არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი არქივიდან

„ვის მიენდო უფლის საქმე?“

„ვის მიენდო უფლის საქმე?“

ქარიანი და წვიმიანი დღეების შემდეგ 1919 წლის 1-ლი სექტემბრის ორშაბათი დილა თბილი და მზიანი გათენდა. ნაშუადღევს სიდარ-პოინტის (ოჰაიო, აშშ) 2 500-ადგილიან დარბაზში კონგრესზე დასასწრებად 1 000-მდე დელეგატს მოეყარა თავი. საღამომდე მათ კიდევ 2 000 კაცი შეემატა. მათგან დანიშნულების ადგილზე ზოგი — ნავით, ზოგი — მანქანით, ზოგიც კი სპეციალურად დაქირავებული მატარებლით ჩავიდა. სამშაბათს იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ დარბაზმა დელეგატები ვერ დაიტია და პროგრამა ღია ცის ქვეშ, ცადაზიდული ხეების ჩრდილში გაგრძელდა.

ფოთლებში შემოჭრილი მზის სხივები ლამაზად ეცემოდა ძმების სერთუკებს, ერის ტბიდან მონაბერი სიო კი ნაზად არხევდა დების შლაპებზე ბუმბულს. ერთი ძმა იხსენებს: „ამ შესანიშნავ გარემოში, ქვეყნიერების ორომტრიალს განრიდებულები, ნამდვილ სამოთხეში ვიყავით“.

სიხარული, რომელიც მაუწყებლებს სახეზე აღბეჭდოდათ, ბუნების სილამაზეს ჩრდილავდა. „ყველა ღრმადმორწმუნე ჩანდა, — დაიწერა ერთ ადგილობრივ გაზეთში. — თუმცა ამასთან ისინი მხიარულები და ბედნიერები იყვნენ“. ბიბლიის მკვლევრებს განსაკუთრებით ახარებდათ საძმოსთან ურთიერთობა იმ ყოველივეს შემდეგ, რის გადატანაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოუხდათ — დევნა ომის დროს, განხეთქილება კრებაში, ბრუკლინის ბეთელის დახურვა, დაპატიმრებები სამეფოს საქმისთვის, მათ შორის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა იმ რვა ძმისთვის, რომლებიც სამეფო საქმეს ხელმძღვანელობდნენ. *

რთულ წლებში გულგატეხილ და დაბნეულ ბიბლიის მკვლევართაგან ზოგმა მიატოვა დამოწმების საქმე, თუმცა უმეტესობა არ შეუშინდა სახელმწიფოს მხრიდან დევნას. ერთ-ერთი საქმის გამომძიებელმა თავის ანგარიშში მოიხსენია, რომ მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, მის მიერ დაკითხული ბიბლიის მკვლევრები საკუთარ აზრზე რჩებოდნენ და აცხადებდნენ, რომ „არ შეწყვეტდნენ ღვთის სიტყვის ქადაგებას“.

ამ გამოცდის ჟამს ერთგული ბიბლიის მკვლევრები ხედავდნენ, თუ როგორ „მიუძღოდა მათ უფალი . . . და გამუდმებით შესთხოვდნენ ხელმძღვანელობას ზეციერ მამას“. ახლა ისინი, სიდარ-პოინტში შეკრებილნი, კვლავ ერთად ყოფნით ხარობდნენ. ერთმა დამ ყველას საფიქრალი გააჟღერა და თქვა, რომ აინტერესებდა, როგორ „დაიძვრებოდა ყინული“ და როგორ შეუდგებოდნენ ბიბლიის მკვლევრები სამეფოს საქმეს. ეს მათთვის მართლაც სანუკვარი ოცნება იყო!

რა იყო GA?

მთელი კვირის განმავლობაში დელეგატებს ვერ გაეგოთ, რას ნიშნავდა GA, აბრევიატურა, რომელსაც ხვდებოდნენ კონგრესის პროგრამებზე, მისასალმებელ ბარათებსა თუ სხვადასხვა ადგილას საკონგრესო ტერიტორიაზე. პარასკევს, ე. წ. „თანამშრომელთა დღეს“, ჯოზეფ რუტერფორდმა 6 000 დელეგატის წინაშე ამ საიდუმლოებას ფარდა ახადა — GA ახალი გასავრცელებელი ჟურნალის, „ოქროს ხანის“ (The Golden Age), ინგლისური სახელწოდების აბრევიატურა აღმოჩნდა! *

ცხებულ ქრისტიანებზე საუბრისას ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა შემდეგი რამ თქვა: „ისინი განსაცდელების ჟამს რწმენის თვალებით მესიის დიდებული მმართველობისას დამყარებულ ოქროს ხანას ხედავენ . . . დიდ პატივად და უმთავრეს მოვალეობად მიიჩნევენ, რომ ქვეყნიერებას მოახლოებული ოქროს ხანის შესახებ აუწყონ. ეს მათთვის ღვთისგან მიღებული დავალების ნაწილია“.

