არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, დაბრძენდნენ გადასარჩენად!

მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, დაბრძენდნენ გადასარჩენად!

„ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმ. 3:15).

სიმღერები: 130, 88

1, 2. რა შეიძლება აფიქრებდეს ზოგ მშობელს, როცა მათ შვილებს იეჰოვასთვის თავის მიძღვნა და მონათვლა სურთ?

ყოველ წელს ათასობით ბიბლიის შემსწავლელი უძღვნის თავს იეჰოვას და ინათლება. მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომლებმაც ბავშვობიდანვე გაითავისეს ჭეშმარიტება და ცხოვრების საუკეთესო გზა აირჩიეს (ფსალმ. 1:1—3). თუ მშობელი ხართ, ალბათ, მოუთმენლად ელით იმ დღის დადგომას, როცა თქვენი შვილიც მოინათლება (შეადარეთ 3 იოანეს 4).

2 და მაინც, შეიძლება გარკვეული საკითხები გაფიქრებდეთ. ალბათ ხედავთ, რომ ზოგ ახალგაზრდას ნათლობიდან რაღაც პერიოდის შემდეგ ეჭვი უჩნდება, ღირს თუ არა ღვთის ნორმებით ცხოვრება. ზოგმა ჭეშმარიტებაც კი დატოვა. ამიტომ გაფიქრებთ, რომ მონათვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება თქვენი შვილიც შეიცვალოს და მასაც გაუნელდეს ჭეშმარიტების სიყვარული. ასე დაემართა პირველ საუკუნეში ეფესოს კრების ზოგიერთ წევრს, რომელთა შესახებაც იესომ თქვა, რომ მათ მიატოვეს „თავდაპირველი სიყვარული“ (გამოცხ. 2:4). როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ სულიერად გაიზარდონ და გადარჩნენ? (1 პეტ. 2:2). ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ ტიმოთეს მაგალითი.

„იცი წმინდა წერილები“

3. ა) როგორ გახდა ტიმოთე ქრისტიანი და როგორ გამოეხმაურა ის ქრისტიანულ სწავლებებს? ბ) რომელ სამ მხარეზე გაუმახვილა ყურადღება პავლემ ტიმოთეს?

3 ქრისტეს შესახებ ტიმოთემ დაახლოებით ახ. წ. 47 წელს მოისმინა, როცა მოციქული პავლე პირველად იმყოფებოდა ლისტრაში. მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთე იმ დროს სავარაუდოდ მოზარდი იყო, ის ცხოვრებაში იყენებდა ნასწავლს. ორი წლის შემდეგ ის უკვე პავლესთან ერთად წავიდა მისიონერულ მოგზაურობაში. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 16 წლის შემდეგ პავლე ტიმოთეს სწერდა: „შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე, თანაც ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები [ებრაული წერილები], რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმ. 3:14, 15). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლემ გამოყო სამი მხარე: 1 ) წმინდა წერილების ცოდნა, 2) ნასწავლში დარწმუნება და 3) ქრისტე იესოში რწმენით „დაბრძენება გადასარჩენად“.

4. რომელი საშუალებები აღმოჩნდა თქვენთვის პრაქტიკული შვილების სწავლების დროს? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

4 როგორც მშობელს, ალბათ, თქვენც გსურთ, რომ თქვენმა შვილმა კარგად იცოდეს წმინდა წერილები, რომელშიც ებრაულ წერილებთან ერთად დღეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც შედის. ასაკისა და უნარის მიუხედავად, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანებისა თუ მოვლენების შესახებ გარკვეული ცოდნის მიღება. იეჰოვას ორგანიზაცია არაერთ დამხმარე საშუალებას სთავაზობს მშობლებს შვილების აღსაზრდელად. რომელი საშუალებებია ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე? გახსოვდეთ, რომ წმინდა წერილებიდან მიღებული ცოდნა ის საძირკველია, რომელზეც ადამიანმა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა უნდა ააგოს!

„რაშიც დარწმუნებულხარ“

5. ა) რაში იყო ტიმოთე დარწმუნებული? ბ) საიდან ვიცით, რომ ტიმოთეს იესოს შესახებ სასიხარულო ცნობისადმი ძლიერი რწმენა ჰქონდა?

