არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეტლები და გვირგვინი დაგვიცავს

ეტლები და გვირგვინი დაგვიცავს

„მოხდება ეს, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას“ (ზაქ. 6:15).

სიმღერები: 17, 136

1, 2. რა მდგომარეობაში იყვნენ ისრაელები იერუსალიმში, როცა ზაქარიამ მეშვიდე ხილვა იხილა?

მეშვიდე ხილვის დასასრულს ზაქარიას ბევრი საფიქრალი გაუჩნდა. იეჰოვამ დაარწმუნა იგი, რომ ბოროტი საქმეების გამო უპატიოსნო ხალხს პასუხს მოსთხოვდა. ეს ნამდვილად შემატებდა მხნეობას წინასწარმეტყველს. მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცვლებოდა — ხალხი კვლავაც უპატიოსნოდ იქცეოდა და არ წყვეტდა ბოროტების ჩადენას. იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის დასრულებას პირი არ უჩანდა. რატომ შეწყვიტეს ასე მალე ისრაელებმა იეჰოვას მიერ დავალებული საქმის კეთება? მხოლოდ იმიტომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რომ უკეთესი ცხოვრება მოეწყოთ?

2 ზაქარიამ იცოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულები იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ „ჭეშმარიტმა ღმერთმა აღუძრა სული“, რომ მიეტოვებინათ თავიანთი სამუშაოები და სახლები, სადაც თავს დაცულად გრძნობდნენ (ეზრ. 1:2, 3, 5). მათ დატოვეს კარგად ნაცნობი ადგილი და იმ ქალაქისკენ გაემართნენ, რომელიც ბევრ მათგანს თვალითაც არ ენახა. იეჰოვას ტაძარი მათთვის სულერთი რომ ყოფილიყო, ისინი ნამდვილად არ დაადგებოდნენ დაახლოებით 1 600-კილომეტრიან ოღროჩოღრო და მთაგორიან გზას.

3, 4. რა წინააღმდეგობას შეხვდნენ შინ დაბრუნებული ისრაელები?

3 ბაბილონიდან იერუსალიმისკენ მიმავალ გრძელ და დამქანცველ გზაზე მგზავრობისას ისრაელები, ალბათ, ხშირად ფიქრობდნენ თავიანთ ახალ საცხოვრებელზე. მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ ერთ დროს იერუსალიმი ლამაზი და აყვავებული ქალაქი იყო. ხანდაზმულებს კარგად ახსოვდათ იერუსალიმის ტაძრის ძველი დიდება (ეზრ. 3:12). მათ შორის რომ ყოფილიყავით, რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, როცა პირველად მოჰკრავდით თვალს იერუსალიმს, რომელიც თქვენი ახალი საცხოვრებელი გახდებოდა? დაგანაღვლიანებდათ დანგრეული შენობების დანახვა, რომლებსაც ბალახი მოსდებოდა? შეადარებდით ბაბილონის მასიურ ორმაგ გალავანს იერუსალიმის დანგრეულ კედლებს, რომელთაც აღარც ჭიშკრები ჰქონდა და აღარც საგუშაგო კოშკები? ამ შემზარავი სურათის დანახვაზე ხალხს გული არ გასტეხია, რადგან მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს იეჰოვას ძლიერი ხელი, როცა სამშობლოსკენ მიმავალ ხიფათით სავსე გზას ადგნენ. მათ ჩასვლისთანავე ააგეს სამსხვერპლო ძველი ტაძრის ადგილას და იეჰოვასთვის ყოველდღიური მსხვერპლის შეწირვა დაიწყეს (ეზრ. 3:1, 2). ისინი ისეთი შემართებით შეუდგნენ საქმეს, რომ წარმოუდგენელი ჩანდა, რაიმეს მათში ეს სული ჩაექრო.

