰოშაფატი დაუფიქრებლად დათანხმდა ისრაელის მეფე ახაბს, რომ მასთან ერთად სირიელების წინააღმდეგ გაილაშქრებდა გალაადის რამოთის გასათავისუფლებლად. ბოროტ მეფე ახაბს 400 ცრუწინასწარმეტყველი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, ხოლო იეჰოვას ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, მიქაია — დამარცხებას. ახაბი ბრძოლის ველზე დაეცა, იეჰოშაფატი კი ძლივს გადაურჩა მტერს. იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ იგი წინასწარმხილველმა იეჰუმ, ხანანის ვაჟმა, ახაბთან მოკავშირეობის გამო გაკიცხა; თუმცა უთხრა: „კარგიც აღმოგაჩნდა“ (2 მატ. 18:4, 5, 18—22, 33, 34; 19:1—3).

9 იეჰოშაფატმა მეფობის დასაწყისში ბრძანება გასცა, რომ მთავრებს, ლევიანებსა და მღვდლებს მთელი იუდას ქალაქები მოევლოთ და ხალხისთვის იეჰოვას კანონი ესწავლებინათ. ეს წამოწყება შედეგიანი აღმოჩნდა, ვინაიდან გარშემომყოფი ერები იეჰოვას შიშმა მოიცვა (2 მატ. 17:3—10). მართალია, იეჰოშაფატი უგუნურად მოიქცა, მაგრამ იეჰოვამ მას სიკეთე არ დაუკარგა. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, თუ მთელი გულით შევეცდებით, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, იგი ყოველთვის ურყევ სიყვარულს გამოავლენს ჩვენ მიმართ.

დააფასეთ, რომ წილად გხვდათ ლოცვის პატივი

10, 11. ა) რატომ არის ლოცვა ღვთისგან ბოძებული ძღვენი? ბ) როგორ შეიძლება უპასუხოს ღმერთმა ჩვენს ლოცვებს? (იხილეთ სურათი მე-9 გვერდზე)

10 მოსიყვარულე მამა ყოველთვის გამოყოფს დროს იმისათვის, რომ მოისმინოს თავისი შვილების გულისნადები. მას გული შესტკივა მათზე, ამიტომ სურს, გაიგოს, რაზე ფიქრობენ ისინი ან რა აწუხებთ მათ. ზეციერი მამა, იეჰოვა, სწორედ ასე გვისმენს ჩვენც, როცა გულს ვუღვრით ლოცვაში, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.

11 ჩვენ შეგვიძლია იეჰოვას ნებისმიერ დროს მივმართოთ ლოცვით. მას ჩვენთვის ამ მხრივ შეზღუდვა არ დაუწესებია. ის ჩვენი მეგობარია და ყოველთვის მზადაა მოსასმენად. ზემოთ მოხსენიებული ტეილინი ამბობს: „იეჰოვას შეგიძლია ნებისმიერი რამ უთხრა“. როდესაც ღმერთს ლოცვაში პირად საკითხებზე ვესაუბრებით და ხელმძღვანელობას ვთხოვთ, მან შეიძლება ბიბლიის რომელიმე მონაკვეთის, ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის ან თანაქრისტიანის გამამხნევებელი სიტყვებით გვიპასუხოს. იეჰოვა ისმენს ჩვენს სათხოვარს და მაშინაც კი თანაგვიგრძნობს, როცა სხვებს ეს არ ძალუძთ. იეჰოვას მიერ ჩვენს ლოცვებზე გაცემული პასუხები მისი განუზომელი სიყვარულის მტკიცებულებაა!

12. რა მხრივ არის ჩვენთვის საყურადღებო ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის მსახურთა ლოცვები? მოიყვანეთ მაგალითები.

12 ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის მსახურთა ლოცვებიდან. თუ დროდადრო ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე ასეთ ლოცვებს მიმოიხილავთ, ეს დიდ სამსახურს გაგიწევთ. თუ დაფიქრდებით, როგორ უზიარებდნენ გულისნადებს ძველ დროში მცხოვრები ერთგული მსახურები ღმერთს, ეს ლოცვების გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, გაიხსენეთ, თუ რა მოდრეკილი გულით ილოცა იონამ დიდი თევზის მუცლიდან (იონ. 1:17—2:10), ან ის მხურვალე ლოცვა, რომლითაც სოლომონმა იეჰოვას ტაძრის მიძღვნისას მიმართა (1 მეფ. 8:22—53). გარდა ამისა, იფიქრეთ ლოცვის ნიმუშზე, რომელიც იესომ თითოეულ ჩვენგანს დაგვიტოვა (მათ. 6:9—13). ასე რომ, ყოველთვის „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ და „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. შედეგად, უფრო მეტად დააფასებთ ღვთის განუზომელ სიყვარულს (ფილ. 4:6, 7).

იყავით მადლიერნი გამოსასყიდისთვის

13. რის შესაძლებლობა მიეცათ ადამიანებს გამოსასყიდის საფუძველზე?

