არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შეასრულე აღთქმული“

„შეასრულე აღთქმული“

„შეუსრულე იეჰოვას შენი აღთქმები“ (მათ. 5:33).

სიმღერები: 63, 59

1. ა) რა ჰქონდათ საერთო მსაჯულ იფთახსა და ხანას? (იხილეთ სურათები ამავე გვერდზე) ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

მსაჯული იფთახი მამაცი წინამძღოლი და გულადი მეომარი იყო, ხანა კი — მორჩილი ცოლი და თავმდაბალი დიასახლისი. გარდა იმისა, რომ ერთ ღმერთს ემსახურებოდნენ, კიდევ რა ჰქონდა ამ ორ ადამიანს საერთო? ორივემ აღთქმა დაუდო ღმერთს და ორივემ ერთგულად შეასრულა აღთქმული. მათ შესანიშნავი მაგალითი მისცეს იმ ქალებსა და კაცებს, რომლებიც დღეს აღთქმებს უდებენ იეჰოვას. ამიტომ წამოიჭრება კითხვები: რა არის აღთქმა? რამდენად სერიოზულია ღვთის წინაშე აღთქმის დადება? რის სწავლა შეგვიძლია იფთახისა და ხანასგან?

2, 3. ა) რა არის აღთქმა? ბ) რას ამბობს ბიბლია ღვთის წინაშე აღთქმის დადებაზე?

2 ბიბლიის თანახმად, აღთქმა არის ღვთის წინაშე დადებული პირობა რაიმე საქმის გაკეთების, ძღვნის მიტანის, მსახურების შესრულების ან რაიმესგან თავის შეკავების შესახებ. აღთქმის დადება ნებაყოფლობით ხდება. მიუხედავად ამისა, აღთქმა ღვთის თვალში წმინდაა და მისი შესრულება სავალდებულოა, რადგან ფიცის ანუ მტკიცე განაცხადის ტოლფასია რაიმეს გაკეთების ან არგაკეთების დასადასტურებლად (დაბ. 14:22, 23; ებრ. 6:16, 17). ბიბლიის თანახმად, რამდენად სერიოზულია ღვთის წინაშე აღთქმის დადება?

3 მოსეს კანონში ნათქვამი იყო: „თუ კაცი აღთქმას მისცემს იეჰოვას ან დაიფიცებს . . . თავის სიტყვას არ უნდა გადავიდეს; რაც მისი პირიდან გამოვა, ის უნდა გააკეთოს“ (რიცხ. 30:2). მოგვიანებით სოლომონმა ღვთივშთაგონებით დაწერა: „როცა ღმერთს აღთქმას აძლევ, ნუ დააყოვნებ მის შესრულებას, რადგან სულელი კაცი არავის ჰგვრის სიამოვნებას. შეასრულე აღთქმული“ (ეკლ. 5:4). იესომაც დაადასტურა, რომ აღთქმის დადება სერიოზული საკითხი იყო. მან თქვა: «ძველი ხალხისთვის უთქვამთ: „არ დაიფიცო ტყუილუბრალოდ, არამედ შეუსრულე იეჰოვას შენი აღთქმები“» (მათ. 5:33).

4. ა) რამდენად სერიოზული საკითხია ღვთის წინაშე აღთქმის დადება? ბ) რას გავიგებთ იფთახისა და ხანას შესახებ?

4 აშკარაა, რომ ღვთისთვის დაპირების მიცემა სერიოზული საკითხია. დადებული აღთქმებისადმი ჩვენი დამოკიდებულება გავლენას ახდენს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. დავითი წერდა: «ვინ ააღწევს იეჰოვას მთაზე და ვინ ავა მის წმინდა ადგილზე? „ვინც უღირსად არ მოპყრობია ჩემს [ანუ იეჰოვას] სულს და ცრუდ არ დაუფიცია“» (ფსალმ. 24:3, 4, სქ.). რა აღუთქვეს იეჰოვას იფთახმა და ხანამ და რამდენად რთული იყო მათთვის აღთქმულის შესრულება?

