არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | სიმართლე ანგელოზების შესახებ

ვინ არიან სინამდვილეში ანგელოზები?

ვინ არიან სინამდვილეში ანგელოზები?

ალბათ, გაინტერესებთ, ვინ არიან ანგელოზები, როგორ გაჩნდნენ ისინი და რას აკეთებენ. ამ კითხვებზე სხვაგან ვერსად ვიპოვით სარწმუნო პასუხებს, თუ არა ღვთივშთაგონებულ სიტყვაში, ბიბლიაში (2 ტიმოთე 3:16).

  • ღვთის მსგავსად, ანგელოზებიც უხილავი სულები არიან, რომელთაც ფიზიკური სხეული არ გააჩნიათ. ერთგული ანგელოზები ღვთის ზეციერ სამყოფელში მკვიდრობენ და უშუალოდ ღმერთთან აქვთ ურთიერთობა (ლუკა 24:39; მათე 18:10; იოანე 4:24).

  • ანგელოზები ზოგჯერ ხორცს ისხამდნენ და დედამიწაზე ღვთის დავალების შესასრულებლად ჩამოდიოდნენ, თავიანთი მისიის შესრულების შემდეგ კი ისევ სულიერ სამყაროს უბრუნდებოდნენ (მსაჯულები 6:11—23; 13:15—20).

  • ბიბლიაში ანგელოზები მამაკაცებად არიან წარმოდგენილნი. თუმცა მათ სქესი არა აქვთ, ისინი ხალხს ყოველთვის მამაკაცებად ევლინებოდნენ. ანგელოზები არც ქორწინდებიან და არც შთამომავლობას წარმოშობენ. ზოგს სჯერა, რომ სანამ ისინი ანგელოზები გახდებოდნენ, ჯერ ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათ არ ჰქონიათ ადამიანური საწყისი. სინამდვილეში ანგელოზები იეჰოვამ შექმნა. ამიტომ ბიბლია მათ „ჭეშმარიტი ღვთის შვილებს“ უწოდებს (იობი 1:6; ფსალმუნი 148:2, 5).

  • ბიბლიაში მოხსენიებულია „ადამიანთა და ანგელოზთა ენები“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სულიერ ქმნილებებს აქვთ თავიანთი ენა, რომელსაც ერთმანეთთან ურთიერთობისთვის იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ანგელოზების მეშვეობით გადასცემდა ადამიანებს სხვადასხვა ცნობას, ის არ აძლევს მათ უფლებას, ანგელოზებს თაყვანი სცენ ან ლოცვით მიმართონ (1 კორინთელები 13:1; გამოცხადება 22:8, 9).

  • ბიბლიის თანახმად, ათასობით ათასი ანგელოზი არსებობს, რაც მიანიშნებს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა რამდენიმე მილიარდს აღწევდეს (დანიელი 7:10; გამოცხადება 5:11).

  • ანგელოზები „ძალით ძლიერნი“ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებთან შედარებით გაცილებით დიდ ძალას ფლობენ. ისინი ზეადამიანური ინტელექტითაც გამოირჩევიან. გარდა ამისა, ანგელოზებს წარმოუდგენელი სიჩქარით შეუძლიათ გადაადგილება, რასაც მატერიალურ სამყაროში ანალოგი არ მოეპოვება (ფსალმუნი 103:20; დანიელი 9:20—23).

  • მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ანგელოზები ბევრად ძლიერები და გონიერები არიან, შეზღუდვებიც აქვთ. მაგალითად, არის ისეთი საკითხები, რომლებიც მათთვის უცნობია (მათე 24:36; 1 პეტრე 1:12).

  • ანგელოზები ინდივიდუალური პიროვნებები არიან, რომლებიც ღვთის თვისებებს ირეკლავენ და ნების თავისუფლებით სარგებლობენ. ამიტომ, ადამიანების მსგავსად, მათაც შეუძლით კარგსა და ცუდს შორის არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ, ზოგმა ანგელოზმა არჩია, ღვთისთვის ზურგი ექცია (იუდა 6).