არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ამათზე მეტად გიყვარვარ?“

„ამათზე მეტად გიყვარვარ?“

„სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ (იოან. 21:15).

სიმღერები: 128, 45

1, 2. როგორ დაეხმარა იესო პეტრეს, დაენახა, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო?

იესოს შვიდი მოწაფე მთელი ღამე გალილეის ზღვაზე თევზაობდა, მაგრამ მათ ვერაფერი დაიჭირეს. იესო ნაპირიდან ადევნებდა თვალს, ბოლოს კი დაუძახა: «„ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით“. მათაც ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო» (იოან. 21:1—6).

2 საუზმის შემდეგ იესომ სიმონ-პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“. რას გულისხმობდა იესო? მან იცოდა, რომ პეტრეს თევზაობა უყვარდა, ამიტომ, როგორც ჩანს, აინტერესებდა, რა უფრო ძვირფასი იყო პეტრესთვის — თევზი და თევზაობა თუ იესო და მისი სწავლებები? პასუხად პეტრემ უთხრა: „უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“ (იოან. 21:15). ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. იმ დღიდან პეტრემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ უყვარდა იესო. ის მთლიანად ჩაება მოწაფეების მომზადების საქმეში და პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების სვეტი და საყრდენი გახდა.

3. რა საფრთხეს უნდა მოერიდონ ქრისტიანები?

3 რის სწავლა შეგვიძლია იესოს სიტყვებიდან, რომლებიც პეტრეს უთხრა? ჩვენ არაფერს უნდა დავრთოთ იმის ნება, რომ ქრისტესადმი სიყვარული გაგვინელოს და ყურადღება სამეფოს ინტერესებიდან სხვა რამეზე გადაგვატანინოს. იესომ კარგად იცოდა, როგორ აქცევდა ადამიანს თავის მარწუხებში ქვეყნიური საზრუნავი. მან მთესველის შესახებ იგავში თქვა, რომ ზოგი მოისმენდა „სიტყვას სამეფოს შესახებ“ და გარკვეულ ნაბიჯებსაც გადადგამდა, მაგრამ „ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ მოაშთობდა მათში სიტყვას (მათ. 13:19—22; მარ. 4:19). მართლაც, თუ არ ვიფრთხილებთ, ყოველდღიურმა საზრუნავმა შეიძლება მთლიანად მოგვიცვას და სულიერად დაგვასუსტოს. სწორედ ამიტომ გააფრთხილა იესომ თავისი მოწაფეები: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით“ (ლუკ. 21:34).

4. რა დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რამდენად გვიყვარს ქრისტე? (იხილეთ სურათი 22-ე გვერდზე)

4 პეტრეს მსგავსად, ჩვენც დავამტკიცებთ, რომ გვიყვარს ქრისტე, თუ მის მიერ დავალებულ საქმეს პირველ ადგილზე დავაყენებთ. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რომ იესოსადმი სიყვარული არ გაგვინელდა? დროდადრო უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: სინამდვილეში რა მიყვარს ყველაზე მეტად? როდის განვიცდი უფრო დიდ სიხარულს — როცა ყოფითი საქმეებით ვარ დაკავებული თუ როცა სულიერ საქმეებში ვმონაწილეობ? ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად განვიხილოთ, როგორ შეიძლება სამუშაომ, გართობამ და მატერიალურისკენ სწრაფვამ გაგვინელოს ქრისტესადმი სიყვარული და სულიერ საქმეებში მონაწილეობის ხალისი დაგვიკარგოს.

სამუშაო

5. რა პასუხისმგებლობას აკისრებს ბიბლია ოჯახისთავებს?

5 პეტრე გასართობად კი არ თევზაობდა, არამედ თავს ირჩენდა ამით. დღეს ოჯახისთავებს ესმით, რომ ბიბლია ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას მათ აკისრებს (1 ტიმ. 5:8). ამ ვალდებულების შესასრულებლად მათ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ. თუმცა ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში სამსახური ხშირად სტრესისა და წუხილის მიზეზი ხდება.

6. რატომ იწვევს სამსახური ხშირად სტრესს?

6 ვინაიდან სამუშაო ადგილები ცოტაა, მუშაობის მსურველი კი — ბევრი, ზოგჯერ დასაქმებულები იძულებულნი არიან, შედარებით დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მეტი იმუშაონ. გარდა ამისა, დამსაქმებლები უფრო მეტი საქმის გაკეთებას ითხოვენ, რაც ადამიანს ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად ფიტავს. ვინც ასეთ მსხვერპლზე არ მიდის, შეიძლება სამსახური დაკარგოს.

