არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოეღება ოდესმე ბოლო ძალადობას?

მოეღება ოდესმე ბოლო ძალადობას?

გამხდარხართ ოდესმე თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ძალადობის მსხვერპლი? ხომ არ გემუქრებათ ამ მხრივ საშიშროება? სამწუხაროდ, ძალადობის შემთხვევები დღითი დღე მატულობს, რაც უფრო და უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის სერიოზულ საფრთხეს. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

ძალადობა ოჯახში; სექსუალური ძალადობა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, „ყოველი მესამე ქალი ერთხელ მაინც ხდება თავისი პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სავარაუდოდ, ყოველი მეხუთე ქალი დგას საშიშროების წინაშე, რომ გააუპატიურებენ ან ექნებათ მათი გაუპატიურების მცდელობა“.

ქუჩის დანაშაული: როგორც იტყობინებიან, შეერთებულ შტატებში 30 000-ზე მეტი აგრესიული ბანდა მოქმედებს. ლათინური ამერიკის ქვეყნებში თითქმის ყოველი მესამე ადამიანი ხდება ამა თუ იმ სახის ძალადობის მსხვერპლი.

მკვლელობა: როგორც ვარაუდობენ, გასულ წელს თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, უფრო მეტი კი ომებმა შეიწირა. სამხრეთ აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკაში მკვლელობების საშუალო მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რაც ოთხჯერ აღემატება მკვლელობათა რიცხვს მთელ მსოფლიოში. ლათინურ ამერიკაში მხოლოდ ერთ წელიწადში 100 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო ბრაზილიაში — დაახლოებით 50 000. ვიხილავთ ოდესმე მსოფლიოს ძალადობის გარეშე?

აღმოიფხვრება ძალადობა?

რატომ არის ძალადობა ასე გავრცელებული? ხშირად ადამიანს ძალადობისკენ უბიძგებს სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, ბავშვობაში საკუთარი თვალით ნანახი ძალადობის ფაქტები, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, სხვისი სიცოცხლის არაფრად ჩაგდება და დაუსჯელობის სინდრომი.

საგულისხმოა, რომ ზოგ ქვეყანაში ძალადობის მაჩვენებელი შედარებით შემცირდა. მაგალითად, ბრაზილიის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ სან-პაულუში ბოლო 10 წლის მანძილზე მკვლელობათა რიცხვი თითქმის 80 პროცენტით შემცირდა. მაგრამ დღემდე ამავე ქალაქში სხვადასხვა სახის ძალადობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება; რაც შეეხება მკვლელობის შემთხვევებს, ბოლო დროს 100  000 მოსახლიდან დაახლოებით 10-ს კლავენ. როგორ აღმოიფხვრება ერთხელ და სამუდამოდ ძალადობა?

ძალადობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოიფხვრება, თუ მოძალადეები გამოსწორდებიან და შეიცვლიან აზროვნებას. მათ უნდა მოიშორონ ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორიცაა სიამაყე, სიხარბე, ეგოიზმი და ისწავლონ სხვების სიყვარული, პატივისცემა და მათზე ზრუნვა.

რა დაეხმარება ადამიანს ასეთი ძირეული ცვლილებების მოხდენაში? ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია:

  • „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3).

  • „ვისაც იეჰოვას შიში აქვს, სძულს ბოროტება“ * (იგავები 8:13).

მოძალადე ადამიანსაც კი შეუძლია გარდაიქმნას და ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, თუ შეიყვარებს ღმერთს და ყველანაირად ეცდება, მის მოსაწონად მოიქცეს. ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები დაგვანახვებს, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია.

ალექსი * შეიარაღებულ თავდასხმებში მონაწილეობისთვის ბრაზილიის ციხეში 19 წელი იხდიდა სასჯელს. მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და 2000 წელს მათ რიგებს შეუერთდა. ნუთუ მართლა შეიცვალა ეს მოძალადე კაცი? ალექსი მთელი გულით ნანობს წარსულში დაშვებულ შეცდომებს. იგი ამბობს: „ძალიან შემიყვარდა ღმერთი, რადგან მან დიდსულოვნად მაპატია. იეჰოვასადმი სიყვარულმა და მადლიერებამ მიბიძგა, შემეცვალა ცხოვრების ნირი“.