4 ტაძრის გარდა, ისრაელებს ქალაქების აღდგენაზეც უნდა ეზრუნათ. მათ უნდა აეშენებინათ სახლები, მოეყვანათ მოსავალი და გამოეკვებათ ოჯახები (ეზრ. 2:70). შინ დაბრუნებულებს წინ უამრავი საქმე ელოდათ, თუმცა მალევე გამოჩნდნენ მტრები, რომლებმაც მათი შეჩერება მოინდომეს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები თავიდან მტკიცედ იდგნენ, 15-წლიანმა წინააღმდეგობამ ნელ-ნელა ჩაკლა მათში თავდაპირველი შემართება (ეზრ. 4:1—4). ტაძრის მშენებლობა საბოლოოდ ძვ. წ. 522 წელს შეჩერდა, როცა სპარსეთის მეფემ იერუსალიმში მშენებლობის აკრძალვის ბრძანება გასცა. არავინ იცოდა, რას უქადდა მომავალი ამ ქალაქს (ეზრ. 4:21—24).

5. როგორ დაეხმარა იეჰოვა თავის ხალხს?

5 იეჰოვამ იცოდა, რა სჭირდებოდა მის ხალხს. ის, რაც ღმერთმა ზაქარიას ბოლო ხილვაში აჩვენა, დაარწმუნებდა ისრაელებს, რომ იეჰოვას ძალიან უყვარდა ისინი და აფასებდა მათ მიერ შესრულებულ საქმეს. გარდა ამისა, ის დაჰპირდა მათ, რომ დაიცავდა, თუ მის მიერ დავალებულ საქმეს განაგრძობდნენ. ტაძრის აღდგენის შესახებ იეჰოვამ თქვა: „მოხდება ეს, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას“ (ზაქ. 6:15).

ცხენებზე ამხედრებული ანგელოზთა ლაშქარი

6. ა) როგორ იწყება ზაქარიას მერვე ხილვა? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე) ბ) რატომ არის შებმული ეტლებში სხვადასხვა ფერის ცხენები?

6 ყველაზე მეტად ხალხს რწმენას ზაქარიას მერვე ხილვა გაუძლიერებდა (წაიკითხეთ ზაქარიას 6:1—3). წარმოიდგინეთ, რომ სპილენძის ორ მთას შორის საბრძოლველად გამზადებული ოთხი ეტლი გამოდის. ეტლებში სხვადასხვა ფერის ცხენებია შებმული, რის გამოც ადვილია მათი ერთმანეთისგან გარჩევა. „ეს რა არის?“ — იკითხა ზაქარიამ (ზაქ. 6:4). ამ კითხვაზე პასუხი ჩვენც გვაინტერესებს, რადგან ხილვა ჩვენც გვეხება.

იეჰოვა დღესაც იცავს და აძლიერებს თავის ხალხს ანგელოზების მეშვეობით

7, 8. ა) რაზე მიანიშნებს ორი მთა? ბ) რატომ არის ისინი სპილენძის?

7 ბიბლიაში მთები ხშირად სამეფოებს ან მთავრობებს განასახიერებს. ზაქარიას ხილვაში ნანახი მთები ძალიან ჰგავს დანიელის წინასწარმეტყველებაში აღწერილ ორ მთას. ერთი მთით წარმოდგენილია იეჰოვას უზენაესი და მარადიული მმართველობა, მეორე მთით კი — მესიანური სამეფო, რომელსაც სათავეში იესო უდგას (დან. 2:35, 45). 1914 წლის შემოდგომაზე იესოს გამეფების შემდეგ უკვე ორივე მთა ასრულებს მნიშვნელოვან როლს დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაში.

