არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იმიგრანტებო, დაეხმარეთ შვილებს, სიხარულით ემსახურონ იეჰოვას!

იმიგრანტებო, დაეხმარეთ შვილებს, სიხარულით ემსახურონ იეჰოვას!

„არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4).

სიმღერები: 88, 41

1, 2. ა) რა პრობლემას ხვდებიან იმიგრანტთა შვილები? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

„სკოლის ასაკამდე სახლშიც და კრებაშიც მშობლიურ ენაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ სკოლაში შესვლის შემდეგ უპირატესობას ადგილობრივ ენას ვანიჭებდი, — ამბობს ჯოშუა. — რამდენიმე წელიწადში მშობლიური ენა თითქმის დამავიწყდა. კრების შეხვედრებზე აღარაფერი მესმოდა და მშობლების კულტურაც უცხო გახდა ჩემთვის“. ჯოშუას შემთხვევა გამონაკლისი არ არის.

2 დღეს 240 000 000-ზე მეტი ადამიანი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. თუ იმიგრანტი ხართ, როგორ შეგიძლიათ შვილებს ისეთი გარემო შეუქმნათ, რომ ისინი სულიერად გაიზარდონ? (3 იოან. 4). რა შეიძლება გააკეთონ სხვებმა ასეთი ოჯახების დასახმარებლად?

მიეცით შვილებს კარგი მაგალითი

3, 4. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილებს კარგი მაგალითი მისცენ? ბ) რას არ უნდა მოელოდნენ მშობლები?

3 შვილებისთვის კარგი მაგალითის მიცემა აუცილებელია, რომ ისინი მარადიული სიცოცხლის გზას დაადგნენ. როცა ხედავენ, რომ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებთ, შვილები სწავლობენ, თავიანთი ყოველდღიური საზრუნავი იეჰოვას მიანდონ (მათ. 6:33, 34). ასე რომ, დაკმაყოფილდით აუცილებლით და ნუ აიღებთ ვალს! მატერიალურ კეთილდღეობას სულიერი კეთილდღეობა ამჯობინეთ, და არა პირიქით. სიმდიდრისა და ადამიანთაგან დიდების მოხვეჭის ნაცვლად, მოაგროვეთ „განძი ზეცაში“, ანუ შეეცადეთ, იეჰოვას მოწონება დაიმსახუროთ (წაიკითხეთ მარკოზის 10:21, 22; იოან. 12:43).

4 ნუ იქნებით ისეთი დაკავებულები, რომ შვილებისთვის დრო აღარ დაგრჩეთ. ყოველთვის შეაქეთ, როცა ისინი საკუთარ თუ თქვენს პრესტიჟსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე წინ იეჰოვას დააყენებენ. მოერიდეთ ისეთ არასწორ შეხედულებას, თითქოს შვილებმა უზრუნველად უნდა აცხოვრონ მშობლები. გახსოვდეთ, „შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ მშობლებისთვის, არამედ მშობლები — შვილებისთვის“ (2 კორ. 12:14).

გადალახეთ ენობრივი ბარიერი

5. რატომ უნდა ელაპარაკონ მშობლები შვილებს იეჰოვას შესახებ?

5 როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ადამიანები „ყველა ენის ხალხიდან“ იეჰოვას ორგანიზაციაში ერთიანდებიან (ზაქ. 8:23). მშობლებო, ენობრივი ბარიერის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ შვილებისთვის ჭეშმარიტების სწავლება! მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენს შვილებთან ბიბლიის შესწავლის ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვებთან. იეჰოვას გაცნობა მათ მარადიულ სიცოცხლეს მოუტანს (იოან. 17:3). ყველა ხელსაყრელი შემთხვევა უნდა გამოიყენოთ, რომ შვილებმა იეჰოვას ნორმები და კანონები ისწავლონ (წაიკითხეთ კანონის 6:6, 7).

