არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დარჩით სულიერად ძლიერები უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურებისას!

დარჩით სულიერად ძლიერები უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურებისას!

„გულში განძივით ვინახავ შენს სიტყვებს“ (ფსალმ. 119:11).

სიმღერები: 142, 92

13. ა) რას უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება ყველამ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რა დამატებით სირთულეებს ხვდებიან ისინი, ვინც უცხო ენას სწავლობენ, და რა კითხვები წამოიჭრება?

დღეს ათასობით იეჰოვას მოწმეს დიდი წვლილი შეაქვს იმ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებაში, რომლის თანახმადაც სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს „ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ (გამოცხ. 14:6). თქვენც ხომ არ სწავლობთ უცხო ენას? იქნებ მისიონერი ხართ, გადასული ხართ ისეთ ქვეყანაში, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ან ესწრებით უცხოენოვანი კრების შეხვედრებს საკუთარ ქვეყანაში?

2 თითოეულმა ღვთის მსახურმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ თუ ოჯახის სულიერ მდგომარეობას (მათ. 5:3). თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს ნაყოფიერი პირადი შესწავლის ჩატარება. ამასთან, ისინი, ვინც უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურობენ, სხვა სირთულეებსაც ხვდებიან.

3 უცხო ენის სწავლასთან ერთად მათ იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ რეგულარულად მიიღონ მაგარი სულიერი საზრდო (1 კორ. 2:10). მაგრამ, როგორ შეძლებენ ამას, თუ ბოლომდე არ ესმით ის ენა, რომელზეც შეხვედრები ტარდება? რატომ უნდა დარწმუნდნენ მშობლები, რომ ღვთის სიტყვა შვილების გულამდე აღწევს?

რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე ჩვენს სულიერობას

4. რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე ჩვენს სულიერობას? მოიყვანეთ მაგალითი.

4 თუ უცხო ენაზე ვერ ჩავწვდებით ღვთის სიტყვას, ჩვენი სულიერობა შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. როცა ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში ნეემია იერუსალიმში ჩავიდა და გაიგო, რომ ბაბილონიდან დაბრუნებული იუდეველების შვილებიდან ზოგი ებრაულ ენაზე ვერ ლაპარაკობდა, ძალიან დამწუხრდა (წაიკითხეთ ნეემიას 13:23, 24). ეს ბავშვები საკუთარ თავს ღვთის მსახურებად არ მიიჩნევდნენ, რადგან ღვთის სიტყვის მნიშვნელობას ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ (ნეემ. 8:2, 8).

5, 6. რა პრობლემა შენიშნა ზოგმა მშობელმა და რა იყო ამ პრობლემის მიზეზი?

5 ზოგმა მშობელმა, ვინც უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურობს, შენიშნა, რომ მათ შვილებს ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გაუნელდათ. ვინაიდან შვილებს ბოლომდე არ ესმოდათ ის, რაზეც შეხვედრებზე ლაპარაკობდნენ, სამეფო დარბაზში განხილული სულიერი საკითხები მათ გულსა და გონებას არ ეხებოდა. პედრო, [1] რომელიც ცოლ-შვილთან ერთად სამხრეთ ამერიკიდან ავსტრალიაში გადავიდა, ამბობს, რომ სულიერ საკითხებზე მსჯელობამ გულსა და გრძნობებზე უნდა იმოქმედოს (ლუკ. 24:32).

6 უცხო ენაზე წაკითხული შეიძლება ისე ვერ შეეხოს ჩვენს გულს, როგორც მშობლიურ ენაზე წაკითხული. ამასთან, თუ თავისუფლად არ ვფლობთ უცხო ენას, ამან შეიძლება ძალები გამოგვაცალოს და ჩვენს სულიერობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურების სურვილის შენარჩუნებასთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ სულიერად არ დავსუსტდეთ (მათ. 4:4).

