არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | როგორ უყურებს ღმერთი ომს?

ღვთის შეხედულება ომზე ძველ დროში

ღვთის შეხედულება ომზე ძველ დროში

ჩაგრული ხალხი ტანჯვისგან ოხრავდა და მოთქვამდა. გამწარებულები გამუდმებით ღმერთს შეღაღადებდნენ, მაგრამ შველა არა და არ მოდიოდა. ასეთ სავალალო მდგომარეობაში ძველ დროში მცხოვრები ღვთის ხალხი, ისრაელები, იყვნენ ჩაცვენილი, რომელთაც ძლევამოსილი ეგვიპტე ჩაგრავდა (გამოსვლა 1:13, 14). მრავალი წლის განმავლობაში ისრაელები მტარვალი ეგვიპტელების ხელიდან ხსნას ღვთისგან ელოდნენ. ბოლოს, ღვთის დანიშნული დღეც დადგა და მან მოქმედება დაიწყო (გამოსვლა 3:7—10). ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთმა ომი წამოიწყო ეგვიპტელების წინააღმდეგ. მან ეგვიპტელებს გამანადგურებელი სასჯელებით შეუტია, ბოლოს კი ეგვიპტის ფარაონი თავისი ჯარითურთ წითელ ზღვაში დაასამარა (ფსალმუნი 136:15). იეჰოვა ღმერთმა დაამტკიცა, რომ „მამაცი მეომარია“ და იბრძვის თავისი ხალხის დასაცავად (გამოსვლა 15:3, 4).

ის ფაქტი, რომ ღმერთმა ეგვიპტელების წინააღმდეგ გაილაშქრა, იმაზე მიანიშნებს, რომ ის არ არის ყველა ომის წინააღმდეგი. ზოგჯერ ღმერთი ისრაელებს აძლევდა ომის წამოწყების უფლებამოსილებას. მაგალითად, მან თავის ხალხს უბრძანა, გაელაშქრათ ქანაანელების წინააღმდეგ, რომლებიც უმძიმეს ბოროტებას სჩადიოდნენ (კანონი 9:5; 20:17, 18). ღმერთმა ისრაელის მეფე დავითსაც მისცა მითითება, შეეტია ფილისტიმელებისთვის, რომლებიც ავიწროებდნენ მის ხალხს. მან საბრძოლო გეგმაც კი მისცა დავითს, რაც უცილობელ გამარჯვებას მოაპოვებინებდა (2 სამუელი 5:17—25).

ბიბლიის ამ ეპიზოდებიდან ვიგებთ, რომ როდესაც ისრაელების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ღმერთი უშვებდა ომებს თავისი ხალხისა და წმინდა თაყვანისმცემლობის დასაცავად. მოდი, ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღება მივაქციოთ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს.

  1. მხოლოდ ღმერთი წყვეტდა, ვინ იბრძოლებდა. ერთხელ ღმერთმა ისრაელებს ასეთი სიტყვები უთხრა: „ამჯერად თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა“. რატომ? იმიტომ, რომ მათ სახსნელად თავად ღმერთი იბრძოლებდა (2 მატიანე 20:17; 32:7, 8). ღმერთს არაერთხელ უბრძოლია თავისი ხალხისთვის. ის ასე მოიქცა თუნდაც სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ სიტუაციაში. სხვა შემთხვევებში ის მოუწოდებდა ისრაელებს, ჩაბმულიყვნენ ისეთ ომებში, რომლებსაც თავად უჭერდა მხარს, მაგალითად აღთქმული მიწის დასაუფლებლად და დასაცავად გამართულ ბრძოლებში (კანონი 7:1, 2; იესო ნავეს ძე 10:40).