მათ შეუსრულეს ღმერთს აღთქმული

5. რა აღუთქვა ღმერთს იფთახმა და როგორ განვითარდა მოვლენები?

5 იფთახმა შეასრულა დაპირება, რომელიც ამონელებთან ბრძოლის წინ მისცა იეჰოვას (მსაჯ. 10:7—9). მას ძალიან უნდოდა მტრებზე გამარჯვება, ამიტომ აღთქმა დადო: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონის ძეებს, როცა ამონის ძეებისგან მშვიდობით დავბრუნდები, ვინც ჩემი სახლის კარებიდან გამომეგებება, იეჰოვასი იყოს“. როგორ განვითარდა მოვლენები? ამონელებზე გამარჯვების შემდეგ შინ დაბრუნებულ იფთახს თავისი ქალიშვილი გამოეგება, რომელიც ძალიან უყვარდა. სწორედ ის უნდა გამხდარიყო იეჰოვასი (მსაჯ. 11:30—34). როგორ იმოქმედებდა ეს იფთახის ქალიშვილის ცხოვრებაზე?

6. ა) რამდენად რთული იყო დადებული აღთქმის შესრულება იფთახისა და მისი ქალიშვილისთვის? ბ) რას ვიგებთ კანონის 23:21, 23-დან და ფსალმუნის 15:4-დან ღვთის წინაშე აღთქმის დადების შესახებ?

6 მამის აღთქმის შესასრულებლად იფთახის ქალიშვილს მთელი ცხოვრება იეჰოვას კარავში უნდა ემსახურა. დაუფიქრებლად დადო იფთახმა ეს აღთქმა? არა, რადგან მას ეცოდინებოდა, რომ სახლში დაბრუნებულს შეიძლებოდა თავისი ქალიშვილი შეგებებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში აღთქმულის შესრულება ადვილი არ იქნებოდა მამა-შვილისთვის, რადგან ორივეს უნდა გაეღო მსხვერპლი. შვილის დანახვაზე გულმოკლულმა იფთახმა ტანსაცმელი შემოიხია, მამის აღთქმის შესრულებამდე კი იფთახის ქალიშვილი მთაში წავიდა და თავისი ქალწულობა გამოიტირა. ვინაიდან იფთახს ვაჟი არ ჰყავდა და მისი ერთადერთი ქალიშვილიც ვერასდროს გათხოვდებოდა და გააჩენდა შვილებს, იფთახს შთამომავალი აღარ ეყოლებოდა და მემკვიდრეობა სხვას დარჩებოდა. თუმცა ეს მისთვის უმთავრესი საფიქრალი არ იყო. იფთახმა თქვა: „სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“. „შენი სიტყვისამებრ მომექეცი“, — უთხრა ქალიშვილმა მამას (მსაჯ. 11:35—39). ამ ერთგულ ადამიანებს აზრადაც არ მოსვლიათ უზენაესი ღვთის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევა და მზად იყვნენ, ნებისმიერ ფასად შეესრულებინათ ის (წაიკითხეთ კანონის 23:21, 23; ფსალმუნის 15:4).

7. ა) რა აღთქმა დადო ხანამ და რატომ? ბ) როგორ შეუსრულდა სათხოვარი? გ) როგორ შეცვლიდა სამუელის ცხოვრებას ხანას აღთქმა? (იხილეთ სქოლიო)

7 ხანამაც პირნათლად შეასრულა თავისი აღთქმა, რომელიც მაშინ დადო იეჰოვას წინაშე, როცა უშვილობისა და გამუდმებული დაცინვის გამო დამწუხრებული და სულგამწარებული იყო (1 სამ. 1:4—7, 10, 16). ხანამ გული გადმოუღვარა ღმერთს და აღუთქვა: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, თუ მოხედავ შენი მხევლის გაჭირვებას და გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ ვაჟს, იეჰოვას მივუძღვნი მას მთელი მისი სიცოცხლე; სამართებელი არ მიეკარება მის თავს“ * (1 სამ. 1:11). მას თხოვნა შეუსრულდა და ვაჟი ეყოლა. როგორ გაახარებდა ეს ხანას! მაგრამ მას არ დავიწყებია ის, რაც ღმერთს აღუთქვა. ვაჟის გაჩენის შემდეგ ის ამბობდა, „იეჰოვას ვთხოვეო მისი თავი“ (1 სამ. 1:20).

