არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტებას „მშვიდობა კი არა, მახვილი“ მოაქვს

ჭეშმარიტებას „მშვიდობა კი არა, მახვილი“ მოაქვს

„არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი“ (მათ. 10:34).

სიმღერები: 125, 135

1, 2. ა) რა სახის მშვიდობა გვაქვს დღეს? ბ) რა გვიშლის ხელს, რომ ბოლომდე გავიხაროთ მშვიდობით? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ყველას გვსურს, მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება გვქონდეს. რა ბედნიერებაა, რომ იეჰოვას მსახურებს გვაქვს „ღვთის მშვიდობა“ — შინაგანი სიმშვიდე, რომელსაც შეუძლია დაგვიცვას მშფოთვარე ფიქრებისა და უარყოფითი გრძნობებისგან! (ფილ. 4:6, 7). ამასთანავე, როგორც ღვთის მიძღვნილი მსახურები, ღმერთთან მშვიდობას ანუ კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ (რომ. 5:1).

2 მაგრამ ჯერ არ დამდგარა დრო, როცა ღმერთი მთელ დედამიწაზე დაამყარებს მშვიდობას. ამ მძიმე, ძნელად ასატან დროში ხშირია დაპირისპირებები. აგრესიას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით (2 ტიმ. 3:1—4). ჩვენ, როგორც ქრისტიანები, სატანისა და მისი ცრუ სწავლებების წინააღმდეგ სულიერ ომში ვართ ჩაბმულნი (2 კორ. 10:4, 5). თუმცა ჩვენს მშვიდობას საფრთხე ყველაზე მეტად შეიძლება ოჯახის წევრებისგან დაემუქროს, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას. ზოგი შეიძლება მასხრად გვიგდებს, ოჯახების ნგრევაში გვადანაშაულებს ან ურთიერთობის გაწყვეტით გვემუქრება. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ დროს? როგორ შეგვიძლია თავი გავართვათ ასეთ პრობლემას და მშვიდობა შევინარჩუნოთ?

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობაზე

3, 4. ა) რა მოჰყვება ქრისტეს სწავლებების მიყოლას? ბ) როდის შეიძლება განსაკუთრებით გართულდეს ქრისტეს მიმდევრობა?

3 იესომ იცოდა, რომ მის სწავლებებს ყველა არ გამოეხმაურებოდა, ამიტომ მის მიმდევრებს წინააღმდეგობების ასატანად გამბედაობა დასჭირდებოდათ. ქრისტიანებს შეიძლებოდა ოჯახის წევრები დაპირისპირებოდნენ და მათ შორის მშვიდობა დარღვეულიყო. იესომ თქვა: „არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი; მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის. კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:34—36).

4 სიტყვებით „არ იფიქროთ, რომ . . . მშვიდობის მოსატანად მოვედი“, იესოს სურდა, დაეფიქრებინა მსმენელი, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის მიმდევრობას. მის ცნობას შეიძლებოდა ადამიანებს შორის განხეთქილება ჩამოეგდო. რა თქმა უნდა, მისი მიზანი ხალხისთვის ღვთის ცნობის გადაცემა იყო და არა ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაპირისპირება (იოან. 18:37). თუმცა მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობამ შეიძლება ღვთის მსახურს ქრისტეს სწავლებების ერთგულად მიყოლა გაურთულოს.

5. რის ატანა მოუწევდათ იესოს მიმდევრებს?

5 იესომ თქვა, რომ ერთ-ერთი, რის ატანაც მის მიმდევრებს მოუწევდათ, ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა იყო (მათ. 10:38). მათ დაცინვა და ახლობელი ადამიანების გულცივი დამოკიდებულება უნდა აეტანათ, რათა დაემტკიცებინათ, რომ იესოს ღირსნი იყვნენ. თუმცა იესოს მიმდევრებმა გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე დათმეს (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30).

6. რა უნდა გვახსოვდეს, თუ ნათესავები რწმენის გამო გვეწინააღმდეგებიან?

6 წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გვიყვარს ნათესავები, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გულში მთავარი ადგილი იეჰოვას და იესოს უნდა ეკავოს (მათ. 10:37). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანა ეცდება, ოჯახის წევრებისადმი სიყვარული ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, რათა იეჰოვასადმი ერთგულება შეგვირყიოს. განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია და ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია თავი გავართვათ ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას და მათთან მშვიდობიანი ურთიერთობა შევინარჩუნოთ.

მეუღლე, რომელიც თქვენს რწმენას არ იზიარებს

7. როგორ უნდა უყურებდნენ თავიანთ მდგომარეობას ის ქრისტიანები, რომელთა მეუღლეებიც არ იზიარებენ მათ რწმენას?

