არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთთან ურთიერთობა სიხარულის საწინდარია

ღმერთთან ურთიერთობა სიხარულის საწინდარია

„ჩვენ, როგორც მისი თანამშრომელნი, გეხვეწებით, ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი“ (2 კორ. 6:1).

სიმღერები: 75, 74

1. რის საშუალებას აძლევდა იეჰოვა სხვებს იმის მიუხედავად, რომ იგი უზენაესი ღმერთია?

იეჰოვა სამყაროს უზენაესი შემოქმედია, რომელიც უშრეტ სიბრძნესა და ძალას ფლობს. იობმა საუკეთესოდ უწყოდა ეს; როცა იეჰოვა მას თავის შემოქმედებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა, მან მიუგო: „ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. არ არსებობს შენთვის განუხორციელებელი განზრახვა“ (იობ. 42:2). მართალია, ღმერთს თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა სხვების დახმარების გარეშეც შეუძლია, მაგრამ თუ კაცობრიობის ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ იგი დასაბამიდან მოყოლებული სხვებს თავისთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევდა.

2. რომელ მნიშვნელოვან საქმეში დაიხმარა იეჰოვამ იესო?

2 ღვთის პირველი ქმნილება მისი მხოლოდშობილი ძე იყო. იეჰოვამ შესაძლებლობა მისცა თავის ძეს, რომ შემოქმედებით საქმიანობაში მასაც მიეღო მონაწილეობა და ერთად შეექმნათ ყოველივე, ხილული თუ უხილავი (იოან. 1:1—3, 18). მოციქულმა პავლემ იესოს შესახებ დაწერა: „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი, იქნება ეს ტახტები თუ ბატონობები, მთავრობები თუ ძალაუფლებები. ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის შეიქმნა“ (კოლ. 1:15—17). იეჰოვასგან იესოს მართლაც უდიდესი პატივი ხვდა წილად — მან იესო თავის შემოქმედებით საქმიანობაშიც დაიხმარა და სხვებსაც გააცნო იგი, როგორც ოსტატი.

3. რა დაავალა ღმერთმა ადამს და რატომ?

3 იეჰოვამ ადამიანებსაც მისცა თავისთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. მაგალითად, მან ადამს ცხოველებისთვის სახელების დარქმევა დაავალა (დაბ. 2:19, 20). პირველ მამაკაცს უდავოდ დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა ცხოველებზე დაკვირვება, მათი თვისებების შესწავლა და შესაფერისი სახელების შერჩევა. ფაქტია, იეჰოვა თავადაც შესანიშნავად გაართმევდა თავს ამ საქმეს; ბოლოს და ბოლოს, ცხოველები ხომ მისი შექმნილი იყო?! თუმცა ღმერთმა სიყვარული გამოავლინა და ეს პასუხისმგებლობა ადამს მიანდო. იეჰოვამ მას ისიც დაავალა, რომ მთელი დედამიწა ედემის ბაღად ექცია (დაბ. 1:27, 28). თუმცა სამწუხაროა, რომ ადამმა საბოლოოდ ღმერთთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, რითაც უბედურება მოუტანა როგორც საკუთარ თავს, ისე შთამომავლობას (დაბ. 3:17—19, 23).

4. როგორ შეჰქონდათ ღვთის მსახურებს თავისი წვლილი ღვთის განზრახვის განხორციელებაში?

4 მოგვიანებით, ღმერთმა სხვა ადამიანებსაც მისცა იმის საშუალება, რომ საკუთარი წვლილი შეეტანათ მისი განზრახვის განხორციელებაში. მაგალითად, ნოემ კიდობანი ააგო, რომლის წყალობითაც ის და მისი ოჯახი წარღვნას გადაურჩნენ. მოსემ ისრაელი ერი ეგვიპტელთა ხელიდან დაიხსნა. იესო ნავეს ძე კი ამ ერს აღთქმულ მიწაზე შეუძღვა. სოლომონმა იერუსალიმში ტაძარი ააშენა. მარიამი იესოს დედა გახდა. ღვთის ამ და სხვა ერთგულმა მსახურებმა ითანამშრომლეს ღმერთთან და საკუთარი წვლილი შეიტანეს მისი ნების შესრულებაში.