ისინი სულიერად ძლიერები დარჩნენ

7. როგორ ცდილობდნენ ბაბილონელები, რომ დანიელი თავიანთი კულტურისა და რელიგიისთვის ეზიარებინათ?

7 ბაბილონში გადასახლებულ დანიელსა და მის მეგობრებს „ქალდეველთა ენას“ ასწავლიდნენ, რათა მალე ზიარებოდნენ იქაურ კულტურას. გარდა ამისა, მთავარმა კარისკაცმა, რომელსაც მათი განათლება ევალებოდა, მათ ბაბილონური სახელები შეარქვა (დან. 1:3—7). დანიელისთვის შერქმეული სახელის პირველი ნაწილი „ბელ“ ბაბილონის მთავარ ღვთაებას უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, მეფე ნაბუქოდონოსორს უნდოდა, შთაეგონებინა დანიელისთვის, რომ ბაბილონის ღვთაებამ მისი ღმერთი იეჰოვა დაიმორჩილა (დან. 4:8).

8. რა დაეხმარა დანიელს, რომ უცხო ქვეყანაშიც კი შეენარჩუნებინა სულიერი სიძლიერე?

8 დანიელს მეფის სუფრიდან სთავაზობდნენ ნუგბარს, მაგრამ მას გულში გადაწყვეტილი ჰქონდა, „თავი არ გაეუწმინდურებინა“ (დან. 1:8). მან უცხო ქვეყანაშიც კი შეძლო სულიერი სიძლიერის შენარჩუნება, რადგან მშობლიურ ენაზე სწავლობდა წმინდა წიგნებს (დან. 9:2). ბაბილონში ჩასვლიდან 70 წლის შემდეგაც კი მას თავისი ებრაული სახელით იცნობდნენ (დან. 5:13).

9. როგორ იმოქმედა ღვთის სიტყვამ 119-ე ფსალმუნის დამწერზე?

9 ღვთის სიტყვა დაეხმარა 119-ე ფსალმუნის დამწერს, რომ სხვების მსგავსად არ მოქცეულიყო. სამეფო კარის ზოგიერთი წევრი მას აგდებულად ექცეოდა (ფსალმ. 119:23, 61). მათგან განსხვავებით მან ღვთის სიტყვას საკუთარ თავზე მოქმედების საშუალება მისცა (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:11, 46).

დარჩით სულიერად ძლიერი

10, 11. ა) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი ღვთის სიტყვის შესწავლის დროს? ბ) როგორ შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა? მოიყვანეთ მაგალითი.

10 მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დაკავებულები ვართ ყოველდღიური თუ თეოკრატიული საქმეებით, აუცილებლად უნდა გამოვყოთ დრო პირადი შესწავლისა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის (ეფეს. 5:15, 16). მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მასალის გადაკითხვა ან შეხვედრებისთვის კომენტარების მომზადება არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღვთის სიტყვა შეეხება ჩვენს გულს და რწმენას გაგვიძლიერებს.

11 ამ მიზნის მისაღწევად, შესწავლის დროს სხვების საჭიროებებზე ზრუნვასთან ერთად მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საკუთარი სულიერი მოთხოვნილებები (ფილ. 1:9, 10). ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მსახურებისთვის, კრების შეხვედრებისა თუ მოხსენებისთვის მომზადების დროს წაკითხული შეიძლება საკუთარ თავს ყოველთვის ვერ დავუკავშიროთ. მაგალითად, მზარეულმა სუფრასთან მიტანამდე ყოველთვის უნდა გაუსინჯოს გემო კერძს, მაგრამ საკვების ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება მისი არსებობისთვის. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მან თავისთვისაც უნდა მოამზადოს ნოყიერი საკვები. მსგავსად, ჩვენც გვჭირდება ისეთი სულიერი საკვების მიღება, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

12, 13. რატომ მიიჩნევს ბევრი, რომ მნიშვნელოვანია მშობლიურ ენაზე შესწავლის ჩატარება?