7 ბიბლია გვაფრთხილებს, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორ. 7:28). თუ მეუღლე არ იზიარებს თქვენს რწმენას, შეიძლება სხვებზე მეტი საწუხარი და პრობლემები გქონდეთ. თუმცა აუცილებელია, რომ თქვენს მდგომარეობას იეჰოვას თვალით შეხედოთ. ის, რომ თქვენს მეუღლეს არ სურს ქრისტეს მიმდევრობა, არ ნიშნავს, რომ განცალკევებით ცხოვრების ან გაყრის საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ (1 კორ. 7:12—16). თუ თქვენი ქმარი არ ემსახურება იეჰოვას და არ ზრუნავს ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე, ის მაინც იმსახურებს თქვენი მხრიდან პატივისცემას, რადგან ოჯახისთავია. ქრისტიან მამაკაცებსაც მართებთ, სიყვარული და მზრუნველობა გამოავლინონ ცოლების მიმართ, რომლებიც არ იზიარებენ მათ რწმენას (ეფეს. 5:22, 23, 28, 29).

8. რა კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავს, თუ მეუღლე ღვთის მსახურებაში შეზღუდვებს გიდგენთ?

8 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეუღლე ღვთის მსახურებაში შეზღუდვებს გიდგენთ? მაგალითად, ერთ დას მისმა მეუღლემ სთხოვა, რომ მსახურებაში კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე გასულიყო. თუ თქვენც ამ დის მდგომარეობაში ხართ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: საერთოდ მიკრძალავს ქმარი მსახურებას? თუ ეს ასე არ არის, შემიძლია გავითვალისწინო მისი თხოვნა? კეთილგონიერება დაგეხმარებათ, რომ თავიდან აირიდოთ მეუღლესთან ზედმეტი პრობლემები (ფილ. 4:5).

9. როგორ შეუძლია ქრისტიან მშობელს პატივისცემა ჩაუნერგოს შვილებს თავისი მეუღლის მიმართ, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე?

9 რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ადვილი არ არის შვილების აღზრდა. მაგალითად, გინდათ, რომ შვილს ასწავლოთ ბიბლიური პრინციპის დაცვა: „პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფეს. 6:1—3). მაგრამ როგორ მოიქცევით, თუ თქვენი მეუღლე არ ცხოვრობს ბიბლიური ნორმების თანახმად? პატივი ეცით მეუღლეს და ამგვარად კარგი მაგალითი მიეცით შვილებს. ყურადღება გაამახვილეთ მის კარგ თვისებებზე და მადლიერება გამოხატეთ ყველაფრისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებთან უარყოფითად ილაპარაკოთ მეუღლეზე, აუხსენით მათ, რომ ყველას პირადი გადასაწყვეტია, ემსახურება თუ არა იეჰოვას. ასეთი მშობელი შეიძლება ბავშვების კარგმა საქციელმა მიიზიდოს ჭეშმარიტებისკენ.

ასწავლეთ შვილებს ბიბლიური ჭეშმარიტება, როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემათ (იხილეთ აბზაცი 10)

10. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს ჭეშმარიტება ასწავლონ შვილებს რელიგიურად დაყოფილ ოჯახში?

10 ზოგ მშობელს სურს, რომ შვილები თავისი რელიგიის სწავლებებს აზიაროს ან დღესასწაულებში მიაღებინოს მონაწილეობა. ზოგმა ქმარმა შეიძლება აუკრძალოს ცოლს, რომ ბავშვებს ბიბლიიდან რამე ასწავლოს. ამ შემთხვევაშიც კი ქრისტიანი ცოლი ყველანაირად ცდილობს, რომ შვილებს ბიბლიური ჭეშმარიტება შეაყვაროს (საქ. 16:1; 2 ტიმ. 3:14, 15). მაგალითად, ქმარმა შეიძლება აუკრძალოს ცოლს, რომ არასრულწლოვან შვილებს ბიბლიის შესწავლა ჩაუტაროს ან ისინი კრების შეხვედრებზე ატაროს. ცოლი, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ქმრის გადაწყვეტილებას, თუმცა შეძლებისდაგვარად იყენებს სხვადასხვა სიტუაციას, რომ შვილებს ბიბლიური ნორმები ჩაუნერგოს და იეჰოვას გაცნობაში დაეხმაროს (საქ. 4:19, 20). ცხადია, საბოლოოდ ბავშვები თავად გადაწყვეტენ, ემსახურებიან თუ არა იეჰოვას (კან. 30:19, 20). *

მოწინააღმდეგე ნათესავები

11. რატომ შეიძლება დაგეძაბოთ ნათესავებთან ურთიერთობა?