5. რომელ საქმეში შეგვიძლია შევიტანოთ საკუთარი წვლილი და შეძლებდა თუ არა იეჰოვა ამ საქმის უჩვენოდ გაკეთებას? (იხილეთ სურათი 28-ე გვერდზე)

5 დღეს იეჰოვა იწვევს ხალხს, რომ მის მესიანურ სამეფოს სრულად დაუჭირონ მხარი. წმინდა მსახურების უამრავი სფერო არსებობს, რომელშიც ღვთის მსახურებს საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ. მართალია, ყველა ქრისტიანს არ ხელეწიფება, რომ მსახურების სხვადასხვა სფეროში გამოსცადოს საკუთარი თავი, მაგრამ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება ყველას შეუძლია. იეჰოვას ამ საქმის გაკეთება უჩვენოდაც შეეძლო; მას შეეძლო, ზეციდან ხალხისთვის თავად მიემართა. იესომ თქვა, რომ ღმერთი თავისი სამეფოს მეფისთვის ხოტბის შესასხმელად ქვებსაც კი ააღაღადებდა (ლუკ. 19:37—40). და მაინც, ღმერთმა სწორედ ჩვენ გვარგუნა თანამშრომლობის პატივი (1 კორ. 3:9). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ჩვენ, როგორც მისი თანამშრომელნი, გეხვეწებით, ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი“ (2 კორ. 6:1). ღვთის თანამშრომლად ყოფნა მართლაც დაუმსახურებელი ძღვენია, რაც გულს სიხარულით გვივსებს. მოდი, ქვემოთ ვისაუბროთ ამის რამდენიმე მიზეზზე.

ღმერთთან თანამშრომლობა სიხარულს გვგვრის

6. როგორ გამოხატა ღვთის მხოლოდშობილმა ძემ ის გრძნობები, რომელსაც მასში მამასთან თანამშრომლობა ბადებდა?

6 უხსოვარი დროიდან იეჰოვას მსახურებს მასთან თანამშრომლობა უდიდეს სიხარულს ჰგვრიდა. ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც გაპიროვნებული სიბრძნე იყო, თქვა: „იეჰოვამ შემქმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი . . . მე მის გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი. ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი და ყოველდღე ვხარობდი მის წინაშე“ (იგავ. 8:22, 30). იესო სიხარულით თანამშრომლობდა მამასთან; მას სიამოვნებას ანიჭებდა როგორც მამის მხარდამხარ შრომა, ისე იმის გაცნობიერება, რომ იეჰოვას განსაკუთრებულად უყვარდა. რის თქმა შეიძლება ჩვენზე?

განა მოაქვს რამეს ისეთი კმაყოფილება, რასაც სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლება გვგვრის?! (იხილეთ მე-7 აბზაცი)

7. რატომ გვგვრის სიხარულს სამქადაგებლო საქმე?

7 იესომ თქვა, რომ ბედნიერება მოაქვს როგორც გაცემას, ისე მიღებას (საქ. 20:35). ჭეშმარიტების გაგებამ სიხარული მოგვგვარა, თუმცა არანაკლებ სიხარულს გვგვრის მისი სხვებისთვის გაზიარება. როდესაც ბიბლიურ ცნობას სხვებს გადავცემთ, ვხედავთ, თუ რაოდენ ახარებთ სულიერად დამშეულ ადამიანებს ღვთისა და მის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების გაგება. და, როცა ვხედავთ, რომ ისინი იცვლიან აზროვნებასა და ცხოვრების ნირს, ეს ნამდვილად არ გვტოვებს გულგრილს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ამ ცნობის წყალობით, ისინი „ურიგდებიან“ ღმერთს და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ეძლევათ (2 კორ. 5:20). განა შეიძლება რაიმემ იმაზე მეტი კმაყოფილება მოგვგვაროს, ვიდრე იმის დანახვამ, თუ როგორ იცვლიან ადამიანები ცხოვრების წესს და ადგებიან მარადიული სიცოცხლის გზას?!

8. რას ამბობს ზოგი იეჰოვასთან თანამშრომლობის შესახებ?

8 მართალია, დიდი სიხარული გვეუფლება, როცა ადამიანები ჩვენ მიერ ნაქადაგებ სასიხარულო ცნობას ეხმაურებიან, მაგრამ ბედნიერებას იმის გაცნობიერებაც გვანიჭებს, რომ ასეთი საქციელით გულს ვუხარებთ იეჰოვას და რომ იგი ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას აფასებს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58). იტალიაში მცხოვრები მარკო ამბობს: „დიდად მახარებს იმის ცოდნა, რომ საუკეთესოს სწორედ იეჰოვასთვის გავცემ და არა ვინმე ისეთისთვის, ვინც ძალიან მალე დაივიწყებდა ჩემს შრომას“. მსგავს გრძნობებს გვიზიარებს ფრანკო, რომელიც აგრეთვე იტალიიდანაა: „თავისი სიტყვისა და სხვადასხვა სულიერი ღონისძიების წყალობით, იეჰოვა ყოველდღე გვარწმუნებს, რომ ვუყვარვართ და რომ ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი, მაშინაც კი, თუ თავად მას უმნიშვნელოდ მივიჩნევთ, მეტად ძვირფასია მისთვის. სწორედ ამიტომ მახარებს ღვთის მსახურება და სწორედ ამიტომაა ჩემი ცხოვრება აზრით აღსავსე“.

ღმერთთან თანამშრომლობა გვაახლოებს როგორც თავად მასთან, ისე სხვებთან

9. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვასა და იესოს, და სავარაუდოდ, რამ განაპირობა ეს?

9 იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, ვინც გვიყვარს, გვაახლოებს მათთან და კარგად გვაცნობს მათ პიროვნებას. მაგალითად, მის შესახებ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, არა მხოლოდ იმას ვიგებთ, თუ რის გაკეთება სწადია, არამედ იმასაც, თუ როგორ აპირებს საკუთარი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას. შესაძლოა იესო თავის ზეციერ მამასთან მილიარდობით წლის მანძილზე თანამშრომლობდა, რის შედეგადაც, მათ შორის მჭიდრო და თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მათ რომ მართლაც განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდათ, იესოს სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოან. 10:30). იეჰოვა და იესო ხარობდნენ ამ ერთობით და ყოველთვის შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ.

10. როგორ გვაახლოებს მსახურება როგორც ღმერთთან, ისე სხვებთან?

10 იესო ლოცვაში მამას შესთხოვდა, რომ დაეცვა მისი მოწაფეები. ამის მიზეზს მამისთვის ლოცვაში ნათქვამი მისი სიტყვებიდან ვიგებთ: „რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ“ (იოან. 17:11). თუ ღვთის კანონებით ვცხოვრობთ და ჩაბმულნი ვართ სამქადაგებლო საქმეში, ვეცნობით ღვთის ძვირფას თვისებებს. ამასთანავე, ვიგებთ, რატომაა ბრძნული მასზე მინდობა და მისი ხელმძღვანელობის მიყოლა. და, თუ ვუახლოვდებით ღმერთს, ისიც გვიახლოვდება ჩვენ (წაიკითხეთ იაკობის 4:8). გარდა ამისა, ვუახლოვდებით სულიერ და-ძმებს, ვინაიდან ცხოვრებაში ისინიც მსგავს სირთულეებს ხვდებიან. ამასთანავე, ჩვენ სიხარულის საერთო მიზეზი და საერთო მიზნები გვაქვს. დიახ, ჩვენ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, ერთად ვხარობთ და ერთად ვიტანთ გასაჭირს. ბრიტანეთში მცხოვრები ერთი და, ოქტავია, ამბობს: „იეჰოვასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მაახლოებს სხვებთან, ვინაიდან მეგობრობას მეტად მყარი საფუძველი, საერთო მიზნები და მისწრაფებები, უდევს და არა — მხოლოდ ნაცნობობა“. ალბათ, თქვენც ასე ფიქრობთ. თქვენც ხომ მათ უახლოვდებით უფრო მეტად, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, იეჰოვას რომ გაუხარონ გული?!

11. რატომ დავუახლოვდებით უფრო მეტად ღმერთსა და და-ძმებს ახალ ქვეყნიერებაში?

11 მართალია, დღეს გვიყვარს ღმერთი და ადამიანები, მაგრამ ღვთის ახალ, სამართლიან ქვეყნიერებაში სიყვარულის კვანძები კიდევ უფრო განმტკიცდება. მხოლოდ დაფიქრდით, რამხელა საქმე გველის წინ! ჩვენ სიხარულით შევეგებებით მკვდრეთით აღდგენილებს და ვასწავლით იეჰოვას გზებით სიარულს. გარდა ამისა, დედამიწა სამოთხედ უნდა ვაქციოთ. მართალია, ბევრი საქმე გველის, მაგრამ რაოდენ სასიამოვნო იქნება ღვთის მესიანური სამეფოს მმართველობის დროს მხარდამხარ შრომა და გასრულყოფილების პროცესის საკუთარ თავზე გამოცდა! მაშინ ადამიანები უფრო მეტად დაუახლოვდებიან ერთმანეთს და ღმერთს, ვინც უდავოდ დააკმაყოფილებს „ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმ. 145:16).

ღმერთთან თანამშრომლობა გვიცავს

12. როგორ გვიცავს ქადაგება?

12 დღეს სულიერი სიფხიზლის სადარაჯოზე დგომა გვმართებს. ჩვენ სატანა ეშმაკის ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და არასრულყოფილები ვართ, რის გამოც ძალიან ადვილია, რომ ქვეყნიერებამ თავის ყალიბში მოგვაქციოს და ქვეყნიური ადამიანების მსგავსად ვიაზროვნოთ და მოვიქცეთ. ქვეყნიერების სული შეიძლება შევადაროთ დინებას, რომელიც ჩვენ მიერ აღებული გეზის საპირისპიროდ მიგვაქანებს. „დინებამ რომ არ წაგვიღოს“, გამალებით უნდა „მოვუსვათ ხელ-ფეხი“ და საწინააღმდეგო მიმართულებით „ვიცუროთ“. მსგავსად ამისა, სატანის ქვეყნიერებამ რომ არ „წაგვიღოს“, ძალისხმევაა საჭირო. თუ სამქადაგებლო საქმით ვიქნებით დაკავებული, გონებას სულიერი ფიქრებით შევივსებთ და არ ვიფიქრებთ ისეთ რამეზე, რაც ძირს გამოუთხრიდა ჩვენს რწმენას (ფილ. 4:8). ქადაგებისას რწმენა გვიმტკიცდება. ამასთანავე, გვახსენდება ღვთის დაპირებები და პრინციპები. ის ჩვენი სულიერი საჭურვლის „მთლიანობის“ შენარჩუნებასაც ემსახურება (წაიკითხეთ ეფესოელების 6:14—17).

13. რას ფიქრობს ერთი ავსტრალიელი ძმა სამქადაგებლო საქმის შესახებ?

13 თუ ჩავებმებით მსახურებასა და სხვა სულიერ საქმეებში, არც საკუთარ პრობლემებზე წუხილის დრო დაგვრჩება, რაც კვლავ და კვლავ ჩვენს დაცვას მოემსახურება. ავსტრალიაში მცხოვრები ჯოელი აღნიშნავს: „სამქადაგებლო საქმე მეხმარება, არ მოვწყდე რეალობას. ქადაგება მახსენებს, თუ რა სირთულეებს აწყდებიან ადამიანები და რა სიკეთე მოაქვს ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებას. ის აგრეთვე მეხმარება, გამოვავლინო თავმდაბლობა. გარდა ამისა, მეძლევა შესაძლებლობა, მივენდო იეჰოვასა და თანაქრისტიანებს“.

14. როგორ მეტყველებს ჩვენი შეუპოვარი ქადაგება იმაზე, რომ ღმერთი თავისი წმინდა სულით გვიჭერს მხარს?

14 სამქადაგებლო საქმე აგრეთვე გვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ ღვთის სული გვხელმძღვანელობს. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: თქვენს უბანში დაგევალათ მოსახლეობისთვის პურის დარიგება. თუმცა იგებთ, რომ ამ საქმისთვის არც ხელფასს გადაგიხდიან და არც პირად ხარჯებს აგინაზღაურებენ. უფრო მეტიც, მალე იმასაც აღმოაჩენთ, რომ ბევრი მობინადრე არ იღებს თქვენგან მიწოდებულ პურს და ზოგი ამის გამო გიძულებთ კიდეც. რამდენ ხანს შეძლებდით ამ დავალების შესრულებას? ხალხის უარყოფითი რეაქციის შემხედვარეს, შესაძლოა გული აგცრუებოდათ და მალე შეგეწყვიტათ დაკისრებული საქმის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ მსახურებაში უამრავ უმადურ ადამიანს ვხვდებით, რომლებიც დაგვცინიან და გვლანძღავენ, ჩვენ მაინც შეუპოვრად ვქადაგებთ და ამისთვის საკუთარ სახსრებს, დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ. ნუთუ ეს იმის უდავო მტკიცებულება არაა, რომ ღმერთი თავისი წმინდა სულით გვიჭერს მხარს?!

ღმერთთან თანამშრომლობა ღვთისა და სხვების სიყვარულზე მოწმობს

15. როგორ უკავშირდება სასიხარულო ცნობის ქადაგება ღვთის განზრახვას კაცობრიობასთან მიმართებით?

15 სასიხარულო ცნობის ქადაგება მჭიდროდაა დაკავშირებული იეჰოვას განზრახვის შესრულებასთან, რომელიც მას კაცობრიობასთან მიმართებით გააჩნია. ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანებს დედამიწაზე მარადიულად უნდა ეცხოვრათ. იეჰოვას თავისი განზრახვა ადამის შეცოდების მიუხედავადაც არ შეუცვლია (ეს. 55:11). მან იზრუნა, რომ კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან დაეხსნა. ღვთის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იესო დედამიწაზე ჩამოვიდა და საკუთარი სიცოცხლე მორჩილი კაცობრიობისთვის გაიღო მსხვერპლად. მაგრამ, რა შემთხვევაში იქნებოდნენ ადამიანები მორჩილები? ისინი იმ შემთხვევაში გამოავლენდნენ ღვთისადმი მორჩილებას, თუ ჩასწვდებოდნენ მის მოთხოვნებს. ასე რომ, იესოს დედამიწაზე მოსვლის კიდევ ერთი მიზანი ის იყო, რომ ადამიანებისთვის ღვთის მოთხოვნები გაეცნო; მან ეს საქმე თავის მოწაფეებსაც დაავალა. როდესაც სხვებს ღმერთთან შერიგებაში ვეხმარებით, ამით საკუთარი წვლილი შეგვაქვს კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის განხორციელებაში; ღვთის განზრახვა კი ისაა, რომ კაცთა მოდგმა ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან დაიხსნას.

16. რა მხრივ უკავშირდება სამქადაგებლო საქმე ღვთის კანონში ჩადებულ ორ უდიდეს მცნებას?

16 როცა სხვებს ვეხმარებით, დაადგნენ მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზას, ამით სიყვარულს ვუმტკიცებთ მოყვასსა და ღმერთს, „რომლის ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). როდესაც იესოს ჰკითხეს, თუ რომელი მცნება იყო უდიდესი ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემულ კანონში, მან უპასუხა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მათ. 22:37—39). როცა ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას, ცხადვყოფთ, რომ ვემორჩილებით ღვთის მოთხოვნებს (წაიკითხეთ საქმეების 10:42).

17. პირადად თქვენ, რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ ღვთისგან მონდობილ სამქადაგებლო საქმეზე?

17 რაოდენ კურთხეულნი ვართ, რომ იეჰოვამ მოგვცა სიხარულის მომგვრელი დავალება, რაც გვაახლოებს როგორც მასთან, ისე სხვებთან და ჩვენს სულიერ დაცვას ემსახურება. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმეში, რითაც სიყვარულს ვუმტკიცებთ ღმერთსა და მოყვასს. მართალია, ღვთის ხალხს შორის განსხვავებული კატეგორიის ადამიანები არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, ღვთის მილიონობით მსახური — ახალგაზრდა თუ მოხუცი, მდიდარი თუ ღარიბი, ძლიერი თუ სუსტი — სასიხარულო ცნობას უზიარებს სხვებს. ალბათ, თქვენც გაიზიარებთ საფრანგეთში მცხოვრები ერთი დის, შანტელის, აზრს: «სამყაროს უზენაესი შემოქმედი, ბედნიერი ღმერთი მეუბნება: „წადი! იქადაგე! იქადაგე ჩემ შესახებ! იქადაგე მთელი გულით! მე მოგცემ ძალას, ჩემს სიტყვას — ბიბლიას; დაგახმარ ზეციერ და მიწიერ თანამსახურთ! მოგცემ ცოდნას და ზუსტ მითითებებს საჭირო დროს“». მართლაც, ენით აუწერელი პატივია იეჰოვას ნების შესრულება და მასთან თანამშრომლობა!