5 წმინდა წერილების ცოდნა აუცილებელია. თუმცა შვილებისთვის სულიერი განათლების მისაცემად გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანებისა თუ მოვლენების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. ტიმოთეს მტკიცედ სწამდა, რომ ის, რაც წმინდა წერილებიდან ისწავლა, ჭეშმარიტება იყო. მან ჩვილობიდანვე იცოდა ებრაული წერილები. თუმცა მოგვიანებით სარწმუნო მტკიცებებმა ის იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ იესო მესია იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიღებული ცოდნის საფუძველზე მას რწმენა გაუძლიერდა. სწორედ იესოს შესახებ სასიხარულო ცნობისადმი ძლიერმა რწმენამ აღძრა ის, რომ მონათლულიყო და პავლეს მისიონერულ მსახურებაში გაჰყოლოდა.

6. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ ღვთის სიტყვიდან ნასწავლის საფუძველზე რწმენა განივითარონ?

6 როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, ტიმოთეს მსგავსად დარწმუნდნენ ნასწავლში? უპირველესად, საჭიროა მოთმინება. ძლიერი რწმენა არც ერთ დღეში ჩნდება და არც მემკვიდრეობით გადადის მშობლიდან შვილზე. თითოეულმა ბავშვმა თავისი „აღქმის უნარი“ უნდა გამოიყენოს და ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი ძლიერი რწმენა განივითაროს (წაიკითხეთ ებრაელების 5:14). ამ პროცესში მშობლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, განსაკუთრებით, თუ ბავშვს კითხვები უჩნდება. განვიხილოთ ამის ერთი მაგალითი.

7, 8. ა) როგორ ასწავლის ერთი ქრისტიანი მამა შვილს მოთმინებით? ბ) თქვენ როდის დაგჭირდათ მსგავსი მოთმინების გამოვლენა?

7 ტომასი, რომელსაც 11 წლის გოგონა ჰყავს, ამბობს: «როცა ბავშვი მეკითხება: „ევოლუციის მეშვეობით შექმნა იეჰოვამ სიცოცხლე დედამიწაზე?“ ან „რატომ არ ვმონაწილეობთ საზოგადოებრივ საქმეებში, მაგალითად არჩევნებში, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ?“, ზოგჯერ ენას კბილს ვაჭერ, რომ დოგმატური პასუხი არ გავცე». ტომასმა იცის, რომ ძლიერი რწმენის განვითარება ეტაპობრივად ხდება.

8 მას ისიც ესმის, რომ სწავლების დროს მოთმინებაა საჭირო. სინამდვილეში მოთმინება თითოეულ ქრისტიანს გვჭირდება (კოლ. 3:12). ტომასი ხვდება, რომ შეიძლება არაერთხელ მოუწიოს ამა თუ იმ საკითხზე საუბარი. ის მსჯელობს წმინდა წერილების საფუძველზე, რომ მის გოგონას ნასწავლის მიმართ ძლიერი რწმენა განუვითარდეს. „მე და ჩემს ცოლს გვინდა, ვიცოდეთ, რომ ჩვენს შვილს მართლა სწამს ის, რასაც სწავლობს და ნასწავლი მის გულს სწვდება, განსაკუთრებით, როცა საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. კარგია, როცა მას კითხვები უჩნდება. სიმართლე გითხრათ, ის უფრო შემაშინებდა, თუ კითხვები არ გაუჩნდებოდა და ყველაფერს ბრმად დაიჯერებდა“, — ამბობს ტომასი.

9. როგორ შეგიძლიათ, შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგოთ?

9 თუ მშობლები მოთმინებით ასწავლიან შვილებს, დროთა განმავლობაში ისინი ჩასწვდებიან ჭეშმარიტების „სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“ (ეფეს. 3:18). შესასწავლი მასალა ბავშვების ასაკისა და უნარის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული. როცა მათ ნასწავლის მიმართ რწმენა გაუძლიერდებათ, უკეთ შეძლებენ სხვებთან თავიანთი რწმენის დაცვას, მათ შორის თანაკლასელებთან (1 პეტ. 3:15). დაფიქრდით: შეუძლიათ თქვენს შვილებს, ბიბლიიდან ახსნან, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? კარგად ესმით მათ ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი? * მართალია, მოთმინება გჭირდებათ, რომ შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგოთ, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად (კან. 6:6, 7).

10. რა უნდა იყოს შვილების სწავლების დროს მნიშვნელოვანი?

10 რა თქმა უნდა, როცა საქმე რწმენის განმტკიცებას ეხება, თქვენი მაგალითიც დიდ როლს თამაშობს. სტეფანი, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავს, ამბობს: «მაშინაც კი, როცა ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ველაპარაკები შვილებს იმაზე, თუ რამ დამარწმუნა იეჰოვას არსებობაში, მის სიყვარულსა და მისი გზების სამართლიანობაში? ხედავენ ჩემი შვილები, რომ მართლა მიყვარს იეჰოვა?“. ვერ მოვთხოვდი შვილებს, ერწმუნათ ის, რაშიც თავად არ ვიყავი დარწმუნებული».

