არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას?

მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას?

„თქვენც მოითმინეთ“ (იაკ. 5:8).

სიმღერები: 78, 139

1, 2. ა) რატომ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: „როდემდე“? ბ) რატომ გვამხნევებს ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მაგალითები?

„როდემდე?“ სწორედ ამ კითხვით მიმართეს ერთგულმა წინასწარმეტყველებმა, ესაიამ და აბაკუმმა იეჰოვას (ეს. 6:11; აბაკ. 1:2). მე-13 ფსალმუნის წერისას მეფე დავითმა ხუთჯერ ჰკითხა იეჰოვას: „როდემდე?“ (ფსალმ. 13:1, 2). ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემაც დასვა ეს კითხვა, როცა გარშემომყოფთა ურწმუნოება დაინახა (მათ. 17:17). ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დროდადრო მსგავსი კითხვა ჩვენც გაგვიჩნდება.

2 რატომ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: „როდემდე“? შეიძლება მიზეზი ის იყოს, რომ უსამართლობას ვხვდებით, ასაკში შევდივართ, ჯანმრთელობის პრობლემებს ვებრძვით ან ის, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ გარშემომყოფთა არასწორი აზროვნება და საქციელი გულს გვიტეხს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები თამამად სვამდნენ ამ კითხვას და ამის გამო იეჰოვა არ განსჯიდა მათ.

3. რა დაგვეხმარება სირთულეების ატანაში?

3 რა დაგვეხმარება, თუ ასეთი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით? მოწაფე იაკობმა, იესოს ნახევარძმამ, ღვთივშთაგონებით დაწერა: „ძმებო, მაშ, მოითმინეთ უფლის მოსვლამდე“ (იაკ. 5:7). ასე რომ, მოთმინების გამოვლენა ყველას გვჭირდება. მაგრამ რას ნიშნავს, ვიყოთ მომთმენები?

რას ნიშნავს მოთმინება?

4, 5. ა) რას ნიშნავს, ვიყოთ მომთმენები? ბ) რა მაგალითით დაგვანახვა მოწაფე იაკობმა მოთმინების აუცილებლობა? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

4 ბიბლიის თანახმად, მოთმინებას ღვთის წმინდა სული წარმოშობს. ღვთის დახმარების გარეშე არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე მოთმენა. მოთმინების უნარი ღმერთმა გვიბოძა და, როცა ამ თვისებას ვავლენთ, სიყვარულს ვუმტკიცებთ მას. გარდა ამისა, როცა სხვებს მოთმინებით ვეპყრობით, მათ მიმართაც ვავლენთ სიყვარულს. მოუთმენლობა სიყვარულს ანელებს, მოთმინება კი აძლიერებს ამ გრძნობას (1 კორ. 13:4; გალ. 5:22). მოთმინება სხვა მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებების გამოვლენასაც გულისხმობს. მაგალითად, ის მჭიდროდ უკავშირდება ამტანობას, რომელიც გვეხმარება, გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს და, ამავე დროს, დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ (კოლ. 1:11; იაკ. 1:3, 4). ეს თვისება აგრეთვე გვეხმარება, არ ვიფიქროთ სამაგიეროს გადახდაზე და ნებისმიერ განსაცდელს მტკიცედ შევხვდეთ. ამასთანავე, ბიბლია მოგვიწოდებს, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. მოთმინების აუცილებლობა კარგად ჩანს იაკობის 5:7, 8-დან (წაიკითხეთ).

5 რატომ უნდა დაველოდოთ იეჰოვას მოთმინებით? იაკობმა ჩვენი მდგომარეობა მიწათმოქმედის მდგომარეობას შეადარა. მართალია, ის ბევრს შრომობს თესლის დასათესად, მაგრამ არ შეუძლია გააკონტროლოს ამინდი ან ნაყოფის ზრდის პროცესი. ის ვერც დროს დააჩქარებს. მიწათმოქმედი ეგუება იმ აზრს, რომ მოთმინებით ლოდინი აუცილებელია „ძვირფასი ნაყოფის“ მისაღებად. ვერც ჩვენ გავაკონტროლებთ ბევრ რამეს, ვიდრე იეჰოვას დაპირებების შესრულებას ველით (მარ. 13:32, 33; საქ. 1:7). მიწათმოქმედის მსგავსად ჩვენც გვმართებს მოთმინებით ლოდინი.

6. რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველ მიქასგან?