ბრაზილიელი სეზარი თითქმის 15 წლის მანძილზე ქურდობდა და შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობდა. რამ შეაცვლევინა მას ცხოვრების წესი? ციხეში სეზარს იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. იგი გვიყვება: „დავინახე, რა იყო სინამდვილეში ცხოვრების აზრი. დროთა განმავლობაში ღვთის მიმართ სიყვარული ვიგრძენი და მისადმი მოწიწებული შიში გამიჩნდა; არ მინდოდა, უწინდებურად მოვქცეულიყავი და ისეთი რამ ჩამედინა, რითაც იეჰოვას გულს ვატკენდი. ეს ხომ ჩემი მხრიდან უმადურობის მაჩვენებელი იქნებოდა. სწორედ ღვთისადმი სიყვარულმა და მადლიერებამ აღმძრა, უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი“.

გაიგეთ, რის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ თქვენც იცხოვროთ ისეთ მსოფლიოში, სადაც ძალადობის კვალი ერთხელ და სამუდამოდ გაქრება

ამ შემთხვევებიდან გამოჩნდა, რომ ბიბლიის დახმარებით ადამიანს შეუძლია ძირეულად გარდაიქმნას (ეფესოელები 4:23). ზემოხსენებული ალექსი დასძენს: „ბიბლია ჩემთვის სუფთა და კამკამა წყალივით იყო, რომელმაც დაბინძურებული გონება გამისუფთავა; ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთ ცხოვრებას თავს დავაღწევდი“. მართლაც ასეა, როდესაც გონებას ბიბლიური ცოდნით ვივსებთ, ის „სიბინძურისგან“ იწმინდება. ნამდვილად, ღვთის სიტყვას ჩვენი განწმენდის ძალა შესწევს! (ეფესოელები 5:26). ამიტომაცაა, რომ სასტიკი და ეგოცენტრული ადამიანები იცვლებიან და სიკეთის მოყვარულები და მშვიდობისმყოფელები ხდებიან (რომაელები 12:18). დღეს მათ მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება აქვთ და ეს იმიტომ, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობენ (ესაია 48:18).

240 ქვეყანაში რვა მილიონზე მეტმა იეჰოვას მოწმემ აღმოაჩინა, თუ რა არის ის მთავარი აღმძვრელი ძალა, რაც ადამიანს უბიძგებს, შეიძულოს ძალადობა. დღეს მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ეროვნების, წარმომავლობისა თუ სოციალური ფენის ადამიანებმა შეიყვარეს ღმერთი და მოყვასი და განივითარეს ღვთისადმი ჯანსაღი შიში; ისინი მშვიდობისმოყვარეები არიან და მსოფლიო საძმოს მიეკუთვნებიან (1 პეტრე 4:8). ეს კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ სავსებით შესაძლებელია, ერთ დღესაც ძალადობა აღმოიფხვრას!

მალე ძალადობა სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს!

ბიბლიის დანაპირების თანახმად, მალე ღმერთი ძალადობის ყოველგვარ კვალს წაშლის. ძალადობის მოყვარული მსოფლიო გამზადებულია „გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტრე 3:5—7). დადგება დრო, როცა მოძალადეები მეტად აღარ შეუქმნიან საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს მოძალადეებს?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთს „ძალადობის მოყვარული სძულს“ (ფსალმუნი 11:5). ჩვენს შემოქმედს უყვარს მშვიდობა და სამართლიანობა (ფსალმუნი 33:5; 37:28). სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ღმერთი სამუდამოდ არ შეიწყნარებს ძალადობას.

დიახ, მალე მშვიდობისმყოფელნი იცხოვრებენ ქვეყნიერებაში, სადაც მშვიდობა დაისადგურებს! (ფსალმუნი 37:11; 72:14). გაიგეთ, რის გაკეთება გმართებთ იმისათვის, რომ თქვენც იყოთ იმ ხალხს შორის, რომლებიც მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებას დაიმკვიდრებენ.