არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე“

„მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე“

„მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე . . . ერთგულად მოიქეცი“ (ფსალმ. 37:3).

სიმღერები: 133, 63

1. რა და რა უნარით შექმნა იეჰოვამ ადამიანი?

იეჰოვამ ადამიანი სხვადასხვა უნარით შექმნა. მან მოგვცა აზროვნების უნარი პრობლემების გადასაჭრელად და მომავლის დასაგეგმად (იგავ. 2:11). მან მოგვცა ძალაც, რომ განვახორციელოთ ჩვენი გეგმები და კარგ მიზნებს მივაღწიოთ (ფილ. 2:13). აგრეთვე ჩვენში ჩადო სინდისი, ანუ სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი, რომელიც გვეხმარება, არ ჩავიდინოთ არასწორი საქციელი და გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები (რომ. 2:15).

2. რის გაკეთებას მოელის იეჰოვა ჩვენგან?

2 იეჰოვა მოელის, რომ ჩვენს უნარს სწორად გამოვიყენებთ, რადგან მას ვუყვარვართ და იცის, რომ ასე მოქცევა კმაყოფილებას მოგვიტანს. ის არაერთხელ მოგვიწოდებს თავის სიტყვაში, რომ ჩვენი უნარი სწორად გამოვიყენოთ. მაგალითად, ებრაულ წერილებში ნათქვამია: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ და „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“ (იგავ. 21:5; ეკლ. 9:10). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი ვკითხულობთ: „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ და „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს“ (გალ. 6:10; 1 პეტ. 4:10). აშკარაა, იეჰოვა მოელის, რომ იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება და სხვებისთვისაც.

3. რა შეზღუდვები გვაქვს ადამიანებს?

3 ამასთან, იეჰოვამ იცის, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენი ძალებით ვერასდროს შევძლებთ არასრულყოფილების, ცოდვისა და სიკვდილის მოსპობას. ჩვენ ვერც სხვა ადამიანების გაკონტროლებას შევძლებთ, რადგან ყველა ნების თავისუფლებით არის შექმნილი (1 მეფ. 8:46). რამხელა ცოდნა ან გამოცდილებაც არ უნდა შევიძინოთ, იეჰოვას ვერასდროს შევედრებით (ეს. 55:9).

პრობლემების დროს „მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე“

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 იეჰოვას ხელმძღვანელობის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მხარში დაგვიდგება და გააკეთებს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ამასთან, ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პრობლემის გადასაჭრელად და სხვების დასახმარებლად (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:3). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა, მივენდოთ იეჰოვას, კარგი ვაკეთოთ და ერთგულად მოვიქცეთ. ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია ნოეს, დავითისა და ღვთის სხვა ერთგული მსახურების მაგალითებიდან, რომლებიც მიენდნენ იეჰოვას და სწორად იმოქმედეს. როგორც ამ სტატიიდან დავინახავთ, მათ განსაზღვრეს, რის გაკეთება შეეძლოთ და რის არა, შემდეგ კი შესაბამისად მოიქცნენ.

ბოროტთა გარემოცვაში

5. რა მდგომარეობაში იყო ნოე?

5 ნოე ცხოვრობდა ძალადობითა და უზნეობით სავსე მსოფლიოში (დაბ. 6:4, 9—13). მან იცოდა, რომ იეჰოვა ბოლოს მოუღებდა ბოროტ ქვეყნიერებას. მიუხედავად ამისა, ნოე შეწუხებული იყო გავრცელებული უღვთოობის გამო. ის აცნობიერებდა, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება შეეძლო, ზოგიერთის კი არა.

წინააღმდეგობა ქადაგების დროს (იხილეთ აბზაცები 6—9)

6, 7. ა) რის გაკეთება არ შეეძლო ნოეს? ბ) რით ჰგავს ჩვენი მდგომარეობა ნოეს მდგომარეობას?

6 რის გაკეთება არ შეეძლო ნოეს: მიუხედავად იმისა, რომ ერთგულად ქადაგებდა იეჰოვას გამაფრთხილებელ ცნობას, ნოე ვერ აიძულებდა მის გარშემო მცხოვრებ ბოროტ ადამიანებს, ყურად ეღოთ ეს ცნობა და ვერც წარღვნას დააჩქარებდა. ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ იეჰოვა თავის დროზე შეასრულებდა დაპირებას და გაანადგურებდა ბოროტებს (დაბ. 6:17).