8 რატომ არის ეს მთები სპილენძის? სპილენძი საკმაოდ ძვირფასი და მბზინავი ლითონია. იეჰოვას მითითებით ის ჯერ კარვის აგების დროს გამოიყენეს, მოგვიანებით კი — იერუსალიმის ტაძრის მშენებლობის დროს (გამ. 27:1—3; 1 მეფ. 7:13—16). ამიტომ სპილენძის ორი სიმბოლური მთა მართებულად მიანიშნებს იეჰოვას უზენაესი მმართველობისა და მესიანური სამეფოს აღმატებულებაზე, რომლებიც უსაფრთხო გარემოს შეუქმნიან და კურთხევებს მოუტანენ კაცობრიობას.

9. ვინ არიან ეტლების მხედრები და რა დავალება მიეცა მათ?

9 ახლა დავუბრუნდეთ ეტლებს. რას განასახიერებენ ისინი და მათი მხედრები? ეტლების მხედრები ანგელოზები არიან. სავარაუდოდ, თითოეულ ეტლს ანგელოზთა ჯგუფი მართავს (წაიკითხეთ ზაქარიას 6:5—8). ისინი „მთელი დედამიწის უფლის წინაშე“ გამოვიდნენ სპეციალური მისიის შესასრულებლად. რა დავალება მიიღეს მათ? ეტლები და მათი მხედრები კონკრეტული ტერიტორიებისკენ გაემართნენ, რათა დაეცვათ იეჰოვას ხალხი, განსაკუთრებით „ჩრდილოეთის მიწისგან“ ანუ ბაბილონისგან. იეჰოვამ დაარწმუნა თავისი ხალხი, რომ ისინი აღარ ჩავარდებოდნენ ბაბილონის ხელში. როგორ ანუგეშებდა ეს სიტყვები იმ დროს ტაძრის მშენებლებს! მათ აღარ უნდა შეშინებოდათ მტრების.

10. რაში გვარწმუნებს ეტლებისა და მხედრების შესახებ ზაქარიას ხილვა?

10 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დღესაც იცავს და აძლიერებს თავის ხალხს ანგელოზების მეშვეობით (მალ. 3:6; ებრ. 1:7, 14). მას შემდეგ, რაც 1919 წელს სულიერი ისრაელი დიდი ბაბილონის სიმბოლური ტყვეობიდან გათავისუფლდა, სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გავრცელებას ხელს ვერაფერი უშლის (გამოცხ. 18:4). ვინაიდან ანგელოზები გვიცავენ, არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ იეჰოვას ხალხი ისევ აღმოჩნდება სულიერ ტყვეობაში (ფსალმ. 34:7). ნაცვლად ამისა, გვჯერა, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მსახურები სულიერად კვლავაც გაიზრდებიან და განმტკიცდებიან. ზაქარიას ხილვა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამ ორი მთის ჩრდილში ყოველთვის დაცულები ვიქნებით.

11. რატომ არ უნდა გვეშინოდეს ღვთის ხალხზე თავდასხმის?

11 ძალიან მალე სატანის ქვეყნიერების პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან ანუ ერთა კოალიციას შექმნიან ღვთის ხალხის გასანადგურებლად (ეზეკ. 38:2, 10—12; დან. 11:40, 44, 45; გამოცხ. 19:19). ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მათი ჯარები შედარებულია ღრუბელს, რომელიც მთელ მიწას ფარავს. ისინი გამძვინვარებულები არიან და ჩვენ წინააღმდეგ ცხენებზე ამხედრებულები გამოდიან (ეზეკ. 38:15, 16). * გვაქვს შიშის მიზეზი? სრულებითაც არა, რადგან ჩვენც გვიცავს ცხენოსანთა ლაშქარი! დიდი გასაჭირის კულმინაციურ მომენტში ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ანგელოზებისგან შემდგარი ჯარი გამოვა, რათა დაიცვას ღვთის ხალხი და გაანადგუროს ყველა, ვინც იეჰოვას უზენაესობას ეწინააღმდეგება (2 თეს. 1:7, 8). ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იქნება! მაგრამ ვინ წაუძღვება იეჰოვას ზეციერ ლაშქარს?