11 შესაძლოა თავიდანვე არ ვუთხარით ნათესავებს, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას ვსწავლობდით, მაგრამ სულიერ ზრდასთან ერთად მივხვდით, რომ ჩვენი რწმენის შესახებ სახალხოდ უნდა გაგვეცხადებინა (მარ. 8:38). თუ თქვენ უკვე გადადგით ეს გაბედული ნაბიჯი და ამის გამო ნათესავებთან პრობლემები შეგექმნათ, ქვემოთ განხილული რჩევები დაგეხმარებათ, რომ ნათესავებთანაც მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნოთ და იეჰოვასაც უერთგულოთ.

12. რატომ შეიძლება გვეწინააღმდეგებოდნენ ნათესავები და როგორ შეგვიძლია ვაგრძნობინოთ, რომ გვესმის მათი?

12 შეეცადეთ გაუგოთ მათ. მართალია, ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჭეშმარიტება ვიპოვეთ, მაგრამ ჩვენი ნათესავები შესაძლოა ფიქრობენ, რომ შეცდომაში ვართ შეყვანილი ან რაღაც სექტაში ჩაგვითრიეს. შეიძლება ასკვნიან, რომ აღარ გვიყვარს ისინი, რადგან მათთან ერთად აღარ აღვნიშნავთ დღესასწაულებს. ალბათ, ისინი იმასაც კი შიშობენ, რომ ამის გამო ღმერთი იმ ქვეყნად მოგვკითხავს პასუხს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, გავუგოთ მათ, საკითხს მათი გადასახედიდან შევხედოთ და ყურადღებით მოვუსმინოთ, რომ დავინახოთ მათი წუხილის ნამდვილი მიზეზი (იგავ. 20:5). პავლე მოციქული ცდილობდა, ყველანაირი ადამიანისთვის გაეგო, რათა მათთვის სასიხარულო ცნობა ეუწყებინა. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენც დაგვეხმარება ნათესავებთან ქადაგების დროს (1 კორ. 9:19—23).

13. რა უნდა გავითვალისწინოთ იმ ნათესავებთან საუბრისას, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას?

13 ესაუბრეთ რბილად. ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს“ (კოლ. 4:6). ნათესავებთან საუბრისას სულის ნაყოფი რომ გამოვავლინოთ, იეჰოვას წმინდა სული უნდა ვთხოვოთ. უნდა მოვერიდოთ მათ რელიგიურ შეხედულებებზე კამათს. თუ ისინი სიტყვით ან საქმით გულს გვტკენენ, შეგვიძლია მოციქულების მაგალითს მივბაძოთ. პავლე წერდა: „გვლანძღავენ — ვლოცავთ, გვდევნიან — ვითმენთ, სახელს გვიტეხენ — შეწყალებას ვთხოვთ“ (1 კორ. 4:12, 13).

14. რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს კარგ საქციელს?

14 კვლავაც კარგად მოიქეცით. რბილი პასუხით ნათესავებთან მშვიდობას შევინარჩუნებთ, თუმცა კარგი საქციელით გაცილებით მეტს მივაღწევთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:1, 2, 16). საკუთარი მაგალითით დაანახვეთ ნათესავებს, რომ იეჰოვას მოწმეებს ბედნიერი ოჯახები აქვთ, ზრუნავენ შვილებზე, ცხოვრობენ ბიბლიური პრინციპების თანახმად და აზრით აღსავსე ცხოვრება აქვთ. ნათესავებმა რომც არ გაიზიარონ ჩვენი რწმენა, გვახარებს იმის ცოდნა, რომ ჩვენი ერთგულებით გულს ვუხარებთ იეჰოვას.

15. რის გაკეთება გვმართებს, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს?

15 წინასწარ დაგეგმეთ. დაფიქრდით, რამ შეიძლება მიგიყვანოთ კონფლიქტამდე და როგორ გაუმკლავდებით დაძაბულ სიტუაციას (იგავ. 12:16, 23). ერთი ავსტრალიელი და გვიყვება: „ჩემს მამამთილს ჩვენი რწმენის გაგონებაც არ უნდოდა. სანამ მოსაკითხად დავურეკავდით, მე და ჩემი ქმარი ვლოცულობდით და იეჰოვას დახმარებას ვთხოვდით, რომ მის აგრესიაზე მშვიდად გვეპასუხა. წინასწარ ვგეგმავდით, რაზე ვისაუბრებდით, რომ არ გაგვეღიზიანებინა. აგრეთვე წინასწარ ვსაზღვრავდით, რამდენ ხანს ვისაუბრებდით, რადგან ხანგრძლივი საუბარი ხშირ შემთხვევაში რელიგიაზე ცხარე კამათით მთავრდებოდა“.

16. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ნათესავების წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობთ?