  2. მხოლოდ ღმერთი წყვეტდა, როდის დაწყებულიყო ომი. ისრაელები მოთმინებით უნდა დალოდებოდნენ ღვთის მიერ დანიშნულ დროს და ამ დროის დადგომამდე არ უნდა გასულიყვნენ მტერთან საბრძოლველად. და თუ მაინც თვითნებურად იმოქმედებდნენ, ღვთის კეთილგანწყობას დაკარგავდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რა სავალალო შედეგებს იმკიდნენ ისრაელები, როცა გაკადნიერდებოდნენ და ღვთის მითითების გარეშე ომში ებმეოდნენ. *

  3. მიუხედავად იმისა, რომ ქანაანელების წინააღმდეგ ომი თავად ღმერთმა წამოიწყო, მან დაინდო ზოგი ქანაანელი, მაგალითად რახაბი და მისი ოჯახი

    ღმერთს არ ახარებს ადამიანების სიკვდილი, მათ შორის ბოროტების. იეჰოვა ღმერთი სიცოცხლის წყარო და ჩვენი შემოქმედია (ფსალმუნი 36:9). ამიტომ მას არ სურს ადამიანების დაღუპვა. სამწუხაროდ, ღვთისგან განსხვავებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების დასაჩაგრად და დასახოცად მზაკვრულ გეგმებს ადგენენ (ფსალმუნი 37:12, 14). ამგვარი ბოროტების შესაჩერებლად ღმერთი ზოგჯერ უშვებდა ომებს. თუმცა ამ დროსაც კი იგი გულმოწყალებასა და მოთმინებას ავლენდა მტრისადმი (ფსალმუნი 86:15). მაგალითად, ღვთის ბრძანებით, როცა ისრაელები ქალაქს დასაპყრობად მიადგებოდნენ, „ზავის პირობები“ უნდა გამოეცხადებინათ, რაც მოსახლეობას ცხოვრების წესის შეცვლისა და ომის თავიდან აცილების შესაძლებლობას მისცემდა (კანონი 20:10—13). ამგვარად ღმერთი ცხადყოფდა, რომ „ბოროტის სიკვდილი კი არ [ახარებს], არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი თავისი გზიდან და იცოცხლოს“ (ეზეკიელი 33:11, 14—16). *

როგორც ვხედავთ, ძველ დროში ამ თუ იმ სახის ბოროტებისა და ჩაგვრის მოსასპობად, ღმერთი ომს კანონიერ ღონისძიებად მიიჩნევდა. თავად იეჰოვა წყვეტდა, როდის დაიწყებოდა ომი და ვინ იომებდა, და არა ადამიანი. სისხლი ხომ არ სწყუროდა ღმერთს და სიამოვნებას ხომ არ ანიჭებდა ომები? არამც და არამც! სინამდვილეში, მას სძულს ძალადობა (ფსალმუნი 11:5). შეიცვალა ომის მიმართ ღვთის დამოკიდებულება პირველ საუკუნეში, იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს?

^ აბზ. 7 მაგალითად, ერთხელ ისრაელებმა დიდი მარცხი იწვნიეს, როდესაც ღვთის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შეებრძოლნენ ამალეკელებსა და ქანაანელებს (რიცხვები 14:41—45). მრავალი წლის შემდეგ ღვთის ერთგულ მეფე იოშიას, რომელიც ღვთის მითითების გარეშე გავიდა საომრად, სიცოცხლის ფასად დაუჯდა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება (2 მატიანე 35:20—24).

^ აბზ. 8 ისრაელებმა ქანაანელებს ზავის პირობები არ წაუყენეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქანაანელებს 400 წელი ჰქონდათ საიმისოდ, რომ მიეტოვებინათ ბოროტება და გამოსწორებულიყვნენ. იმ დროისთვის, როცა ისრაელები ქანაანელების წინააღმდეგ გავიდნენ, მათი უმრავლესობა გამოუსწორებელი ბოროტმოქმედი იყო (დაბადება 15:13—16). ამიტომ ისინი უნდა აღგვილიყვნენ მიწის პირისგან, თუმცა ღმერთმა დაინდო ის ქანაანელები, რომლებმაც შეიცვალეს ცხოვრების წესი (იესო ნავეს ძე 6:25; 9:3—27).