არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ვიცი, რომ აღდგება“

„ვიცი, რომ აღდგება“

„ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“ (იოან. 11:11).

სიმღერები: 129, 154

1. რაში იყო მართა დარწმუნებული? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

მართა იესოს ახლო მეგობარი და მოწაფე იყო. ის თავის გარდაცვლილ ძმას, ლაზარეს, გლოვობდა. დაუამებდა რამე მას ტკივილს? რა თქმა უნდა. იესომ ის დაარწმუნა: „აღდგება შენი ძმა“. შეიძლება ამ სიტყვებს ბოლომდე ვერ გაექარვებინა მართასთვის დარდი, მაგრამ ის ერწმუნა იესოს და უთხრა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოან. 11:20—24). მართას მტკიცედ სწამდა, რომ აღდგომა მომავალში იქნებოდა. თუმცა იესომ სასწაული მოახდინა და მისი ძმა იმავე დღეს აღადგინა.

2. რატომ გსურთ, მართას მსგავსად იყოთ დარწმუნებული მკვდრეთით აღდგომაში?

2 ჩვენ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ იესო ან იეჰოვა დღესვე გაგვიცოცხლებს საყვარელ ადამიანს. მაგრამ გვწამს მართასავით მტკიცედ, რომ მკვდრეთით აღდგომა მომავალში ნამდვილად იქნება? შეიძლება სიკვდილმა მეუღლე, მშობლები, პაპა-ბებია ან შვილი გამოგტაცათ ხელიდან. ალბათ, გენატრებათ მათი ჩახუტება, მათთან საუბარი და სიცილი. საბედნიეროდ, მართას მსგავსად თქვენც გაქვთ საფუძვლიანი მიზეზი, გჯეროდეთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს სიცოცხლე დაუბრუნდება. და მაინც, კარგი იქნება, თუ თითოეული ქრისტიანი დაფიქრდება, რატომ არის ეს მიზეზი საფუძვლიანი.

3, 4. როგორ განუმტკიცებდა მართას რწმენას იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები?

3 მართა იერუსალიმთან ახლოს ცხოვრობდა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას საკუთარი თვალით ეხილა, როგორ აღადგინა იესომ გალილეის ქალაქ ნაინთან ახლოს ქვრივის ვაჟი ან როგორ გაუცოცხლა იაიროსს ქალიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალაქ კაპერნაუმში ცხოვრობდა. უკვე ყველამ იცოდა, რომ „გოგონა მკვდარი იყო“. იესომ ხელი მოჰკიდა მას და უთხრა: „გოგონა, ადექი!“. ისიც მაშინვე წამოდგა (ლუკ. 7:11—17; 8:41, 42, 49—55). ამ შემთხვევების შესახებ მართამ, ალბათ, სხვებისგან გაიგო. მან და მისმა დამ, მარიამმა იცოდნენ, რომ იესოს ავადმყოფების განკურნება შეეძლო. სწორედ ამიტომ ფიქრობდნენ, რომ იესოს იქ ყოფნის შემთხვევაში ლაზარე არ მოკვდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, იესოს ძვირფასი მეგობარი უკვე მკვდარი იყო. რა იმედი ჰქონდა მართას? ყურადღება მიაქციეთ, მან ლაზარეზე თქვა, რომ ის მომავალში, „უკანასკნელ დღეს“ აღდგებოდა. რატომ იყო ის ამაში ასე დარწმუნებული? თქვენ რა გარწმუნებთ, რომ მკვდრეთით აღდგომა აუცილებლად იქნება და კვლავ იხილავთ თქვენს საყვარელ ადამიანებს?

4 არაერთი საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რომ მკვდრეთით აღდგომის გვწამდეს. მათი განხილვის დროს შეიძლება ღვთის სიტყვაში ისეთი მხარეები დაინახოთ, რომლებიც მანამდე არ დაგიკავშირებიათ მკვდრეთით აღდგომის იმედთან.

იმედის განმამტკიცებელი შემთხვევები

5. რა განუმტკიცებდა მართას იმის რწმენას, რომ ლაზარე აღდგებოდა?

5 ალბათ შენიშნეთ, რომ მართას არ უთქვამს: „იმედი მაქვს, რომ ჩემი ძმა აღდგება“. მან თქვა: „ვიცი, რომ აღდგება“. ის ამაში შესაძლოა ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე მომხდარმა სასწაულებმა დაარწმუნა. მან, როგორც ჩანს, ამის შესახებ ბავშვობაში ოჯახის წევრებისგან გაიგო ან სინაგოგაში მოისმინა. განვიხილოთ წმინდა წერილებში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის სამი შემთხვევა.

6. რომელი სასწაულის შესახებ ეცოდინებოდა მართას?