7 ჩვენც ბოროტებით სავსე ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ იეჰოვა დაპირებისამებრ გაანადგურებს მას (1 იოან. 2:17). მაგრამ მანამდე ჩვენ არ შეგვიძლია, ვაიძულოთ ადამიანები, ყურად იღონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. ჩვენ არც ის შეგვიძლია, რომ დავაჩქაროთ „დიდი გასაჭირის“ დაწყება (მათ. 24:14, 21). ნოეს მსგავსად, ჩვენც უნდა გვქონდეს ძლიერი რწმენა და გვჯეროდეს, რომ ღმერთი მალე იმოქმედებს (ფსალმ. 37:10, 11). დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა იმაზე მეტხანს არ მისცემს ამ ბოროტ ქვეყნიერებას არსებობის უფლებას, ვიდრე მისი განზრახვის შესრულებას სჭირდება (აბაკ. 2:3).

8. რაზე გადაიტანა ნოემ ყურადღება? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე)

8 რის გაკეთება შეეძლო ნოეს: ნაცვლად იმისა, რომ გული გაეტეხა იმის გამო, რის გაკეთებაც არ შეეძლო, ნოე აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. როგორც „სიმართლის მქადაგებელი“, ის ერთგულად აცხადებდა ღვთისგან მიღებულ გამაფრთხილებელ ცნობას (2 პეტ. 2:5). უეჭველია, ეს დაეხმარა ნოეს, რომ ძლიერი რწმენა შეენარჩუნებინა. გარდა იმისა, რომ ქადაგებდა, ის თავის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებსაც იყენებდა ღვთისგან მიცემული სხვა დავალების შესასრულებლად, ანუ კიდობნის ასაშენებლად (წაიკითხეთ ებრაელების 11:7).

9. რაში შეგვიძლია მივბაძოთ ნოეს?

9 ნოეს მსგავსად, ჩვენც ვცდილობთ, ბევრი ვიშრომოთ „უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58). ეს შეიძლება იყოს თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობების აგება და შეკეთება, კონგრესებზე მოხალისედ მსახურება ან ფილიალსა თუ მთარგმნელობით ოფისში სხვადასხვა დავალების შესრულება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაკავებული ვართ სამქადაგებლო საქმიანობით და ვიცით, რომ ის მომავლის იმედს გვიძლიერებს. ერთმა ერთგულმა დამ თქვა: „სხვებთან ღვთის სამეფოს კურთხევების შესახებ საუბრისას ხედავ, რომ მათ იმედი საერთოდ არ გააჩნიათ და თავიანთ პრობლემებს გადაუჭრელ პრობლემებად თვლიან“. სამქადაგებლო საქმიანობა გვიძლიერებს მომავლის იმედს და გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ არ შევწყვიტოთ სიცოცხლისთვის რბოლა (1 კორ. 9:24).

როცა ვცოდავთ

10. რა მოხდა დავითის ცხოვრებაში?

10 იეჰოვამ დავითს „გულით სასურველი კაცი“ უწოდა (საქ. 13:22). მთლიანობაში დავითი ერთგული ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, მან რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. დავითმა იმრუშა ბათ-შებასთან და, რაც უფრო უარესი იყო, თავისი ცოდვის დასამალავად მისი ქმარი ურია ბრძოლაში მოაკვლევინა. დავითმა ურიას მოკვლის მითითება თავად ურიას ხელით გადასცა თავის მხედართმთავარს! (2 სამ. 11:1—21). მაგრამ დავითის ცოდვის გამოაშკარავება გარდაუვალი იყო (მარ. 4:22). როგორ მოიქცა დავითი, როცა ცოდვაში ამხილეს?

წარსულში ჩადენილი ცოდვები (იხილეთ აბზაცები 11—14)

11, 12. ა) რის გაკეთება არ შეეძლო დავითს ცოდვის ჩადენის შემდეგ? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, თუ მოვინანიებთ?

