არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დააფასეთ სულიერი განძი!

დააფასეთ სულიერი განძი!

„სადაც განძი გაქვთ, თქვენი გულიც იქ იქნება“ (ლუკ. 12:34).

სიმღერები: 153, 104

1, 2. ა) აღნიშნეთ სამი რამ იეჰოვასგან ბოძებული სულიერი განძიდან. ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

იეჰოვა უმდიდრესი პიროვნებაა სამყაროში (1 მატ. 29:11, 12). როგორც გულუხვი მამა, ის არ უკავებს თავის სულიერ სიმდიდრეს მათ, ვისაც ამ სიმდიდრის ფასი ესმის. უზომოდ მადლიერები ვართ, რომ იეჰოვამ გვიბოძა ისეთი სულიერი განძი, როგორიცაა ღვთის სამეფო, მსახურება და ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება. მაგრამ, თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ამ ყველაფრისადმი მადლიერება დავკარგოთ და არაფრად ჩავაგდოთ ისინი. ასე რომ არ მოხდეს, გამუდმებით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რამდენად ძვირფასია ეს განძი და გავიღრმაოთ მისადმი მადლიერება. იესომ თქვა: „სადაც განძი გაქვთ, თქვენი გულიც იქ იქნება“ (ლუკ. 12:34).

2 განვიხილოთ, რა დაგვეხმარება, რომ ღვთის სამეფოს, მსახურებისა და ჭეშმარიტების მიმართ სიყვარული და მადლიერება არ დავკარგოთ. განხილვის დროს დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მეტად დააფასოთ ეს სულიერი განძი.

ღვთის სამეფო ჰგავს ძვირფას მარგალიტს

3. რისთვის იყო მზად დიდვაჭარი ძვირფასი მარგალიტის ხელში ჩასაგდებად? (იხილეთ სურათი მე-9 გვერდზე)

3 წაიკითხეთ მათეს 13:45, 46. იესომ მოიყვანა მაგალითი დიდვაჭარზე, რომელიც მარგალიტებს ეძებდა. წლების განმავლობაში მის ხელში შეიძლება ასობით მარგალიტი მოხვდა. მაგრამ ახლა იმდენად ძვირფას მარგალიტს წააწყდა, რომლის მსგავსიც არაფერი უნახავს. ის რომ იყიდოს, რაც აბადია, ყველაფერი უნდა გაყიდოს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად ძვირფასი იყო ეს მარგალიტი მისთვის?

4. რას გავაკეთებთ, თუ ღვთის სამეფო ისეთივე ძვირფასი იქნება ჩვენთვის, როგორიც დიდვაჭრისთვის მარგალიტი იყო?

4 რას ვსწავლობთ ამ იგავიდან? ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება ამ ძვირფას მარგალიტს ჰგავს. თუ ის ჩვენთვის ისეთივე ძვირფასი იქნება, როგორიც დიდვაჭრისთვის მარგალიტი იყო, მზად ვიქნებით, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობისთვის ყველაფერი დავთმოთ (წაიკითხეთ მარკოზის 10:28—30). განვიხილოთ ამის ორი მაგალითი.

5. რით ცხადყო ზაქემ, რომ ღვთის სამეფო მისთვის ძვირფასი იყო?

5 ზაქე გადასახადების ამკრეფთა უფროსი იყო. ის ხალხისგან ფულის გამოძალვით გამდიდრდა (ლუკ. 19:1—9). როცა ამ უსამართლო კაცმა სამეფოს შესახებ იესოს ქადაგება მოისმინა, მაშინვე მიხვდა მის ფასს და დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება. მან უთხრა იესოს: „აი, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს ვაძლევ და რაც კი ვინმესთვის ცრუ ბრალდებით გამომიძალავს, ოთხმაგად ვუბრუნებ“. მან სიხარულით დათმო უკანონო გზით მოპოვებული სიმდიდრე და მოიშორა სიხარბე.

6. რა ცვლილებები მოახდინა როუზმა და რატომ?

6 რამდენიმე წლის წინ ერთმა ქალმა, რომელსაც პირობითად როუზს ვუწოდებთ, სამეფოს შესახებ ცნობა მოისმინა. ის ლესბოსელი იყო და ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ბიბლიის შესწავლამ მას დაანახვა, რამდენად ძვირფასი იყო ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება. ის მიხვდა, რომ საჭირო იყო რადიკალური ცვლილებების მოხდენა (1 კორ. 6:9, 10). იეჰოვას სიყვარულმა აღძრა როუზი, უარი ეთქვა თავის თანამდებობასა და უზნეო ცხოვრებაზე. ის 2009 წელს მოინათლა, ერთი წლის შემდეგ კი პიონერად მსახურება დაიწყო. იეჰოვასა და მისი სამეფოს სიყვარული როუზისთვის ნებისმიერ ხორციელ სურვილზე ძლიერი აღმოჩნდა (მარ. 12:29, 30).

7. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი ღვთის სამეფოსადმი ერთგულებაში?

7 ბევრმა ჩვენგანმა ძირეული ცვლილებები მოვახდინეთ, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გავმხდარიყავით (რომ. 12:2). თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა არ დაგვიმთავრებია. ჩვენ მუდამ უნდა ვიფხიზლოთ, რომ სხვა რამემ, მაგალითად, სიმდიდრისკენ სწრაფვამ ან უზნეო სექსუალურმა სურვილებმა, ჩვენს გულში ღვთის სამეფოს ადგილი არ დაიკავოს (იგავ. 4:23; მათ. 5:27—29). ღვთის სამეფოსადმი ერთგულების შესანარჩუნებლად იეჰოვამ კიდევ ერთი განძი გვიბოძა.

მსახურება

8. ა) რატომ შეადარა პავლემ მსახურება თიხის ჭურჭელში შენახულ განძს? ბ) რით ცხადყო პავლემ, რომ აფასებდა მსახურებას?

8 იესომ დაგვავალა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გვექადაგა და ის სხვებისთვის გვესწავლებინა (მათ. 28:19, 20). პავლე მოციქულს კარგად ესმოდა მსახურების ფასი. მან ახალი შეთანხმების მსახურება თიხის ჭურჭელში შენახულ განძს შეადარა (2 კორ. 4:7; 1 ტიმ. 1:12). მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილების გამო უბრალო თიხის ჭურჭელს ვგავართ, იმ ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ, მარადიული სიცოცხლე მოაქვს ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც. სწორედ ამიტომ თქვა პავლემ: „ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“ (1 კორ. 9:23). პავლე მსახურებისადმი სიყვარულმა აღძრა, რომ მოწაფეების მოსამზადებლად თავი არ დაეზოგა (წაიკითხეთ რომაელების 1:14, 15; 2 ტიმოთეს 4:2). ეს მას სასტიკი წინააღმდეგობის ატანაშიც დაეხმარა (1 თეს. 2:2). ჩვენ რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მსგავსად გვიყვარს მსახურება?

9. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ მსახურებას?

9 პავლე ხელიდან არ უშვებდა სხვებთან საუბრის შესაძლებლობას, რითაც ცხადყო, რომ აფასებდა მსახურებას. მოციქულებისა და პირველი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც ვქადაგებთ არაფორმალურად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და კარდაკარ (საქ. 5:42; 20:20). მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ მსახურების გაფართოებას, იქნება ეს პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურება, უცხო ენის შესწავლა თუ სხვა ადგილზე გადასვლა (საქ. 16:9, 10).

10. როგორ აკურთხა იეჰოვამ აირინის გულმოდგინება?

10 განვიხილოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი დაუქორწინებელი დის, აირინის მაგალითი. მას ძალიან უნდოდა რუსულენოვან იმიგრანტებთან ქადაგება. 1993 წელს, როცა მან ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან ქადაგება დაიწყო, ნიუ-იორკში 20-მდე მაუწყებელი იყო რუსულენოვან ჯგუფში. უკვე 20 წელზე მეტია, აირინი რუსულენოვან ტერიტორიაზე მსახურობს. მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე გამართულად ვერ ლაპარაკობს რუსულად, იეჰოვამ აკურთხა მისი და სხვა მაუწყებლების გულმოდგინება. დღეს ნიუ-იორკში უკვე ექვსი რუსულენოვანი კრებაა. აირინი 15 ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. მათგან ზოგი ბეთელში მსახურობს, ზოგი კი პიონერი ან უხუცესია. აირინი ამბობს: „რა მიზნებიც არ უნდა დამესახა მაშინ, ვფიქრობ, ამაზე დიდ სიხარულს ვერაფერი მომანიჭებდა“. ნათელია, რომ ეს და ძალიან აფასებს თავის მსახურებას.

ჩანს თქვენი ყოველკვირეული განრიგიდან, რომ მსახურებას განძად მიიჩნევთ? (იხილეთ აბზაცები 11, 12)

11. რა იქნება შედეგი, თუ დევნის დროსაც არ შევწყვეტთ ქადაგებას?

