არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ ნოეს, დანიელსა და იობს რწმენასა და მორჩილებაში!

მიჰბაძეთ ნოეს, დანიელსა და იობს რწმენასა და მორჩილებაში!

„ნოე, დანიელი და იობი . . . თავიანთი სიმართლით მხოლოდ საკუთარ სულს გადაირჩენდნენ“ (ეზეკ. 14:14).

სიმღერები: 120, 54

1, 2. ა) რატომ შეიძლება გაგვამხნეოს ნოეს, დანიელისა და იობის მაგალითებმა? ბ) რა ვითარებაში დაიწერა ეზეკიელის 14:14?

თქვენც ხომ არ გიწევთ ისეთ სირთულეებთან ჭიდილი, როგორიცაა შერყეული ჯანმრთელობა, ფინანსური პრობლემები ან რელიგიური ნიშნით დევნა? ხომ არ გიჭირთ ზოგჯერ იეჰოვას მსახურებაში სიხარულის შენარჩუნება? თუ ასეა, ნოეს, დანიელისა და იობის მაგალითები ნამდვილად შეგმატებთ ძალას. ისინი არასრულყოფილები იყვნენ და მათაც ჩვენნაირი პრობლემები ჰქონდათ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ამ მამაკაცებმა ბოლომდე შეინარჩუნეს ერთგულება და ღვთის თვალში რწმენისა და მორჩილების მაგალითები გახდნენ (წაიკითხეთ ეზეკიელის 14:12—14).

2 ამ თემის წამყვანი მუხლის სიტყვები ეზეკიელმა ბაბილონში ძვ. წ. 612 წელს დაწერა * (ეზეკ. 1:1; 8:1). განდგომილი იერუსალიმისთვის ახლოვდებოდა ნაწინასწარმეტყველები აღსასრული, რომელიც ძვ. წ. 607 წელს დადგა. ამ დროს ცოტა თუ ავლენდა ისეთ თვისებებს როგორიც ნოეს, დანიელსა და იობს ჰქონდათ. ერთგულ ისრაელებს იეჰოვამ ნიშანი დაადო გადასარჩენად (ეზეკ. 9:1—5). ამ მცირე ჯგუფში იყვნენ: იერემია, ბარუქი, ებედ-მელექი და რექაბელები.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროსაც მხოლოდ ისინი იქნებიან ნიშანდადებულნი გადასარჩენად, ვინც ნოეს, დანიელისა და იობის მსგავსად ბრალდაუდებელი იქნება იეჰოვას თვალში (გამოცხ. 7:9, 14). ვნახოთ, რატომ თვლიდა იეჰოვა ამ მამაკაცებს მართლებად. მათი ისტორიების განხილვისას ყურადღებას გავამახვილებთ ორ მხარეზე: 1) რა სირთულეებს შეხვდნენ ისინი და 2) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათი რწმენისა და მორჩილების მაგალითებს.

ნოე რწმენასა და მორჩილებას ცხრა საუკუნის განმავლობაში ავლენდა

4, 5. რა სირთულეებს შეხვდა ნოე და რატომ არის მისი ერთგულება აღსანიშნავი?

4 სირთულეები. ნოეს დიდი პაპის, ენოქის დროს ხალხი დიდ ბოროტებას სჩადიოდა. ისინი იეჰოვას წინააღმდეგ აღმაშფოთებელ სიტყვებს ამბობდნენ (იუდ. 14, 15). ძალადობა უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს. ნოეს დროს დედამიწა უკვე სავსე იყო ძალადობით. ბოროტმა ანგელოზებმა ხორცი შეისხეს, ცოლები მოიყვანეს და ბოროტი და ჰიბრიდული შთამომავლობა წარმოშვეს (დაბ. 6:2—4, 11, 12). მაგრამ ნოე სრულიად განსხვავდებოდა მათგან. მან „კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში . . . მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო [იყო] და ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დაბ. 6:8, 9).

5 რას ვიგებთ ამ სიტყვებიდან მართალი კაცის, ნოეს შესახებ? უპირველესად იმას, რომ წარღვნამდე ის 70 ან 80 წელი კი არ დადიოდა ღმერთთან ერთად, არამედ თითქმის 600 წელი (დაბ. 7:11). ჩვენგან განსხვავებით, ნოეს არც კრებაზე დასწრება შეეძლო და არც თანამორწმუნეებისგან მხარდაჭერის მიღება. როგორც ჩანს, მისი დედმამიშვილებიც არ იზიარებდნენ მის რწმენას. *

6. როგორ გამოავლინა ნოემ უდიდესი გაბედულება?

