არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაეხმარეთ ლტოლვილებს, სიხარულით ემსახურონ იეჰოვას!

დაეხმარეთ ლტოლვილებს, სიხარულით ემსახურონ იეჰოვას!

„იეჰოვა იცავს ხიზნებს“ (ფსალმ. 146:9).

სიმღერები: 84, 73

1, 2. ა) რა განსაცდელებს ხვდება ჩვენი და-ძმებიდან ზოგი? ბ) რა კითხვები წამოიჭრება?

„მთელი ოჯახი კონგრესს ვესწრებოდით, როცა ბურუნდიში სამოქალაქო ომი დაიწყო, — იხსენებს ძმა ლიჯე. — ვხედავდით, რომ ხალხი გარბოდა, ზოგი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. ჩემმა მშობლებმა და 11-ვე დედმამიშვილმა გაქცევით ვუშველეთ თავს. თან თითქმის არაფერი წაგვიღია. ჩემი ოჯახიდან ზოგმა 1 600 კილომეტრზე მეტი გაიარა ფეხით და მალავის ლტოლვილთა ბანაკამდე მიაღწია. დანარჩენები აქეთ-იქით გავიფანტეთ“.

2 მთელ მსოფლიოში ომებისა თუ დევნების გამო იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 65 000 000-ს გადააჭარბა. * ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. მათ შორის ათასობით იეჰოვას მოწმეც არის. ბევრმა დაკარგა საყვარელი ადამიანები და თითქმის მთელი ქონება. კიდევ რა სირთულეები გადაიტანეს მათ? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთ და-ძმებს, რომ განსაცდელების მიუხედავად კვლავაც სიხარულით ემსახურონ იეჰოვას? (ფსალმ. 100:2). როგორ შეგვიძლია სასიხარულო ცნობა ვუქადაგოთ იმ ლტოლვილებს, რომელთაც არ სმენიათ იეჰოვას შესახებ?

ლტოლვილთა ცხოვრება

3. როგორ გახდნენ იესო და ბევრი მისი მოწაფე ლტოლვილები?

3 როცა ანგელოზმა გააფრთხილა, რომ მეფე ჰეროდეს იესოს მოკვლა უნდოდა, იოსები მარიამთან და პატარა იესოსთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. ისინი იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ (მათ. 2:13, 14, 19—21). ათწლეულების შემდეგ იესოს მოწაფეებიდან ბევრი დევნის გამო „იუდეასა და სამარიაში გაიფანტა“ (საქ. 8:1). იესომ განჭვრიტა, რომ მისი მიმდევრებიდან ბევრი იძულებული გახდებოდა, სახლი დაეტოვებინა. მან თქვა: „როცა ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, მეორეში გაიქეცით“ (მათ. 10:23). რა მიზეზითაც არ უნდა მოუწიოს ადამიანს გაქცევა, სახლის დატოვება არასდროს არის ადვილი.

4, 5. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ ლტოლვილებს ა) გაქცევის დროს? ბ) ბანაკებში ცხოვრების დროს?

4 ლტოლვილები შეიძლება გაქცევის დროსაც აღმოჩნდნენ საფრთხეში და ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრების დროსაც. ლიჯეს უმცროსი ძმა გადი იხსენებს: „რამდენიმე კვირა მივდიოდით გზაზე, სადაც ასობით გვამი ეგდო. მაშინ 12 წლისა ვიყავი. ფეხები ისე დამისივდა, რომ მამას ვუთხარი, უჩემოდ წასულიყვნენ, მაგრამ მან არ დამტოვა მეამბოხეების ხელში. დღიდან დღემდე ძლივს გაგვქონდა თავი, ვლოცულობდით და ბოლომდე ვენდობოდით იეჰოვას. ზოგჯერ საჭმელად მხოლოდ მანგო გვქონდა, რომლის ხეებიც გზის პირას იზრდებოდა“ (ფილ. 4:12, 13).