11 თუ ვაფასებთ ჩვენს მსახურებას, პავლე მოციქულის მსგავსად დევნის დროსაც არ შევწყვეტთ ქადაგებას (საქ. 14:19—22). 1930-იან წლებსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ძმები ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა მათ პავლეს მსგავსად მტკიცე პოზიცია დაიკავეს და ქადაგება არ შეწყვიტეს. ქადაგების უფლების დასაცავად ძმებმა სასამართლოებში არაერთი სარჩელი შეიტანეს. 1943 წელს ძმა ნეითან ნორმა შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი გამარჯვების მოპოვების შემდეგ თქვა: „ბრძოლის გარეშე ამ გამარჯვებების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა. თუ მაუწყებლები ველზე არ დარჩებოდნენ, უზენაეს სასამართლოში არც ერთი სარჩელი არ შევიდოდა. მაგრამ თქვენი მაგალითი მთელ მსოფლიო საძმოს აძლიერებს და დევნა ვეღარაფერს გვაკლებს. საბოლოოდ ასეთ გამარჯვებას უფლის ხალხის სიმტკიცე განაპირობებს“. ასეთმა სიმტკიცემ ძმებს სხვა ქვეყნებშიც მოაპოვებინა მსგავსი გამარჯვებები. ასე რომ, თუ მსახურება გვეყვარება, დევნა ვერ შეგვაჩერებს.

12. რის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი?

12 თუ მსახურებას იეჰოვასგან ბოძებულ განძად მივიჩნევთ, უბრალოდ დროს არ გავიყვანთ. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა (საქ. 20:24; 2 ტიმ. 4:5). ამ საქმის შესასრულებლად ღმერთმა კიდევ ერთი განძი გვიბოძა.

ჭეშმარიტების საგანძური

13, 14. რა იგულისხმება მათეს 13:52-ში მოხსენიებულ საგანძურში და როგორ ხდება მასში განძის დაგროვება?

13 ჭეშმარიტება კიდევ ერთი განძია, რომელიც ჭეშმარიტების ღმერთმა, იეჰოვამ მოგვცა (2 სამ. 7:28; ფსალმ. 31:5). ის გულუხვად უზიარებს მას თავის მოშიშებს. ჭეშმარიტების პირველად გაგების შემდეგ არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, მისი მარცვლები ღვთის სიტყვიდან, ქრისტიანული პუბლიკაციებიდან, კონგრესებიდან და ყოველკვირეული შეხვედრებიდან შეგვეგროვებინა. დროთა განმავლობაში ჩვენს საგანძურში დაგროვდა არაერთი ჭეშმარიტება — ძველი თუ ახალი (წაიკითხეთ მათეს 13:52). თუ მას დამალული განძივით მოვიძიებთ, იეჰოვა დაგვეხმარება, რომ ჩვენს საგანძურს ჭეშმარიტების სახით უფრო მეტი განძი შეემატოს (წაიკითხეთ იგავების 2:4—7). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

14 ჩვენ უნდა განვივითაროთ ბიბლიის შესწავლის კარგი ჩვევები და გულდასმით გამოვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ჩვენი პუბლიკაციები. ეს დაგვეხმარება, აღმოვაჩინოთ ის, რაც მანამდე არ ვიცოდით (იეს. 1:8, 9; ფსალმ. 1:2, 3). ამ ჟურნალის პირველივე ნომერში, რომელიც 1879 წლის ივლისში გამოიცა, ეწერა: „ჭეშმარიტება, სიცოცხლის უდაბნოში ამოსული პატარა უმანკო ყვავილის მსგავსად, გარშემორტყმულია სიცრუის ღვარძლით, რომელიც ისე გამრავლდა, რომ კინაღამ ჩაახშო ის. თუ მისი პოვნა გსურს, ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო . . . მას რომ დაეპატრონო, უნდა დაიხარო. ნუ დაკმაყოფილდები ჭეშმარიტების ერთი ყვავილით . . . ყოველთვის აგროვე, მეტი ეძებე“. დიახ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჭეშმარიტების საგანძურში მეტი განძი დავაგროვოთ.

15. რა გაგებით არის ზოგი ჭეშმარიტება „ძველი“ და ადრე ნასწავლიდან რას აფასებთ განსაკუთრებით?

15 როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, არაერთი ძვირფასი ჭეშმარიტება აღმოვაჩინეთ. მათ შეგვიძლია „ძველი“ ვუწოდოთ, რადგან იმ დროიდან ვიცით და ვაფასებთ, რაც ქრისტიანულ გზაზე დავიწყეთ სიარული. მაგალითად, ჩვენ გავიგეთ, რომ იეჰოვაა ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის მომცემი, რომელმაც გარკვეული განზრახვით შექმნა ადამიანები და სიყვარულით გაიღო თავისი ძე, რათა ცოდვისა და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ. ჩვენ ისიც გავიგეთ, რომ ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას და ამ სამეფოს მმართველობის დროს მშვიდობიანად და ბედნიერად ვიცხოვრებთ მარადიულად (იოან. 3:16; გამოცხ. 4:11; 21:3, 4).

