არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პიონერები ჯორჯ როლსტონი და ართურ უილისი მანქანის რადიატორში წყალს ამატებენ (ჩრდილოეთი ტერიტორია, 1933 წელი)

ჩვენი არქივიდან

„არ არსებობს გაუვალი და დაუსრულებელი გზა“

„არ არსებობს გაუვალი და დაუსრულებელი გზა“

1937 წლის 26 მარტს გზით დაღლილ-დაქანცული ორი მამაკაცი მტვრიანი სატვირთო მანქანით შევიდა სიდნეიში. მათ ერთი წლის წინ დატოვეს ქალაქი და მას შემდეგ 19 300 კმ-ზე მეტი გაიარეს ავსტრალიის კონტინენტის ყველაზე დაშორებულ და დასერილ-დაღარულ ადგილებში. ეს კაცები არც მკვლევრები იყვნენ და არც თავგადასავალთა მაძიებელნი. ართურ უილისი და ბილ ნიულენდსი იმ გულმოდგინე პიონერებს შორის იყვნენ, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ავსტრალიის მეჩხრად დასახლებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ექადაგათ.

1920-იანი წლების მიწურულამდე ავსტრალიელ ბიბლიის მკვლევართა * პატარა ჯგუფი ძირითადად სანაპირო ქალაქებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ქადაგებდა. მაგრამ ძმებმა კარგად იცოდნენ, რომ იესოს მოწაფეებს უნდა დაემოწმებინათ მის შესახებ „დედამიწის კიდით კიდემდე“, მათ შორის ავსტრალიის დაშორებულ, მეჩხრად დასახლებულ და ხრიოკ ტერიტორიაზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალური ნაწილია და ფართობით თითქმის ნახევარ ევროპას უდრის (საქ. 1:8). როგორ შეძლებდნენ ისინი ამ უზარმაზარი საქმის გაკეთებას? მათ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ იეჰოვა აკურთხებდა მათ ძალისხმევას, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდათ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გაეკეთებინათ.

პიონერები გზას კვალავენ

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში რომ ექადაგათ, 1929 წელს კუინზლენდისა და დასავლეთ ავსტრალიის შტატებში არსებულმა კრებებმა რამდენიმე კარგად აღჭურვილი ავტოფურგონი ააწყვეს. ფურგონები ენერგიულ და ხელმარჯვე პიონერებს ჩააბარეს, რომელთაც არც რთულ პირობებთან გამკლავება გაუჭირდებოდათ და არც ავტომობილის შეკეთება. ამ მანქანებით პიონერები ისეთ ადგილებში ჩავიდნენ, სადაც მანამდე არავის უქადაგია.

პიონერები, რომელთაც ავტომობილზე ხელი არ მიუწვდებოდათ, ქვეყნის მეჩხრად დასახლებულ მხარეში ველოსიპედებით წავიდნენ. მაგალითად, 1932 წელს 23 წლის ბენეტ ბრიკელი ქადაგების მიზნით როკჰემპტონიდან კუინზლენდის შორეულ ჩრდილოეთში გაემგზავრა ხუთი თვით. მძიმედ დატვირთულ ველოსიპედზე ეწყო საბნები, ტანსაცმელი, საკვები და წიგნები დიდი რაოდენობით. როცა ველოსიპედის საბურავები გაცვდა, იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებულმა ბენეტმა მაინც განაგრძო სვლა. ის ბოლო 320 კილომეტრზე ხელით აწვებოდა ველოსიპედს და ისეთი ტერიტორიები გაიარა, სადაც მანამდე ბევრი გაუწყლოების გამო დაიღუპა. მომდევნო 30 წლის მანძილზე ძმა ბრიკელმა ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში მოგზაურობისას ველოსიპედით, მოტოციკლეტითა თუ ავტომობილით ასობით ათასი კილომეტრი დაფარა. მან საფუძველი ჩაუყარა აბორიგენებთან ქადაგებას და ჩამოაყალიბა ახალი კრებები. ქვეყნის მეჩხრად დასახლებულ ნაწილში მას კარგად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ.