„დაბრძენება გადასარჩენად“

11, 12. რა არის სიბრძნე და რატომ ვასკვნით, რომ ადამიანის მოწიფულობას მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს?

11 როგორც დავინახეთ, ტიმოთემ 1) იცოდა წმინდა წერილები და 2) დარწმუნებული იყო, რომ ის, რაც სწამდა, ჭეშმარიტება იყო. მაგრამ რას გულისხმობდა პავლე, როცა ამბობდა, რომ წმინდა წერილებს შეეძლო დაებრძენებინა ტიმოთე გადასარჩენად?

12 „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ახსნილია, რომ ბიბლიური გაგებით სიბრძნე არის „ცოდნისა და გაგების გამოყენების უნარი წამოჭრილი სირთულეების გადასალახავად, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დასახული მიზნების მისაღწევად და სასარგებლო რჩევის მისაცემად. სიბრძნე სისულელისა [და] უგუნურების . . . საპირისპირო თვისებაა“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავ. 22:15). ამიტომ ლოგიკურია, რომ სიბრძნე, რომელიც უგუნურების საპირისპირო თვისებაა, მოწიფულობის მაჩვენებელია. სულიერი მოწიფულობა ასაკით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, აქვს თუ არა ადამიანს იეჰოვასადმი ჯანსაღი შიში და ემორჩილება თუ არა მის მითითებებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 111:10).

13. როგორ შეუძლია ახალგაზრდას ცხადყოს, რომ დაბრძენდა გადასარჩენად?

13 სულიერად მოწიფული ახალგაზრდები მერყევები არ არიან და საკუთარი სურვილებისა თუ თანატოლების ზეგავლენაში არ ექცევიან (ეფეს. 4:14). ნაცვლად ამისა, ისინი „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრ. 5:14). ისინი მაშინაც კი გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ, როცა მშობლები ან სხვები ვერ ხედავენ, და ამით ცხადყოფენ, რომ მოწიფულობისკენ ისწრაფვიან (ფილ. 2:12). ასეთი სიბრძნე აუცილებელია გადასარჩენად (წაიკითხეთ იგავების 24:14). როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს მის შეძენაში? უპირველესად, დარწმუნდით, რომ ბავშვებს კარგად ესმით თქვენი ფასეულობები. სიტყვითა და საქმით აჩვენეთ მათ, რომ თქვენი ფასეულობები ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს შეესაბამება (რომ. 2:21—23).

რატომ მოითხოვება მშობლებისგან გამუდმებული ძალისხმევა? (იხილეთ აბზაცები 14—18)

14, 15. ა) რაზე უნდა დაფიქრდეს ახალგაზრდა ნათლობამდე? ბ) როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, იფიქრონ იმ კურთხევებზე, რომლებიც ღვთის კანონების მორჩილებას მოჰყვება?

14 თუმცა შვილებისთვის მხოლოდ იმის თქმა არ კმარა, რა არის სწორი და რა არასწორი. კარგს იზამთ, თუ მათთან შემდეგ კითხვებზე იმსჯელებთ: რატომ კრძალავს ბიბლია ისეთ რამეს, რაც შეიძლება გვსიამოვნებდეს? რა მარწმუნებს, რომ ბიბლიური ნორმების დაცვა ჩემს კეთილდღეობას ემსახურება? (ეს. 48:17, 18).

15 თუ ბავშვი ნათლობის სურვილს გამოთქვამს, მშობელი უნდა დაეხმაროს მას, სერიოზულად დაფიქრდეს იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ქრისტიანად გახდომას მოჰყვება. რა კურთხევები ექნება და რა სირთულეებს შეხვდება? როგორ აღემატება ეს კურთხევები სირთულეებს? (მარ. 10:29, 30). ეს საკითხები შეიძლება ნათლობის შემდეგ წამოიჭრას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ის ნათლობამდე დაფიქრდეს. როცა შვილებს ეხმარებით, წინასწარ იფიქრონ მორჩილებისა და დაუმორჩილებლობის შედეგებზე, დიდი ალბათობაა, ისინი თავად დარწმუნდნენ, რომ ბიბლიური ნორმების დაცვა ყოველთვის მათ კეთილდღეობას ემსახურება (კან. 30:19, 20).

როცა მონათლულ ახალგაზრდას ეჭვები უჩნდება

16. რაზე უნდა დაფიქრდნენ მშობლები, თუ მათ მონათლულ შვილს რწმენასთან დაკავშირებით ეჭვები უჩნდება?