5 ლიჯეს ოჯახიდან უმეტესობამ არაერთი წელი გაატარა გაეროს ლტოლვილთა ბანაკებში. მაგრამ იქ თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობდნენ. ლიჯე, რომელიც ახლა სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, ამბობს: „ლტოლვილთა უმრავლესობა არ მუშაობდა — ჭორაობდნენ, ლოთობდნენ, აზარტული თამაშებით ერთობოდნენ, იპარავდნენ და უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ“. მათ ცუდ გავლენაში რომ არ მოქცეულიყვნენ, მოწმეები მთლიანად სულიერი საქმეებით უნდა დაკავებულიყვნენ (ებრ. 6:11, 12; 10:24, 25). სულიერობის შესანარჩუნებლად ისინი გონივრულად იყენებდნენ დროს და ბევრი პიონერადაც მსახურობდა. მოწმეები მომავალს იმედის თვალით უყურებდნენ, რადგან ახსოვდათ, რომ ისრაელების უდაბნოში ხეტიალის მსგავსად, მათი ბანაკებში ცხოვრებაც ადრე თუ გვიან დასრულდებოდა (2 კორ. 4:18).

სიყვარულის გამოვლენა

6, 7. როგორ აღგვძრავს ღვთის სიყვარული გასაჭირში მყოფი და-ძმების დასახმარებლად? მოიყვანეთ მაგალითი.

6 ღვთის სიყვარული აღგვძრავს, ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოვავლინოთ, განსაკუთრებით განსაცდელების დროს (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:17, 18). როცა პირველ საუკუნეში იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს შიმშილობა ემუქრებოდათ, კრებამ ორგანიზება გაუწია მათ დახმარებას (საქ. 11:28, 29). პავლე და პეტრე მოციქულები ქრისტიანებს სტუმართმოყვარეობის გამოვლენისკენ მოუწოდებდნენ (რომ. 12:13; 1 პეტ. 4:9). თუ ქრისტიანებმა თბილად უნდა მიიღონ სტუმრად მისული თანაქრისტიანები, ისინი მით უმეტეს თბილად უნდა მოექცნენ მათ, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება ან ვინც რწმენის გამო იდევნება (წაიკითხეთ იგავების 3:27). *

7 ბოლო დროს აღმოსავლეთ უკრაინაში ათასობით იეჰოვას მოწმეს — კაცს, ქალსა თუ ბავშვს — შეიარაღებული კონფლიქტისა და დევნის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი დაიღუპა. უმეტესობა ქვეყნის სხვა ნაწილში მცხოვრებმა თანაქრისტიანებმა შეიფარეს, ზოგი კი რუსეთში მცხოვრებმა და-ძმებმა შეიკედლეს. ვინაიდან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, ისინი ნეიტრალიტეტს იცავენ რუსეთშიც და უკრაინაშიც და გულმოდგინედ განაგრძობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (იოან. 15:19; საქ. 8:4).

დავეხმაროთ მათ რწმენის გაძლიერებაში

8, 9. ა) რა სირთულეებს ხვდებიან ლტოლვილები უცხო ქვეყანაში? ბ) რატომ უნდა დავეხმაროთ მათ მოთმინებით?

8 ზოგი საკუთარ ქვეყანაში გახდა ლტოლვილი, ზოგს კი სრულიად უცხო ქვეყანაში უწევს გაქცევა. მთავრობა ზოგჯერ მათ ტანსაცმლით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფს, თუმცა ხშირად ეს საკვები მათთვის სრულიად უცხოა. ზოგიერთმა ლტოლვილმა შეიძლება პირველად იგრძნოს სიცივე და არ იცოდეს, როგორ ჩაიცვას შესაფერისად, რადგან მის ქვეყანაში თბილი კლიმატი იყო. თუ ისინი მანამდე სოფლად ცხოვრობდნენ, შეიძლება არ იცოდნენ, როგორ გამოიყენონ თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

9 ზოგიერთი მთავრობა სპეციალური პროგრამების მეშვეობით ეხმარება ლტოლვილებს ახალ გარემოსთან შეგუებაში. თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი მოელიან, რომ ლტოლვილები რამდენიმე თვის შემდეგ თავად იზრუნებენ საკუთარ საჭიროებებზე. ადაპტაციის პერიოდი შეიძლება ძალიან რთული იყოს. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის სწავლა უწევთ ერთბაშად: ახალი ენა, განსხვავებული ქცევის წესები და ახალი კანონები, რომლებიც ეხება, მაგალითად, გადასახადების გადახდასა და შვილების აღზრდა-განათლებას. შეგიძლიათ ასეთ რთულ სიტუაციაში მყოფი და-ძმების დახმარებისას მოთმინება და პატივისცემა გამოავლინოთ? (ფილ. 2:3, 4).