6 წინასწარმეტყველ მიქასაც ისეთივე გარემოში უწევდა ცხოვრება, როგორშიც ჩვენ. ის წინასწარმეტყველებდა ბოროტი მეფე ახაზის მმართველობის პერიოდში, როდესაც ყველანაირ გახრწნილებას გაედგა ფესვი. თავის თანამედროვეებზე მიქა ამბობდა: „გაწაფული აქვთ ხელი ბოროტების საკეთებლად“ (წაიკითხეთ მიქას 7:1—3). ის აცნობიერებდა, რომ თვითონ ვერაფერს შეცვლიდა. მაგრამ მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს, რის გაკეთება შეეძლო მას. მიქა ამბობს: „მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა. მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს. მომისმენს ჩემი ღმერთი“ (მიქ. 7:7). მიქას მსგავსად ჩვენც მოთმინებით უნდა დაველოდოთ იეჰოვას.

7. რატომ უნდა დაველოდოთ იეჰოვას მოთმინებით?

7 თუ ისეთივე რწმენა გვექნება, როგორიც მიქას ჰქონდა, უბრალოდ კი არ დაველოდებით იეჰოვას, არამედ ლოდინის დროს მოთმინებას არ დავკარგავთ. ჩვენ სიკვდილმისჯილი პატიმარივით როდი ვართ, რომელიც საკანში ელოდება განაჩენის აღსრულებას. ის სიხარულით კი არ ელოდება ამ დღეს, არამედ იძულებით. ჩვენს შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. ჩვენ მოთმინებით ველოდებით იეჰოვას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ის შეასრულებს თავის დაპირებას და თავის დროზე გვიბოძებს მარადიულ სიცოცხლეს! ასე რომ, გვმართებს, მოვითმინოთ და სულგრძელნი ვიყოთ სიხარულით (კოლ. 1:11, 12). ამის საპირისპიროდ, თუ ვიწუწუნებთ, რომ იეჰოვა სწრაფად არ მოქმედებს, გულს ვატკენთ ჩვენს ღმერთს (კოლ. 3:12).

მოთმინების მაგალითები

8. რაზე უნდა დავფიქრდეთ, როცა ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებს ვიხსენებთ?

8 ლოდინი გაგვიადვილდება, თუ გავიხსენებთ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებს, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ იეჰოვას დაპირების შესრულებას (რომ. 15:4). კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით, რამდენ ხანს მოუწიათ მათ ლოდინი, რატომ იყვნენ მზად, დალოდებოდნენ იეჰოვას და რა კურთხევები მოჰყვა მათ მოთმინებას.

აბრაამი მრავალი წლის მანძილზე ელოდებოდა თავისი შვილიშვილების, ესავისა და იაკობის დაბადებას (იხილეთ აბზაცები 9, 10)

9, 10. რამდენ ხანს მოუწიათ აბრაამსა და სარას ლოდინი?

9 დავფიქრდეთ აბრაამსა და სარაზე, რომლებიც „რწმენითა და მოთმინებით“ იმკვიდრებდნენ ყველა დანაპირებს. ბიბლიის თანახმად, „აბრაამმა მოთმინება გამოავლინა და მიიღო დანაპირები“, რომ ღმერთი აკურთხებდა მას და გაამრავლებდა მის შთამომავლობას (ებრ. 6:12, 15). რატომ სჭირდებოდა აბრაამს მოთმინება? მოკლედ რომ ვთქვათ, დანაპირების შესასრულებლად დრო იყო საჭირო. შეთანხმება, რომელიც მას იეჰოვამ დაუდო, ძალაში ძვ. წ. 1943 წლის 14 ნისანს შევიდა, როცა აბრაამმა და სარამ თავიანთ სახლეულობასთან ერთად მდინარე ევფრატი გადაკვეთეს და აღთქმულ მიწაზე დადგეს ფეხი. ამის შემდეგ აბრაამი 25 წელი ელოდა, ვიდრე ძვ. წ. 1918 წელს მისი ვაჟი ისაკი დაიბადებოდა. შვილიშვილების, ესავისა და იაკობის დაბადებამდე, ანუ ძვ. წ. 1858 წლამდე, მას კიდევ 60 წელი მოუწია ლოდინი (ებრ. 11:9).