8. ა) რამდენად რთული იქნებოდა ხანასთვის აღთქმის შესრულება? ბ) როგორ გამოხატა დავითმა 61-ე ფსალმუნში ისეთივე განწყობა, როგორიც ხანას ჰქონდა?

8 როგორც კი სამუელი ძუძუს მოსწყვიტეს, ხანამ ღვთის წინაშე დადებული აღთქმა შეასრულა. მაშინ ბავშვი დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა. ხანას არც კი უფიქრია სხვანაირად მოქცევა. მან პატარა სამუელი მღვდელმთავარ ელის მიუყვანა შილოში, სადაც კარავი იდგა და უთხრა: „ამ ბავშვს ვთხოვდი ლოცვაში იეჰოვას, რომ შეესრულებინა ჩემი სათხოვარი. ახლა იეჰოვას მივაბარე იგი და მთელი სიცოცხლე იეჰოვასთვის იქნება მიძღვნილი“ (1 სამ. 1:24—28). „სამუელი იეჰოვასთან იზრდებოდა“ შილოში (1 სამ. 2:21). მაგრამ რას გრძნობდა ამ დროს ხანა? მას ძალიან უყვარდა თავისი პატარა, მაგრამ აღარ ჰქონდა ყოველდღე მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ალბათ, როგორ უნდოდა მისი ჩახუტება, მასთან თამაში, მისთვის რაიმეს სწავლება — იმ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, რაც ბავშვის აღზრდას უკავშირდება და ძვირფას მოგონებად რჩება მოსიყვარულე დედის გულში. მიუხედავად ამისა, ხანა არ ნანობდა, რომ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულა. ის დიდ სიხარულს გრძნობდა იეჰოვას კურთხევის გამო (1 სამ. 2:1, 2; წაიკითხეთ ფსალმუნის 61:1, 5, 8).

ასრულებთ იეჰოვას წინაშე დადებულ აღთქმებს?

9. რა კითხვები წამოიჭრება?

9 აშკარაა, ღვთის წინაშე აღთქმის დადება სერიოზული საკითხია. ამიტომ იბადება კითხვები: რა აღთქმები შეიძლება დადონ ქრისტიანებმა და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ აღთქმების შესრულების მიმართ?

მიძღვნის აღთქმა

მიძღვნის აღთქმა (იხილეთ აბზაცი 10)

10. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი აღთქმა და რას მოიცავს ის?

10 ყველაზე მნიშვნელოვანი აღთქმა, რომელიც შეიძლება ადამიანმა დადოს, იეჰოვასთვის თავის მიძღვნაა. ლოცვაში ის იეჰოვას წინაშე დებს პირობას, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მარადიულად მისი მსახური იქნება. თუ იესოს სიტყვებით ვიტყვით, ამ დროს ადამიანი უარყოფს საკუთარ თავს და აღუთქვამს ღმერთს, რომ ცხოვრებაში ყველაფერზე წინ მისი ნების შესრულებას დააყენებს (მათ. 16:24). იმ დღიდან ის იეჰოვას ეკუთვნის (რომ. 14:8). ყველას, ვინც ღვთის წინაშე მიძღვნის აღთქმას დებს, ისეთივე სერიოზული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა თავისი აღთქმების მიმართ. ის ამბობდა: „რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია? აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას მთელი მისი ხალხის წინაშე“ (ფსალმ. 116:12, 14).

11. რა ცხადყვეთ ნათლობის დღეს?

