არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!

გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!

„რწმენა . . . აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრ. 11:1).

სიმღერები: 54, 125

1. რის თქმა შეიძლება ქრისტიანულ რწმენაზე?

ქრისტიანული რწმენა შესანიშნავი თვისებაა, რომელიც ყველა ადამიანს არა აქვს (2 თეს. 3:2). მაგრამ იეჰოვამ ის თავის თაყვანისმცემლებს გარკვეული ზომით გვიწილადა (რომ. 12:3; გალ. 5:22). ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ამისთვის.

2, 3. ა) რა კურთხევები ელის მათ, ვისაც რწმენა აქვს? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი ქვემოთ?

2 ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვა ადამიანებს თავისი ძის მეშვეობით იზიდავს (იოან. 6:44, 65). იესოსადმი რწმენა ადამიანებს ცოდვების პატიების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, მათ იმედი ეძლევათ, რომ იეჰოვასთან მარადიული ურთიერთობით გაიხარებენ (რომ. 6:23). მაგრამ ადამიანთაგან არავის დაუმსახურებია ეს შესანიშნავი კურთხევა, რადგან ცოდვის გამო ყველანი სიკვდილს ვიმსახურებთ (ფსალმ. 103:10). თუმცა იეჰოვამ დაინახა ჩვენში რაღაც კარგი. უსაზღვრო სიკეთიდან გამომდინარე, მან სასიხარულო ცნობის მოსასმენად განგვაწყო. შედეგად, ჩვენ ვირწმუნეთ იესო, რათა მარადიული სიცოცხლით გაგვეხარა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:9, 10).

3 მაგრამ რას ნიშნავს რწმენა? ნიშნავს ის მხოლოდ იმ კურთხევების ცოდნას, რომელთაც იეჰოვა გვიმზადებს? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორ უნდა ვავლენდეთ რწმენას?

გულით გწამდეთ!

4. რატომ მოიცავს რწმენა ღვთის განზრახვის ცოდნაზე მეტს?

4 რწმენა ღვთის განზრახვის ცოდნაზე გაცილებით მეტს მოიცავს. ის აღმძვრელი ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთის ნების თანახმად მოქმედებისკენ უბიძგებს. ადამიანთა სახსნელად ღვთის მიერ გატარებული ღონისძიებებისადმი რწმენა აღგვძრავს, რომ სხვებს სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. ამის შესახებ მოციქული პავლე წერდა: «თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“, რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები, ვინაიდან გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად» (რომ. 10:9, 10; 2 კორ. 4:13).

5. რატომ არის რწმენა მნიშვნელოვანი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ შესუსტდეს? მოიყვანეთ მაგალითი.

5 აშკარაა, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ძლიერი რწმენა გვექნება. რწმენა შეგვიძლია მცენარეს შევადაროთ. ხელოვნური მცენარისგან განსხვავებით ცოცხალი მცენარე მუდმივად განიცდის ცვლილებას. მცენარემ რომ გაიხაროს, დროულად უნდა მოირწყას, წინააღმდეგ შემთხვევაში გახმება. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს რწმენაზე. ის შეიძლება შესუსტდეს და საბოლოოდ გაქრეს კიდეც (ლუკ. 22:32; ებრ. 3:12). მაგრამ, თუ სათანადო ყურადღებას მივაქცევთ, ცოცხლად შევინარჩუნებთ მას; ის ზრდას არ შეწყვეტს და ჯანსაღნი ვიქნებით რწმენაში (2 თეს. 1:3; ტიტ. 2:2).

როგორ აღწერს ბიბლია რწმენას

6. ებრაელების 11:1-ის თანახმად, რას მოიცავს რწმენა?

6 ებრაელების 11:1-ში (წაიკითხეთ) აღწერილია, რა არის რწმენა. ამ მუხლის თანახმად, რწმენა მოიცავს ორ რამეს, რაც ჩვენთვის უხილავია. პირველი არის ის, „რასაც ვიმედოვნებთ“. ამაში შედის ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული და ახალი ქვეყნიერების დადგომა, რასაც იეჰოვა სამომავლოდ გვპირდება. მეორეა, „უხილავი სინამდვილე“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ კონტექსტში „აშკარა მტკიცებად“ ითარგმნა, მიუთითებს უხილავი სინამდვილის, მაგალითად, იეჰოვა ღმერთის, იესო ქრისტესა და ანგელოზების არსებობისა და ზეციერი სამეფოს საქმიანობის დამადასტურებელ ნიშანზე (ებრ. 11:3). რით ცხადვყოფთ, რომ ცოცხალი იმედი გვაქვს და გვწამს ყველაფერი, რის შესახებაც ღვთის სიტყვა საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ისინი უხილავია? ამას ცხადვყოფთ ჩვენი სიტყვებითა და საქმეებით, რომელთა გარეშეც ჩვენი რწმენა სრული ვერ იქნება.