10 რამხელა სამკვიდრო მიიღო აბრაამმა აღთქმულ მიწაზე? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ღმერთს ამ ქვეყანაში ტერფისოდენა სამკვიდროც კი არ მიუცია აბრაამისთვის, მაგრამ დაჰპირდა, რომ საკუთრებად მისცემდა ამ ქვეყანას, მის შემდეგ კი მის შთამომავლობას, თუმცა იმ დროს ჯერ არ ჰყავდა შვილი“ (საქ. 7:5). აღსანიშნავია, რომ მისი შთამომავლობა, რომელსაც აღთქმული მიწა უნდა დაემკვიდრებინა, აბრაამის მიერ მდინარე ევფრატის გადაკვეთიდან მხოლოდ 430 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ერად (გამ. 12:40—42; გალ. 3:17).

11. რატომ იყო აბრაამი მზად, დალოდებოდა იეჰოვას და რა კურთხევებს იხილავს?

11 აბრაამი მზად იყო, დალოდებოდა იეჰოვას, რადგან მოთმინებაში რწმენა ეხმარებოდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:8—12). მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ მოესწრო იეჰოვას დაპირების ბოლომდე შესრულებას, სიხარული არ დაუკარგავს. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს აბრაამს სამოთხეში დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომა. ალბათ, ძალიან ესიამოვნება იმის გაგება, რომ ბიბლიაში როგორც მის, ისე მისი შთამომავლების ისტორიას არაერთი თავი დაეთმო. * უბრალოდ დაფიქრდით, როგორ გაიხარებს აბრაამი, როცა გაიგებს, რამხელა როლი ითამაშა შთამომავალთან დაკავშირებით იეჰოვას დაპირების შესრულებაში. ცხადია, ის იმ დასკვნამდე მივა, რომ ამდენ ხანს ლოდინი ნამდვილად ღირდა.

12, 13. რატომ სჭირდებოდა იოსებს მოთმინება და როგორ გამოჩნდა, რომ მას სწორი დამოკიდებულება ჰქონდა?

12 აბრაამის შვილთაშვილმა იოსებმაც გამოავლინა მოთმინება. ის არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი. ჯერ იყო და დაახლოებით 17 წლის იოსები ძმებმა მონად გაყიდეს. მოგვიანებით კი ბატონის ცოლის გაუპატიურების მცდელობაში სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს და ციხეში ჩასვეს (დაბ. 39:11—20; ფსალმ. 105:17, 18). ისე ჩანდა, რომ იოსებს ღვთისადმი ერთგულების გამო ხელი კი არ ემართებოდა, არამედ ისჯებოდა. თუმცა 13 წლის შემდეგ ყველაფერი უეცრად შეიცვალა. იოსები გაათავისუფლეს და ეგვიპტის მიწაზე მეორე მმართველად დანიშნეს (დაბ. 41:14, 37—43; საქ. 7:9, 10).

13 გააბოროტა იოსები უსამართლო მოპყრობამ? დაკარგა თავისი ღვთის, იეჰოვასადმი ნდობა? რა თქმა უნდა, არა. რა დაეხმარა იოსებს, მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას? ისევ და ისევ რწმენა. ის ყოველთვის ხედავდა იეჰოვას ხელს, რაც კარგად გამოჩნდა ძმებისთვის ნათქვამი სიტყვებიდან: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?! თქვენ ჩემ წინააღმდეგ ბოროტება განიზრახეთ, ღმერთს კი ეს სასიკეთოდ ჰქონდა განზრახული, რათა ისე მომხდარიყო, როგორც დღეს არის, მრავალთა სიცოცხლის გადასარჩენად“ (დაბ. 50:19, 20). იოსები მიხვდა, რომ ლოდინი ნამდვილად ღირდა!

14, 15. ა) რატომ არის განსაკუთრებული დავითის შემთხვევა? ბ) რა დაეხმარა დავითს, მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას?

14 მეფე დავითსაც ბევრჯერ მოექცნენ უსამართლოდ. როცა იეჰოვამ დავითი ისრაელის მეფედ სცხო, ის ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, თუმცა ამის შემდეგ თითქმის 15 წელი ელოდა თავის ტომში გამეფებას (2 სამ. 2:3, 4). ღვთის ორგული მეფე საული წლების მანძილზე დასდევდა დავითს მოსაკლავად. * დევნილი დავითი ხან უცხო ქვეყანას აფარებდა თავს, ხან კი — უდაბნოში გამოქვაბულებს. მას შემდეგაც კი, რაც საული ბრძოლის ველზე მოკლეს, დავითს კიდევ შვიდ წელზე მეტხანს მოუწია ლოდინი, სანამ მთელ ისრაელზე გამეფდებოდა (2 სამ. 5:4, 5).