6. რატომ არის ბავშვებისთვის კარგი მშობლიური ენის ცოდნა? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)

6 თქვენი შვილები ადგილობრივ ენას სკოლაშიც ისწავლიან და სხვებთან ურთიერთობის დროსაც, მშობლიურ ენას კი მხოლოდ თქვენთან ხშირი ურთიერთობით დაეუფლებიან. გარდა იმისა, რომ თავიანთი გულისნადების გაზიარებას შეძლებენ, მშობლიური ენის ცოდნა მათ სხვა მხრივაც გამოადგებათ. ორი ენის ცოდნა მათ გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს და სხვებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს გაუუმჯობესებს. ამან შეიძლება მსახურების გაფართოების შესაძლებლობებიც მისცეს მათ. კაროლინა, რომლის მშობლებიც იმიგრანტები არიან, ამბობს: „ძალიან მაგარია უცხოენოვან კრებაში მსახურება და ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან ქადაგება!“.

7. რის გაკეთება შეგიძლიათ ენობრივი ბარიერის გადასალახავად?

7 ადგილობრივი კულტურისა და ენის შეთვისებასთან ერთად ზოგმა შეიძლება დაკარგოს მშობლიურ ენაზე ლაპარაკის სურვილი და ამ ენაზე აზრების ჩამოყალიბების უნარი. თუ ეს თქვენი შვილების შემთხვევაშიც ასეა, კარგი იქნება, თუ ადგილობრივ ენას სალაპარაკო ენის დონეზე მაინც ისწავლით. შვილების ქრისტიანებად აღზრდა გაგიადვილდებათ, თუ უშუალო კავშირი გექნებათ მასწავლებლებთან და გეცოდინებათ, რაზე საუბრობენ თქვენი შვილები, რით ერთობიან და რა დავალებები აქვთ სკოლაში. ცხადია, ახალი ენის შესწავლას დრო, ძალისხმევა და თავმდაბლობა სჭირდება. თქვენს შვილს რაიმე მიზეზის გამო რომ სმენა დაეკარგა, განა არ ისწავლიდით ჟესტების ენას?! განა მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა გქონდეთ შვილის მიმართ, რომლისთვისაც მშობლიური უკვე სხვა ენა გახდა?! *

8. როგორ შეგიძლიათ შვილების დახმარება ენობრივი ბარიერის მიუხედავად?

8 ფაქტია, რომ ყველა იმიგრანტი თავისუფლად ვერ შეძლებს იმ ენაზე ლაპარაკს, რომელზეც მათი შვილები საუბრობენ. ენობრივი ბარიერის გამო მათ შეიძლება ვერ ასწავლონ შვილებს ღრმა ბიბლიური საკითხები (2 ტიმ. 3:15). თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, თქვენ მაინც შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა. შანი, რომელიც უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „დედას ბოლომდე არ ესმოდა ის ენა, რომელზეც მე და ჩემი დები ვლაპარაკობდით, ჩვენ კი მის ენაზე ლაპარაკი გვიჭირდა. მაგრამ იმის დანახვამ, რომ ის სისტემატურად იკვლევდა ბიბლიას, ლოცულობდა და ყოველკვირეულად ოჯახური თაყვანისცემის ჩასატარებლად ყველაფერს აკეთებდა, იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ იეჰოვასთან დაახლოება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

9. როგორ შეუძლიათ მშობლებს საჭიროების შემთხვევაში ორ ენაზე ასწავლონ თავიანთ შვილებს?

9 ზოგიერთი ბავშვისთვის შეიძლება ორივე ენაზე — მშობლიურ და ადგილობრივ ენაზე გახდეს საჭირო იეჰოვას შესახებ სწავლება. ამიტომ ზოგი მშობელი დაბეჭდილ პუბლიკაციებს და აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებს ორივე ენაზე იყენებს. აშკარაა, იმიგრანტებს ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდებათ, რომ შვილებს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარონ.

რომელ ენაზე უნდა დაესწროთ კრების შეხვედრებს?

10. ა) ვინ უნდა გადაწყვიტოს, რომელ კრებას დაესწრება ოჯახი? ბ) რა უნდა გააკეთოს მან გადაწყვეტილების მიღებამდე?