6 პირველად მკვდარი წინასწარმეტყველმა ელიამ გააცოცხლა, როცა ღმერთმა მას სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. სარეფთაში, ფინიკიის ზღვისპირა ქალაქში, ერთმა ღარიბმა ქვრივმა ელიას მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა, რის გამოც ღმერთი მას ფქვილსა და ზეთს არ აკლებდა. ამან ქვრივსა და მის ვაჟს სიცოცხლე შეუნარჩუნა (1 მეფ. 17:8—16). მაგრამ მოგვიანებით ბიჭი ავად გახდა და მოკვდა. ელიამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა ამ ოჯახისთვის. ის რამდენჯერმე გადაემხო ბავშვის უსიცოცხლო სხეულს და ილოცა: „ღმერთო, ჩაუბრუნე ბავშვს სული!“. ასეც მოხდა — ღმერთმა ისმინა ელიას სათხოვარი და ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნა. ეს არის ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის პირველი შემთხვევა (წაიკითხეთ 1 მეფეების 17:17—24). ეჭვგარეშეა, მართას ეცოდინებოდა ამ უდიდესი სასწაულის შესახებ.

7, 8. ა) რა გააკეთა ელისემ შვილმკვდარი დედისთვის? ბ) რაზე მეტყველებს ელისეს მოხდენილი სასწაული?

7 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მეორედ ადამიანი ელიას საქმის გამგრძელებელმა, ელისემ აღადგინა. შუნემში მცხოვრებმა ერთმა ცნობილმა ებრაელმა ქალმა ელისეს მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა. იეჰოვას კურთხევით ამ უშვილო ქალსა და მის მოხუცებულ ქმარს ვაჟი შეეძინათ. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭი მოკვდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაანადგურებდა ეს ამბავი დედამისს. ქმრის ნებართვით ის ელისეს მოსაძებნად წავიდა და თითქმის 30 კილომეტრის გავლის შემდეგ ის ქარმელის მთაზე იპოვა. წინასწარმეტყველმა წინ გეხაზი გაუშვა ბიჭის გასაცოცხლებლად, თვითონ კი უკან გაჰყვა, მაგრამ გეხაზმა ვერ შეძლო სასწაულის მოხდენა. ცოტა ხანში სულგამწარებული დედა სახლში ელისესთან ერთად დაბრუნდა (2 მეფ. 4:8—31).

8 წინასწარმეტყველი ცხედარს მიუახლოვდა და ლოცვით მიმართა იეჰოვას. სასწაულებრივად ბიჭს სიცოცხლე დაუბრუნდა. როცა ქალმა შვილი ცოცხალი დაინახა, სიხარულისგან ცას ეწია (წაიკითხეთ 2 მეფეების 4:32—37). ალბათ, ქალს ერთ დროს უშვილო ხანას სიტყვები გაახსენდა, რომლებიც სამუელის კარავში მიყვანის დროს ლოცვაში წარმოთქვა: „იეჰოვას . . . ჩაჰყავს სამარეში და ამოჰყავს“ (1 სამ. 2:6). ფაქტია, რომ შუნემში ბიჭის მკვდრეთით აღდგენით იეჰოვამ დაამტკიცა, რომ მკვდრების გაცოცხლების ძალა შესწევს.

9. რომელია ბიბლიაში მოხსენიებული მკვდრეთით აღდგომის მესამე შემთხვევა?

9 თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როცა ღმერთმა ელისეს მეშვეობით მკვდარი აღადგინა. წინასწარმეტყველად 50 წელზე მეტხანს მსახურების შემდეგ ელისეს „სასიკვდილო სენი შეეყარა“ და მოკვდა. გავიდა დრო და ელისესგან მხოლოდ ძვლებიღა დარჩა. ერთ დღესაც, როცა ისრაელები კაცს მარხავდნენ, იმ მიწაზე მოთარეშე მტრები დაინახეს. სიჩქარეში მათ გვამი ელისეს სამარხში ჩააგდეს და გაიქცნენ. შემდეგ ბიბლიაში ვკითხულობთ: „როგორც კი ელისეს ძვლებს შეეხო, მკვდარი მაშინვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა“ (2 მეფ. 13:14, 20, 21). დაფიქრდით, როგორ განუმტკიცებდა რწმენას ამ ამბის ცოდნა მართას. ეჭვგარეშეა, იეჰოვას სრული ძალაუფლება აქვს სიკვდილზე! განა თქვენც არ გარწმუნებთ ეს, რომ იეჰოვა წარმოუდგენელი ძალის პატრონია და მისთვის შეუძლებელი არაფერია?!

პირველ საუკუნეში მომხდარი მოვლენები

10. რა გააკეთა პეტრემ ერთი ქრისტიანი ქალისთვის?