15 რატომ იყო დავითი მზად, მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას? ამ კითხვაზე პასუხს იმავე ფსალმუნიდან ვიგებთ, სადაც მან 5-ჯერ ჰკითხა იეჰოვას: „როდემდე?“. მან თქვა: „მე შენს სიკეთეს ვარ მინდობილი. გაიხაროს ჩემმა გულმა შენგან ხსნით. ვუმღერებ იეჰოვას, რადგან დამაჯილდოვა“ (ფსალმ. 13:5, 6). დავითს ღვთის სიკეთის იმედი ჰქონდა. ის სიხარულით ელოდა იეჰოვასგან ხსნას და იხსენებდა, როგორ აკურთხა იეჰოვამ წარსულში. ეჭვგარეშეა, დავითმა იცოდა, რომ ლოდინი ნამდვილად დაჯილდოვდებოდა.

იეჰოვა არ მოგვთხოვდა მოთმინების გამოვლენას, თუ თავად არ იქნებოდა მომთმენი

16, 17. მოთმინებით ლოდინის რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე?

16 იეჰოვა არ მოგვთხოვდა მოთმინების გამოვლენას, თუ თავად არ იქნებოდა მომთმენი. მან მოთმინებით ლოდინის საუკეთესო მაგალითი მოგვცა (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9). ის ათასობით წელია, მოთმინებით იცდის, როდის გადაიჭრება საბოლოოდ ედემის ბაღში წამოჭრილი საკამათო საკითხი. ის „უცდის დროს“, როცა მისი სახელი ბოლომდე განიწმინდება. ეს წარმოუდგენლად დიდ კურთხევებს მოუტანს მათ, „ვისაც მისი მოლოდინი აქვს“ (ეს. 30:18).

17 იესოც მსგავსად ავლენს მოთმინებას. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ყოფნისას მან იეჰოვას ერთგულება დაუმტკიცა და ახ. წ. 33 წელს წარუდგინა თავისი გამოსასყიდის საფასური, ის 1914 წლამდე იცდიდა, ვიდრე მმართველობის უფლებას მიიღებდა (საქ. 2:33—35; ებრ. 10:12, 13). იესოს ყველა მტერი მხოლოდ მისი ათასწლიანი მმართველობის ბოლოს განადგურდება (1 კორ. 15:25). ამას დიდხანს ლოდინი დასჭირდება, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი საუკეთესო იქნება.

რა დაგვეხმარება?

18, 19. რა დაგვეხმარება, რომ მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას?

18 ეჭვგარეშეა, თითოეული მზად უნდა ვიყოთ, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. რა დაგვეხმარება ამაში? საჭიროა ვილოცოთ და ღმერთს წმინდა სული ვთხოვოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოთმინება წმინდა სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია (ეფეს. 3:16; 6:18; 1 თეს. 5:17—19). ევედრეთ იეჰოვას, რომ დაგეხმაროთ, მოთმინებით აიტანოთ ყველაფერი.

19 გახსოვდეთ ისიც, რომ აბრაამს, იოსებსა და დავითს რწმენა და ნდობა დაეხმარა, მოთმინებით დალოდებოდნენ იეჰოვას დაპირებების შესრულებას. ისინი მხოლოდ საკუთარ თავსა და კომფორტზე არ ფიქრობდნენ. თუ ვიფიქრებთ იმაზე, რა კარგი შედეგი მოჰყვა მათ მოთმინებას, ჩვენც არ გაგვიჭირდება მოთმინებით ლოდინი.

20. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

20 როგორ განსაცდელებსა და რწმენის გამოცდებსაც არ უნდა შევხვდეთ, გადაწყვეტილი გვაქვს, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. ზოგჯერ შეიძლება აღმოგვხდეს: „როდემდე იეჰოვა?“ (ეს. 6:11). მიუხედავად ამისა, ღვთის წმინდა სულით გაძლიერებულნი იერემიას მსგავსად ჩვენც ვიტყვით: „იეჰოვაა ჩემი წილი . . . ამიტომაც დაველოდები მას“ (გოდ. 3:21, 24).

^ აბზ. 11 წიგნ „დაბადებაში“ აბრაამის ისტორიის თხრობას დაახლოებით 15 თავი ეთმობა. გარდა ამისა, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა აბრაამი 70-ზე მეტჯერ მოიხსენიეს.

^ აბზ. 14 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ უარყო საული მისი გამეფებიდან ორ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, მას სიცოცხლის ბოლომდე კიდევ 38 წლის მანძილზე დაუტოვა მეფობის უფლება (1 სამ. 13:1; საქ. 13:21).