11 უკვე მიუძღვენით თავი იეჰოვას და მოინათლეთ მიძღვნის ნიშნად? თუ ასე მოიქეცით, ძალიან კარგია! გაიხსენეთ, რომ ნათლობის დღეს სხვების თანდასწრებით გკითხეს, უკვე მიუძღვენით თუ არა თავი იეჰოვას და გესმოდათ თუ არა, რომ მიძღვნითა და ნათლობით იეჰოვას მოწმე, ღვთის სულით მოქმედი ორგანიზაციის წევრი ხდებოდით. თქვენი დადებითი პასუხებით სახალხოდ ცხადყვეთ, რომ უპირობოდ მიუძღვენით თავი ღმერთს და მზად იყავით, რომ მონათლულიყავით და იეჰოვა ღმერთის მიძღვნილი მსახური გამხდარიყავით. უდავოა, თქვენ ძალიან გაუხარეთ გული იეჰოვას!

12. ა) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს? ბ) პეტრეს სიტყვების თანახმად, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ მოვსუსტდეთ?

12 თუმცა ნათლობით ყველაფერი არ დამთავრებულა. მას შემდეგ კვლავაც გვსურს, რომ მიძღვნის თანახმად ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს. ამიტომ კარგი იქნება, დავუსვათ საკუთარ თავს კითხვები: რა სულიერ მიზნებს მივაღწიე ნათლობის შემდეგ? ვაგრძელებ იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებას? (კოლ. 3:23). ვლოცულობ? ვკითხულობ ღვთის სიტყვას? ვესწრები კრების შეხვედრებს? მაქსიმალურად ვცდილობ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებას? ხომ არ მოვიკოჭლებ ამ საკითხებიდან რომელიმეში? პეტრე მოციქულის სიტყვების თანახმად, თუ რწმენას დავურთავთ ცოდნას, მოთმინებასა და ღვთისადმი ერთგულებას, მსახურებაში არ მოვსუსტდებით და უმოქმედონი არ გავხდებით (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:5—8).

13. რას უნდა ათვითცნობიერებდნენ მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანები?

13 შეუძლებელია მიძღვნის აღთქმის გაუქმება, ანუ ღვთისთვის მიცემული სიტყვის უკან წაღება. თუ ვინმეს იეჰოვასადმი მსახურება ან ქრისტიანული ცხოვრების გზაზე სიარული აღარ უნდა, თავს ვერ იმართლებს იმით, რომ მიძღვნილი არასდროს ყოფილა და მის ნათლობასაც მნიშვნელობა არ ჰქონდა. * ფაქტობრივად, მან ნათლობით სხვების წინაშე ცხადყო, რომ მთლიანად მიუძღვნა სიცოცხლე ღმერთს. ამიტომ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს, ამისთვის ის პასუხს აგებს იეჰოვასა და კრების წინაშე (რომ. 14:12). დაე არასდროს ითქვას ჩვენზე, რომ თავდაპირველი სიყვარული მივატოვეთ! ნაცვლად ამისა, ჩვენ გვინდა, იესომ გვითხრას: „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტია“ (გამოცხ. 2:4, 19). მოდი ნუ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ კვლავაც მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ! ეს ძალიან გაახარებს იეჰოვას.

ქორწინების აღთქმა

ქორწინების აღთქმა (იხილეთ აბზაცი 14)

14. რომელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღთქმა და რატომ?

14 ქორწინების აღთქმა თავისი მნიშვნელობით მხოლოდ მიძღვნის აღთქმას ჩამოუვარდება, რადგან ქორწინება წმინდაა. ნეფე-დედოფალი საქორწინო აღთქმას ღვთისა და ადამიანების წინაშე დებს. ჩვეულებრივ, ისინი პირობას დებენ, რომ სიყვარულს, პატივისცემასა და ზრუნვას არ მოაკლებენ ერთმანეთს, სანამ ერთად იცხოვრებენ დედამიწაზე ღვთის მიერ დადგენილი ცოლქმრული კავშირით გაერთიანებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება ზუსტად არ იმეორებს ამ სიტყვებს, ისინი მაინც დებენ აღთქმას ღვთის წინაშე. ასეთი აღთქმის დადების შემდეგ მათ ცოლ-ქმრად აცხადებენ. მათი ქორწინება სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს (დაბ. 2:24; 1 კორ. 7:39). „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“, ანუ არც ცოლს, არც ქმარს და არც სხვა ვინმეს არა აქვს უფლება, ერთმანეთს დააშოროს ცოლ-ქმარი. ამიტომ მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს, შეგნებული უნდა ჰქონდეთ, რომ გაყრა გულშიც კი არ უნდა გაივლონ (მარ. 10:9).