7. რას ვიგებთ ნოეს მაგალითიდან რწმენის შესახებ? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე)

7 ებრაელების 11:7-ში წერია, რომ „რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო“. უზარმაზარი კიდობნის აგება ნოეს რწმენაზე მოწმობდა. უეჭველია, მეზობლები დაინტერესდებოდნენ, რაში სჭირდებოდა ნოეს ამხელა შენობა. გაჩუმდებოდა ნოე ან ეტყოდა მათ, რომ თავისი საქმისთვის მიეხედათ? რა თქმა უნდა, არა. რწმენით მან გაბედულად დაუმოწმა მათ და გააფრთხილა, რომ ღმერთი მალე განაჩენს აღასრულებდა ბოროტებზე. ის, ალბათ, სიტყვასიტყვით გაუმეორებდა მათ იეჰოვას ნათქვამს: „დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა . . . მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას. მოვავლენ წარღვნას დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელშიც სასიცოცხლო ძალაა. ყველაფერი მოისპობა დედამიწაზე“. ნოე გადარჩენის ერთადერთ საშუალებასაც დაანახვებდა მათ და გაუმეორებდა ღვთის მითითებას: „შედი კიდობანში“. ამგვარად, ნოეს რწმენა იმაშიც გამოვლინდა, რომ „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (დაბ. 6:13, 17, 18; 2 პეტ. 2:5).

8. როგორ ახსნა ღვთის შთაგონებით იაკობმა ნამდვილი ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობა?

8 იაკობმა თავისი წერილი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მალევე დაწერა, რაც პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით ახსნა რწმენის მნიშვნელობა. პავლეს მსგავსად, იაკობმაც აღნიშნა, რომ ნამდვილი ქრისტიანული რწმენა რაიმეს დაჯერებაზე მეტს ნიშნავს; მასში მოქმედებაც იგულისხმება. იაკობი წერდა: „მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“ (იაკ. 2:18). შემდეგ მან აშკარა განსხვავება გააკეთა რაიმეს დაჯერებასა და რწმენის გამოვლენას შორის. დემონებსაც სჯერათ, რომ ღმერთი არსებობს, თუმცა ნამდვილი რწმენა არ გააჩნიათ. ისინი ურწმუნოებას ავლენენ და ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგებიან (იაკ. 2:19, 20). განსხვავების საჩვენებლად იაკობი მოიხსენიებს ძველად მცხოვრებ რწმენით გამორჩეულ მამაკაცს: „განა მამაჩვენი აბრაამი საქმეებით არ იქნა აღიარებული მართლად, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? როგორც ხედავ, აბრაამის რწმენას საქმეები ახლდა და რწმენა მას საქმეებმა გაუსრულყოფილა“. იმის საჩვენებლად, რომ აუცილებელია რწმენის დამტკიცება საქმეებით, იაკობი დასძენს: „როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე“ (იაკ. 2:21—23, 26).

9, 10. როგორ დაგვანახვა მოციქულმა იოანემ რწმენის გამოვლენის აუცილებლობა?

9 ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ მოციქულმა იოანემ თავისი სახარება და სამი წერილი დაწერა. მასაც ისევე კარგად ესმოდა ნამდვილი ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობა, როგორც პავლესა და იაკობს? იოანემ ბიბლიის სხვა დამწერებზე ხშირად გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც რწმენის გამოვლენას ნიშნავს.

10 მაგალითად, მან დაწერა: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოან. 3:36). ქრისტიანული რწმენა იესოს მითითებების მორჩილებასაც ნიშნავს. იოანე ხშირად ციტირებდა იესოს სიტყვებს, რომლებიდანაც ჩანს, რომ რწმენის გამოვლენა უწყვეტი პროცესია (იოან. 3:16; 6:29, 40; 11:25, 26; 14:1, 12).

11. როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება ვიცით?

11 რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ წმინდა სულით გაგვიმჟღავნა ჭეშმარიტება და შესაძლებელი გახადა, რომ სასიხარულო ცნობისადმი რწმენა გამოგვევლინა! (წაიკითხეთ ლუკას 10:21). მან თავისი ძის, „ჩვენი რწმენის მეთაურისა და გამასრულყოფილებლის“ მეშვეობით დაგვიახლოვა, რისთვისაც არასდროს უნდა შევწყვიტოთ მადლობის გადახდა (ებრ. 12:2). ასეთი წყალობისთვის მადლიერების ნიშნად, რწმენა უნდა გავიძლიეროთ ლოცვითა და ღვთის სიტყვის შესწავლით (ეფეს. 6:18; 1 პეტ. 2:2).

გამოავლინეთ რწმენა და ხელიდან ნუ გაუშვებთ სასიხარულო ცნობის გაზიარების შესაძლებლობას (იხილეთ აბზაცი 12)

12. რომელი საქმეებით უნდა ვავლენდეთ რწმენას?

12 ჩვენ რწმენას უნდა ვავლენდეთ იეჰოვას დაპირებების მიმართ, რაც აშკარად შესამჩნევი უნდა იყოს სხვებისთვის. მაგალითად, უნდა ვიქადაგოთ ღვთის სამეფოს შესახებ და მონაწილეობა მივიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში; სიკეთე გავუკეთოთ ყველას, „განსაკუთრებით მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10); ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ მოვიშოროთ „ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ“ და მოვერიდოთ ყველაფერს, რაც სულიერად მოგვასუსტებს (კოლ. 3:5, 8—10).

