არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იქადაგეთ სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ

იქადაგეთ სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ

„საფუძვლიანად დავამოწმო[თ] სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24).

სიმღერები: 101, 84

1, 2. როგორ ცხადყო პავლე მოციქულმა, რომ მადლიერი იყო მის მიმართ გამოვლენილი ღვთის წყალობისთვის?

მოციქულ პავლეს თამამად შეეძლო ეთქვა, რომ მის მიმართ გამოვლენილი ღვთის წყალობა „ფუჭი არ ყოფილა“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:9, 10). პავლეს კარგად ესმოდა, რომ მას არ დაუმსახურებია ღვთის გულმოწყალება, რადგან ადრე ქრისტიანებს დევნიდა.

2 თავისი მსახურების დასასრულ პავლემ ტიმოთეს მისწერა: „მადლიერი ვარ ჩვენი უფლის ქრისტე იესოსი, რომელმაც ძალა მომცა, რადგან ერთგულად მიმიჩნია და მსახურებისთვის დამნიშნა“ (1 ტიმ. 1:12—14). თუ რა იგულისხმებოდა ამ მსახურებაში, ჩანს ეფესოს კრების უხუცესებისთვის პავლეს ნათქვამი სიტყვებიდან: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24).

3. რა დაევალა პავლეს? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე)

3 რა იყო „სასიხარულო ცნობა“, რომელსაც პავლე ქადაგებდა და როგორ მოწმობს ის ღვთის წყალობაზე? პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს უთხრა: „თქვენ გსმენიათ ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობის მმართველობის შესახებ, რომელიც თქვენ სასარგებლოდ მომეცა“ (ეფეს. 3:1, 2). პავლეს დაევალა, არაიუდეველებისთვის ექადაგა სასიხარულო ცნობა იმის შესახებ, რომ მესიანური სამეფოს მმართველობის დროს ისინიც ქრისტესთან ერთად იმმართველებდნენ (წაიკითხეთ ეფესოელების 3:5—8). მან გულმოდგინედ შეასრულა თავისი მსახურება, რითაც კარგი მაგალითი მოგვცა ქრისტიანებს, და დაამტკიცა, რომ მის მიმართ გამოვლენილი ღვთის წყალობა ფუჭი არ იყო.

თქვენც აღგძრავთ ღვთის წყალობა?

4, 5. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ იგივეა, რაც სასიხარულო ცნობა „ღვთის წყალობის შესახებ“?

4 ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში იეჰოვას ხალხს ევალება, იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ . . . მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). ეს ცნობა არის „სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“, რადგან ყველა კურთხევა, რომელთა მიღების იმედიც სამეფოს მმართველობის დროს გვაქვს, იეჰოვას მიერ ქრისტეს მეშვეობით გამოვლენილი წყალობა იქნება (ეფეს. 1:3). ვბაძავთ პავლეს და გამოვხატავთ იეჰოვას წყალობისთვის მადლიერებას იმით, რომ ყველანი გულმოდგინედ ვმსახურობთ? (წაიკითხეთ რომაელების 1:14—16).

5 წინა სტატიიდან გავიგეთ, თუ ჩვენ, ცოდვილი ადამიანები, როგორ ვსარგებლობთ მრავალმხრივ იეჰოვას მიერ გამოვლენილი წყალობით. შესაბამისად, ჩვენ მოვალენი ვართ სხვების წინაშე, რომ მათაც გავაგებინოთ, როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულს და როგორ შეუძლიათ პირადად ისარგებლონ მისი სიკეთით. რომელია ღვთის წყალობის ის მხარეები, რომელთა დანახვაშიც სხვებს უნდა დავეხმაროთ?

იქადაგეთ სასიხარულო ცნობა გამოსასყიდის შესახებ

6, 7. რა გაგებით არის ხალხთან გამოსასყიდზე საუბარი ღვთის წყალობის შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება?

6 დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი მისაღები გახდა და ცოდვა სირცხვილად აღარ ითვლება, ამიტომ ბევრი ადამიანი ვერ ხედავს გამოსასყიდის აუცილებლობას. ამავე დროს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ასეთ ცხოვრებას ბედნიერება არ მოაქვს. იეჰოვას მოწმეებთან საუბრამდე ბევრმა არც კი იცის, რა არის ცოდვა, რა გავლენას ახდენს ჩვენზე და რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავაღწიოთ მას. გულმართალ ადამიანებს შვებას ჰგვრის იმის გაგება, რომ იეჰოვამ უდიდესი სიყვარულისა და წყალობის გამო დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, რათა ცოდვისა და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ (1 იოან. 4:9, 10).

