არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია იესოს გარეგნობაზე?

რას ამბობს ბიბლია იესოს გარეგნობაზე?

ზუსტად არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა იესო, რადგან მის თანამედროვეთაგან არც ერთ ხელოვანს არ დაუხატავს ან გამოუქანდაკებია ის. თუმცა საუკუნეების განმავლობაში იესოს არაერთი პორტრეტი და ქანდაკება შეუქმნიათ.

რასაკვირველია, არც ერთმა მხატვარმა თუ მოქანდაკემ არ იცოდა, სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა იესო. ხშირად კულტურა, რელიგიური შეხედულებები თუ დამკვეთის სურვილი განაპირობებდა იმას, თუ როგორ გამოსახავდნენ იესოს. მათ ნამუშევრებს შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეექმნა ადამიანებისთვის იესოსა და მის სწავლებებზე.

ხელოვნების ზოგ ნიმუშში იესო გამხდარ, სუსტ, გრძელთმიან და თხელწვერიან მამაკაცადაა გამოსახული, რომელსაც სევდიანი გამომეტყველება აქვს; ზოგან კი მას ზეადამიანური შესახედაობა აქვს, შარავანდედითაა მოსილი ან ცივ და უკარება ადამიანადაა წარმოდგენილი. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ზუსტად ასახავს თუ არა ეს ნიმუშები იესოს გარეგნობას? თუ დაკვირვებით წავიკითხავთ ბიბლიას, წარმოდგენას შევიქმნით, როგორ გამოიყურებოდა იესო. მეტიც, დავინახავთ, როგორი პიროვნებაა ის სინამდვილეში.

„სხეული გამიმზადე“

სავარაუდოდ, იესომ ეს სიტყვები ნათლობის დროს წარმოთქვა, როცა ღმერთს ლოცვით მიმართა (ებრაელები 10:5; მათე 3:13—17). როგორი სხეული ჰქონდა იესოს? დაახლოებით 30 წლით ადრე ანგელოზმა იესოს დედას, მარიამს, ასეთი რამ გაუმხილა: „ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი . . . ღვთის ძე“ (ლუკა 1:31, 35). ასე რომ, იესო ისეთივე სრულყოფილი მამაკაცი იყო, როგორიც ადამი შეცოდებამდე (ლუკა 3:38; 1 კორინთელები 15:45). იესო ტანადი და ახოვანი მამაკაცი იქნებოდა, და, ალბათ, დედამისს, მარიამს, ემგვანებოდა, რომელიც ებრაელი იყო.

იესო წვერს ატარებდა, რაც განსხვავებით რომაელებისგან, ებრაელ ხალხში მიღებული იყო და მამაკაცურ ღირსებად ითვლებოდა. მაგრამ ისინი გრძელ და მოუვლელ წვერს არ ატარებდნენ. უეჭველია, იესოსაც მოვლილი წვერი და მოკლე თმა ექნებოდა. თმას მხოლოდ ნაზირები არ იჭრიდნენ; მათგან ერთ-ერთი იყო სამსონი (რიცხვები 6:5; მსაჯულები 13:5).

იესო, სანამ მოინათლებოდა, დურგალი იყო; ცხოვრების ნახევარზე მეტი იგი ამ საქმით იყო დაკავებული. თანამედროვე ხელოსნებისგან განსხვავებით, მას არ ჰქონია ელექტროხელსაწყოები (მარკოზი 6:3). აქედან გამომდინარე, იესო ძლიერი ფიზიკური აღნაგობის მამაკაცი იქნებოდა. ერთხელ მან სრულიად მარტომ „ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა“ (იოანე 2:14—17). ამას სუსტი და უღონო ადამიანი ვერ შეძლებდა. იესომ, რომელსაც ღმერთმა სრულყოფილი სხეული უბოძა, მთელი თავისი ძალ-ღონე იმ საქმეს შეალია, რომელიც ღვთისგან ჰქონდა დავალებული. მან თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). სასიხარულო ცნობის საქადაგებლად იესომ მთელი პალესტინა ფეხით შემოიარა, რასაც დიდი ამტანობა სჭირდებოდა.