7, 8. ა) ვინ იმსახურებს უპირველესად ჩვენს ერთგულებას? ბ) რა დასკვნამდე მივიდა ერთი ტაილანდელი ძმა და როგორ მოიქცა ის?

7 ქრისტიანებმა უპირველეს ყოვლისა ღმერთს უნდა უერთგულონ და არა დამსაქმებელს (ლუკ. 10:27). სამსახური იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენს ძირითად მოთხოვნილებებზე ვიზრუნოთ და იეჰოვას ვემსახუროთ. თუ ყურადღებით არ ვიქნებით, შეიძლება სამსახურმა ხელი შეგვიშალოს ღვთის მსახურებაში. განვიხილოთ ერთი ტაილანდელი ძმის შემთხვევა. ის გვიამბობს: „კომპიუტერების ხელოსანი ვიყავი. ეს საინტერესო საქმე იყო, მაგრამ ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა. ფაქტობრივად, დრო აღარ მრჩებოდა სულიერი საქმეებისთვის. ბოლოს მივხვდი, რომ სამსახური უნდა შემეცვალა, თუ მინდოდა, სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დამეყენებინა“. როგორ მოიქცა ეს ძმა?

8 ის დასძენს: „დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ქუჩაში ნაყინის გაყიდვა დავიწყე. თავიდან ფინანსურად გამიჭირდა და გული გამიტყდა. როცა ყოფილი თანამშრომლები მხედავდნენ, მასხრად მიგდებდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ ვამჯობინე კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობას ქუჩაში ნაყინის გაყიდვა. ვლოცულობდი და იეჰოვას ვთხოვდი, დამხმარებოდა ამ საქმეში, რათა მეტი დრო მქონოდა სულიერი საქმეებისთვის. მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. დროთა განმავლობაში მივხვდი, როგორი ნაყინი მოსწონდათ ჩემს კლიენტებს და უფრო კარგად ვისწავლე ნაყინის დამზადება. დღის ბოლოს გასაყიდი აღარაფერი მრჩებოდა. ამ საქმით უფრო მეტ ფულს ვშოულობდი, ვიდრე ძველ სამსახურში. ბედნიერი ვარ, რომ აღარ მაქვს ის სტრესი და საწუხარი, რაც ადრე მქონდა. და რაც მთავარია, უფრო ახლოს ვარ იეჰოვასთან“ (წაიკითხეთ მათეს 5:3, 6).

9. რა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ გაწონასწორებული შეხედულება სამუშაოზე?

9 შრომისმოყვარეობა ღვთისმოსაწონი თვისებაა და ყოველთვის ფასდება (იგავ. 12:14). მაგრამ, როგორც ზემოთ მოხსენიებული ძმის შემთხვევიდან ჩანს, სამუშაოს ცხოვრებაში სათანადო ადგილზე უნდა ვაყენებდეთ. იესომ თქვა: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი [ყოველივე აუცილებელი] შეგემატებათ“ (მათ. 6:33). იმის გასაგებად, გვაქვს თუ არა გაწონასწორებული შეხედულება სამუშაოზე, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ხომ არ ვფიქრობ, რომ ჩემი სამუშაო საინტერესო და სახალისოა, სულიერ საქმეებში მონაწილეობა კი — მოსაწყენი და ერთფეროვანი?! ამაზე ფიქრი დაგვეხმარება, გავიგოთ, სინამდვილეში რა გვიყვარს ყველაზე მეტად.

10. რა გვასწავლა იესომ?

10 იესომ გვასწავლა, როგორ დავადგინოთ პრიორიტეტები სწორად. ერთხელ ის მარიამსა და მის დას, მართას, ესტუმრა. მართა საჭმელს ამზადებდა, მარიამი კი იესოს ფერხთით ეჯდა და უსმენდა. როცა მართამ დაიჩივლა, რომ მარიამი არ ეხმარებოდა, იესომ უთხრა: „მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“ (ლუკ. 10:38—42). მოძღვარმა მნიშვნელოვანი რამ ასწავლა მართას. ცხოვრებისეულ საზრუნავზე რომ არ გადავიტანოთ ყურადღება და დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს ქრისტე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ, ანუ სულიერი საკითხები პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ.