6 ნოეს მხოლოდ ის არ აკმაყოფილებდა, რომ კარგი ადამიანი იყო. ბიბლიაში მას „სიმართლის მქადაგებელი“ ეწოდება, რადგან ყველას წინაშე გაბედულად აღიარებდა, რომ იეჰოვასი სწამდა (2 პეტ. 2:5). პავლემ ნოეზე თქვა: „რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას“ (ებრ. 11:7). ამიტომ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ის დაცინვის, წინააღმდეგობისა და მუქარის ობიექტიც გახდებოდა. მაგრამ ის ხალხის წინაშე არ კანკალებდა (იგავ. 29:25). იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს გაბედულებას მატებს და არც ნოე იყო გამონაკლისი.

7. რა სირთულეებს შეხვდა ნოე კიდობნის მშენებლობის დროს?

7 როცა ადამიანებისა და ცხოველების გადასარჩენად იეჰოვამ ნოეს კიდობნის აშენება დაავალა, ის უკვე ხუთ საუკუნეზე მეტხანს დადიოდა ღმერთთან ერთად (დაბ. 5:32; 6:14). ეს საკმაოდ რთული დავალება ჩანდა, მაგრამ არა მხოლოდ მშენებლობის თვალსაზრისით. ნოემ ზუსტად იცოდა, რომ ამის გამო უფრო მეტად დასცინებდნენ და შეეწინააღმდეგებოდნენ. მიუხედავად ამისა, მან მორჩილება და რწმენა გამოავლინა და ყველაფერი „სწორედ ისე გააკეთა“, როგორც ღმერთმა უბრძანა (დაბ. 6:22).

8. კიდევ რაში გამოავლინა ნოემ იეჰოვასადმი ნდობა?

8 ნოესთვის კიდევ ერთ სირთულეს ოჯახზე მატერიალურად ზრუნვა წარმოადგენდა. ხალხს მძიმედ შრომა უწევდა მიწის დასამუშავებლად და არც ნოე იყო გამონაკლისი (დაბ. 5:28, 29). მიუხედავად ამისა, მის ცხოვრებაში ღმერთი მატერიალურზე წინ იდგა. კიდობნის მშენებლობის დროსაც კი, რომელიც 40-50 წელი გაგრძელდა, ნოე სულიერზე იყო კონცენტრირებული. ის წარღვნის შემდეგ 350 წლის მანძილზეც ასე იქცეოდა (დაბ. 9:28). მან რწმენისა და მორჩილების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა!

9, 10. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ნოეს რწმენასა და მორჩილებაში? ბ) რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, თუ იცავთ ღვთის ნორმებს?

9 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ნოეს რწმენასა და მორჩილებაში? ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მხარს დავუჭერთ ღვთის სიმართლეს, არ ვიქნებით სატანის ქვეყნიერების ნაწილი და ღვთის სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ (მათ. 6:33; იოან. 15:19). დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ცხოვრების წესით ქვეყნიერების მოწონებას ვერ დავიმსახურებთ. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში მედიასაშუალებებმა უარყოფით შუქში წარმოგვაჩინეს, რადგან ქორწინებისა და ზნეობის საკითხებში მტკიცედ ვიცავთ ღვთის კანონებს (წაიკითხეთ მალაქიას 3:17, 18). მაგრამ ნოეს მსგავსად, ჩვენ ღვთის შიში გვაქვს და არა ადამიანების. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ მას შეუძლია მარადიული სიცოცხლის მოცემა (ლუკ. 12:4, 5).

10 რის თქმა შეიძლება პირადად თქვენზე? ივლით ღმერთთან ერთად მაშინაც კი, თუ დაგცინებენ, გაგაკრიტიკებენ ან ეკონომიკური გასაჭირი იეჰოვასადმი თქვენს ნდობას გამოსცდის? თუ მიჰბაძავთ ნოეს რწმენასა და მორჩილებაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იეჰოვა თქვენზეც იზრუნებს (ფილ. 4:6, 7).