15. რატომ არ უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ქორწინების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც ქვეყნიერებაში აქვთ?

15 ცხადია, სრულყოფილი ქორწინება არ არსებობს. ის ორი არასრულყოფილი ადამიანის კავშირია. ამიტომაც ამბობს ბიბლია, რომ დაქორწინებულებს დროდადრო „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორ. 7:28). სამწუხაროდ, ამ ქვეყნიერებაში ბევრს ზერელე დამოკიდებულება აქვს ქორწინების მიმართ. როცა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იძაბება, ისინი უბრალოდ ოჯახიდან მიდიან. მაგრამ ეს ქრისტიანებისთვის გამოსავალი არ არის. ქორწინების აღთქმის დარღვევა ღვთის წინაშე ტყუილის თქმის ტოლფასია, ღმერთს კი სძულს მატყუარები (ლევ. 19:12; იგავ. 6:16—19). პავლე მოციქულმა დაწერა: „შეკრული ხარ ცოლთან? გათავისუფლებას ნუღარ ეძებ“ (1 კორ. 7:27). პავლემ იცოდა, რომ იეჰოვას სძულს, როცა ადამიანი ვერაგულად ეყრება მეუღლეს (მალ. 2:13—16).

16. რას ამბობს ბიბლია განქორწინებასა და განცალკევებით ცხოვრებაზე?

16 იესოს სიტყვების თანახმად, ქორწინების აღთქმის გაუქმების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი მაშინ იქმნება, როცა უდანაშაულო მეუღლე ღალატს არ პატიობს თავის მეორე ნახევარს (მათ. 19:9; ებრ. 13:4). მაგრამ, რის თქმა შეიძლება განცალკევებით ცხოვრებაზე? ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხზეც ნათელია (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:10, 11). თუმცა ბიბლია არ აკონკრეტებს განცალკევებით ცხოვრების მიზეზებს, ზოგმა დაქორწინებულმა ქრისტიანმა ჩათვალა, რომ ჰქონდა საფუძველი, განცალკევებით ეცხოვრა, რადგან მის სულიერობას ან სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა მეუღლისგან, რომელსაც განდგომილთა აზროვნება ჰქონდა ან მოძალადე იყო. *

17. როგორ შეუძლია ქრისტიან წყვილს თავიანთი ქორწინების განმტკიცება?

17 როდესაც წყვილი უხუცესებთან მიდის ცოლქმრულ პრობლემებთან დაკავშირებით რჩევის საკითხავად, კარგი იქნება, უხუცესებმა ჰკითხონ, ბოლო დროს უყურეს თუ არა მათ ერთად ფილმს „რა არის ნამდვილი სიყვარული?“ და განიხილეს თუ არა ბროშურა „თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!“. რატომ არის ეს აუცილებელი? ამ ფილმსა და ბროშურაში განიხილება ღვთიური პრინციპები, რომლებიც ბევრს დაეხმარა ქორწინების განმტკიცებაში. ერთმა წყვილმა თქვა: „ამ ბროშურის განხილვის შემდეგ ჩვენი ცოლქმრობა განმტკიცდა და უფრო ბედნიერები ვართ“. ერთმა ქალმა, რომლის ოჯახიც 22 წლის თავზე დანგრევის პირას იყო, თქვა: „ორივე მონათლულები ვიყავით, თუმცა ხასიათებით ცა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით. ამ ფილმმა, როგორც იტყვიან, სულზე მოგვისწრო. ახლა გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს“. თუ დაქორწინებული ხართ, ყველანაირად ეცადეთ, მეუღლესთან ურთიერთობის დროს იეჰოვას პრინციპები გაითვალისწინოთ. ეს დაგეხმარებათ, იცხოვროთ ქორწინების აღთქმის თანახმად და ბედნიერები იყოთ.