10 ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც მოგვითხრობს, რომ ღვთის მსახურებმა მკვდრები გააცოცხლეს. ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ იესოს მიერ ქვრივის ვაჟისა და იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგენის შემთხვევები. ერთ-ერთი ასეთი სასწაული მოციქულმა პეტრემაც მოახდინა, როცა ქურციკი (ტაბითა) აღადგინა. პეტრე შევიდა ოთახში, სადაც მკვდარი ესვენა, მივიდა მასთან და ილოცა. შემდეგ კი თქვა: „ტაბითა, ადექი!“. მას სიცოცხლე მაშინვე დაუბრუნდა და პეტრემ ის „ცოცხალი წარუდგინა“ თანაქრისტიანებს. ამ მოვლენის შემდეგ „მრავალმა ირწმუნა უფალი“. ახალ მოწაფეებს შეეძლოთ დაემოწმებინათ იესოს შესახებ და სხვებისთვის ეხარებინათ, რომ იეჰოვას მკვდრების გაცოცხლების ძალა შესწევს (საქ. 9:36—42).

11. რას მოგვითხრობს ექიმი ლუკა ევტიქეს შესახებ და როგორ იმოქმედა ამ შემთხვევამ სხვებზე?

11 თვითმხილველები სხვა შემთხვევასაც ჰყავდა. ერთხელ პავლე ტროაში იმყოფებოდა, რომელიც დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას შეხვედრის დროს სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა. დამსწრეთა შორის იყო პატარა ბიჭი, სახელად ევტიქე, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა. მას ძილი მოერია და მესამე სართულიდან გადავარდა. როგორც ჩანს, პირველი, ვინც ევტიქესთან მიირბინა, ექიმი ლუკა იყო, რომელმაც თქვა, რომ ბიჭი უბრალოდ დაშავებული ან უგონო მდგომარეობაში კი არა, მკვდარი იყო. პავლე დაბლა ჩავიდა, დაემხო ცხედარს, მოეხვია და თქვა: „მისი სული მასშია“. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ევტიქე გაცოცხლდა. ეს შემთხვევა წარუშლელ კვალს დატოვებდა თვითმხილველებზე! მკვდრეთით აღდგომის ამ ფაქტმა, რომლის შემსწრენიც ეს-ესაა გახდნენ, „ყველა დიდად ანუგეშა“ (საქ. 20:7—12).

მტკიცე იმედი

12, 13. მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებულ რომელ კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?

12 ზემოთ განხილული შემთხვევები მართას მსგავსად თქვენც განგიმტკიცებთ რწმენას. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენს ღმერთსა და სიცოცხლის მბოძებელს მკვდრების გაცოცხლება შეუძლია. საინტერესოა, რომ ღვთის მსახურებმა, მაგალითად ელიამ, იესომ და პეტრემ, მკვდრები იმ პერიოდში აღადგინეს, როცა იეჰოვა სასწაულებს ახდენდა. მაგრამ, რის თქმა შეიძლება მათზე, რომლებიც იმ პერიოდში დაიხოცნენ, როცა მკვდრეთით აღდგომის სასწაული არ ხდებოდა? შეიძლებოდა ღვთის ერთგულ მსახურებს იმის იმედი ჰქონოდათ, რომ მომავალში მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა? შეეძლოთ მათაც მართას მსგავსად ეთქვათ: „ვიცი, რომ [ჩემი ძმა] აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“? რატომ სწამდა მართას აღდგომის და თქვენ რა გარწმუნებთ ამაში?

13 ბიბლიაში ჩაწერილი არაერთი შემთხვევიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას ერთგულმა მსახურებმა იცოდნენ მომავალი მკვდრეთით აღდგომის შესახებ. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

14. რას ვსწავლობთ აბრაამის შემთხვევიდან მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?

14 გაიხსენეთ, რის გაკეთება დაავალა ღმერთმა აბრაამს დიდი ხნის ნანატრ, ერთადერთ მემკვიდრესთან დაკავშირებით. იეჰოვამ მას უთხრა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი . . . და აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად“ (დაბ. 22:2). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ამ დროს აბრაამი! მანამდე იეჰოვა დაჰპირდა, რომ ყველა ერი მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა (დაბ. 13:14—16; 18:18; რომ. 4:17, 18). მან ისიც უთხრა აბრაამს, რომ შთამომავალი ისაკისგან წარმოიშობოდა (დაბ. 21:12). მაგრამ, როგორ შესრულდებოდა ეს სიტყვები, თუ აბრაამი მსხვერპლად შესწირავდა ისაკს? როგორც მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით ახსნა, აბრაამს სწამდა, რომ ღმერთს ისაკის მკვდრეთით აღდგენა შეეძლო (წაიკითხეთ ებრაელების 11:17—19). თუმცა ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ აბრაამს იმედი ჰქონდა, დამორჩილების შემთხვევაში იეჰოვა მაშინვე, იმ დღესვე ან იმ კვირაშივე აღუდგენდა ისაკს. აბრაამმა არ იცოდა, როდის დაუბრუნებდა იეჰოვა სიცოცხლეს მის ვაჟს, მაგრამ სწამდა, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გააკეთებდა ამას.