დასვენება და გართობა

11. რას ამბობს ბიბლია დასვენებაზე?

11 მძიმე და დამღლელი სამუშაოს შემდეგ დასვენება და განტვირთვა ყველას გვჭირდება. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლ. 2:24). იესომ იცოდა, რომ დასვენება აუცილებელი იყო. ერთხელ ქადაგების შემდეგ მან მოწაფეებს უთხრა: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (მარ. 6:31, 32).

12. რა საშიშროება არსებობს, როცა საქმე გართობასა და დასვენებას ეხება? მოიყვანეთ მაგალითი.

12 მართალია, დასვენება და გართობა აუცილებელია, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ დროის ტარებამ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავოს. პირველ საუკუნეში ბევრი ცხოვრობდა დევიზით: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორ. 15:32). დღეს მრავალ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულებაა გავრცელებული. მაგალითად, ერთმა ახალგაზრდამ დასავლეთ ევროპაში წლების წინ კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. ის იმდენად იყო გადაყოლილი გართობას, რომ იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა შეწყვიტა. დროთა განმავლობაში მან გააცნობიერა, რომ ასეთ ცხოვრებას პრობლემებისა და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოჰქონდა. მან განაახლა ბიბლიის შესწავლა და მაუწყებელიც გახდა. მონათვლის შემდეგ ამ ძმამ თქვა: „იეჰოვას მსახურებას გაცილებით დიდი სიხარული მოაქვს, ვიდრე ქვეყნიურ გართობას. ძალიან ვნანობ, რომ ამდენი დრო დამჭირდა ამის გასაცნობიერებლად“.

13. ა) მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ არ ვარგა გადამეტებული გართობა. ბ) რა დაგვეხმარება, რომ გაწონასწორებულები ვიყოთ დასვენებისა და გართობის საკითხში?

13 დასვენების მიზანია, გამოგვაცოცხლოს და ძალები შეგვმატოს. მაგრამ რამდენი დრო უნდა გამოვყოთ ამისთვის? მოვიყვანოთ მაგალითი. ბევრს გვიყვარს დესერტის მირთმევა, მაგრამ, თუ მხოლოდ ნამცხვარსა და ტკბილეულს შევჭამთ, ეს ჩვენს ჯანმრთელობას ავნებს. ამიტომაც ვცდილობთ ჯანსაღი და ნოყიერი საკვების მიღებას. მსგავსად ამისა, მხოლოდ დასვენება და გართობა სულიერად მოგვასუსტებს. ასე რომ, რეგულარულად უნდა მივიღოთ მონაწილეობა სულიერ საქმეებში. როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა გაწონასწორებული შეხედულება გართობასა და დასვენებაზე? კვირის განმავლობაში შეგვიძლია ჩამოვწეროთ, რამდენ საათს ვუთმობთ სულიერ საქმეებს, მაგალითად კრების შეხვედრებს, სამქადაგებლო მსახურებას და პირად თუ ოჯახურ შესწავლას. შემდეგ კი შევადაროთ იმ დროს, რომელსაც იმავე კვირაში ვუთმობთ დასვენებასა და გართობას, მაგალითად, სპორტს, საყვარელ საქმეს, სატელევიზიო გადაცემებს ან ვიდეოთამაშებს. შეიძლება ასეთი შედარების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ „დესერტს“ უნდა მოვუკლოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16).

14. რით უნდა ვიხელმძღვანელოთ გართობის არჩევისას?

14 თითოეულს შეგვიძლია თავად ავირჩიოთ, როგორ დავისვენებთ და რით გავერთობით, მაგრამ ამ დროს ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. * ჯანსაღი გართობა „ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლ. 3:12, 13). თუმცა ისიც გვესმის, რომ ამ საკითხში შეიძლება ყველამ ერთნაირი არჩევანი არ გააკეთოს (გალ. 6:4, 5). გართობის რომელი სახეობაც არ უნდა ავირჩიოთ, ის უმთავრესი არ უნდა გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. იესომ თქვა: „სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც“ (მათ. 6:21). იესოსადმი ძლიერი სიყვარული აღგვძრავს, რომ ჩვენი ფიქრები, საუბრები და მოქმედებები ყოველთვის სამეფოს საქმისკენ იყოს მიმართული და არა ყოფითი საქმეებისკენ (ფილ. 1:9, 10).