10. როგორ შეგვიძლია რწმენა განვუმტკიცოთ ახალჩამოსულ ლტოლვილებს? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

10 გარდა ამისა, ზოგჯერ ხელისუფლების წარმომადგენლები ლტოლვილ და-ძმებს ხელს უშლიან კრებასთან დაკავშირებაში. ზოგჯერ მათ ემუქრებიან, რომ აღარ მისცემენ ქვეყანაში დარჩენის უფლებას და დახმარებას მოუხსნიან, თუ უარს იტყვიან სამუშაოზე, რომელიც ხელს შეუშლიდათ კრების შეხვედრებზე დასწრებაში. დაშინებულმა და უმწეო მდგომარეობაში მყოფმა ზოგმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ასეთ წნეხს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შევხვდეთ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ლტოლვილ და-ძმებს. მათ უნდა იგრძნონ ჩვენი მზრუნველობა. თანაგრძნობითა და პრაქტიკული დახმარების გაწევით ჩვენ შევძლებთ მათი რწმენის გაძლიერებას (იგავ. 12:25; 17:17).

აღმოვუჩინოთ პრაქტიკული დახმარება

11. ა) რა სჭირდებათ ლტოლვილებს თავდაპირველად? ბ) როგორ შეუძლიათ ლტოლვილებს მადლიერების გამოხატვა?

11 თავდაპირველად შეიძლება საჭირო გახდეს, და-ძმები საკვებით, ტანსაცმლითა და პირველი საჭიროების ნივთებით უზრუნველვყოთ. * ისეთი პატარა საჩუქარი, როგორიც ჰალსტუხია, შეიძლება ძმისთვის ბევრს ნიშნავდეს. ლტოლვილები, რომლებიც მადლიერებას ავლენენ და არაფერს მოითხოვენ, ადგილობრივ და-ძმებს სიხარულით გაცემას უადვილებენ. მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრებამ შეიძლება ლტოლვილებს პირადი ღირსების გრძნობა დაუკარგოს და და-ძმებთან ურთიერთობა გაუფუჭოს (2 თეს. 3:7—10). მაგრამ ფაქტია, რომ მათ პრაქტიკული დახმარება სჭირდებათ.

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ლტოლვილ და-ძმებს? (იხილეთ აბზაცები 11—13)

12, 13. რა პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა შეგვიძლია ლტოლვილებისთვის? მოიყვანეთ მაგალითი.

12 ლტოლვილების დასახმარებლად სულაც არ არის საჭირო ბევრი ფული. მათ ძირითადად ჩვენი დრო და ყურადღება სჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ მათ, როგორ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სად იყიდონ ჯანსაღი საკვები იაფად ან სად შეიძინონ სამუშაო იარაღები, რათა თავიანთი შემოსავალი ჰქონდეთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, თავი კრების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. თუ შესაძლებელია, შესთავაზეთ კრების შეხვედრებზე წაყვანა. ასწავლეთ მათ, როგორ უქადაგონ ადგილობრივებს და თან წაიყვანეთ მსახურებაში.

13 როცა ერთ კრებაში ოთხი ახალგაზრდა ლტოლვილი ძმა მივიდა, რამდენიმე უხუცესმა მათ მანქანის ტარება, ბეჭდვა და სამუშაოს დასაწყებად განცხადების წერა ასწავლეს. მათ ისიც დაანახვეს, როგორ უნდა გაენაწილებინათ თავიანთი დრო ისე, რომ სრულად მიეღოთ მონაწილეობა იეჰოვას მსახურებაში (გალ. 6:10). ცოტა ხანში ოთხივემ პიონერად მსახურება დაიწყო. უხუცესების დახმარებისა და საკუთარი ძალისხმევის შედეგად მათ წინ წაიწიეს სულიერად და არ გაებნენ სატანის ქვეყნიერების მახეში.