დანიელი ბოროტი ხალხის გარემოცვაშიც ავლენდა რწმენასა და მორჩილებას

11. რა დიდ სირთულეებს შეხვდნენ ბაბილონში დანიელი და მისი სამი მეგობარი? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

11 სირთულეები. დანიელი ტყვე იყო ბაბილონში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა და სპირიტიზმი ყვაოდა. უფრო მეტიც, ბაბილონელები ზემოდან დაჰყურებდნენ ებრაელებს და დასცინოდნენ მათაც და მათ ღმერთ იეჰოვასაც (ფსალმ. 137:1, 3). ეს ძალიან მტკივნეული ასატანი იქნებოდა ღვთისმოშიში ებრაელებისთვის, მათ შორის დანიელისთვის. გარდა ამისა, ის და მისი სამი მეგობარი — ხანანია, მიშაელი და აზარია, ყურადღების ცენტრში იყვნენ, რადგან სამეფო კარზე მსახურებისთვის ამზადებდნენ. მათ საკვებიც კი გამოუყვეს მეფის სუფრიდან, რაც მათთვის გამოცდად იქცა, რადგან დანიელს გადაწყვეტილი ჰქონდა, „თავი არ გაეუწმინდურებინა მეფის ნუგბარით“ (დან. 1:5—8, 14—17).

12. ა) რა დადებით თვისებებს ავლენდა დანიელი? ბ) რას ფიქრობდა იეჰოვა მასზე?

12 დანიელისთვის უფრო დიდი გამოცდა შეიძლებოდა მისი განსაკუთრებული ნიჭი და უნარი ყოფილიყო, რის გამოც სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა (დან. 1:19, 20). ნაცვლად იმისა, რომ გაამაყებულიყო და დიდი წარმოდგენა შექმნოდა საკუთარ თავზე, ის თავმდაბალი და მოკრძალებული იყო და დიდებას ყოველთვის იეჰოვას მიაგებდა (დან. 2:29, 30). დანიელი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა იეჰოვამ ის ნოესა და იობთან ერთად მართალ ადამიანად მოიხსენია. ზედმეტად ხომ არ ენდობოდა ღმერთი მას? სულაც არა, რადგან დანიელი სიცოცხლის ბოლომდე მორჩილებასა და რწმენას ავლენდა იეჰოვას მიმართ. 100 წელს მიტანებულ დანიელს ღვთის ანგელოზმა თბილი სიტყვებით მიმართა: „დანიელ, ძვირფასო ადამიანო“ (დან. 10:11).

13. როგორ შეიძლებოდა დანიელი კურთხევა გამხდარიყო ებრაელებისთვის?

13 დანიელს როგორც ბაბილონის, ისე მიდია-სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ (დან. 1:21; 6:1, 2). როგორც ჩანს, იეჰოვამ წარმართა საქმეები ამგვარად, რათა დანიელი მისი ხალხისთვის კურთხევა ყოფილიყო, ისევე როგორც იოსები იყო კურთხევა ისრაელისთვის ეგვიპტეში, ესთერი და მორდოქაი კი — სპარსეთის სამეფოში * (დან. 2:48). წარმოიდგინეთ, როგორ ანუგეშებდა დანიელის ამბავი ეზეკიელს და სხვა გადასახლებულ ებრაელებს, რადგან ისინი ამის მიღმა იეჰოვას ხელს დაინახავდნენ!

იეჰოვასთვის ძვირფასნი არიან ისინი, ვინც უმწიკვლობას ინარჩუნებენ (იხილეთ აბზაცები 14, 15)

14, 15. ა) რით ჰგავს ჩვენი მდგომარეობა დანიელის დროს არსებულ მდგომარეობას? ბ) რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს დანიელის მშობლებისგან?

14 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დანიელს რწმენასა და მორჩილებაში? დღეს ჩვენც უცხოელებივით ვცხოვრობთ ამ ქვეყნიერებაში, რომელიც ზნეობრივად და სულიერად დიდმა ბაბილონმა, ცრუ რელიგიურმა სამყარომ გარყვნა და რომელსაც ბიბლია „დემონების სამკვიდროს“ უწოდებს (გამოცხ. 18:2). ჩვენ არ ვემსგავსებით მათ მაშინაც კი, როცა ამის გამო დაგვცინიან (მარ. 13:13). ამიტომ დანიელის მსგავსად, მოდი დავუახლოვდეთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას. თუ თავმდაბლობითა და მორჩილებით მისადმი ნდობას გამოვავლენთ, ჩვენც ძვირფასები ვიქნებით მის თვალში (ანგ. 2:7).

