არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გაიხადეთ ძველი პიროვნება“ და სამუდამოდ მოიშორეთ ის

„გაიხადეთ ძველი პიროვნება“ და სამუდამოდ მოიშორეთ ის

„გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ“ (კოლ. 3:9).

სიმღერები: 83, 129

1, 2. რას აღნიშნავს ხალხი იეჰოვას მოწმეების შესახებ?

ბევრი აღნიშნავს, რომ იეჰოვას ხალხი კარგი თვისებებით გამოირჩევა. მწერალი ანტონ გილი ნაცისტური რეჟიმის დროს მცხოვრები მოწმეების შესახებ წერდა: „ნაცისტებს იეჰოვას მოწმეები განსაკუთრებით სძულდათ. 1939 წლისთვის საკონცენტრაციო ბანაკებში 6 000 იეჰოვას მოწმე იყო“. ის დასძენს, რომ სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, მოწმეები სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ, ნდობით სარგებლობდნენ, თავიანთი ღვთის ერთგულები და ერთ მუშტად შეკრულები რჩებოდნენ.

2 რამდენიმე წლის წინ სამხრეთ აფრიკის მოსახლეობამ მსგავსი სულისკვეთება დაინახა იეჰოვას ხალხში. ერთ დროს ამ ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა რასის ადამიანებს არ შეეძლოთ ერთმანეთთან ურთიერთობა. თუმცა სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ 2011 წლის 18 დეკემბერს, კვირა დღეს, იოჰანესბურგის ყველაზე დიდ სტადიონზე სხვადასხვა რასის 78 000-ზე მეტი ადამიანი შეკრებილიყო სულიერი პროგრამის მოსასმენად. მათ შორის იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული და-ძმები. სტადიონის ერთმა თანამშრომელმა მათზე თქვა: „ასეთი კარგი ყოფა-ქცევის ხალხი ამ სტადიონზე არასდროს შეკრებილა. ყველას კოხტად აცვია. ჩვენი სტადიონი ასე არავის დაუსუფთავებია. თუმცა განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ თქვენს რელიგიაში ამდენი რასის ადამიანია გაერთიანებული“.

3. რით არის ჩვენი საძმო გამორჩეული?

3 ზემოხსენებული კომენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამორჩეული საერთაშორისო საძმოს წევრები ვართ (1 პეტ. 5:9). რა გამოგვარჩევს სხვებისგან? ის, რომ ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის დახმარებით ვცდილობთ, გავიხადოთ „ძველი პიროვნება“ და შევიმოსოთ „ახალი პიროვნებით“ (კოლ. 3:9, 10).

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში და რატომ?

4 ერთია, გაიხადო „ძველი პიროვნება“ და სულ სხვაა, სამუდამოდ მოიშორო ის. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია გავიხადოთ „ძველი პიროვნება“, რატომ არის ეს გადაუდებელი და რატომ შეგვიძლია მისი მოშორება მაშინაც კი, როცა ესა თუ ის ცუდი ჩვევა ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი. აგრეთვე განვიხილავთ, რის გაკეთება მართებთ ღვთის დიდი ხნის მსახურებს, რომ აღარ დაუბრუნდნენ ძველ საქმეებს. რატომ გვჭირდება ამის შეხსენება? სამწუხაროდ, მათ, ვინც ერთ დროს ემსახურებოდა იეჰოვას, მოადუნეს ყურადღება და ძველ საქმეებს დაუბრუნდნენ. ამიტომ ყურად უნდა ვიღოთ გაფრთხილება: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1 კორ. 10:12).

„ჩაკალით“ არასწორი სურვილები — სიძვა

5. ა) რატომ უნდა მოვიშოროთ „ძველი პიროვნება“ დაუყოვნებლივ? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე). ბ) კოლოსელების 3:5—9-ის თანახმად, რა ცუდი საქმეები ახასიათებს „ძველ პიროვნებას“?

5 როგორ მოიქცევით, თუ ტანსაცმელი დაგესვრებათ და უსიამოვნო სუნი აუვა? ალბათ, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, გამოიცვლით. მსგავსად, დაუყოვნებლივ უნდა დავემორჩილოთ მითითებას, რომ მოვიშოროთ ისეთი ჩვევები, რომლებიც ღმერთს არ მოსწონს. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ პავლეს ნათელი მითითება, რომელიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისცა: „მოიშორეთ ყოველივე ეს“. განვიხილოთ პავლეს მიერ ჩამოთვლილი ცუდი საქმეებიდან ორი — სიძვა და უწმინდურება (წაიკითხეთ კოლოსელების 3:5—9).