13 ღმერთმა ჩვენთვის დაუმსახურებელი ძღვენი, ქრისტეს გამოსასყიდი იმიტომ გაიღო, რომ „მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოან. 4:9). ღვთის აღმატებულ სიყვარულზე საუბრისას მოციქულმა პავლემ დასძინა: „ქრისტე უღმერთოთათვის მოკვდა დანიშნულ დროს . . . ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის, თუმცა კარგი კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე. ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:6—8). ღვთის მიერ გამოვლენილმა უდიდესმა სიყვარულმა ადამიანებს მასთან კარგი ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა.

14, 15. რის შესაძლებლობას აძლევს გამოსასყიდი ა) ცხებულ ქრისტიანებს? ბ) მიწიერი იმედის მქონეთ?

14 იეჰოვას განუსაზღვრელ სიყვარულს ყველაზე ნათლად ადამიანთა მცირე ჯგუფი შეიგრძნობს (იოან. 1:12, 13; 3:5—7). ამ ჯგუფის წევრები წმინდა სულით ცხების შემდეგ „ღვთის შვილები“ გახდნენ (რომ. 8:15, 16). პავლემ მათ შესახებ თქვა, რომ ისინი ერთად აღდგნენ და ზეცაში ქრისტე იესოსთან ერთობაში დასხდნენ (ეფეს. 2:6). მათ ასეთი სულიერი მდგომარეობა იმიტომ უკავიათ, რომ ბეჭედდასმულნი არიან დაპირებული წმინდა სულით, რაც მათი მემკვიდრეობის საწინდარი, მათთვის ზეცაში შემონახული იმედია (ეფეს. 1:13, 14; კოლ. 1:5).

15 „უამრავ ხალხს“, ვინც გამოსასყიდისადმი რწმენას ავლენს, იეჰოვასთან დამეგობრების, მის შვილებად გახდომისა და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა ადამიანებს თავის სიყვარულს ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდის მეშვეობით უმტკიცებს (იოან. 3:16). თუ იმედი გვაქვს, რომ დედამიწაზე მარადიულად ვიცხოვრებთ და მუდამ იეჰოვას ერთგული მსახურები ვიქნებით, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ სამოთხეში ცხოვრება მეტად სასიამოვნო იქნება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მართლაც გონივრულია, რომ გამოსასყიდს იეჰოვას განუზომელი სიყვარულის უდიდეს გამოხატულებად მივიჩნევთ!

იეჰოვას სიყვარული დაუმტკიცეთ

16. რა მხრივ წაგვადგება იეჰოვას უსაზღვრო სიყვარულზე დაფიქრება?

16 შეუძლებელია, იმ ყველაფერზე ვისაუბროთ, რაშიც იეჰოვას უსაზღვრო სიყვარული ვლინდება. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის! ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი! მათი დათვლა რომ მეცადა, ქვიშის მარცვალზე მეტი იქნებოდა“ (ფსალმ. 139:17, 18). თუ გონებას ასეთი ფიქრებით ვასაზრდოებთ, შევძლებთ, რომ იეჰოვას უშრეტ სიყვარულსა და მზრუნველობას სიყვარულითვე ვუპასუხოთ. მაშ მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საუკეთესო გავიღოთ ჩვენი ღვთისთვის.

17, 18. როგორ შეგვიძლია ღვთისთვის სიყვარულის დამტკიცება?

17 ჩვენ შეგვიძლია სიყვარული იეჰოვას უამრავი სახით დავუმტკიცოთ. მაგალითად, ღვთისა და მოყვასის სიყვარული შეგვიძლია მოწაფეების მომზადების საქმეში ჩვენი გულმოდგინებით ცხადვყოთ (მათ. 24:14; 28:19, 20). იეჰოვასადმი სიყვარულს იმითაც გამოვხატავთ, თუ გავუძლებთ რწმენის გამოცდებს და უმწიკვლონი დავრჩებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 84:11; იაკობის 1:2—5). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი განსაცდელი გაუსაძლისი ხდება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი ტანჯვა და აუცილებლად დაგვეხმარება, ვინაიდან ძვირფასნი ვართ მისთვის (ფსალმ. 56:8).

18 ღვთის სიყვარული გვიბიძგებს, ვიფიქროთ როგორც მის შემოქმედებაზე, ისე სხვა გასაოცარ საქმეებზე. თუ გულმოდგინედ ვიკვლევთ ბიბლიას, ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და ძალიან ვაფასებთ მის სიტყვას. ღვთის სიყვარული აღგვძრავს, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მას ლოცვით. ღვთისადმი სიყვარული გვიღრმავდება, როდესაც ვფიქრობთ ჩვენი ცოდვების დასაფარავად გაღებულ გამოსასყიდზე (1 იოან. 2:1, 2). ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმისა, რის გამოც იეჰოვას უსაზღვრო სიყვარულს სიყვარულითვე უნდა ვუპასუხოთ.