ჟურნალით „ოქროს ხანა“, რომლის გარეკანზეც ეწერა: „ფაქტებზე დაფუძნებული, იმედის მომცემი და რწმენის ჩამნერგავი ჟურნალი“, მკვლევრები წამოიწყებდნენ კამპანიას და ჭეშმარიტებას ახალი მეთოდით გააცხადებდნენ — კარდაკარ მსახურებისას მობინადრეებს ამ ჟურნალის გამოწერას შესთავაზებდნენ. როდესაც აუდიტორიას დაუსვეს კითხვა, თუ ვინ ისურვებდა ამ საქმეში ჩაბმას, ყველა ადგილიდან წამოფრინდა. შემდეგ კი, ქრისტეს ნაკვალევზე მავალთათვის ჩვეული მოშურნეობითა და მონდომებით, მათ შეასრულეს სიმღერა: „შენი ნათელი და ჭეშმარიტება მოგვაფინე, უფალო!“. ძმა მილტონ ნორისი იხსენებს: „რა დამავიწყებს! ისე გატაცებით ვმღეროდით, რომ ხეებიც კი ბანს გვაძლევდნენ“.

პროგრამის დასრულების შემდეგ დელეგატები საათების განმავლობაში იდგნენ რიგში, რომ ჟურნალის პირველ გამომწერთა შორის მოხვედრილიყვნენ. ბევრი მათგანი იზიარებდა მეიბელ ფილბრიკის გრძნობებს, რომელმაც თქვა: „ბედნიერები ვიყავით, რომ ჩვენ ისევ დაგვევალა საქმე!“.

„ვის მიენდო უფლის საქმე?“

დაახლოებით 7 000 ბიბლიის მკვლევარი საქმესთან შესაჭიდებლად ემზადებოდა. ბუკლეტი „ორგანიზაციული მეთოდები“ და ბროშურა „ვის მიენდო უფლის საქმე?“ რამდენიმე საკითხს ჰფენდა ნათელს: მთავარი სამმართველოდან სამქადაგებლო საქმეს ახლადშექმნილი სამსახურებრივი განყოფილება უხელმძღვანელებდა. კრებაში ჩამოყალიბდებოდა სამსახურებრივი კომიტეტი და დაინიშნებოდა სამსახურებრივი ხელმძღვანელი, რომელიც კრების წევრებს საჭირო მითითებებს მიაწვდიდა. სამქადაგებლო ტერიტორია 150-200-სახლიან უბნებად დაიყოფოდა. სამსახურებრივი შეხვედრა ხუთშაბათ საღამოს ჩატარდებოდა. იქ და-ძმები ერთმანეთს გაუზიარებდნენ მსახურებაში მიღებულ გამოცდილებას და ჩააბარებდნენ მსახურების ანგარიშს.

„სახლებში დაბრუნების შემდეგ ყველანი ჩავებით ახალ კამპანიაში“, — იხსენებს ჰერმან ფილბრიკი. ბიბლიის მკვლევრები მომსმენ ყურს ყველგან პოულობდნენ. ბეულა კოუვი გვიზიარებს: „როგორც ჩანს, ომგამოვლილ და მრავალჭირნახულ ადამიანებს ოქროს ხანაზე ფიქრიც კი შვებას ჰგვრიდა“. არტურ კლაუსმა დაწერა: „იმდენმა გამოიწერა ახალი ჟურნალი, რომ მთელი კრება გაოგნებული იყო“. პირველი ნომრის გამოცემიდან ორ თვეში ჟურნალ „ოქროს ხანის“ თითქმის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გავრცელდა და მას უკვე 50 000 გამომწერი ჰყავდა.

„საგუშაგო კოშკის“ 1920 წლის 1-ლი ივლისის გამოცემაში დაბეჭდილ სტატიას, „სახარება სამეფოს შესახებ“, ძმა მაკმილანმა უწოდა „პირველი ოფიციალური განაცხადი იმ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ, რომელსაც დღეს ვეწევით“. სწორედ ამ სტატიაში გაისმა მოწოდება ცხებულთა მისამართით, რომ „დაემოწმებინათ მსოფლიოსთვის მოახლოებული ზეციერი სამეფოს შესახებ“. დღეს, ქრისტეს ძმებს, რომელთაც ეს საქმე მიენდოთ, მილიონობით გულმოდგინე მქადაგებელი შეუერთდა — ისინი ელიან ოქროს ხანას, რომელიც დედამიწაზე მესიის მმართველობის დროს დამყარდება.

^ აბზ. 5 იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, თ. 6, „გამოცდის ჟამი (1914—1918)“.

^ აბზ. 9 ჟურნალ „ოქროს ხანას“ 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, ხოლო 1946 წელს — „გამოიღვიძეთ!“.