6, 7. ა) რატომ არის საჭირო მკაცრი ზომების მიღება „ძველი პიროვნების“ მოსაშორებლად? ბ) როგორ ცხოვრებას ეწეოდა საკურა და რა დაეხმარა, შეცვლილიყო?

6 სიძვა. „სიძვად“ ნათარგმნი სიტყვა დედნისეულ ენაზე გულისხმობს, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის უკანონო სქესობრივ ურთიერთობას, ისე ერთი სქესის ადამიანებს შორის სქესობრივ ურთიერთობას. პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა, ჩაეკლათ თავიანთი „სხეულის ნაწილები“, ანუ ჩაეხშოთ ნებისმიერი სურვილი, რომელიც სიძვამდე მიიყვანდა მათ. პავლეს სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ასეთი ცუდი სურვილების ამოსაძირკვად მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო. ფაქტია, ცოდვილ სურვილებზე გამარჯვება შესაძლებელია.

7 დავფიქრდეთ იაპონელი დის, საკურას * შემთხვევაზე. მოზარდობის წლებში მას მარტოობისა და სიცარიელის გრძნობა ტანჯავდა. უარყოფით გრძნობებს რომ მორეოდა, 15 წლის ასაკში სქესობრივი ცხოვრება დაიწყო და რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა. ახლა საკურა ძალიან წუხს იმის გამო, რომ სამი აბორტის გაკეთება მოუწია. ის ამბობს: „თავიდან უზნეო ცხოვრებამ თავდაჯერებულობა შემძინა, რადგან ვფიქრობდი, რომ ვიღაცას ვუყვარდი და ვჭირდებოდი, მაგრამ რაც უფრო ხშირად მქონდა სქესობრივი ურთიერთობა, თავს უფრო უარესად ვგრძნობდი“. ასეთ ცხოვრებას ის 23 წლამდე ეწეოდა. შემდეგ მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. საკურას ძალიან მოსწონდა, რასაც სწავლობდა. მან იეჰოვას დახმარებით მიატოვა უზნეო ცხოვრება და დაძლია დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა. ახლა ის პიონერად მსახურობს და მეტად აღარ იტანჯება მარტოობით. ის ამბობს: „ბედნიერი ვარ, რადგან იეჰოვას სიყვარული დღითი დღე უფრო მეტად მითბობს გულს“.

უწმინდური ჩვევების დაძლევა

8. რა საქმეების გამო შეიძლება ჩავითვალოთ ღვთის თვალში უწმინდურად?

8 უწმინდურება. „უწმინდურებად“ ნათარგმნი სიტყვა დედნისეულ ენაზე ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და მასში სექსუალური ხასიათის ცოდვაზე მეტი იგულისხმება. უწმინდურებაში შეიძლება შედიოდეს ისეთი საზიანო ჩვევები, როგორიცაა სიგარეტის მოწევა და უხამსი ხუმრობა (2 კორ. 7:1; ეფეს. 5:3). გარდა ამისა, ამაში იგულისხმება უწმინდური საქციელი, რომელსაც ადამიანი მარტო ყოფნის დროს ჩადის, მაგალითად, კითხულობს სექსუალური სურვილების აღმძვრელ მასალას ან უყურებს პორნოგრაფიას, რამაც შეიძლება ის მასტურბაციამდე მიიყვანოს (კოლ. 3:5). *

9. რა ცუდი შედეგები მოჰყვება გაუკონტროლებელ ხორციელ სურვილებს?

9 ადამიანი, რომელსაც პორნოგრაფიის ყურება ჩვევაში გადასდის, ვეღარ აკონტროლებს ხორციელ სურვილებს და შეიძლება სექსზე დამოკიდებული გახდეს. კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანი, რომელსაც პორნოგრაფიის ყურების დაუცხრომელი სურვილი აქვს, ისევე დამოკიდებული ხდება მასზე, როგორც ალკოჰოლიკი — სასმელზე და ნარკომანი — ნარკოტიკზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პორნოგრაფიის ყურებას ცუდი შედეგები მოყვება, მაგალითად სირცხვილის გრძნობა, შრომის ნაყოფიერების შემცირება, უბედური ოჯახური ცხოვრება და განქორწინება. ზოგჯერ ასეთი ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიდიან. პორნოგრაფიის ყურებისთვის თავის დანებებიდან ერთი წლის თავზე ერთი მამაკაცი წერდა: „როგორც იქნა, დამიბრუნდა საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა“.

10. როგორ დაძლია რიბეირომ პორნოგრაფიის ყურების ძლიერი სურვილი?