ღვთისადმი რწმენა მნიშვნელოვანია

13. რამდენად მნიშვნელოვანია „ღვთისადმი რწმენა“, რისი ნაწილია ის და კიდევ რომელი თვისებების განვითარებაა საჭირო?

13 ბიბლიაში ნათქვამია: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6). როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, „ღვთისადმი რწმენაც“ იმ საფუძვლის ნაწილია, რომელიც ნებისმიერს გვჭირდება ჭეშმარიტ ქრისტიანად გახდომასა და შემდეგ ამ გზაზე დარჩენაში (ებრ. 6:1). „ღვთის სიყვარულში“ დასარჩენად ქრისტიანებმა რწმენასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი თვისებებიც უნდა განივითარონ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:5—7; იუდ. 20, 21).

14, 15. რატომ არის სიყვარული რწმენაზე მნიშვნელოვანი?

14 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა ხაზი გაუსვეს რწმენის გამოვლენის აუცილებლობას იმით, რომ ასობით ადგილას მოიხსენიეს ის. მასზე ხშირად მათ არც ერთი სხვა ქრისტიანული თვისება არ უხსენებიათ. ნიშნავს ეს იმას, რომ რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებაა?

15 რწმენასა და სიყვარულზე საუბრისას პავლემ აღნიშნა: „ისეთი რწმენა [რომ] მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები“ (1 კორ. 13:2). კითხვაზე, თუ „რომელია უდიდესი მცნება კანონში?“, იესოს მიერ გაცემული პასუხიდან ჩანს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ღვთისადმი სიყვარულია (მათ. 22:35—40). სიყვარული მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ქრისტიანულ თვისებას, მათ შორის რწმენას. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“. მას სწამს ის, რაც ღმერთმა თავის სიტყვაში თქვა (1 კორ. 13:4, 7).

16, 17. როგორ უსვამს ხაზს ბიბლია რწმენისა და სიყვარულის მნიშვნელობას, რომელია მათ შორის უდიდესი და რატომ?

16 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები რწმენასა და სიყვარულს ბევრჯერ ერთად მოიხსენიებდნენ, ზოგჯერ ერთ წინადადებაში ან ფრაზაშიც კი, რითაც ცხადყოფდნენ, რომ ორივე თვისება მნიშვნელოვანია. პავლემ მოუწოდა თანამორწმუნეებს, შემოსილიყვნენ „რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით“ (1 თეს. 5:8). პეტრე წერდა: „თუმცა არასოდეს გინახავთ იგი [იესო], მაინც გიყვართ. ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ“ (1 პეტ. 1:8). იაკობმა თავის ცხებულ ძმებს კითხვა დაუსვა: „განა ქვეყნიერების ღარიბები არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები და სამეფოს მემკვიდრეები, რომელსაც ის თავის მოყვარულებს დაჰპირდა?“ (იაკ. 2:5). იოანე კი წერდა: „[ღვთის] მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოან. 3:23).

17 მიუხედავად იმისა, რომ რწმენა მნიშვნელოვანი თვისებაა, მომავალში აღარ დაგვჭირდება ღვთის დანაპირებისადმი რწმენის გამოვლენა, რადგან ყველა დაპირება შესრულდება. მაგრამ ღვთისა და მოყვასის სიყვარული ყოველთვის იქნება საჭირო. ამიტომ დაწერა პავლემ: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (1 კორ. 13:13).

რწმენის უდიდესი მტკიცება

18, 19. რწმენის რა უდიდეს მტკიცებას ვხედავთ დღეს და ვისი დამსახურებაა ეს?

18 დღეს იეჰოვას ხალხი რწმენას ავლენს ღვთის სამეფოს მიმართ. შედეგად, მთელ მსოფლიოში განივრცო სულიერი სამოთხის საზღვრები, სადაც რვა მილიონზე მეტი ადამიანი უხვად ავლენს ღვთის სულის ნაყოფს (გალ. 5:22, 23). სულიერი სამოთხე ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენისა და სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა!

19 ეს ღვთის დამსახურებაა და არა ადამიანის. ის „სახელს გაუთქვამს იეჰოვას და ეს იქნება მარადიულ ნიშნად, რომელიც არ მოიკვეთება“ (ეს. 55:13). „ღვთის ძღვენია“ ისიც, რომ „რწმენის მეშვეობით“ გადავრჩებით (ეფეს. 2:8). სულიერი სამოთხე იქამდე გაფართოვდება, ვიდრე დედამიწა არ აივსება სრულყოფილი, მართალი და ბედნიერი ადამიანებით, რომლებიც მარადიულად განადიდებენ იეჰოვას სახელს. მოდი კვლავაც გამოვავლინოთ რწმენა იეჰოვას დაპირებების მიმართ!