10 როცა იმიგრანტები მათ ენაზე მოლაპარაკე თანაქრისტიანებისგან შორს ცხოვრობენ, ისინი უნდა დაესწრონ კრების შეხვედრებს, რომლებიც ადგილობრივ ენაზე ტარდება (ფსალმ. 146:9). მაგრამ, თუ ახლომახლო მათ მშობლიურ ენაზე ტარდება კრება, მათ უნდა გადაწყვიტონ, რომელ კრებაზე დასწრება იქნებოდა უკეთესი მათი ოჯახისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახისთავმა ლოცვით უნდა აწონ-დაწონოს ეს საკითხი და გაიგოს ცოლ-შვილის აზრი (1 კორ. 11:3). რა ფაქტორები და პრინციპები უნდა გაითვალისწინოს ოჯახისთავმა? განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

11, 12. ა) რა კავშირია ენის ცოდნასა და კრების შეხვედრებიდან ცოდნის მიღებას შორის? ბ) რატომ შეიძლება არ მოინდომოს ზოგმა ბავშვმა მშობლიური ენის შესწავლა?

11 მშობლებმა ობიექტურად უნდა შეაფასონ შვილების საჭიროებები. ჭეშმარიტების გასათავისებლად მხოლოდ კრების შეხვედრებზე მიღებული სულიერი განათლება არ კმარა. ბავშვმა შეიძლება იმაზე მეტი ისწავლოს იმ კრების შეხვედრებიდან, რომლებიც მისთვის კარგად გასაგებ ენაზე ტარდება, ვიდრე ეს მშობლებს წარმოუდგენიათ. მაგრამ ეს ასე ვერ იქნება, თუ ბავშვს ბოლომდე არ ესმის ენა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:9, 11). ასეთი ბავშვებისთვის შეიძლება ბოლომდე არ დარჩეს მშობლიურ ენად ის ენა, რომელზეც დაბადებიდან ლაპარაკობდნენ. ზოგმა ბავშვმა შეიძლება მოამზადოს კომენტარები, შეთავაზებები და დავალებები კრებისთვის იმ ენაზე, რომელზეც მათი მშობლები ლაპარაკობენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არ იყოს გულიდან გამომდინარე.

12 ენის გარდა, ბავშვის პიროვნებაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. ეს ასე იყო ზემოთ მოხსენიებული ჯოშუას შემთხვევაშიც. მისი და ესთერი ამბობს: „ბავშვებისთვის მშობლების ენა მათ კულტურასა და რელიგიასთან ასოცირდება“. თუ ბავშვს მშობლების კულტურა ეუცხოება, შეიძლება არ დაინტერესდეს მათი ენითა და რელიგიით. რის გაკეთება მართებთ იმიგრანტ მშობლებს?

13, 14. ა) რატომ გადავიდა იმიგრანტთა ერთი ოჯახი იმ კრებაში, რომელიც ადგილობრივ ენაზე ტარდებოდა? ბ) რა დაეხმარა მშობლებს, სულიერად ძლიერები დარჩენილიყვნენ?

13 ქრისტიანი მშობლები შვილების სულიერ კეთილდღეობას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებენ (1 კორ. 10:24). ჯოშუასა და ესთერის მამა, სამუელი ამბობს: „მე და ჩემი ცოლი ვაკვირდებოდით ბავშვებს, რომ გაგვეგო, რომელ ენაზე ესმოდათ უკეთ სულიერი საკითხები და ვლოცულობდით, რომ იეჰოვა ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში დაგვხმარებოდა. ლოცვის პასუხი მაინცდამაინც ისეთი არ იყო, როგორიც მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა. როცა დავინახეთ, რომ ჩვენს ენაზე ჩატარებული კრების შეხვედრებიდან ბავშვებს ბევრი არაფერი ესმოდათ, გადავწყვიტეთ, იმ კრებაში გადავსულიყავით, რომელიც ადგილობრივ ენაზე ტარდებოდა. მთელი ოჯახი რეგულარულად ვესწრებოდით კრების შეხვედრებს და ვმონაწილეობდით მსახურებაში, სადილად ვეპატიჟებოდით ადგილობრივებს და მათთან ერთად ვათვალიერებდით საინტერესო ადგილებს. ეს დაეხმარა ჩვენს შვილებს, რომ დაახლოებოდნენ ძმებს და იეჰოვა მათთვის უბრალოდ ღმერთი კი არა, მამა და მეგობარი გამხდარიყო. ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მათთვის მშობლიური ენის კარგად სწავლება“.