10 ბევრი დღემდე ებრძვის ამ საშინელ ჩვევას. ბრაზილიელი რიბეიროს შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელია. რიბეირო მოზარდი იყო, როცა სახლიდან წავიდა. მოგვიანებით მან მაკულატურის გადამამუშავებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც პორნოგრაფიულ მასალას წააწყდა. ის იხსენებს: „ნელ-ნელა იმდენად დამოკიდებული გავხდი, რომ ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა ჩემი შეყვარებული სახლიდან, რათა პორნოგრაფიისთვის მეყურებინა“. ერთხელ სამსახურში მან გადასამუშავებლად გამზადებულ ლიტერატურაში შენიშნა წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ და გადაწყვიტა, წაეკითხა. მას იმდენად მოეწონა ეს წიგნი, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თუმცა მავნე ჩვევის მიტოვება მისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა. რა დაეხმარა მას? რიბეირო გვიხსნის: „ლოცვის, ბიბლიის შესწავლისა და ნასწავლზე ფიქრის შედეგად იმდენად შემიყვარდა იეჰოვა მისი თვისებების გამო, რომ შევძელი ამ საშინელი ჩვევის დაძლევა“. ღვთის სიტყვითა და წმინდა სულით გაძლიერებულმა რიბეირომ, ასე ვთქვათ, გაიხადა „ძველი პიროვნება“, თავი მიუძღვნა იეჰოვას და დღეს უხუცესად მსახურობს.

11. რა დაგვეხმარება, არ გავებათ პორნოგრაფიის მახეში?

11 ალბათ, შენიშნეთ, რომ რიბეირომ უბრალოდ კი არ შეისწავლა ბიბლია, არამედ საშუალება მისცა ღვთის სიტყვას, რომ მის გულსა და გონებაზე ემოქმედა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა. ლოცვამ და ფიქრმა იმდენად გაუძლიერა ღვთისადმი სიყვარული, რომ პორნოგრაფიის ყურების ძლიერი სურვილი დააძლევინა. იეჰოვას სიყვარული და ბოროტების სიძულვილი ჩვენც დაგვეხმარება, არ გავებათ პორნოგრაფიის მახეში (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10).

მოიშორეთ ბრაზი, ლანძღვა და სიცრუე

12. რა დაეხმარა სტივენს, მოეშორებინა ლანძღვა და ბრაზი?

12 ხშირად ფიცხი ხასიათის ადამიანები ბრაზს ლანძღვით გამოხატავენ. ცხადია, ასეთი საქციელი ძირს უთხრის ოჯახის ბედნიერებას. სტივენი, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, გვიყვება: „სულ ვილანძღებოდი და პატარა რაღაცასაც კი მდგომარეობიდან გამოვყავდი. მე და ჩემი ცოლი სამჯერ დავშორდით ერთმანეთს და უკვე განქორწინებასაც ვაპირებდით“. შემდეგ წყვილმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. შეიცვალა რამე მას შემდეგ, რაც სტივენმა ბიბლიური პრინციპები გამოიყენა ცხოვრებაში? ის ამბობს: „ჩვენი ურთიერთობები ბევრად გაუმჯობესდა. იეჰოვას დახმარებით საოცარი სიმშვიდის გრძნობა გამიჩნდა, არადა მანამდე ნაღმივით ვიყავი და ყოველ წუთს შეიძლებოდა ავფეთქებულიყავი“. დღეს სტივენი მომსახურეა, მისი ცოლი კი რამდენიმე წელია, პიონერად მსახურობს. კრების უხუცესები სტივენს ახასიათებენ, როგორც „მშვიდ, თავმდაბალ და შრომისმოყვარე ადამიანს“. მათ არასოდეს უნახავთ ის გაბრაზებული. სტივენს ესმის, რომ ეს მისი დამსახურება არ არის და ამბობს: „ეს შესანიშნავი კურთხევები არ მექნებოდა, თუ იეჰოვას ჩემი გარდაქმნის საშუალებას არ მივცემდი“.

13. რა ცუდი შედეგები მოჰყვება ბრაზის გადმონთხევას და რა გაფრთხილებას გვაძლევს ბიბლია?

13 ბიბლია საფუძვლიანი მიზეზების გამო გვირჩევს, მოვიშოროთ ბრაზი, ყვირილი და ლანძღვა (ეფეს. 4:31). ხშირად ძალადობის მიზეზი სწორედ ასეთი საქციელი ხდება. ამ ქვეყნიერებაში მცხოვრები ხალხისთვის შეიძლება სავსებით ნორმალურია ბრაზის გადმონთხევა, მაგრამ ასეთი საქციელი შეურაცხყოფს ჩვენს შემოქმედს. ბევრს მოუწია „ძველი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი თვისებების მოშორება, რათა „ახალი პიროვნებით“ შემოსილიყო (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:8—11).

