არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაიუსი ეხმარებოდა ძმებს

გაიუსი ეხმარებოდა ძმებს

პირველი საუკუნის მიწურულს გაიუსი და სხვა ქრისტიანები არაერთ სირთულეს შეხვდნენ. ზოგიერთები ცრუ სწავლებებს ავრცელებდნენ და კრებების დასუსტებასა და დაყოფას ცდილობდნენ (1 იოან. 2:18, 19; 2 იოან. 7). მაგალითად, დიოტრეფე „ბოროტ ხმებს“ ავრცელებდა მოციქულ იოანესა და სხვებზე. ის არ ავლენდა სტუმართმოყვარეობას მათ მიმართ, ვისაც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად სხვადასხვა ადგილას უწევდა მოგზაურობა, და სხვებსაც უშლიდა ამის კეთებას (3 იოან. 9, 10). იოანემ სწორედ ასეთ ვითარებაში მისწერა წერილი გაიუსს დაახლოებით ახ. წ. 98 წელს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ წერილს „იოანეს მესამე წერილი“ ეწოდება.

სირთულეების მიუხედავად, გაიუსი ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. როგორ გამოავლინა მან ერთგულება? რატომ უნდა მივბაძოთ გაიუსს და როგორ დაგვეხმარება იოანეს წერილი ამაში?

ძვირფასი მეგობრისთვის მიწერილი წერილი

იოანეს მესამე წერილის ავტორი თავს „უხუცესს“ უწოდებს. უხუცესად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა აგრეთვე შეიძლება მოხუცად ითარგმნოს. გაიუსს, როგორც სულიერ შვილს, არ გაუჭირდებოდა, მიმხვდარიყო, რომ წერილის ავტორი მოციქული იოანე იყო. იოანე თბილად მოიხსენიებს გაიუსს და ამბობს, რომ ის გულწრფელად უყვარს. ის იმედოვნებს, რომ „საყვარელი გაიუსი“ ფიზიკურადაც ისეთივე ჯანსაღი იქნება, როგორიც რწმენაშია. რა სასიამოვნო იქნებოდა ასეთი საქებარი სიტყვების მოსმენა! (3 იოან. 1, 2, 4).

გაიუსი შეიძლება კრებაში ზედამხედველად მსახურობდა, თუმცა იოანე ამას არ აკონკრეტებს. ის აქებს გაიუსს უცნობი ძმების მიმართ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისთვის. მისი აზრით, ეს გაიუსის ერთგულებაზე მეტყველებს, რადგან ღვთის ერთგული მსახურები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით (დაბ. 18:1—8; 1 ტიმ. 3:2; 3 იოან. 5).

იოანე მადლობას უხდის გაიუსს ძმების მიმართ არაერთხელ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისთვის, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ამ ქრისტიან ძმებს რეგულარული მიმოსვლა ჰქონდათ და შესაძლოა სწორედ მათგან იგებდა მოციქული იოანე კრებებში არსებულ ვითარებას.

ბუნებრივია, ეს ძმები მოგზაურობისას თანაქრისტიანებთან დარჩენას ამჯობინებდნენ, რადგან ფუნდუკებში (სასტუმროები) მომსახურება არ ვარგოდა და გარყვნილება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამიტომაც შეძლებისდაგვარად ეს ძმები თანაქრისტიანებთან რჩებოდნენ.

„მისი სახელის გულისთვის გამოვიდნენ“

იოანე მოუწოდებს გაიუსს, არ შეწყვიტოს სტუმართმოყვარეობის გამოვლენა და სთხოვს, რომ ღვთის წინაშე ღირსეულად გაისტუმროს მასთან მისული ძმები. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა ეზრუნა ყველაფერზე, რაც ძმებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დასჭირდებოდათ. აშკარაა, რომ გაიუსი აქამდეც არაერთხელ მოქცეულა ასე, რადგან ძმები იოანეს უყვებოდნენ თავიანთი მასპინძლის გამოვლენილ რწმენასა და სიყვარულზე (3 იოან. 3, 6).