იეჰოვა მეფედ სცხებს მღვდელს

12, 13. ა) რის გაკეთება დაევალა ზაქარიას? ბ) საიდან ვიცით, რომ „ყლორტი“ იესო ქრისტეა?

12 ზაქარიამ რვავე ხილვა მარტომ ნახა. ახლა ტაძრის მშენებლების გასამხნევებლად მას წინასწარმეტყველური მნიშვნელობის მოქმედება უნდა შეესრულებინა (წაიკითხეთ ზაქარიას 6:9—12). იეჰოვამ უთხრა ზაქარიას, რომ ბაბილონიდან ახალჩამოსული სამი მამაკაცისგან — ხელდაისგან, ტობიასა და იედაიასგან აეღო ოქრო-ვერცხლი და ამ ძღვნით გაეკეთებინა „დიდებული გვირგვინი“ (ზაქ. 6:11). ხომ არ უნდა დაედგა მას ეს გვირგვინი იუდასტომელი გამგებელი ზერუბაბელისთვის, რომელიც დავითის შთამომავალი იყო? არა. როგორ გააოცებდა ხალხს იმის დანახვა, რომ ზაქარიამ გვირგვინი მღვდელმთავარ იეჰოშუას დაადგა!

13 ნიშნავდა გვირგვინის დადგმა იმას, რომ მღვდელმთავარი იეჰოშუა მეფე გახდებოდა? არა, რადგან იეჰოშუა დავითის სამეფო ხაზიდან არ იყო და მეფობა არ ეკუთვნოდა. მისთვის გვირგვინის დადგმას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა და მარადიულ მეფესა და მღვდელზე მიანიშნებდა. მღვდელმთავარს, რომელიც გამეფდებოდა, „ყლორტი“ ეწოდება. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ეს „ყლორტი“ იესო ქრისტეა (ეს. 11:1; მათ. 2:23). *

14. რას აკეთებს იესო როგორც მეფე და მღვდელმთავარი?

14 იესო, როგორც მეფე და მღვდელმთავარი, იეჰოვას ზეციერი ლაშქრის მეთაურია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ღვთის ხალხმა თავი დაცულად იგრძნოს ამ მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში (იერ. 23:5, 6). ახლო მომავალში ქრისტე სძლევს ერებს იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად და მისი ხალხის სახსნელად (გამოცხ. 17:12—14; 19:11, 14, 15). მაგრამ ამ განაჩენის აღსრულებამდე „ყლორტს“ გრანდიოზული საქმე აქვს შესასრულებელი.

ის ააშენებს ტაძარს

15, 16. ა) აღდგენისა და განწმენდის რა სამუშაოები სრულდება ჩვენს დროში და ვისი მეშვეობით? ბ) რა მდგომარეობა იქნება დედამიწაზე ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს?

15 მეფისა და მღვდელმთავრის უფლებამოსილებით აღჭურვილ იესოს იეჰოვას ტაძრის აშენებაც დაევალა (წაიკითხეთ ზაქარიას 6:13). სულიერი ტაძრის ასაშენებლად იესომ 1919 წელს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა. მან აღადგინა ქრისტიანული კრება და აირჩია „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევდა დიდებული სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში მიმდინარე სამუშაოს (მათ. 24:45). მას შემდეგ იესო წმენდს ღვთის ხალხს და მათ წმინდა მსახურების შესრულებაში ეხმარება (მალ. 3:1—3).

16 ათასწლიანი მმართველობის დროს ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი და მღვდელი ერთგულ ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ. ამის შემდეგ განწმენდილ დედამიწაზე მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იქნებიან და წმინდა თაყვანისმცემლობა სრულად აღდგება!

შეიტანეთ თქვენი წვლილი

17. რაში დაარწმუნა იეჰოვამ იუდეველები და როგორ იმოქმედა ამან მათზე?

