არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

ჩვენი ერთგულება დაჯილდოვდა

ჩვენი ერთგულება დაჯილდოვდა

„შენ რა მამა ხარ! — მითხრა კა-გე-ბეს ოფიცერმა. * — მიატოვე ფეხმძიმე ცოლი და თოთო ბავშვი. ვინ იზრუნებს მათზე? უარი თქვი რწმენაზე და სახლში გაგიშვებ!“. მე მივუგე: „მე არ მიმიტოვებია ოჯახი, თქვენ დამაპატიმრეთ. თანაც რის გამო?!“. „იეჰოვას მოწმეობაზე დიდი დანაშაული არ არსებობს“, — მითხრა ოფიცერმა.

ეს მოხდა 1959 წელს, როცა ქალაქ ირკუტსკის (რუსეთი) ციხეში ვიჯექი. ნება მიბოძეთ, ჩემი და ჩემი მეუღლის, მარიას, ისტორია გიამბოთ. ჩვენ მზად ვიყავით, ერთგულება შეგვენარჩუნებინა და გვეტანჯა სიმართლის გამო, რისთვისაც იეჰოვამ დიდად გვაკურთხა (1 პეტ. 3:13, 14).

დავიბადე 1933 წელს უკრაინაში, სოფელ ზოლოტნიკში. 1937 წელს საფრანგეთიდან დეიდაჩემი და ბიძაჩემი ჩამოვიდნენ, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათ დაგვიტოვეს წიგნები „მთავრობა“ და „ხსნა“ *. როცა მამაჩემმა ეს წიგნები წაიკითხა, ღვთისადმი რწმენა კვლავ ჩაესახა. სამწუხაროდ, 1939 წელს ის სერიოზულად დაავადდა, თუმცა სიკვდილის წინ დედაჩემს უთხრა: „ეს ჭეშმარიტებაა; ასწავლე ის ბავშვებს“.

ციმბირი — ახალი სამქადაგებლო ტერიტორია

1951 წლის აპრილში მთავრობამ საბჭოთა კავშირის დასავლეთი ნაწილიდან იეჰოვას მოწმეები ციმბირში გადაასახლა. მე, დედაჩემი და ჩემი უმცროსი ძმაც გადაგვასახლეს უკრაინიდან. მატარებლით 6 000 კილომეტრზე მეტი გავიარეთ და ჩავედით ციმბირის ქალაქ ტულუნში. ორი კვირის შემდეგ ჩემი უფროსი ძმა ბოგდანი ქალაქ ანგარსკთან ახლომდებარე შრომა-გასწორების კოლონიაში ჩაიყვანეს. მას 25 წელი ჰქონდა მისჯილი.

მე, დედაჩემი და გრიგორი ტულუნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქადაგებისას გამჭრიახობას ვიჩენდით. მაგალითად, მობინადრეებს ვეკითხებოდით, ვინმე ძროხას ხომ არ ყიდდა. როცა მიგვასწავლიდნენ, გამყიდველთან იმაზე ვიწყებდით საუბარს, თუ რა საოცრად იყვნენ ეს ცხოველები შექმნილნი, შემდეგ საუბარი შემოქმედზე გადაგვქონდა. ერთი გაზეთი ჩვენზე წერდა, რომ ვითომ ძროხების ყიდვა გვინდოდა, სინამდვილეში კი ცხვრებს ვეძებდით. ჰოდა, ვპოულობდით კიდეც ცხვრისმაგვარ ხალხს. ძალიან სასიამოვნო იყო ამ თავმდაბალი და სტუმართმოყვარე ადამიანებისთვის ბიბლიის სწავლება. დღეს ტულუნის კრებაში 100-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს.

მარიას რწმენა იცდება

ჩემმა მეუღლემ, მარიამ, ჭეშმარიტება უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის დროს გაიგო. როცა 18 წლისა იყო, კა-გე-ბეს ოფიცერი გადაეკიდა და აიძულებდა, მასთან უზნეობა ჩაედინა, მაგრამ მარია მტკიცე უარს ეუბნებოდა. ერთხელ სახლში დაბრუნებულს ეს ოფიცერი საწოლში დახვდა. მარია მაშინვე გამოიქცა იქიდან. გაცოფებული ოფიცერი დაემუქრა, რომ მისი რწმენის გამო ციხეში გამოკეტავდა. მან შეასრულა მუქარა და 1952 წელს მარიას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის თავს იოსებივით გრძნობდა, რომელიც პატიოსნების გამო დააპატიმრეს (დაბ. 39:12, 20). მძღოლმა, რომელმაც მარია სასამართლოდან ციხეში გადაიყვანა, უთხრა: „ნუ გეშინია. ბევრი ბრუნდება ციხიდან ისე, რომ ღირსებას არ კარგავს“. ამ სიტყვებმა მას ძალა შემატა.