12 ბევრი, ვინც უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურობს, ხედავს, რომ მშობლიურ ენაზე ბიბლიის რეგულარულად კვლევა მნიშვნელოვანია (საქ. 2:8). მისიონერებსაც ესმით, რომ უცხო ქვეყანაში სულიერი სიძლიერის შესანარჩუნებლად მხოლოდ იმას არ უნდა დასჯერდნენ, რასაც შეხვედრებიდან გაიგებენ.

13 ალანი, რომელიც რვა წელია, სპარსულ ენას სწავლობს, ამბობს: „როცა სპარსულ ენაზე ვემზადები შეხვედრებისთვის, ძირითადად, ენაზე ვარ კონცენტრირებული. ვინაიდან ეს გონების ვარჯიშია, წაკითხული სულიერი აზრები გულს ნაკლებად ეხება. სწორედ ამიტომ გამოვყოფ დროს რეგულარულად, რომ მშობლიურ ენაზე შევისწავლო ბიბლია და სხვა პუბლიკაციები“.

დაეხმარეთ შვილებს

14. რაში უნდა დარწმუნდნენ მშობლები და რატომ?

14 ქრისტიანი მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ღვთის სიტყვა გავლენას ახდენს მათი შვილების გონებასა და გულზე. უცხოენოვან ტერიტორიაზე სამ წელიწადზე მეტხანს მსახურების შემდეგ სერჟმა და მიურიელმა შენიშნეს, რომ თეოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობა მათ 17 წლის ვაჟს სიხარულს აღარ ანიჭებდა. „მას გული არ უწევდა, რომ სხვა ენაზე ექადაგა, თუმცა მანამდე სიამოვნებით ქადაგებდა მშობლიურ ფრანგულზე“, — ამბობს მიურიელი. სერჟი დასძენს: „როცა მივხვდით, რომ ამის გამო ჩვენი შვილი სულიერად წინ ვერ მიიწევდა, გადავწყვიტეთ, ძველ კრებაში დავბრუნებულიყავით“.

დარწმუნდით, რომ ჭეშმარიტება გავლენას ახდენს თქვენს შვილებზე (იხილეთ აბზაცები 14, 15)

15. ა) რა მიზეზების გამო შეიძლება გადაწყვიტონ მშობლებმა იმ კრებაში დაბრუნება, რომელიც მათი შვილებისთვის კარგად გასაგებ ენაზე ტარდება? ბ) რისკენ მოუწოდებს მშობლებს კანონის 6:5—7?

15 რა მიზეზების გამო შეიძლება გადაწყვიტონ მშობლებმა იმ კრებაში დაბრუნება, რომელიც მათი შვილებისთვის კარგად გასაგებ ენაზე ტარდება? პირველი, თუ არა აქვთ საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რომ უცხო ენის შესწავლასთან ერთად იეჰოვას სიყვარული ჩაუნერგონ შვილებს. მეორე, თუ შენიშნავენ, რომ შვილებს სულიერ საქმეებში მონაწილეობის ან უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურების სურვილი გაუნელდათ. ამ მიზეზების გამო მშობლებმა შეიძლება გადაწყვიტონ, იქამდე გააგრძელონ მსახურება იმ კრებაში, რომელიც მათი შვილებისთვის კარგად გასაგებ ენაზე ტარდება, ვიდრე ისინი მყარად არ დადგებიან ჭეშმარიტებაში (წაიკითხეთ კანონის 6:5—7).

16, 17. როგორ ახერხებს ზოგი მშობელი შვილების სულიერად დამოძღვრას უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურების მიუხედავად?