11 რის გაკეთება არ შეეძლო დავითს: დავითს არ შეეძლო იმის შეცვლა, რაც გააკეთა და ვერც თავისი შეცდომების შედეგებს დააღწევდა თავს. ფაქტობრივად, ზოგიერთ შედეგთან გამკლავება დავითს მთელი ცხოვრება მოუწევდა (2 სამ. 12:10—12, 14). ამიტომ მას რწმენა სჭირდებოდა. ვინაიდან ის გულწრფელად ნანობდა თავის საქციელს, ეჭვი არ უნდა შეჰპაროდა, რომ იეჰოვა აპატიებდა და დაეხმარებოდა ცოდვის შედეგებთან გამკლავებაში.

12 არასრულყოფილების გამო ყველანი ვცოდავთ. ზოგიერთი შეცდომა შედარებით სერიოზულია. ზოგჯერ შეუძლებელია შეცდომის გამოსწორება, ამიტომ შედეგებთან გამკლავება შეიძლება მთელი ცხოვრება მოგვიწიოს (გალ. 6:7). მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ღვთის დაპირებაში და დარწმუნებულები ვართ, რომ მონანიების შემთხვევაში იეჰოვა დაგვეხმარება მაშინაც კი, თუ რთულ მდგომარეობაში ჩვენი შეცდომების გამო აღმოვჩნდით (წაიკითხეთ ესაიას 1:18, 19; საქმეების 3:19).

13. როგორ გაძლიერდა დავითი სულიერად?

13 რის გაკეთება შეეძლო დავითს: დავითმა მიიღო იეჰოვასგან დახმარება, რომ სულიერად გაძლიერებულიყო. მან ყურად იღო იეჰოვას წარმომადგენლის, ნათან წინასწარმეტყველის შეგონება (2 სამ. 12:13). მან აგრეთვე ლოცვით მიმართა იეჰოვას, აღიარა თავისი ცოდვები და იეჰოვას კეთილგანწყობის დაბრუნების გულწრფელი სურვილი გამოთქვა (ფსალმ. 51:1—17). ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გრძნობით დათრგუნულიყო, დავითმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. მას მეტად აღარ ჩაუდენია ასეთი სერიოზული ცოდვები. სიცოცხლის ბოლომდე ის ერთგული იყო და ასეთი დარჩა იეჰოვას მეხსიერებაში (ებრ. 11:32—34).

14. რის სწავლა შეგვიძლია დავითის მაგალითიდან?

14 რის სწავლა შეგვიძლია დავითის მაგალითიდან? თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, გულწრფელად უნდა მოვინანიოთ და იეჰოვას პატიება ვთხოვოთ. ჩვენ მის წინაშე უნდა ვაღიაროთ ცოდვები (1 იოან. 1:9). ასევე უნდა მივიდეთ უხუცესებთან, რომლებიც სულიერ დახმარებას აღმოგვიჩენენ (წაიკითხეთ იაკობის 5:14—16). თუ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს, გამოვხატავთ მისი დაპირებისადმი რწმენას, რომ ის განგვკურნავს და მოგვიტევებს ცოდვებს. ამასთან, უნდა ვისწავლოთ ჩვენი შეცდომებიდან, განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება და რწმენით ვუყუროთ მომავალს (ებრ. 12:12, 13).

სხვა სიტუაციებში

ჯანმრთელობის პრობლემები (იხილეთ აბზაცი 15)

15. რას ვსწავლობთ ხანას მაგალითიდან?

15 შეიძლება გახსენდებათ ძველ დროში მცხოვრები სხვა ერთგული მსახურები, რომლებიც ენდობოდნენ იეჰოვას და აკეთებდნენ იმას, რაც შეეძლოთ. მაგალითად, ხანას არ შეეძლო თავად მოეგვარებინა უშვილობის პრობლემა. მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ანუგეშებდა. ამიტომ ის კვლავაც თაყვანს სცემდა იეჰოვას კარავში და ლოცვაში გულს უშლიდა მას (1 სამ. 1:9—11). მან შესანიშნავი მაგალითი მოგვცა! როცა ჯანმრთელობის პრობლემებსა თუ ისეთ სირთულეებს ვებრძვით, რომლებიც ჩვენს ძალებს აღემატება, ჩვენი საწუხარი იეჰოვას უნდა მივანდოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის ზრუნავს ჩვენზე (1 პეტ. 5:6, 7). ამასთან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რის ძალაც შეგვწევს, რომ გავძლიერდეთ ქრისტიანული შეხვედრებისა და სხვა სულიერი ღონისძიებების მეშვეობით (ებრ. 10:24, 25).