1952—1956 წლებში მარია ქალაქ გორკისთან (ამჟამად ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი) ახლომდებარე შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდა სასჯელს. მარიას ხეების მოთხრა ევალებოდა. მას ძლიერ ყინვაშიც კი ამუშავებდნენ, რის გამოც ჯანმრთელობა შეერყა. 1956 წელს კოლონიიდან გათავისუფლებული მარია ტულუნში ჩამოვიდა.

ცოლ-შვილს მოწყვეტილი

ჩვენი ძმისგან გავიგე, რომ ტულუნში ერთი და ჩამოდიოდა ავტობუსით, ამიტომ მის დასახვედრად ველოსიპედით წავედი, რათა ბარგის წამოღებაში დავხმარებოდი. მარია დანახვისთანავე მომეწონა. მისი გულის მონადირება არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მე გამომივიდა და 1957 წელს დავქორწინდით. ერთი წლის თავზე ქალიშვილი შეგვეძინა, რომელსაც ირინა დავარქვით. თუმცა ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 1959 წელს ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვის გამო დამაპატიმრეს და წელიწად-ნახევარი სამარტოო საკანში ჩამსვეს. შინაგანი სიმშვიდე რომ შემენარჩუნებინა, გამუდმებით ვლოცულობდი, ვმღეროდი სამეფოს სიმღერებს და წარმოვიდგენდი ხოლმე, გათავისუფლების შემდეგ როგორ ვიქადაგებდი.

შრომა-გასწორების კოლონიაში, 1962 წელი

ციხეში დაკითხვის დროს გამომძიებელმა დამიყვირა: „მალე თაგვებივით გაგწყვეტთ!“, რაზეც მივუგე: „იესომ თქვა, რომ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ერს და ამას წინ ვერავინ აღუდგება“. გამომძიებელმა ტაქტიკა შეცვალა და სხვანაირად შეეცადა ჩემს დაყოლიებას. სწორედ ამის შესახებ გიამბეთ დასაწყისში. როცა არაფერმა გაჭრა, 7-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს შრომა-გასწორების კოლონიაში ქალაქ სარანსკთან ახლოს. კოლონიაში გადაყვანის დროს გავიგე, რომ მეორე ქალიშვილი ოლგა შემეძინა. მართალია, ცოლ-შვილისგან შორს ვიყავი, მაგრამ მანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ მეც და მარიაც იეჰოვას ერთგულები დავრჩით.

მარია და ჩვენი გოგონები, ოლგა და ირინა, 1965 წელი

წელიწადში ერთხელ მარია ციხეში მინახულებდა, მიუხედავად იმისა, რომ ტულუნიდან სარანსკში ჩამოსვლასა და უკან დაბრუნებას მატარებლით 12 დღე სჭირდებოდა. ყოველ წელს მას ჩემთვის ახალი ჩექმები ჩამოჰქონდა, რომლის ქუსლებშიც „საგუშაგო კოშკის“ ახალ ნომრებს მალავდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ბავშვებიც ჩამოიყვანა ჩემ სანახავად. წარმოიდგინეთ, როგორ გამახარებდა მათ გვერდით ყოფნა!

ახალი სირთულეები

1966 წელს გამათავისუფლეს და მთელი ოჯახი შავ ზღვასთან ახლოს ქალაქ არმავირში გადავსახლდით. იქ დაიბადნენ იაროსლავი და პაველი.