14. რა ცდუნებას არ უნდა აჰყვნენ ლტოლვილები? მოიყვანეთ მაგალითი.

14 როგორც სხვა ქრისტიანებს, ლტოლვილებსაც მართებთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ზეწოლასა თუ ცდუნებას, რათა იეჰოვასთან ურთიერთობაზე წინ მატერიალური კეთილდღეობა არ დააყენონ. * ზემოთ მოხსენიებულ ლიჯეს და მის და-ძმებს დღემდე ახსოვთ, როგორ ცდილობდა მამა მათი რწმენის განმტკიცებას, როცა ქვეყნიდან გაქცევა მოუწიათ. ის იხსენებს: «მამა ერთიმეორის მიყოლებით ყრიდა ჩანთიდან არასაჭირო ნივთებს. ბოლოს ცარიელი ჩანთა გვაჩვენა და ღიმილით გვითხრა: „ხედავთ?! თურმე აქედან არაფერი ყოფილა საჭირო!“» (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:8).

ვიზრუნოთ მათ სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე

15, 16. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ლტოლვილებს სულიერად და ემოციურად?

15 მატერიალურ დახმარებაზე მეტად ლტოლვილებს სულიერი და ემოციური დახმარება სჭირდებათ (მათ. 4:4). უხუცესებს შეუძლიათ მათ ენაზე ლიტერატურა შეუკვეთონ და იმ ძმებთან დააკავშირონ ისინი, რომლებმაც მათი ენა იციან. ბევრი ლტოლვილი მოწყვეტილია ოჯახს, ახლობლებსა და კრებას. მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ იეჰოვას უყვარს ისინი და ესმის მათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიძლება დაუახლოვდნენ იმ ნათესავებსა და თანამემამულეებს, რომლებთანაც ბევრი რამ აკავშირებთ, მაგრამ იეჰოვას მოწმეები არ არიან (1 კორ. 15:33). იეჰოვა ჩვენი მეშვეობით „იცავს ხიზნებს“, როცა ვეხმარებით მათ, კრების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი (ფსალმ. 146:9).

16 როგორც პატარა იესოს შემთხვევაში მოხდა, ლტოლვილები შეიძლება ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, ვიდრე მათი მჩაგვრელები ხელისუფლებაში არიან. უფრო მეტიც, როგორც ლიჯე ამბობს, „ბევრს, ვინც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გააუპატიურეს ან მოკლეს მათი ოჯახის წევრები, წარმოუდგენლად მიაჩნია შვილებთან ერთად იქ დაბრუნება, სადაც ეს საშინელებები მოხდა“. ასეთი ტრავმირებული ადამიანების მიმართ ძმები „გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი“ უნდა იყვნენ (1 პეტ. 3:8). დევნის გამო ზოგი გულჩათხრობილია და ეუხერხულება გადატანილის შესახებ საუბარი, განსაკუთრებით შვილების თანდასწრებით. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: მათ ადგილას რომ ვიყო, როგორ მოპყრობას ვისურვებდი? (მათ. 7:12).

სხვა ლტოლვილებთან ქადაგება

17. როგორ მოქმედებს სასიხარულო ცნობის ქადაგება ლტოლვილებზე?

17 დღეს ბევრი ლტოლვილი იმ ქვეყნებიდანაა, სადაც სამქადაგებლო საქმიანობა შეზღუდულია. გულმოდგინე მქადაგებლების წყალობით ათასობით ლტოლვილს პირველად მიეცა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავი შეაფარეს (მათ. 13:19, 23). პრობლემებით დამძიმებული ადამიანები ჩვენს შეხვედრებზე სულიერ სიმხნევეს გრძნობენ და ამბობენ: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (მათ. 11:28—30; 1 კორ. 14:25).

18, 19. როგორ შეგვიძლია გამჭრიახობის გამოვლენა ლტოლვილებთან ქადაგების დროს?