ურჩი შვილები (იხილეთ აბზაცი 16)

16. რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს ხანდაზმული სამუელისგან?

16 რის გაკეთება შეუძლიათ იმ მშობლებს, რომელთა შვილებმაც სწორი გზიდან გადაუხვიეს? ხანდაზმული სამუელი ვერ აიძულებდა თავის ზრდასრულ შვილებს, რომ იმ სამართლიანი ნორმების ერთგულები ყოფილიყვნენ, რომლებიც მან ასწავლა (1 სამ. 8:1—3). ამ პრობლემის გადაჭრა მას იეჰოვასთვის უნდა მიენდო. ის, რის გაკეთებაც სამუელს შეეძლო, უმწიკვლობის შენარჩუნება და თავისი ზეციერი მამის, იეჰოვას გულის გახარება იყო (იგავ. 27:11). დღეს ზოგი ქრისტიანი მშობელი მსგავს მდგომარეობაშია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გზასაცდენილი შვილის იგავში მოხსენიებული მამის მსგავსად, იეჰოვა ყოველთვის მზად არის, მიიღოს მომნანიებელი შემცოდველები (ლუკ. 15:20). ასეთი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ იეჰოვას ერთგულები დარჩნენ და იმედს იტოვებენ, რომ მათი მაგალითი აღძრავს შვილებს, სამწყსოს დაუბრუნდნენ.

გაჭირვება (იხილეთ აბზაცი 17)

17. რატომ არის გაჭირვებული ქვრივის მაგალითი გამამხნევებელი?

17 გაიხსენეთ აგრეთვე იესოს დროს მცხოვრები გაჭირვებული ქვრივი (წაიკითხეთ ლუკას 21:1—4). ის ვერ გამოასწორებდა იმ ცუდ საქმეებს, რაც ტაძარში ხდებოდა (მათ. 21:12, 13). მას თავისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, მან ნებაყოფლობით გაიღო „ორი პატარა მონეტა“, „რაც თავის სარჩენად გააჩნდა“. ამ ერთგულმა ქალმა ცხადყო, რომ მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას. მან იცოდა, რომ იეჰოვა იზრუნებდა მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, თუ სულიერ საკითხებს პირველ ადგილზე დააყენებდა. ამან აღძრა ქვრივი, რომ მხარი დაეჭირა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის. ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც გვჭირდება, თუ უპირველესად ვეძებთ სამეფოს (მათ. 6:33).

18. მოიყვანე თანამედროვე მსახურის მაგალითი, რომელსაც სწორი ხედვა ჰქონდა.

18 დღეს ჩვენი თანამორწმუნეებიდან ბევრი მსგავსად ენდობა იეჰოვას და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. დაფიქრდით ერთი ძმის, მალკოლმის სიტყვებზე, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე, 2015 წლამდე ერთგულება შეინარჩუნა. იეჰოვას მსახურებაში გატარებული არაერთი ათწლეულის მანძილზე მას და მის ცოლს კარგი დღეებიც ჰქონდათ და ცუდი დღეებიც. „ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე; დროდადრო იქმნება სირთულეები და მათთან ჭიდილი არ არის ადვილი. მაგრამ იეჰოვა აკურთხებს ადამიანებს, რომლებიც მას ენდობიან, — წერდა ის. — ილოცე, რომ შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ნაყოფიერად იმსახურო და აქტიური იყო იეჰოვასადმი მსახურებაში. ყურადღება გაამახვილე იმაზე, რის გაკეთებაც შეგიძლია და არა იმაზე, რის გაკეთებაც არ შეგიძლია“. *

19. ა) რატომ არის დროული 2017 წლის მუხლი? ბ) როგორ გამოიყენებთ ცხოვრებაში 2017 წლის მუხლს?

19 ვინაიდან ქვეყნიერებაში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, უნდა მოველოდეთ, რომ სირთულეებსაც უფრო მეტს შევხვდებით (2 ტიმ. 3:1, 13). ამიტომ დღეს მეტად მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ამ სირთულეებს ჩვენი პარალიზების უფლება. ჩვენ უნდა განვივითაროთ იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა და ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. 2017 წლის მუხლი მართლაც დროულია: „მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე“! (ფსალმ. 37:3).

2017 წლის მუხლი: „მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე“ (ფსალმ. 37:3).

^ აბზ. 18 იხილეთ 2013 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 17—20.