მალევე კა-გე-ბეს ოფიცრები დაგვადგნენ სახლში და ბიბლიური ლიტერატურის ძებნა დაიწყეს. ეძებდნენ ყველგან, თივაშიც კი. ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკის დროს სიცხისგან გახვითქულ ოფიცრებს ტანსაცმელი დაესვარათ. მარიას ძალიან შეეცოდა ისინი, რადგან ესმოდა, რომ მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ. ის კომპოტით გაუმასპინძლდა მათ და ტანსაცმლის ჯაგრისი, წყლით სავსე თასი და პირსახოცები გამოუტანა. მოგვიანებით, როცა მათი უფროსი მოვიდა, ოფიცრებმა უამბეს ჩვენი სიკეთის შესახებ. წასვლისას უფროსმა გაგვიღიმა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დაგვიქნია. გვიხაროდა, რომ ჩვენს მცდელობას, ბოროტება სიკეთით დაგვეძლია, კარგი შედეგი მოჰყვა (რომ. 12:21).

ასეთი შევიწროების მიუხედავად, არმავირში ქადაგებას მაინც არ ვწყვეტდით. ვეხმარებოდით ახლომდებარე ქალაქ კურგანინსკში არსებულ პატარა ჯგუფსაც. ძალიან მიხარია, რომ დღეს არმავირში ექვსი კრებაა, კურგანინსკში კი — ოთხი.

იყო პერიოდები, როცა სულიერად მოვიკოჭლებდით, მაგრამ მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომელიც ერთგული ძმების მეშვეობით გვისწორებდა აზროვნებას და სულიერად გვაძლიერებდა (ფსალმ. 130:3). დიდი გამოცდა იყო კრებაში ფარულად შემოჭრილი კა-გე-ბეს აგენტების გვერდით მსახურება. ისინი გულმოდგინებითა და აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ზოგმა ორგანიზაციაში პასუხისმგებლობებიც კი მიიღო, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ნამდვილი ვინაობა გამოაშკარავდა.

1978 წელს მარია 45 წლის ასაკში კვლავ დაფეხმძიმდა. ვინაიდან გული აწუხებდა, ექიმები ფიქრობდნენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, აბორტი გაეკეთებინა. ამაზე მარიამ უარი განაცხადა. საავადმყოფოში ზოგიერთი ექიმი უკან დასდევდა, რათა როგორმე ნემსი გაეკეთებინათ, რომელიც ნაადრევ მშობიარობას გამოიწვევდა. ბავშვის გადასარჩენად მარია საავადმყოფოდან გამოიქცა.

კა-გე-ბემ ქალაქის დატოვება გვიბრძანა, ამიტომ საცხოვრებლად ესტონეთის დედაქალაქ ტალინთან ახლოს ერთ სოფელში გადავედით, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. საბედნიეროდ, ექიმების ვარაუდი არ გამართლდა და ჯანმრთელი ბავშვი შეგვეძინა, რომელსაც ვიტალი დავარქვით.

მოგვიანებით ესტონეთიდან სამხრეთ რუსეთში, ქალაქ ნეზლობნაიაში გადავედით. მეზობელ ქალაქებში, რომლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი დამსვენებელი ჩადიოდა, დიდი სიფრთხილით ვქადაგებდით. ისინი იქ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ჩადიოდნენ, მაგრამ უკან მარადიული სიცოცხლის იმედით ბრუნდებოდნენ.

შვილებს იეჰოვას სიყვარულს ვუნერგავთ

მე და ჩემი ცოლი ვცდილობდით, შვილებისთვის იეჰოვას სიყვარული და მისადმი მსახურების სურვილი ჩაგვენერგა. ხშირად ვეპატიჟებოდით მოწიფულ ძმებს, რომლებიც კარგ გავლენას ახდენდნენ ჩვენს შვილებზე. ხშირად გვსტუმრობდა ჩემი ძმა გრიგორიც, რომელიც 1970—1995 წლებში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. ყველას გვიხაროდა მისი მოსვლა, რადგან მხიარული ადამიანი იყო და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. სტუმრებთან ერთად ხშირად ვთამაშობდით ბიბლიურ თამაშებს, რამაც ჩვენს შვილებს ბიბლიური ისტორიები შეაყვარა.