16. რა უნდა გავაკეთოთ, როცა ახალ ახსნას ვიღებთ?

16 დროდადრო შეიძლება მეტი ნათელი მოეფინოს რომელიმე ბიბლიურ წინასწარმეტყველებას ან მონაკვეთს. როცა ახალ ახსნას ვიღებთ, დრო უნდა გამოვყოთ მის შესასწავლად და მასზე დასაფიქრებლად (საქ. 17:11; 1 ტიმ. 4:15). ჩვენ არა მხოლოდ ის უნდა გვესმოდეს კარგად, რაც ძირფესვიანად შეიცვალა, არამედ ძველსა და ახალს შორის ისეთი განსხვავებებიც, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ამგვარად, ჩვენს სულიერ საგანძურს ახალ განძს შევმატებთ. რატომ ღირს ეს ძალისხმევად?

17, 18. როგორ შეუძლია წმინდა სულს ჩვენი დახმარება?

17 როგორც იესომ თქვა, ღვთის სულს შეუძლია გაგვახსენოს ადრე ნასწავლი (იოან. 14:25, 26). როგორ დაგვეხმარება ეს სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს? განვიხილოთ ერთი ძმის, პიტერის მაგალითი. 1970 წელს 19 წლის პიტერი, რომელსაც ბრიტანეთის ბეთელში მსახურება ახალი დაწყებული ჰქონდა, კარდაკარ მსახურების დროს შუახნის წვეროსან მამაკაცს შეხვდა. პიტერმა ჰკითხა მას, სურდა თუ არა ბიბლიის უკეთ გაგება. კითხვით შემცბარმა კაცმა პიტერს უთხრა, რომ იმ სახლში რაბინები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი გამოსაცდელად ჰკითხა: „მითხარი აბა, რომელ ენაზე დაიწერა დანიელის წიგნი?“. პიტერმა მიუგო, რომ მისი ნაწილი არამეულ ენაზე დაიწერა. «რაბინი გაოცდა, რომ პასუხი ვიცოდი, — ამბობს პიტერი. — მაგრამ იმაზე გაოცებული მე დავრჩი. არ მახსოვდა, საიდან ვიცოდი პასუხი. სახლში რომ დავბრუნდი, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ნომრები გადავამოწმე და ვიპოვე სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ წიგნი „დანიელი“ არამეულ ენაზე დაიწერა». * ეჭვგარეშეა, წმინდა სულს შეუძლია გაგვახსენოს ადრე წაკითხული, რაც ჩვენს საგანძურში შევინახეთ (ლუკ. 12:11, 12; 21:13—15).

18 თუ დავაფასებთ ღვთიურ სიბრძნეს, აღძრული ვიქნებით, შევავსოთ ჩვენი საგანძური ძველი თუ ახალი სულიერი განძით. რაც უფრო შევიყვარებთ და დავაფასებთ ღვთიურ სიბრძნეს, მით უფრო დავხელოვნდებით, როგორც მასწავლებლები და მქადაგებლები.

გაუფრთხილდით სულიერ განძს

19. რატომ უნდა გავუფრთხილდეთ სულიერ განძს?

19 სატანა და მისი ქვეყნიერება გამუდმებით ცდილობენ, რომ ამ სტატიაში განხილული სულიერი განძი ჩვენს თვალში გაუფასურდეს. მათი ხრიკებისგან დაცულები არა ვართ. ჩვენ შეიძლება ადვილად წამოვეგოთ წარმატებული კარიერის დაპირებას, ვიოცნებოთ ფუფუნებაში ცხოვრებაზე ან სიმდიდრით ტრაბახის სურვილი გაგვიჩნდეს. მოციქულმა იოანემ გაგვაფრთხილა, რომ გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც (1 იოან. 2:15—17). ამიტომ ძალას არ უნდა ვიშურებდეთ გულის დასაცავად და ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ სულიერ განძს.

20. რის გაკეთებას აპირებთ სულიერი განძის დასაცავად?

20 მზად იყავით იმ ყველაფრის დასათმობად, რაც ღვთის სამეფოს მიმართ სიყვარულს გაგინელებთ. კვლავაც გულმოდგინედ იქადაგეთ და ყოველთვის დააფასეთ მსახურება. გულდასმით ეძებეთ ღვთის სიტყვაში დამალული ჭეშმარიტება. თუ ასე მოიქცევით, დაიგროვებთ „განძს ზეცაში, სადაც არც ქურდი მიეკარება და არც ჩრჩილი შეჭამს. ვინაიდან სადაც განძი გაქვთ, თქვენი გულიც იქ იქნება“ (ლუკ. 12:33, 34).

[სქოლიო]

^ აბზ. 17 დანიელის 2:4ბ—7:28 თავდაპირველად არამეულ ენაზე დაიწერა.