7 იეჰოვას საყვარელ ძეზე პავლემ დაწერა: „მისი [იესოს] მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია შეცოდებები მისი [იეჰოვას] წყალობის სიუხვით“ (ეფეს. 1:7). ქრისტეს გამოსასყიდი ჩვენდამი ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა და მისი წყალობის სიუხვეს ცხადყოფს. რამხელა შვებაა იმის გაგება, რომ ცოდვები გვეპატიება და სინდისი სუფთა გვექნება, თუ იესოს დაღვრილი სისხლის მიმართ რწმენას გამოვავლენთ! (ებრ. 9:14). ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა, რომელიც სხვებსაც უნდა გავუზიაროთ!

დაეხმარეთ ხალხს, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ ღმერთთან

8. რატომ სჭირდებათ ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან შერიგება?

8 ჩვენი მოვალეობაა, გავაგებინოთ მოყვასს, რომ თავიანთ შემოქმედთან მეგობრული ურთიერთობის განვითარება შეუძლიათ. ვიდრე ადამიანები რწმენას გამოავლენენ იესოს მსხვერპლის მიმართ, ღმერთი მათ მტრებად მიიჩნევს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოან. 3:36). საბედნიეროდ, ქრისტეს მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა ღმერთთან შერიგება. პავლემ თქვა: „თქვენ, ოდესღაც გაუცხოებულები და მტრები იმის გამო, რომ თქვენი გონება ბოროტი საქმეებით იყო დაკავებული, ღმერთმა ახლა შეგირიგათ მისი ხორციელი სხეულის მეშვეობით, მისი სიკვდილით“ (კოლ. 1:21, 22).

9, 10. ა) რა დაავალა ქრისტემ თავის ცხებულ ძმებს? ბ) როგორ ეხმარება „სხვა ცხვარი“ ცხებულებს?

9 როგორც პავლემ თქვა, ქრისტემ თავის ცხებულ ძმებს დედამიწაზე „შერიგების მსახურება“ მიანდო. ამ საკითხზე პავლემ პირველი საუკუნის ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: «ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება, კერძოდ კი, ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით შეირიგა ქვეყნიერება, შეცოდებები არ ჩაუთვალა და შერიგების სიტყვა ჩვენ ჩაგვაბარა. ამიტომ ჩვენ ელჩები ვართ ქრისტეს ნაცვლად, თითქოს ღმერთი ჩვენი მეშვეობით გეხვეწებათ. ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ: „შეურიგდით ღმერთს“» (2 კორ. 5:18—20).

10 „სხვა ცხვარი“ დიდ პატივად მიიჩნევს იმას, რომ ცხებულ ძმებს ამ მსახურების შესრულებაში ეხმარება (იოან. 10:16). როგორც ქრისტეს დესპანებს, მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ, რომ ხალხს ჭეშმარიტება ასწავლონ და იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარონ. ეს ღვთის წყალობის შესახებ სასიხარულო ცნობის საფუძვლიანად დამოწმების მნიშვნელოვანი მხარეა.

იქადაგეთ სასიხარულო ცნობა იმის შესახებ, რომ ღმერთი ისმენს ლოცვებს

11, 12. რატომ არის ხალხისთვის სასიხარულო ცნობა ის, რომ შეუძლიათ იეჰოვას მიმართონ ლოცვით?

11 ბევრი ადამიანი იმიტომ ლოცულობს, რომ ლოცვის შემდეგ კარგად გრძნობს თავს, მაგრამ არ სწამთ, რომ ღმერთი ისმენს მათ ლოცვებს. მათ სჭირდებათ იმის გაგება, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია. ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი. ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა ჩემი დანაშაული. შენ დაფარავ ჩვენს ცოდვებს“ (ფსალმ. 65:2, 3).

12 იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“ (იოან. 14:14). ცხადია, ის გულისხმობდა ისეთი რამის თხოვნას, რაც იეჰოვას ნებას შეესაბამებოდა. იოანე ამბობს: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14). რა კარგია სხვებისთვის იმის სწავლება, რომ ლოცვა უბრალოდ გუნება-განწყობის ასამაღლებელი საშუალება კი არ არის, არამედ იეჰოვას „წყალობის ტახტთან“ მიახლოების შესანიშნავი საშუალებაა! (ებრ. 4:16). როცა ვასწავლით მათ, როგორ ილოცონ, ვის მიმართონ ლოცვით და რაზე ილოცონ, ვეხმარებით, დაუახლოვდნენ იეჰოვას და ნუგეში პოვონ გასაჭირის დროს (ფსალმ. 4:1; 145:18).

ღვთის წყალობა მომავალში

13, 14. ა) რა საოცარი პატივი ხვდებათ წილად ცხებულებს მომავალში? ბ) რა შესანიშნავ საქმეებს მოიმოქმედებენ ცხებულები ადამიანთა სასარგებლოდ?