14 სამუელი დასძენს: „სულიერად ძლიერები რომ დავრჩენილიყავით, მე და ჩემი ცოლი მშობლიურ ენაზე ჩატარებულ კრების შეხვედრებსაც ვესწრებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულები ვიყავით და ვიღლებოდით, მადლობლები ვართ იეჰოვასი, რომ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა და გაღებული მსხვერპლი. დღეს ჩვენი სამივე შვილი სრული დროით ემსახურება იეჰოვას“.

რის გაკეთება შეუძლიათ შვილებს

15. რატომ ჩათვალა ერთმა დამ, რომ კრების შეცვლა მისთვის უკეთესი იქნებოდა?

15 სრულწლოვანი შვილები შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უკეთ შეძლებენ იეჰოვას მსახურებას იმ კრებაში, რომელიც მათთვის კარგად გასაგებ ენაზე ტარდება. თუ ეს ასე მოხდება, მშობლებმა არ უნდა იფიქრონ, რომ შვილებს აღარ უყვართ ისინი. „მშობლიური ენა სალაპარაკო დონეზე ვიცოდი, მაგრამ კრების შეხვედრებზე ბევრს ვერაფერს ვიგებდი, — იხსენებს კრისტინა. — 12 წლის ასაკში დავესწარი ადგილობრივ ენაზე ჩატარებულ კონგრესს და მივხვდი, რომ, რასაც ვისმენდი, ჭეშმარიტება იყო. როცა ამ ენაზე ლოცვა დავიწყე, იეჰოვასთვის გულის გადაშლა შევძელი!“ (საქ. 2:11, 41). როგორც კი სრულწლოვანი გახდა, კრისტინა ამ საკითხზე მშობლებს დაელაპარაკა და გადაწყვიტა, იმ კრებაში გადასულიყო, რომელიც ადგილობრივ ენაზე ტარდებოდა. ის ამბობს: „ადგილობრივ ენაზე იეჰოვას შესახებ მეტის გაგებამ მოქმედებისკენ აღმძრა“. კრისტინამ მალევე დაიწყო პიონერად მსახურება.

16. რატომ არის ნადია მადლიერი, რომ სხვა კრებაში არ გადავიდა?

16 ახალგაზრდებო, თუ თქვენც ამჯობინებთ იმ კრებაში გადასვლას, რომელიც ადგილობრივ ენაზე ტარდება, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გინდათ ამის გაკეთება. დაგეხმარებათ იმ კრებაში გადასვლა იეჰოვასთან დაახლოებაში? (იაკ. 4:8). იმიტომ ხომ არ გინდათ გადასვლა, რომ მშობლებისგან მეტი თავისუფლება გქონდეთ ან ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდეთ? „თინეიჯერობის ასაკში მე და ჩემს და-ძმას იმ კრებაში გვინდოდა გადასვლა, რომელიც ადგილობრივ ენაზე ტარდებოდა“, — იხსენებს ნადია, რომელიც ახლა ბეთელში მსახურობს. მაგრამ მათმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ეს ხელს არ შეუწყობდა შვილების სულიერ კეთილდღეობას. „მადლიერები ვართ მშობლების, რომ ჩვენთვის მშობლიური ენის სასწავლებლად ძალა არ დაიშურეს და კრებიდან გადასვლის უფლება არ მოგვცეს. ამან მრავალფეროვნება შესძინა ჩვენს ცხოვრებას და არაერთი შესაძლებლობა მოგვცა, რომ სხვებს იეჰოვას გაცნობაში დავხმარებოდით“, — ამბობს ნადია.