16 რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ აერიდებით ნათესავებთან რელიგიურ თემებზე კამათს. ამის გამო ზოგჯერ შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოთ, რადგან გიყვართ ნათესავები და გინდათ, რომ ასიამოვნოთ მათ. თუ ასეთი გრძნობები გეუფლებათ, შეეცადეთ, რომ ოჯახისა და ნათესავების სიყვარულზე მაღლა იეჰოვასადმი ერთგულება დააყენოთ. თქვენი ასეთი დამოკიდებულებით შეიძლება დაანახვოთ ახლობლებს, რომ ბიბლიის თანახმად ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტებას ძალით ვერავის მიაღებინებთ. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, თქვენი საქმეებით დაანახვოთ, რომ ბიბლიური ნორმების დაცვამ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ჩვენი მოსიყვარულე მამა მათაც აძლევს არჩევანის თავისუფლებას (ეს. 48:17, 18).

როცა ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას

17, 18. რა დაგეხმარებათ ტკივილთან გამკლავებაში, როცა ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას?

17 როცა ოჯახის წევრი ირიცხება ან კრებასთან ურთიერთობას წყვეტს, ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს გულში მახვილი ჩაგვცეს. როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამ ტკივილს?

18 მიჰყევით სულიერ განრიგს. რწმენის განმტკიცებაში დაგეხმარებათ ბიბლიის რეგულარული კითხვა, კრების შეხვედრებისთვის მომზადება, მათზე დასწრება, მსახურებაში მონაწილეობა და ლოცვაში იეჰოვასთვის იმის თხოვნა, რომ ამ ტკივილის ატანაში დაგეხმაროთ (იუდ. 20, 21). მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ატყობთ, რომ ამ საქმეებს გულს ვეღარ უდებთ და მექანიკურად აკეთებთ? ნუ დანებდებით! კარგი სულიერი განრიგი დაგეხმარებათ, რომ აკონტროლოთ თქვენი ფიქრები და გრძნობები. დაფიქრდით 73-ე ფსალმუნის დამწერზე. მას არასწორი აზროვნება შეეპარა და საგონებელში ჩავარდა, თუმცა მას შემდეგ შეიცვალა აზროვნება, რაც ღვთის საწმინდარში მივიდა (ფსალმ. 73:16, 17). თუ ერთგულად განაგრძობთ იეჰოვასადმი მსახურებას, თქვენც შეძლებთ მოერიოთ უარყოფით ფიქრებსა და გრძნობებს.

19. როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს?

19 მხარი დაუჭირეთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს. იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები არა მხოლოდ შემცოდველის, არამედ სხვების კეთილდღეობასაც ემსახურება, თუმცა თავიდან შეიძლება ძალიან ძნელი იყოს ამ ფაქტთან შეგუება (წაიკითხეთ ებრაელების 12:11). მაგალითად, იეჰოვა მოითხოვს, რომ არ გვქონდეს ურთიერთობა მოუნანიებელ შემცოდველებთან (1 კორ. 5:11—13). მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დიდი ტკივილის ფასად დაგვიჯდეს, აუცილებელი საჭიროების გარდა, არ უნდა ვიქონიოთ ურთიერთობა ოჯახის გარიცხულ წევრთან. ამაში შედის აგრეთვე ტელეფონით ან სოციალური ქსელებით კონტაქტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ან იმეილის გაგზავნა და წერილების წერა.

20. რისი იმედი არ უნდა დავკარგოთ?

20 ნუ დაკარგავთ იმედს. სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“, მათ შორის იმისაც, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი საყვარელი ადამიანი გონს მოეგება და იეჰოვას დაუბრუნდება (1 კორ. 13:7). თუ ატყობთ, რომ თქვენი ოჯახის წევრი ნელ-ნელა იცვლის ცხოვრების არასწორ წესს, ილოცეთ, რომ ღვთის სიტყვა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაეხმაროს და გამოეხმაუროს იეჰოვას თხოვნას: „დამიბრუნდი“ (ეს. 44:22).

21. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ იესომ თქვენს ოჯახშიც მოიტანა „მახვილი“?

21 იესომ თქვა, რომ, თუ მასზე მაღლა ადამიანებს დავაყენებთ, მისი ღირსები არ ვიქნებით. თუმცა ის დარწმუნებული იყო, რომ მისი მოწაფეები იპოვიდნენ საკუთარ თავში ძალას, ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლომდე ერთგულები დარჩენილიყვნენ. თუ იესომ თქვენს ოჯახშიც მოიტანა „მახვილი“, მიენდეთ იეჰოვას, რათა თავი გაართვათ ამ პრობლემას (ეს. 41:10, 13). გაიხარეთ იმით, რომ იეჰოვა და იესო იწონებენ თქვენს საქციელს და აუცილებლად დაგაჯილდოებენ ერთგულებისთვის.

^ აბზ. 10 რელიგიურად დაყოფილ ოჯახში შვილების აღზრდასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2002 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“.