სპეციალური სრული დროით მსახურების აღთქმა

18, 19. ა) როგორ იქცევა ბევრი ქრისტიანი მშობელი? ბ) რის შესრულება ევალებათ სპეციალურ სრული დროით მსახურებს?

18 კიდევ რა ჰქონდათ საერთო იფთახსა და ხანას? მათი აღთქმების შედეგად მათი შვილები კარავში წმინდა მსახურებას ასრულებდნენ. ასეთ მსახურებას მათი შვილებისთვის უდიდესი კმაყოფილება მოჰქონდა. დღესაც ქრისტიანი მშობლების წახალისებით ბევრი ახალგაზრდა იწყებს სრული დროით მსახურებას და ღვთისადმი მსახურებას ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს უთმობს. ამისთვის მშობლებიც და შვილებიც ქებას იმსახურებენ (მსაჯ. 11:40; ფსალმ. 110:3).

სპეციალური სრული დროით მსახურების აღთქმა (იხილეთ აბზაცი 19)

19 დღეს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 67 000 იეჰოვას მოწმე არის სპეციალური სრული დროით მსახური. ზოგი ბეთელში მსახურობს, ზოგი სამშენებლო პროექტებზე მუშაობს ან სარაიონო მსახურებას ეწევა, ზოგი კი თეოკრატიული სკოლების ინსტრუქტორი, სპეციალური პიონერი, მისიონერი, საკონგრესო დარბაზის ან ბიბლიური სკოლების მსახურია. თითოეულ მათგანს ევალება „მორჩილებისა და სიღარიბის აღთქმის“ დაცვა, რომლის თანახმადაც ისინი მზად უნდა იყვნენ, ნებისმიერი დავალება შეასრულონ სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად, უბრალოდ იცხოვრონ და ნებართვის გარეშე არსად იმუშაონ. სპეციალური ანუ განსაკუთრებული არის ის დავალება, რასაც ისინი ასრულებენ და არა თავად ეს ადამიანები. მათ შეგნებული აქვთ, რომ სანამ სპეციალური სრული დროით მსახურები არიან, თავმდაბლად უნდა იცხოვრონ თავიანთი აღთქმის თანახმად.

20. რის გაკეთება გვმართებს ყოველდღიურად და რატომ?

20 რამდენი აღთქმა გაქვთ დადებული ღვთის წინაშე ზემოთ განხილული აღთქმებიდან: ერთი, ორი თუ სამივე? უდავოა გესმით, რომ ამ აღთქმებს ზერელედ არ უნდა მოეკიდოთ (იგავ. 20:25). იეჰოვასთვის მიცემული სიტყვის გატეხვას ან აღთქმის შეუსრულებლობას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს (ეკლ. 5:6). ამიტომ მოდი მარადიულად განვადიდოთ იეჰოვას სახელი და ყოველდღიურად შევასრულოთ ჩვენი აღთქმები! (ფსალმ. 61:8).

^ აბზ. 7 ხანამ აღთქმა დადო, რომ მისი ბავშვი მთელი სიცოცხლე ნაზირი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იეჰოვასთვის წმინდა მსახურების შესასრულებლად გამორჩეული, მიძღვნილი და გამოცალკევებული იქნებოდა (რიცხ. 6:2, 5, 8).

^ აბზ. 13 ვინაიდან უხუცესები ყველაფერს აკეთებენ იმაში დასარწმუნებლად, მზად არის თუ არა ადამიანი მოსანათლავად, ნათლობა მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს.

^ აბზ. 16 იხილეთ სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი განქორწინებასა და განცალკევებით ცხოვრებაზე“ დანართში, წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“.