17 როგორ იმოქმედა ზაქარიას ცნობამ იმ პერიოდში მცხოვრებ იუდეველებზე? იეჰოვა გარანტიას აძლევდა მათ, რომ მშენებლობის დროს დაცულები იქნებოდნენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. ეს იმედს ჩაუსახავდა მათ. მაგრამ როგორ შეასრულებდა მცირერიცხოვანი ხალხი ამხელა საქმეს? ზაქარიას შემდეგმა სიტყვებმა მათ ყველანაირი შიში და ეჭვი გაუქარწყლა. ღმერთმა უთხრა ზაქარიას, რომ ერთგული მამაკაცების — ხელდაის, ტობიასა და იედაიას გარდა, ბევრი სხვაც მივიდოდა და თავის წვლილს შეიტანდა ტაძრის მშენებლობაში (წაიკითხეთ ზაქარიას 6:15). ღვთის მხარდაჭერაში დარწმუნებულმა იუდეველებმა, აკრძალვის მიუხედავად, მაშინვე განაახლეს მშენებლობა. მალე იეჰოვამ საერთოდ მოაშორა მათ ეს მთისმაგვარი დაბრკოლება, ანუ გაუქმდა მშენებლობის აკრძალვის შესახებ ბრძანება. შედეგად, ტაძრის მშენებლობა ძვ. წ. 515 წელს დასრულდა (ეზრ. 6:22; ზაქ. 4:6, 7). თუმცა ზაქარიას 6:15-ში ჩაწერილი სიტყვები დღეს გაცილებით დიდი მასშტაბით სრულდება.

იეჰოვა არასდროს დაივიწყებს ჩვენს სიყვარულს! (იხილეთ აბზაცები 18, 19)

18. როგორ სრულდება ჩვენს დროში ზაქარიას 6:15?

18 დღეს მილიონები უერთდებიან ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს. ისინი იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის მხარდასაჭერად მთელი გულით სწირავენ თავიანთი ქონებიდან, რაშიც მათი დრო, ენერგია და სახსრები იგულისხმება (იგავ. 3:9). რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენი მხრიდან ასეთ მხარდაჭერას? გაიხსენეთ, რომ გვირგვინის გასაკეთებლად ხელდაიმ, ტობიამ და იედაიამ შესაწირავი გაიღეს. ეს გვირგვინი სამახსოვროდ დარჩებოდა. ის იმის შეხსენება იქნებოდა, რომ ამ მამაკაცებმა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად შესაწირავი გაიღეს (ზაქ. 6:14). მსგავსად, იეჰოვა არასდროს დაივიწყებს ჩვენს შრომასა და სიყვარულს (ებრ. 6:10). ჩვენი საქმეები მარადიულად დარჩება მის მეხსიერებაში.

19. როგორ უნდა იმოქმედოს ზაქარიას ხილვებმა ჩვენზე?

19 ყველაფერი, რაც ბოლო დღეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად კეთდება, იმის მტკიცებაა, რომ ქრისტე გვხელმძღვანელობს და იეჰოვა კურთხევებს არ გვაკლებს. ჩვენ მივეკუთვნებით ორგანიზაციას, რომელშიც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და რომელიც მარადიულად იარსებებს. ღვთის განზრახვა წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება. დააფასეთ თქვენი ადგილი იეჰოვას ორგანიზაციაში და მოუსმინეთ „იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას“! თუ ასე მოიქცევით, დაგიცავთ ჩვენი მეფე და მღვდელმთავარი, იესო, და ანგელოზთა ზეციერი ლაშქარი. თქვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, სრულად დაუჭირეთ მხარი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას! ამგვარად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ახლაც დაგიცავთ და მთელი მარადიულობის განმავლობაშიც!

^ აბზ. 11 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 2015 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 29, 30.

^ აბზ. 13 მათეს 2:23-ში მოხსენიებული სიტყვა „ნაზარეთელი“ სავარაუდოდ ნაწარმოებია ებრაული სიტყვიდან ნეცერ, რომელიც ნიშნავს „ყლორტს“.