16 მეორე მხრივ, უცხოენოვან კრებასა თუ ჯგუფში მსახურების მიუხედავად, ზოგმა მშობელმა გამონახა გზები, რომ შვილები მშობლიურ ენაზე დაემოძღვრა. მაგალითად, შარლი, რომელსაც სამი გოგონა ჰყავს 9-დან 13 წლამდე, ლინგალაენოვანი ჯგუფის შეხვედრებს ესწრება. ის ამბობს: „გადავწყვიტეთ, რომ ოჯახურ თაყვანისცემასთან ერთად თითოეულ ბავშვთან მშობლიურ ენაზე ჩაგვეტარებინა შესწავლა. ამასთან, ლინგალა ენაზეც ვემზადებით კრებისა თუ მსახურებისთვის და ვდგამთ თამაშებს, რომ ენის შესწავლა ბავშვებისთვის სახალისო იყოს“.

ძალისხმევას ნუ დააკლებთ, რომ შეისწავლოთ ადგილობრივი ენა და მონაწილეობა მიიღოთ კრების შეხვედრებზე (იხილეთ აბზაცები 16, 17)

17 კევინი, რომელსაც ხუთი და რვა წლის ორი გოგონა ჰყავს, ცდილობს, შეუვსოს თავის გოგონებს ის, რაც უცხოენოვან კრებაში ენის გამო აკლდებათ. ის ამბობს: „მე და ჩემი ცოლი ორივესთან ცალ-ცალკე ვატარებთ შესწავლას მათ მშობლიურ ენაზე, ფრანგულზე. ამასთან, თვეში ერთხელ ვცდილობთ, ფრანგულენოვან კრებაზე წავიდეთ და ისე ვგეგმავთ შვებულებას, რომ მშობლიურ ენაზე ჩატარებულ კონგრესს დავესწროთ“.

18. ა) როგორ დაგეხმარებათ რომაელების 15:1, 2-ში ჩაწერილი პრინციპი, განსაზღვროთ, რა არის საუკეთესო თქვენი შვილებისთვის? ბ) რა რჩევებს იძლევიან სხვა მშობლები? (იხილეთ შენიშვნა)

18 რა თქმა უნდა, თითოეულმა ოჯახმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება საუკეთესო მათი შვილების სულიერი კეთილდღეობისთვის [2] (გალ. 6:5). მიურიელი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს, რომ მას და მის ქმარს საკუთარ სურვილებზე წინ ვაჟის სულიერი კეთილდღეობა უნდა დაეყენებინათ (წაიკითხეთ რომაელების 15:1, 2). დღევანდელი გადასახედიდან სერჟი ფიქრობს, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ის ამბობს: „ფრანგულენოვან კრებაში დაბრუნების შემდეგ ჩვენმა ვაჟმა წინ წაიწია სულიერად და მოინათლა. დღეს ის პიონერად მსახურობს და უცხოენოვან ჯგუფში გადასვლაზეც კი ფიქრობს!“.

მიეცით ღვთის სიტყვას თქვენზე მოქმედების საშუალება

19, 20. როგორ ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღვთის სიტყვა?

19 სიყვარულმა აღძრა იეჰოვა, ასობით ენაზე გაეხადა ხელმისაწვდომი თავისი სიტყვა, ბიბლია, რათა ყველანაირ ადამიანს შეძლებოდა „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის“ მიღება (1 ტიმ. 2:4). მან იცის, რომ ადამიანებს საუკეთესოდ შეუძლიათ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, თუ მის სიტყვას მშობლიურ ენაზე კითხულობენ.

20 სადაც არ უნდა ვმსახურობდეთ, გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, მაგარი სულიერი საზრდოთი ვიკვებოთ. თუ რეგულარულად შევისწავლით ღვთის სიტყვას მშობლიურ ენაზე, ჩვენც და ჩვენი ოჯახის წევრებიც სულიერად ძლიერები დავრჩებით და ცხადვყოფთ, რომ განძივით ვინახავთ ღვთის სიტყვებს (ფსალმ. 119:11).

^ [1] (აბზაცი 5) სახელები შეცვლილია.

^ [2] (აბზაცი 18) ბიბლიური პრინციპები, რომლებიც დამხმარე იქნება ოჯახებისთვის, განხილულია 2002 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „შვილების აღზრდა უცხო ქვეყანაში — სირთულეები და კურთხევები“.