არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას!

ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას!

„როდემდე უნდა გთხოვდე შველას, იეჰოვა, და არ ისმენდე?! როდემდე უნდა გთხოვდე ძალადობისგან ხსნას და არ გვშველოდე?!“ (აბაკუმი 1:2, 3). ეს სიტყვები აღმოხდა აბაკუმს, კაცს, რომელსაც ღვთის თვალში კარგი სახელი ჰქონდა. იმაზე ხომ არ მიუთითებდა მისი სიტყვები, რომ რწმენა აკლდა? რა თქმა უნდა, არა. ღმერთმა დაარწმუნა აბაკუმი, რომ დანიშნულ დროს ბოლოს მოუღებდა ტანჯვას (აბაკუმი 2:2, 3).

როდესაც თქვენ ან თქვენი ახლობელი გასაჭირში ხართ, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდეთ, რომ ღმერთს უკვე რაღაც ზომები უნდა მიეღო თქვენს დასახმარებლად, მაგრამ აყოვნებს. თუმცა ბიბლიაში დამაიმედებელ სიტყვებს ვკითხულობთ: „იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ; პირიქით, სულგრძელია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9).

ᲠᲝᲓᲘᲡ ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲖᲝᲛᲔᲑᲡ?

ძალიან მალე! იესომ თავის მოწაფეებს გაუმჟღავნა, რომ ერთი კონკრეტული თაობა გახდებოდა იმ მოვლენების მოწმე, რომლებიც ქვეყნიერების ბოლო დღეებისთვის იქნებოდა დამახასიათებელი (მათე 24:3—42). იესოს ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში სრულდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი ძალიან მალე ჩაერევა ადამიანთა საქმეებში. *

როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს ყოველგვარ ტანჯვას? დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ ცხადყო, რომ ღმერთს შესწევს ადამიანთა ტანჯვის აღმოფხვრის ძალა. დაფიქრდით რამდენიმე მაგალითზე.

სტიქიური უბედურებები. ერთხელ გალილეის ზღვაზე იესო და მისი მოციქულები ქარიშხალში მოჰყვნენ; ცოტაც და ნავი ჩაიძირებოდა. მაგრამ იესომ მოციქულებს დაანახვა, რომ მას და მის ზეციერ მამას ბუნების ძალების დამორჩილება შეეძლოთ (კოლოსელები 1:15, 16). იესომ უბრალოდ თქვა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“. რა მოხდა შედეგად? „ქარი ჩადგა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა“ (მარკოზი 4:35—39).

ავადმყოფობა. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ იესოს შესწევდა უსინათლოების, კეთროვნების, ეპილეფსიით დაავადებულებისა თუ ნებისმიერი სხვა სნეულებით დაუძლურებულთა განკურნების ძალა. მან „ყველა ავადმყოფი განკურნა“ (მათე 4:23, 24; 8:16; 11:2—5).

საკვების უკმარისობა. ბიბლიაში ჩაიწერა ორი შემთხვევა, როცა იესომ მამისგან ბოძებული ძალით ათასობით ადამიანი მცირეოდენი საკვებით დააპურა (მათე 14:14—21; 15:32—38).

სიკვდილი. ბიბლიაში მოყვანილია სამი შემთხვევა, როცა იესომ მკვდრები გააცოცხლა. ეს შემთხვევები აშკარად მოწმობს, რომ იეჰოვას ძალუძს, გაგვათავისუფლოს სიკვდილის ტყვეობისგან. ერთხელ იესომ ოთხი დღის მკვდარი აღადგინა (მარკოზი 5:35—42; ლუკა 7:11—16; იოანე 11:3—44).

^ აბზ. 5 მეტი ინფორმაცია ბოლო დღეების შესახებ იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 32-ე გაკვეთილი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.pr418.com. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ.