არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი

ისტორია, რომელიც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა

ისტორია, რომელიც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა

ბიბლიას ვერც ერთი რელიგიური წიგნი ვერ შეედრება. საუკუნეების მანძილზე არც ერთ სხვა წიგნს არ მოუხდენია ხალხის რელიგიურ შეხედულებებზე ისეთი ძლიერი გავლენა, როგორიც ბიბლიას. ამის მიუხედავად, სწორედ ბიბლია იყო ერთადერთი წიგნი, რომელმაც საშინელი კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა.

მაგალითად, ზოგ სწავლულს ეეჭვება, რომ ბიბლიის ტექსტმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. ერთი რელიგიათმცოდნე აღნიშნავს: „დაბეჯითებით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ თანამედროვე ბიბლიის ტექსტი ზუსტად შეესაბამება ორიგინალს. ჩვენ დღეს ხელი მიგვიწვდება ბიბლიის ხელნაწერების ასლებზე, რომლებიც დედნისეული ტექსტის დაწერიდან საუკუნეების შემდეგ გაკეთდა და რომლებშიც უამრავი შეცდომაა დაშვებული“.

სხვები ბიბლიის უტყუარობას თავიანთი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე აყენებენ ეჭვქვეშ. მაგალითად, ფიზელს, რომელიც არაქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, ასწავლიდნენ, რომ ბიბლია წმინდა წიგნი იყო, თუმცა სახეცვლილი. ფიზელი ამბობს: „ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით ვუყურებდი მათ, ვინც ბიბლიაზე მესაუბრებოდა, რადგან ვიცოდი, რომ ორიგინალი ტექსტი აღარ არსებობდა“.

აქვს იმას მნიშვნელობა, შეიცვალა თუ არა ბიბლიის ტექსტი? დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: ენდობოდით ბიბლიაში ჩაწერილ სასიხარულო დანაპირებს, თუ არ იქნებოდით დარწმუნებული, რომ ორიგინალშიც იგივე ეწერა? (რომაელები 15:4). იხელმძღვანელებდით ბიბლიური პრინციპებით სამსახურთან, ოჯახთან ან თაყვანისცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, თუკი გადამწერების მიერ ბიბლიის ტექსტში უამრავი შეცდომა იქნებოდა დაშვებული?

მართალია, ბიბლიის ორიგინალი ხელნაწერი დღეს აღარ არსებობს, მაგრამ, საბედნიეროდ, ხელი მიგვიწვდება ამ წიგნის ათასობით უძველეს ხელნაწერზე. როგორ გადაურჩა ბიბლია განადგურებას, როგორ გაუძლო არაერთ წინააღმდეგობას და როგორ შემოინახა დღემდე უცვლელი სახით? ამ ყველაფრის ცოდნა დაგარწმუნებთ, რომ თქვენს ხელთ არსებული ბიბლიის ტექსტი ნამდვილად სანდოა. მომდევნო სტატიები მოგვითხრობს ამ სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნის ისტორიას.