მატერიალიზმი

15, 16. ა) როგორ შეიძლება გაებას ქრისტიანი მატერიალიზმის მახეში? ბ) რა რჩევა მოგვცა იესომ ამ საკითხთან დაკავშირებით?

15 დღეს ბევრი მოდური ტანსაცმლის, ბოლო მოდელის ელექტრონული მოწყობილობებისა თუ ახალ-ახალი ნივთების ყიდვის მანიით არის შეპყრობილი. ამიტომ ქრისტიანებმა რეგულარულად უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვები: ხომ არ გახდა მატერიალური ნივთები იმდენად მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ უფრო მეტ დროს ვუთმობ უახლესი მოდელის ავტომობილებისა თუ სხვა ნივთების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ან მათზე ფიქრს, ვიდრე კრების შეხვედრებისთვის მომზადებას?! იმდენად ხომ არა ვარ დაკავებული ყოფითი საქმეებით, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ლოცვასა და ბიბლიის კითხვას?! თუ მივხვდებით, რომ მატერიალური ნივთების სიყვარული ჩრდილავს ქრისტესადმი სიყვარულს, ყურად უნდა ვიღოთ იესოს სიტყვები: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“ (ლუკ. 12:15). რატომ იყო ეს გაფრთხილება საჭირო?

16 „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, — თქვა იესომ და დასძინა: ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“. ორივე „ბატონი“ განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს. ადამიანი „ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს“ (მათ. 6:24). ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, გამუდმებით უნდა ვებრძოლოთ „ხორცის სურვილებს“, მათ შორის მატერიალიზმს (ეფეს. 2:3).

17. ა) რატომ უჭირთ ხორციელად მოაზროვნე ადამიანებს, მატერიალურ ნივთებზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდეთ? ბ) რა დაგვეხმარება, არ ავყვეთ მატერიალისტურ სურვილებს?

17 ხორციელად მოაზროვნე ადამიანებს უჭირთ, რომ მატერიალურ ნივთებზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდეთ, რადგან სულიერი განსჯა აქვთ დაქვეითებული (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:14). ვინაიდან დაჩლუნგებული აქვთ აღქმის უნარი, სწორისა და არასწორის გარჩევაც უძნელდებათ (ებრ. 5:11—14). შედეგად, ზოგს მატერიალური ნივთების მოხვეჭის გაუკონტროლებელი სურვილი უჩნდება, რომლის ბოლომდე დაკმაყოფილებაც შეუძლებელია (ეკლ. 5:10). საბედნიეროდ არსებობს საშუალება, რომელიც მატერიალისტური აზროვნების მომწამლავი გავლენისგან გვიცავს. ეს არის ღვთის სიტყვის, ბიბლიის რეგულარულად კითხვა (1 პეტ. 2:2). როგორც იესოს დაეხმარა ღვთის სიტყვაზე ფიქრი, რომ არ აჰყოლოდა ცდუნებას, ისე დაგვეხმარება ჩვენც ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება, რომ მატერიალისტურ სურვილებს არ ავყვეთ (მათ. 4:8—10). ამგვარად დავუმტკიცებთ იესოს, რომ მატერიალურ ნივთებზე მეტად ის გვიყვარს.

რა არის თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი? (იხილეთ აბზაცი 18)

18. რა გაქვთ გადაწყვეტილი?

18 როცა იესომ ჰკითხა პეტრეს: „ამათზე მეტად გიყვარვარ?“, შეახსენა მას, რომ პირველ ადგილზე სულიერი საკითხები უნდა დაეყენებინა. პეტრემ, რომლის სახელიც „კლდის ნატეხს“ ნიშნავს, გაამართლა თავისი სახელის მნიშვნელობა, რადგან კლდესავით მტკიცე თვისებები გამოავლინა (საქ. 4:5—20). მსგავსად, ჩვენც მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ სამსახურზე, გართობასა და მატერიალურ ნივთებზე წინ ქრისტეს სიყვარული დავაყენოთ. დაე ჩვენმა არჩევანმა ცხადყოს, რომ იმავეს ვგრძნობთ, რასაც პეტრე, რომელმაც იესოს უთხრა: „უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“.

^ აბზ. 14 იხილეთ სტატია „ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?“ 2011 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 10—12, აბზაცები 6—15.