13 იეჰოვა თავის წყალობას ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის შემდეგაც გამოავლენს. პავლე გულისხმობდა იმ უპირატესობას, რომელსაც ღმერთი ზეციერ სამეფოში ქრისტეს 144 000 თანამმართველს უბოძებს, როცა წერდა: „გულმოწყალებით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა, ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა, როცა მკვდრები ვიყავით შეცოდებებში (წყალობით ხართ გადარჩენილნი), ერთად აღგვადგინა და დაგვსხა ზეცაში ქრისტე იესოსთან ერთობაში, რათა მომავალში აჩვენოს თავისი წყალობის განუზომელი სიმდიდრე ჩვენ მიმართ გამოვლენილი სიკეთით ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (ეფეს. 2:4—7).

14 რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა მოამზადა იეჰოვამ ცხებული ქრისტიანებისთვის, როცა ისინი ზეცაში დასხდებიან ტახტებზე, რათა ქრისტესთან ერთად იმმართველონ (ლუკ. 22:28—30; ფილ. 3:20, 21; 1 იოან. 3:2). იეჰოვა განსაკუთრებით მათდამი გამოავლენს „თავისი წყალობის განუზომელ სიმდიდრეს“. მათგან შეიქმნება „ახალი იერუსალიმი“, ქრისტეს პატარძალი (გამოცხ. 3:12; 17:14; 21:2, 9, 10). ისინი იესოსთან ერთად განკურნავენ ხალხებს — მორჩილ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან გათავისუფლებაში დაეხმარებიან და სრულყოფილებამდე მიიყვანენ მათ (წაიკითხეთ გამოცხადების 22:1, 2, 17).

15, 16. როგორ გამოავლენს იეჰოვა მომავალში თავის წყალობას „სხვა ცხვრის“ მიმართ?

15 ეფესოელების 2:7-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთი მომავალშიც გამოავლენს თავის წყალობას. უეჭველია, ახალ ქვეყნიერებაში ცხადი გახდება „იეჰოვას წყალობის განუზომელი სიმდიდრე“ (ლუკ. 18:29, 30). დედამიწაზე იეჰოვას წყალობის უდიდესი გამოვლინება ადამიანთა მკვდრეთით აღდგენა იქნება (იობ. 14:13—15; იოან. 5:28, 29). ის ერთგული მამაკაცები და ქალები, რომლებიც ქრისტეს მიერ გამოსასყიდის გაღებამდე დაიხოცნენ, და „სხვა ცხვარი“, რომლებიც ქვეყნიერების ბოლო დღეებში სიკვდილამდე ერთგულები რჩებიან, გაცოცხლდებიან და კვლავაც გააგრძელებენ იეჰოვას მსახურებას.

16 მკვდრეთით აღდგება მილიონობით სხვა ადამიანიც, რომლებიც არ იცნობდნენ ღმერთს. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, იეჰოვას უზენაეს მმართველობას დაემორჩილონ. იოანე მოციქული წერდა: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ. ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხ. 20:12, 13). რა თქმა უნდა, მკვდრეთით აღდგენილებს მოეთხოვებათ, რომ ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრება ისწავლონ. გარდა ამისა, ისინი უნდა მიჰყვნენ „გრაგნილებში“ ჩაწერილ სასარგებლო მითითებებს, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებისთვის არის საჭირო. ამ გრაგნილებში ჩაწერილი ინფორმაცია იეჰოვას წყალობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

ნუ შეწყვეტთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას

17. რა არ უნდა დაგვავიწყდეს ქადაგების დროს?

17 ვინაიდან ამ ქვეყნიერების აღსასრული ძალიან ახლოსაა, ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ! (მარ. 13:10). უდავოა, სასიხარულო ცნობა წარმოაჩენს იეჰოვას წყალობას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ქადაგების დროს და ჩვენი მიზანი იეჰოვას განდიდება უნდა იყოს. ამას შევძლებთ, თუ ხალხს დავანახვებთ, რომ ყველა კურთხევა, რომელთაც ახალ ქვეყნიერებაში მივიღებთ, იეჰოვას წყალობაა.

იმსახურეთ გულმოდგინედ „როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგმა მმართველებმა“ (1 პეტ. 4:10) (იხილეთ აბზაცები 17—19)

18, 19. როგორ განვადიდებთ იეჰოვას წყალობას?

18 სხვებთან საუბრისას შეგვიძლია ავუხსნათ მათ, რომ ქრისტეს მმართველობის დროს კაცობრიობა სრულად ისარგებლებს გამოსასყიდით და თანდათანობით გასრულყოფილდება. ბიბლიაში ნათქვამია: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21). ეს მხოლოდ იეჰოვას განუზომელი წყალობის შედეგად იქნება შესაძლებელი.

19 ჩვენ შეგვიძლია ყველა მომსმენ ადამიანს გავუზიაროთ გამოცხადების 21:4, 5-ში ჩაწერილი ამაღელვებელი დაპირება: „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ტახტზე მჯდომი იეჰოვა გვპირდება: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“. შემდეგ დასძენს: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. ჩვენ იეჰოვას წყალობას განვადიდებთ, როცა გულმოდგინედ ვუზიარებთ სხვებს სასიხარულო ცნობას!