14. შესაძლებელია, აგრესიული ადამიანი თვინიერი გახდეს?

14 დავფიქრდეთ ჰანსის მაგალითზე, რომელიც ავსტრიის ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს. ამ კრების უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი მასზე ამბობს: „ნებისმიერი ინატრებს ასეთ თავმდაბალ ადამიანთან ურთიერთობას“. თუმცა ჰანსი ყოველთვის ასეთი არ იყო. მოზარდობის ასაკში მან სმა დაიწყო და ძალიან აგრესიული გახდა. ერთხელაც სიმთვრალეში ჰანსმა თავისი შეყვარებული მოკლა, რის გამოც 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში ყოფნის პირველ ხანებში მას ხასიათი არ შეცვლია. რაღაც დროის შემდეგ დედამისმა კრების უხუცესს სთხოვა, მისი შვილი ციხეში მოენახულებინა. ჰანსმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის ამბობს: «ძალიან გამიჭირდა „ძველი პიროვნების“ მოშორება. მამხნევებდა ესაიას 55:7, სადაც წერია: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა“ და 1 კორინთელების 6:11, სადაც იმ ადამიანებზე, რომლებმაც მიატოვეს ცოდვილი გზა, ნათქვამია: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“. მრავალი წლის მანძილზე იეჰოვა წმინდა სულის მეშვეობით მეხმარებოდა, „ახალი პიროვნებით“ შევმოსილიყავი». როცა ის ჩვიდმეტწელიწად-ნახევრის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს, უკვე მონათლული ქრისტიანი იყო. ჰანსი ამბობს: „მადლიერი ვარ იეჰოვას უსაზღვრო წყალობისა და პატიებისთვის“.

15. როგორ იქცევა ხალხი დღეს და რას ამბობს ამაზე ბიბლია?

15 ლანძღვის გარდა, „ძველი პიროვნებისთვის“ ტყუილის თქმაც არის დამახასიათებელი. მაგალითად, დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ადამიანები სახელმწიფოს უმალავენ თავიანთ შემოსავალს ან იტყუებიან იმის გამო, რომ ჩადენილი საქციელისთვის პასუხი არ აგონ. მაგრამ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია (ფსალმ. 31:5). ის თავისი მსახურებისგან მოითხოვს, რომ თითოეულმა „მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ და არ მოატყუოს (ეფეს. 4:25; კოლ. 3:9). აქედან გამომდინარე, სიმართლე მაშინაც უნდა ვილაპარაკოთ, როცა ეს რთულია ან შეიძლება უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩაგვაგდოს (იგავ. 6:16—19).

მათ გაიმარჯვეს!

16. როგორ შეძლო ზოგმა „ძველი პიროვნების“ მოშორება?

16 „ძველი პიროვნების“ მოშორება მხოლოდ საკუთარი ძალით შეუძლებელია. სტატიაში მოხსენიებულ საკურას, რიბეიროს, სტივენსა და ჰანსს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდათ ცუდი ჩვევების მოშორება. მათ გამარჯვება მხოლოდ ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის ძალით შეძლეს (ლუკ. 11:13; ებრ. 4:12). ამ ძალის მისაღებად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია, ვიფიქროთ წაკითხულზე და გამუდმებით ვთხოვოთ იეჰოვას სიბრძნე და ძალა, რათა შევძლოთ ბიბლიური რჩევების ცხოვრებაში გამოყენება (იეს. 1:8; ფსალმ. 119:97; 1 თეს. 5:17). ღვთის სიტყვა და წმინდა სული მაშინაც გვეხმარება, როცა კრების შეხვედრებისთვის ვემზადებით და ვესწრებით მათ (ებრ. 10:24, 25). გარდა ამისა, გვინდა, ვისარგებლოთ ყველა საშუალებით, რომლითაც დღეს სულიერი საზრდო მთელ მსოფლიოში მიეწოდება ღვთის ხალხს (ლუკ. 12:42).

როგორ შეგვიძლია „ძველი პიროვნების“ მოშორება? (იხილეთ აბზაცი 16)

17. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე ცუდ ჩვევაზე, რომლებიც ქრისტიანებმა უნდა მოიშორონ და აღარასოდეს უნდა დაუბრუნდნენ მათ. მაგრამ საკმარისია მხოლოდ ეს, რომ ღვთის მოწონება მივიღოთ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ „ახალი პიროვნებით“ უნდა შევიმოსოთ. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელ რამდენიმე თვისებას, რომლებითაც სამუდამოდ უნდა „შევიმოსოთ“.

^ აბზ. 7 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 8 იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, თავი 25.