რით შეუძლიათ სხვებს დახმარება

17. ა) ვის დააკისრა იეჰოვამ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა? ბ) რით შეუძლიათ სხვებს იმიგრანტი მშობლების დახმარება?

17 იეჰოვამ ბავშვების ჭეშმარიტებაში აღზრდა მშობლებს დაავალა და არა პაპა-ბებიებსა თუ სხვებს (წაიკითხეთ იგავების 1:8; 31:10, 27, 28). თუმცა იმიგრანტ მშობლებს ენის არცოდნის გამო შეიძლება სხვების დახმარება დასჭირდეთ, რომ ჭეშმარიტება შვილების გულამდე მიიტანონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უარს ამბობენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობაზე. პირიქით, ასეთმა დახმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მშობლებს, შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ (ეფეს. 6:4). მაგალითად, მათ შეიძლება რჩევა ჰკითხონ უხუცესებს, თუ როგორ ჩაატარონ ოჯახური თაყვანისცემა ან როგორ დაეხმარონ შვილებს კარგი მეგობრების პოვნაში.

კრების წევრებთან ურთიერთობა დადებითად მოქმედებს მშობლებზეც და შვილებზეც (იხილეთ აბზაცები 18, 19)

18, 19. ა) როგორ უნდა დაეხმარონ მოწიფული ქრისტიანები იმიგრანტთა შვილებს? ბ) რის გაკეთება მართებთ მშობლებს?

18 იმიგრანტ მშობლებს შეუძლიათ დროდადრო სხვა ოჯახები დაპატიჟონ ოჯახურ თაყვანისცემაზე. ბევრ ახალგაზრდაზე დადებითად მოქმედებს სულიერად მოწიფულ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან ერთად მსახურება და გართობა (იგავ. 27:17). „კარგად მახსოვს, როგორ ზრუნავდნენ ძმები ჩემზე, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული შანი. — როცა თეოკრატიული სკოლის დავალებების მომზადებაში მეხმარებოდნენ, მათგან ბევრს ვსწავლობდი. ძალიან მომწონდა მათთან ერთად დროის გატარება“.

19 მათ, ვისაც იმიგრანტი მშობლები თავიანთი შვილების დახმარებას სთხოვენ, ყოველთვის დადებითად უნდა ელაპარაკონ ბავშვებს მშობლებზე, მათდამი პატივისცემა ჩაუნერგონ და მშობლის პასუხისმგებლობა არ იკისრონ. უფრო მეტიც, ბავშვთან ურთიერთობის დროს ისინი უნდა მოერიდონ ნებისმიერ საქციელს, რომელიც კრების წევრებისა თუ სხვების თვალში ზნეობრივად გაუმართლებელი იქნება (1 პეტ. 2:12). მშობლებმა შვილების სულიერად აღზრდის პასუხისმგებლობა მთლიანად სხვებს არ უნდა გადასცენ. ისინი უნდა მეთვალყურეობდნენ თავიანთი შვილების სულიერ განვითარებას და თავადაც უნდა ასწავლიდნენ მათ.

20. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, იეჰოვას ღირსეულ მსახურებად ჩამოყალიბდნენ?

20 მშობლებო, ლოცვაში სთხოვეთ დახმარება იეჰოვას და შვილების აღსაზრდელად ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ! (წაიკითხეთ 2 მატიანის 15:7). საკუთარ ინტერესებზე წინ იეჰოვასთან შვილების ურთიერთობა დააყენეთ. ყველანაირად ეცადეთ, მათ გულში ღვთის სიტყვა ჩაუნერგოთ. ნუ დაკარგავთ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც თქვენი შვილები იეჰოვას ღირსეული მსახურები გახდებიან. როცა ისინი მიჰყვებიან ღვთის სიტყვის ხელმძღვანელობას და თქვენს კარგ მაგალითს ჰბაძავენ, თქვენც იოანე მოციქულის მსგავსად იტყვით: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4).

^ აბზ. 7 იხილეთ სტატია „თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ უცხო ენა!“ 2007 წლის მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 10—12.