„მოდით ჩემთან . . . და მე გამოგაცოცხლებთ“

იესოს თბილი და სათნო გამომეტყველება ჰქონდა, რაც ერთიორად მატებდა ძალას მის ნათქვამს. ამიტომაც ეამებოდა ზემოხსენებული სიტყვები „მძიმედ მშრომელ და ტვირთმძიმე“ ხალხს (მათე 11:28—30). იესოს დაპირება, რომ გამოაცოცხლებდა მათ, ვინც მზად იყო მის მოსასმენად, დამაჯერებლად იმიტომ ჟღერდა, რომ საოცრად მზრუნველი და კეთილი ადამიანი იყო. პატარებსაც კი სურდათ მის გვერდით ყოფნა, რადგან დიდ სითბოს ავლენდა მათ მიმართ. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იესო „მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა“ (მარკოზი 10:13—16).

მართალია, იესო სიკვდილის წინა ღამეს აუტანელ ემოციურ ტკივილს გრძნობდა, მაგრამ ის ბუნებით არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც მუდამ სახე ჩამოსტირის. მაგალითად, ერთხელ მან კანაში გამართულ საქორწილო ნადიმზე სტუმრების გუნება-განწყობის ასამაღლებლად წყალი საუკეთესო ღვინოდ აქცია (იოანე 2:1—11). სხვა წვეულებებზე კი ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რაც იქ მყოფთ არასოდეს დაავიწყდებოდათ (მათე 9:9—13; იოანე 12:1—8).

რაც ყველაზე მთავარია, იესომ თავისი ქადაგებით მსმენელებს მარადიული სიცოცხლის იმედი ჩაუსახა (იოანე 11:25, 26; 17:3). იესომ „დიდად გაიხარა“, როცა მის მიერ საქადაგებლად გაგზავნილი 70 მოწაფე უკან დაბრუნდა და თავს გადამხდარის შესახებ მოუყვა. მან სიხარულით უთხრა მათ: „გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკა 10:20, 21).

„თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ“

იესოს თანამედროვე რელიგიური წინამძღოლები ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ, რათა ხალხის ყურადღება მიეპყროთ და ყველასთვის ეჩვენებინათ, რამხელა ძალაუფლებას ფლობდნენ (რიცხვები 15:38—40; მათე 23:5—7). იესომ კი თავის მოციქულებს უთხრა, არ ებატონათ სხვებზე (ლუკა 22:25, 26). უფრო მეტიც, მან გააფრთხილა ისინი: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული [და] მისალმება მოედნებზე“ (მარკოზი 12:38).

რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, იესოს ვერც კი გამოარჩევდი სხვებისგან (იოანე 7:10, 11). ის არც 11 ერთგულ მოციქულს შორის გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით. იუდა ისკარიოტელი ეამბორა თავის მოძღვარს, რათა მის შესაპყრობად მისული ბრბოსთვის მიენიშნებინა, რომელი იყო იესო (მარკოზი 14:44, 45).

მართალია, იესოს გარეგნობის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: იესო ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ხშირად ხელოვნების ნიმუშებშია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ზუსტად ვიცოდეთ, როგორი გარეგნობა ჰქონდა იესოს, არამედ ის, რომ სწორი წარმოდგენა გვქონდეს მასზე.

„ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს“

იესო სწორედ იმ დღეს მოკლეს და დამარხეს, როცა ეს სიტყვები წარმოთქვა (იოანე 14:19). მან თავისი სიცოცხლე „მრავალთა გამოსასყიდად“ გაიღო (მათე 20:28). მესამე დღეს ღმერთმა ის აღადგინა, როგორც სულიერი ქმნილება, და „ნება მისცა, გამოცხადებოდა“ თავის მოწაფეებს (1 პეტრე 3:18; საქმეები 10:40). როგორ გამოიყურებოდა იესო, როცა მოწაფეებს გამოეცხადა? როგორც ჩანს, ის სულ სხვანაირი იყო, რადგან მათაც კი, ვისთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მაშინვე ვერ იცნეს. მაგალითად, მაგდალელ მარიამს იესო მებაღე ეგონა, ხოლო ემაუსისკენ მიმავალ ორ მოწაფეს — სრულიად უცხო მამაკაცი (ლუკა 24:13—18; იოანე 20:1, 14, 15).

როგორი უნდა იყოს დღეს ჩვენს წარმოსახვაში იესო? მისი სიკვდილიდან 60 წელზე მეტი იყო გასული, როცა მოციქულმა იოანემ, მისმა საყვარელმა მოწაფემ, ის ხილვაში ნახა. მან ჯვარცმული კაცი კი არა, „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ იხილა, რომელიც ძალიან მალე შურს იძიებს ღვთის მტრებზე, დემონებსა და ბოროტ ადამიანებზე, და მთელი მარადიულობის განმავლობაში კურთხევებს არ მოაკლებს თავის ერთგულთ (გამოცხადება 19:16; 21:3, 4).