18 ლტოლვილებთან ქადაგების დროს სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ (მათ. 10:16; იგავ. 22:3). მოთმინებით მოუსმინეთ, როცა თავიანთ საწუხარს გიზიარებენ, თუმცა მოერიდეთ პოლიტიკაზე საუბარს. გაითვალისწინეთ ფილიალისა და ადგილობრივი მთავრობისგან მიღებული მითითებები, რათა არც საკუთარ თავს შეუქმნათ საფრთხე და არც სხვებს. წარმოდგენა შეიქმენით მათ რელიგიასა და კულტურაზე და პატივისცემით მოეკიდეთ მათ შეხედულებებს. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში მკაცრი წესებია დადგენილი ქალების ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ამიტომ ლტოლვილებთან ქადაგების დროს ქრისტიან დებს ისე უნდა ეცვათ, რომ მათ უპატივცემულობა არ იგრძნონ.

19 იესოს იგავში მოხსენიებული კეთილი სამარიელის მსგავსად, ჩვენც გვსურს გასაჭირში მყოფთა დახმარება, მნიშვნელობა არა აქვს, ისინი იეჰოვას მოწმეები არიან თუ არა (ლუკ. 10:33—37). ამის გაკეთების საუკეთესო საშუალება მათთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. ერთი უხუცესი, რომელიც ბევრ ლტოლვილს დაეხმარა, ამბობს: „აუცილებელია, თავიდანვე ვუთხრათ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და ჩვენი უმთავრესი მიზანი მათთვის სულიერი დახმარების აღმოჩენაა და არა მატერიალური დახმარების. წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგი შეიძლება მხოლოდ გამორჩენის მიზნით დაგვიახლოვდეს“.

კარგი შედეგები

20, 21. ა) რა იქნება ლტოლვილების მიმართ ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენის შედეგი? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 ლტოლვილების მიმართ ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენას კარგი შედეგები მოაქვს. ერთი და, სახელად ალგანეში, ქმრის სიკვდილის შემდეგ ექვს მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიქცა ერიტრეიდან დევნის გამო. რვა დღის მანძილზე უდაბნოში სიარულის შემდეგ ისინი ძალაგამოცლილები ჩავიდნენ სუდანში. ეს და ამბობს: „ძმებმა საკუთარი ოჯახის წევრებივით მიგვიღეს. მათ იზრუნეს ჩვენს კვებაზე, ტანსაცმელსა და თავშესაფარზე და მგზავრობის თანხაც მოგვცეს. ვინ მიიღებს უცხოს სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთ ღმერთს ემსახურებიან?! იეჰოვას მოწმეების გარდა ამას არავინ გააკეთებს!“ (წაიკითხეთ იოანეს 13:35).

21 მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ ლტოლვილებისა და იმიგრანტების შვილებზე და გავიგებთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ ისინიც სიხარულით ემსახურონ იეჰოვას.

^ აბზ. 2 ამ სტატიაში იძულებით გადაადგილებულ პირებს ძირითადად მოვიხსენიებთ ლტოლვილებად, რომელთაც შეიარაღებული კონფლიქტის, დევნის ან სტიქიური უბედურების გამო მოუწიათ სხვა ქვეყანაში გაქცევა ან საკუთარ ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით (UNHCR), დღეს მთელ მსოფლიოში „ყოველი 113-ე ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია“.

^ აბზ. 6 იხილეთ სტატია „კეთილად მოეპყარით უცხოელებს!“ 2016 წლის ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 8—12.

^ აბზ. 11 რამდენადაც შესაძლებელია, უხუცესებმა ლტოლვილების ჩამოსვლიდან მალევე უნდა გაითვალისწინონ წიგნში „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“ ჩაწერილი მითითებები (თავი 8, აბზ. 30). ამ და-ძმების შესახებ მათი კრებებიდან ინფორმაციის მისაღებად უხუცესები jw.org-ის მეშვეობით უნდა დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის ფილიალს. პასუხის მიღებამდე მათ შეუძლიათ ტაქტიანად დაუსვან კითხვები ლტოლვილებს მათი კრებებისა და მსახურების შესახებ, რათა მათ სულიერ მდგომარეობაზე წარმოდგენა შეექმნათ.

^ აბზ. 14 იხილეთ სტატიები „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“ და „გამხნევდით, იეჰოვაა თქვენი შემწე!“ 2014 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 17—26.