შესაძლოა ეს ძმები მისიონერები, მოციქულ იოანეს წარმომადგენლები ან მიმომსვლელი ზედამხედველები იყვნენ. როგორც უნდა ყოფილიყო, ისინი სასიხარულო ცნობის გულისთვის გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. იოანე ამბობს, რომ ისინი „მისი სახელის გულისთვის გამოვიდნენ“ (3 იოან. 7). ვინაიდან წინა მუხლში (მუხლი 6) იოანემ ღმერთი მოიხსენია, როგორც ჩანს, „მის სახელში“ ღვთის სახელი იგულისხმება. ასე რომ, ის საუბრობდა ქრისტიანული კრების წევრებზე, რომლებიც თბილ დახვედრას იმსახურებდნენ. იოანე წერდა: „ჩვენ ვალდებულნი ვართ, სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ ასეთების მიმართ, რათა თანამსახურნი გავხდეთ ჭეშმარიტებაში“ (3 იოან. 8).

დახმარება რთულ სიტუაციაში

იოანეს მხოლოდ მადლობის სათქმელად არ მიუწერია გაიუსისთვის. მას უნდოდა, თავის მეგობარს სერიოზულ პრობლემასთან გამკლავებაში დახმარებოდა. კრების ერთ-ერთ წევრს, დიოტრეფეს, რაღაც მიზეზის გამო არ სურდა, სტუმართმოყვარულად დახვედროდა მიმომსვლელ ძმებს და სხვებსაც უშლიდა ხელს ამაში (3 იოან. 9, 10).

უეჭველია, ამ ერთგულ ქრისტიანებს დიოტრეფესთან დარჩენა არც კი ენდომებოდათ. დიოტრეფე პირველობის მოყვარული იყო და არაფერს იღებდა პატივისცემით იოანესგან. უფრო მეტიც, ის ბოროტ ხმებს ავრცელებდა მოციქულ იოანესა თუ სხვებზე. დიოტრეფეს ცრუ მასწავლებელს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ის მოციქულის უფლებამოსილებას არ აღიარებდა. პირველობისკენ სწრაფვა და არაქრისტიანული განწყობა საეჭვოს ხდიდა მის ერთგულებას. მისი მაგალითიდან ჩანს, რომ ამბიციურმა და ქედმაღალმა ადამიანებმა შეიძლება კრებაში განხეთქილება ჩამოაგდონ. ამის გამო იოანემ ურჩია გაიუსს: „ცუდს ნუ მიჰბაძავ“. ეს რჩევა ჩვენც გვეხება (3 იოან. 11).

კარგის კეთების უდიდესი მიზეზი

დიოტრეფესგან განსხვავებით, დემეტრიოსი იოანეს მისაბაძ მაგალითად მოჰყავს. იოანე წერდა, რომ დემეტრიოსს ყველა კარგად ახასიათებდა და თავადაც ეთანხმებოდა მათ (3 იოან. 12). დემეტრიოსს, სავარაუდოდ, გაიუსის დახმარება სჭირდებოდა. როგორც ჩანს, იოანეს ამ წერილის მეშვეობით უნდოდა გაიუსისთვის ამ ძმის გაცნობა და მისთვის რეკომენდაციის გაწევა. სავსებით შესაძლებელია, რომ დემეტრიოსმა საკუთარი ხელით გადასცა ეს წერილი გაიუსს. როგორც მოციქულის წარმომადგენელი ან მიმომსვლელი ზედამხედველი, ის ალბათ დაადასტურებდა იოანეს დაწერილს.