ჩემი ვაჟები ცოლებთან ერთად

მარცხნიდან მარჯვნივ, უკან: იაროსლავი, პაველი და ვიტალი

წინ: ალიონა, რაია და სვეტლანა

1987 წელს იაროსლავი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადავიდა, სადაც უფრო თავისუფლად შეძლებდა ქადაგებას. მაგრამ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს და მას წელიწად-ნახევრის მანძილზე ცხრა სხვადასხვა ციხეში მოუწია სასჯელის მოხდა. იმის ცოდნა, რაც მე გადავიტანე ციხეში, დაეხმარა იაროსლავს, აეტანა ეს ყველაფერი. მოგვიანებით მან პიონერად მსახურება დაიწყო. 1990 წელს 19 წლის პაველს უნდოდა, კუნძულ სახალინზე ემსახურა პიონერად. ეს კუნძული იაპონიის ჩრდილოეთით მდებარეობს. თავიდან არ გვინდოდა მისი გაშვება. იმ კუნძულზე მხოლოდ 20 მაუწყებელი მსახურობდა და თანაც ჩვენგან 9 000-ზე მეტი კილომეტრით იყო დაშორებული. მაგრამ მოგვიანებით დავთანხმდით და ეს კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ხალხი იქ კარგად გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. რამდენიმე წელიწადში სახალინზე რვა კრება ჩამოყალიბდა. პაველი იქ 1995 წლამდე მსახურობდა. იმ დროს სახლში მხოლოდ უმცროსი ვაჟი ვიტალი გვყავდა. მას ბავშვობიდანვე უყვარდა ბიბლიის კითხვა. ის 14 წლის ასაკში შეუდგა პიონერულ მსახურებას. ორი წელი მეც ვიმსახურე მასთან ერთად სრული დროით. ეს პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება. 19 წლის რომ გახდა, ვიტალიმ სპეციალურ პიონერად დაიწყო მსახურება.

1952 წელს კა-გე-ბეს ოფიცერმა მარიას უთხრა: „ან რწმენა უარყავი, ან ათწლიანი პატიმრობისთვის გაემზადე. როცა იქიდან გამოხვალ, უკვე ბებერი და მარტოსული იქნები“. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა — ჩვენ ვგრძნობდით ერთგული ღვთის, იეჰოვას, ჩვენი შვილებისა და იმ ადამიანების სიყვარულს, რომელთაც ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარეთ. მე და მარიას ძალიან გვიხაროდა შვილებთან სტუმრობა და იმ მადლიერ ხალხთან შეხვედრა, რომელთაც ისინი იეჰოვას გაცნობაში დაეხმარნენ.

იეჰოვას სიკეთისთვის მადლიერნი

1991 წელს რუსეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ოფიციალურად გატარდა რეგისტრაციაში. ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას. ჩვენმა კრებამ ავტობუსიც კი შეიძინა, რომ უქმეებზე მეზობელ ქალაქებსა თუ სოფლებში გვექადაგა.

მარიასთან ერთად 2011 წელს

მიხარია, რომ იაროსლავი და მისი მეუღლე ალიონა, პაველი და მისი მეუღლე რაია ბეთელში მსახურობენ. ვიტალი და მისი ცოლი სვეტლანა კი სარაიონო მსახურებას ეწევიან. ჩვენი უფროსი ქალიშვილი ირინა ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. მისი მეუღლე ვლადიმერი და სამივე ვაჟი უხუცესებად მსახურობენ. ჩვენი ქალიშვილი ოლგა ესტონეთში ცხოვრობს და ხშირად მეხმიანება. სამწუხაროდ, ჩემი ძვირფასი მეუღლე 2014 წელს დაიღუპა. ერთი სული მაქვს, როდის დაუბრუნებს იეჰოვა სიცოცხლეს და კვლავ ვიხილავ მას. ამჟამად ქალაქ ბელგოროდში ვცხოვრობ და თანაქრისტიანები მეხმარებიან.

იეჰოვას მსახურებაში გატარებული წლების მანძილზე მივხვდი, რომ ერთგულების შენარჩუნება დიდ ფასად ჯდება, თუმცა ეს არაფერია იმ შინაგან სიმშვიდესთან შედარებით, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს. იეჰოვამ მე და მარია იმაზე მეტად გვაკურთხა ერთგულებისთვის, ვიდრე წარმოვიდგენდით. 1991 წელს, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, მის ტერიტორიაზე 40 000-ზე მეტი მაუწყებელი იყო. დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 400 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს! უკვე 83 წლისა ვარ და დღემდე უხუცესად ვმსახურობ. მე და მარია ყოველთვის ვგრძნობდით იეჰოვას მხარდაჭერას, რაც ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარებოდა. ნამდვილად, იეჰოვამ უხვად დამაჯილდოვა! (ფსალმ. 13:5, 6).

^ აბზ. 4 კა-გე-ბე არის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის რუსული აბრევიატურა.

^ აბზ. 6 გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.