16 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ, თუ თქვენს შვილს ნათლობის შემდეგ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ეჭვი უჩნდება? მაგალითად, მას შეიძლება იზიდავს ის, რაც ქვეყნიერებაშია, ან ეჭვი ეპარება, რამდენად გონივრულია ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება (ფსალმ. 73:1—3, 12, 13). გახსოვდეთ, რომ თქვენი მიდგომა დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, განუმტკიცდება თქვენს შვილს რწმენა თუ საერთოდ დაკარგავს მას. მნიშვნელობა არა აქვს, თქვენი შვილი ჯერ ისევ პატარაა თუ უკვე გაიზარდა, შეეცადეთ, არ იკამათოთ მასთან. თქვენი მიზანი მისი სიყვარულით დახმარება და სწორ გზაზე დაყენება უნდა იყოს.

17, 18. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილს, რომელსაც ეჭვები უჩნდება?

17 ახალგაზრდამ ნათლობით ცხადყო, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას. ასეთი მიძღვნით მან პირობა დადო, რომ ეყვარებოდა ღმერთი და მისი ნების შესრულებას ყველაფერზე წინ დააყენებდა (წაიკითხეთ მარკოზის 12:30). იეჰოვა სერიოზულად მიიჩნევს ასეთ დაპირებას და პირობის დამდებიც სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს მას (ეკლ. 5:4, 5). შესაფერის დროს რბილად შეახსენეთ თქვენს შვილს ეს საკითხები. მაგრამ ამის გაკეთებამდე გამოიკვლიეთ მშობლებისთვის განკუთვნილი მასალა, რომელიც იეჰოვას ორგანიზაციამ მოამზადა თქვენთვის. თუ ასე მოიქცევით, შეძლებთ, დაანახვოთ შვილებს ამ საკითხების სერიოზულობა და ის კურთხევები, რომლებიც იეჰოვასადმი მიძღვნას და მონათლულ ქრისტიანად გახდომას მოაქვს.

18 მაგალითად, კარგი რჩევების ნახვა შეგიძლიათ წიგნ „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევების“ პირველი ტომის ბოლოში მოცემულ დანართში „მშობელთა შეკითხვები“. იქ ნათქვამია: „ნაჩქარევად ნუ დაასკვნი, რომ შენმა შვილმა შენი მრწამსი უარყო. ხშირად ამ პრობლემის მიღმა სხვა მიზეზი იმალება“. ეს მიზეზი შეიძლება თანატოლების ზეგავლენა ან მარტოობის გრძნობა იყოს, ან იმაზე ფიქრი, რომ სხვა ახალგაზრდები უკეთ მიიწევენ წინ სულიერად. დანართში გრძელდება: „როგორც ხედავ, ამ საკითხებს შენი მრწამსის უარყოფასთან ბევრი არაფერი აქვს საერთო. საქმე ის არის, რომ გარკვეული გარემოებების გამო მოზარდს უჭირს თავისი რწმენის თანახმად ცხოვრება“. ამ დანართში მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს, დაეხმარონ შვილს, რომელსაც თავის მრწამსთან დაკავშირებით ეჭვები უჩნდება.

19. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს, დაბრძენდნენ გადასარჩენად?

19 როგორც მშობელს, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ და, ამავე დროს, უდიდესი პატივი გხვდათ წილად, რომ შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდოთ და დაარიგოთ (ეფეს. 6:4). როგორც ზემოთ განვიხილეთ, მშობლებს მოეთხოვებათ, არა მხოლოდ ასწავლონ შვილებს ის, რასაც ბიბლია ამბობს, არამედ დაეხმარონ, რომ ისინი თავად დარწმუნდნენ ნასწავლის ჭეშმარიტებაში. ახალგაზრდებს სჭირდებათ ძლიერი რწმენა, რომელიც მათ იეჰოვასთვის თავის მიძღვნისა და მთელი გულით მსახურებისკენ აღძრავს. დაე იეჰოვას სიტყვა, მისი სული და თქვენი, როგორც მშობლების, ძალისხმევა დაეხმაროს თქვენს შვილებს, რომ დაბრძენდნენ გადასარჩენად.

^ აბზ. 9 «„რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ (შესწავლაში დამხმარე კითხვები)» შესანიშნავი საშუალებაა ბავშვებისა თუ ზრდასრულების დასახმარებლად, რათა ჩასწვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ახსნან ის. ეს კითხვები ბევრ ენაზეა ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე jw.org (ბიბლიური სწავლებები > ბიბლიის საკვლევი საშუალებები).