სირთულეების გადალახვა

ავსტრალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა, განსაკუთრებით მისი ცენტრალური ნაწილი. იეჰოვას ხალხმა უდიდესი შეუპოვრობა გამოავლინა, რომ ამ კონტინენტის შორეულ ნაწილებში ყველასთვის მიეწვდინათ ხმა.

ასეთი შეუპოვრობით გამოირჩეოდნენ პიონერები სტიუარტ კელტი და უილიამ ტორინგტონი. 1933 წელს კონტინენტის შუაგულში მდებარე ალის-სპრინგსში საქადაგებლად მათ სიმფსონის უზარმაზარი ქვიშიანი უდაბნო გადაკვეთეს. როცა მათი პატარა ავტომობილი გაფუჭდა, ძმა კელტმა, რომელსაც ფეხის პროთეზი ჰქონდა, მაინც განაგრძო გზა, ამჯერად უკვე აქლემით! მათი შეუპოვრობა დაჯილდოვდა, როცა რკინიგზის ერთ შორეულ გაჩერებაზე, უილიამ-კრიკში, სასტუმროს მეპატრონე ჩარლზ ბერნჰარდტს შეხვდნენ. ეს მამაკაცი მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა, თავისი სასტუმრო გაყიდა და 15 წლის მანძილზე მარტო მსახურობდა პიონერად ავსტრალიის ყველაზე ხრიოკ და შორეულ მხარეებში.

ართურ უილისი ავსტრალიის მეჩხრად დასახლებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე სამქადაგებლო მოგზაურობისთვის ემზადება (პერთი, დასავლეთი ავსტრალია, 1936 წელი)

ამ პირველ პიონერებს უამრავი სირთულის გადასალახავად მართლაც სჭირდებოდათ გაბედულება და შეუპოვრობა. ავსტრალიის მეჩხრად დასახლებულ მხარეში სამქადაგებლო მოგზაურობის დროს სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ართურ უილისმა და ბილ ნიულენდსმა ორი კვირა მოანდომეს 32 კილომეტრის გავლას, რადგან კოკისპირულმა წვიმებმა უდაბნო ტალახის ზღვად აქცია. ზოგჯერ პაპანაქება სიცხეში ოფლში გაწურულები მთელი ძალით აწვებოდნენ თავიანთ მანქანას, რომ ქვიშის უზარმაზარ ბორცვებზე გადაეყვანათ. მოგზაურობისას ისინი ქვიან ხევებსა და მდინარეების ქვიშიან კალაპოტებსაც კვეთდნენ. როცა სატვირთო მანქანა ფუჭდებოდა, რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა, უახლოეს ქალაქამდე მისასვლელად მათ ფეხით ან ველოსიპედით რამდენიმე დღე სჭირდებოდათ, შემდეგ ავტომობილის ნაწილებს რამდენიმე კვირა ელოდებოდნენ. სირთულეების მიუხედავად, ისინი დადებით განწყობას არ კარგავდნენ. მოგვიანებით ართურ უილისმა გაიხსენა აზრი ჟურნალ „ოქროს ხანიდან“ და თქვა: „ღვთის მოწმეებისთვის არ არსებობს გაუვალი და დაუსრულებელი გზა“.

ჩარლზ ჰარისმა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მსახურობდა პიონერად, თქვა, რომ ავსტრალიის მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიაზე განცდილმა სიმარტოვემ და სირთულეებმა მეტად დააახლოვა იეჰოვასთან. მან დასძინა: „ცხოვრების გზის გავლა უფრო ადვილია, როცა ბარგი ცოტა გაქვს. თუ იესო იყო მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში ღია ცის ქვეშ დაეძინა, ჩვენც სიხარულით უნდა გავაკეთოთ იგივე, თუ ეს ჩვენი დავალების შესასრულებლად გახდება საჭირო“. ბევრი პიონერი ასეც იქცეოდა. მათი დაუღალავი შრომის შედეგად სასიხარულო ცნობამ ამ კონტინენტის ყველა კუთხე-კუნჭულს მიაღწია და უამრავ ადამიანს დაეხმარა, ღვთის სამეფოს მხარეს დამდგარიყო.

^ აბზ. 4 ბიბლიის მკვლევრებს იეჰოვას მოწმეები 1931 წელს ეწოდათ (ეს. 43:10).