15. რისი იმედი ჰქონდა პატრიარქ იობს?

15 პატრიარქმა იობმაც იცოდა, რომ მომავალში მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა. მას ესმოდა, რომ, თუ ხეს მოჭრიდნენ, ის ახალ ყლორტებს ამოიყრიდა და ისევ გაიზრდებოდა. მაგრამ ადამიანის შემთხვევაში ეს ასე არ იყო (იობ. 14:7—12; 19:25—27). გარდაცვლილ ადამიანს არ შეუძლია სამარიდან ამოსვლა და სიცოცხლის გაგრძელება (2 სამ. 12:23; ფსალმ. 89:48). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთს არ ძალუძს ადამიანის მკვდრეთით აღდგენა. იობს სწამდა, რომ იეჰოვა დადგენილ დროს გაიხსენებდა მას (წაიკითხეთ იობის 14:13—15). მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცოდა, როდის დადგებოდა ეს დრო, სწამდა, რომ შემოქმედი გაიხსენებდა და მკვდრეთით აღადგენდა.

16. როგორ გაამხნევა ანგელოზმა წინასწარმეტყველი დანიელი?

16 ებრაული წერილებიდან ვიგებთ კიდევ ერთი ერთგული ადამიანის, დანიელის შესახებ. ის ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს და ღმერთიც მხარში ედგა მას. ერთხელ ანგელოზმა დანიელს უთხრა: „ძვირფასო ადამიანო . . . მშვიდობა შენდა, გამაგრდი“! (დნ. 9:22, 23; 10:11, 18, 19).

17, 18. რა დაპირება მიიღო დანიელმა მომავალთან დაკავშირებით?

17 დანიელი 100 წელს იყო მიტანებული და დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. ალბათ, მას აფიქრებდა, რა ელოდა მომავალში. აღდგებოდა ის მკვდრეთით? რა თქმა უნდა! დანიელის წიგნი სრულდება დაპირებით, რომელიც ღმერთმა მას მისცა: „შენ კი მიდი აღსასრულამდე; დაისვენებ“ (დნ. 12:13). მოხუცმა დანიელმა იცოდა, რომ მკვდრები უმოქმედო მდგომარეობაში იყვნენ და „არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში“, სადაც მალე თვითონაც იქნებოდა (ეკ. 9:10). მაგრამ დანიელისთვის ყველაფერი ამით არ დასრულდებოდა, რადგან იეჰოვა მას შესანიშნავ მომავალს ჰპირდებოდა.

18 დანიელისთვის მიცემული დაპირება შემდეგი სიტყვებით სრულდება: „აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“. დანიელმა ზუსტად არ იცოდა, როდის მოხდებოდა ეს და რამდენი დრო გავიდოდა, სანამ ეს სიტყვები შესრულდებოდა. ის დაასრულებდა სიცოცხლეს და დაისვენებდა. თუმცა სიტყვები „აღდგები შენი წილის მისაღებად“, იმაზე მიანიშნებდა დანიელს, რომ ეს მომავალში მოხდებოდა. ის „დღეების ბოლოს“ ანუ სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ აღდგებოდა.

მართას მსგავსად თქვენც შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება (იხილეთ აბზაცები 19, 20)

19, 20. ა) რა კავშირი აქვს ამ სტატიაში განხილულ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებს მართას სიტყვებთან? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 აშკარაა, მართას საფუძველი ჰქონდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მისი ძმა ლაზარე აღდგებოდა „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“. დანიელისთვის მიცემულმა დაპირებამ და მართას მტკიცე რწმენამ, რომელიც მის სიტყვებში ჩანდა, ჩვენც უნდა განგვიმტკიცოს მკვდრეთით აღდგომის იმედი.

20 როგორც დავინახეთ, წარსულში მომხდარი მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ მკვდრები ნამდვილად აღდგებიან. ღვთის მსახურები მოელოდნენ, რომ მომავალში აღდგომა იქნებოდა. გვაქვს საფუძველი, გვჯეროდეს, რომ მკვდრეთით აღდგომის შესახებ დაპირება ნამდვილად შესრულდება მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნის წინათ წარმოითქვა? თუ დიახ, მაშინ უფრო მეტი მიზეზი გვექნება, მართასავით დაველოდოთ იმ დროის დადგომას. და მაინც, როდის დადგება ეს დრო? ამ საკითხზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.