რატომ მოუწოდა იოანემ გაიუსს, კვლავაც გამოეჩინა სტუმართმოყვარეობა, მაშინ როცა ის ისედაც აკეთებდა ამას? მეტი გაბედულება ხომ არ სჭირდებოდა გაიუსს?! შესაძლოა მოციქული ფიქრობდა, რომ გაიუსი დიოტრეფეს შიშით თავს შეიკავებდა ძმების მიღებისგან, რადგან ის კრებიდან სტუმართმოყვარე ქრისტიანების გაძევებას ცდილობდა. ასე იყო თუ ისე, იოანემ დაარწმუნა გაიუსი: „კარგის მოქმედი ღვთისგან არის“ (3 იოან. 11). ეს უდიდესი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ვაკეთოთ ყოველთვის კარგი.

აშკარაა, იოანეს წერილმა აღძრა გაიუსი, კვლავაც გამოევლინა სტუმართმოყვარეობა. ამაზე მოწმობს ის, რომ იოანეს მესამე წერილი ბიბლიის კანონის ნაწილი გახდა და ჩვენამდე მოაღწია, რათა სხვებიც აღძრას, მიჰბაძონ კარგს.

რას ვსწავლობთ იოანეს მესამე წერილიდან

თუმცა ძველ დროში მცხოვრები ამ ძვირფასი ძმის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ამ პატარა მონაკვეთიდან ბევრ რამეს ვიგებთ.

როგორ შეგვიძლია სტუმართმოყვარეობის გამოჩენა?

პირველი, ჭეშმარიტების ცოდნას ყველანი მეტ-ნაკლებად იმ ერთგულ ძმებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც მზად იყვნენ, მოსულიყვნენ და ჭეშმარიტება ჩვენს ყურამდე მოეტანათ. დღეს ქრისტიანული კრების ყველა წევრს არ უწევს სამეფოს საქმისთვის დიდი მანძილის გავლა. თუმცა გაიუსის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ და გავამხნეოთ ის თანაქრისტიანები, რომლებიც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, მაგალითად სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე. ან შეიძლება იმ და-ძმებს გავუწოდოთ დახმარების ხელი, რომლებიც ისეთ ტერიტორიაზე გადადიან, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, იქნება ეს მათივე ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ. ამიტომ საჭიროა სტუმართმოყვარეობის გამოჩენა (რომ. 12:13; 1 ტიმ. 5:9, 10).

მეორე, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ კრებაში ვინმე პასუხისმგებელი ძმების უფლებამოსილებას ეჭვქვეშ დააყენებს. ასეთი რამ იოანე და პავლე მოციქულებსაც შეემთხვათ (2 კორ. 10:7—12; 12:11—13). მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენს კრებაში მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით? პავლემ ტიმოთეს ურჩია: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს; უნდა შეეძლოს სწავლება და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება; რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს და ისე არიგებდეს“. თუ მაშინაც გამოვავლენთ რბილ ხასიათს, როცა ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, დროთა განმავლობაში კრიტიკულად განწყობილებმა შეიძლება შეიცვალონ დამოკიდებულება. შედეგად, შეიძლება იეჰოვამ „მოანანიებინოს, რაც ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნამდე მიიყვანს მათ“ (2 ტიმ. 2:24, 25).

მესამე, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ თანაქრისტიანები, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას, და გულწრფელად უნდა შევაქოთ ისინი. მოციქულმა იოანემ გაამხნევა გაიუსი და დაარწმუნა, რომ სწორად იქცეოდა. დღესაც უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ იოანეს მაგალითს და უნდა გაამხნეონ თანაქრისტიანები, რათა ისინი არ დაიქანცონ (ეს. 40:31; 1 თეს. 5:11).

მოციქულ იოანეს მიერ გაიუსისთვის მიწერილი წერილი ყველაზე პატარა წიგნია ბიბლიაში. დედნისეული ტექსტი სულ რაღაც 219 სიტყვისგან შედგება. მიუხედავად ამისა, ეს მეტად ღირებული წიგნია ქრისტიანებისთვის.