15 ქრისტიან მშობლებს შეუძლით ბევრი რამ ისწავლონ დანიელის მშობლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მის ბავშვობაში იუდაში ბოროტება ყვაოდა, დანიელს უყვარდა ღმერთი. რა თქმა უნდა, ამას შემთხვევითობას ვერ მივაწერთ. ეს მისი მშობლების დამსახურება იყო (იგავ. 22:6). თუნდაც სახელი დანიელი, რომელიც ნიშნავს „ღმერთი ჩემი მოსამართლეა“, იმაზე მეტყველებს, რომ მას ღვთისმოშიში მშობლები ჰყავდა. ამიტომ, მშობლებო, ნუ ჩაიქნევთ ხელს თქვენს შვილებზე და მოთმინებით ასწავლეთ მათ იეჰოვას შესახებ! (ეფეს. 6:4). ილოცეთ მათთვის და მათთან ერთად. როცა ცდილობთ, რომ შვილებს ჭეშმარიტება შეაყვაროთ, იეჰოვას თქვენი კურთხევის მიზეზს აძლევთ (ფსალმ. 37:5).

სიმდიდრისა თუ სიღარიბის მიუხედავად, იობი რწმენასა და მორჩილებას ავლენდა

16, 17. როგორ შეიცვალა იობის ცხოვრება?

16 სირთულეები. იობს ცხოვრებაში ავიც უნახავს და კარგიც. სანამ განსაცდელები დაატყდებოდა, ის „ყველაზე დიდებული კაცი იყო მთელ აღმოსავლეთში“ (იობ. 1:3). ის იყო მდიდარი, გამოჩენილი და პატივდებული ადამიანი (იობ. 29:7—16). თუმცა ქედმაღალი არ გამხდარა და არ უფიქრია, რომ ღმერთი არაფერში სჭირდებოდა. იეჰოვამ მას თავისი მსახური უწოდა და თქვა: „უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“ (იობ. 1:8).

17 მაგრამ ძალიან მალე იობის ცხოვრება თავდაყირა დადგა. ის გაღატაკდა და ყველაფრის იმედი გადაეწურა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამის მიზეზი ცილისმწამებელი სატანა იყო. მან ცილი დასწამა იობს, რომ ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებოდა (წაიკითხეთ იობის 1:9, 10). იეჰოვას არ გაუბათილებია ეს ბოროტი ბრალდება. ნაცვლად ამისა, მან იობს თავისი უმწიკვლობის დამტკიცების შესაძლებლობა მისცა იმის საჩვენებლად, რომ ის სუფთა გულით, ყოველგვარი ანგარების გარეშე ემსახურებოდა მას.

18. ა) რით არის განსაკუთრებული თქვენთვის იობის უმწიკვლობა? ბ) რას ცხადყოფს იეჰოვას შესახებ იობისადმი მისი დამოკიდებულება?

18 სატანამ დაიწყო იობის წინააღმდეგ თავისი მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება და ეს ისე გააკეთა, რომ იობს თავის უბედურებაში ღმერთი დაედანაშაულებინა (იობ. 1:13—21). იობთან მისულმა სამმა ვაი-ნუგეშისმცემელმა თავიანთი მწარე სიტყვებით ფაქტობრივად უთხრეს მას, რომ ღვთისგან ის მიიღო, რასაც იმსახურებდა (იობ. 2:11; 22:1, 5—10). მიუხედავად ამისა, იობმა უმწიკვლობა შეინარჩუნა. მართალია, ის ზოგჯერ დაუფიქრებლად ლაპარაკობდა, მაგრამ იეჰოვას ესმოდა მისი ტკივილი (იობ. 6:1—3). ღმერთი მასში ხედავდა ემოციურად განადგურებულ ადამიანს, რომელსაც არასდროს შეუქცევია მისთვის ზურგი. ის მაშინაც ღვთის ერთგული დარჩა, როცა სატანამ, ასე ვთქვათ, მიწაზე დაანარცხა და ცრუ ბრალდებებით ჩაწიხლა. როცა იობის განსაცდელები დასრულდა, იეჰოვამ ორმაგად აუნაზღაურა დანაკარგი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელიწადს იცოცხლა (იაკ. 5:11). ამ დროის მანძილზე ის იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენდა. საიდან ვიცით ეს? იობი უკვე რამდენიმე საუკუნის მკვდარი იყო, როცა ეზეკიელმა ამ სტატიის წამყვან მუხლში მოხსენიებული სიტყვები დაწერა მასზე.

19, 20. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იობს რწმენასა და მორჩილებაში? ბ) როგორ შეგვიძლია სხვების მიმართ იეჰოვას მსგავსად გამოვავლინოთ თანაგრძნობა?

19 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იობს რწმენასა და მორჩილებაში? რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში იეჰოვაზე წინ არავინ დავაყენოთ, სრულად მივენდოთ მას და მთელი გულით დავემორჩილოთ! ამისთვის ჩვენ იობზე მეტი მიზეზი გვაქვს. დაფიქრდით: ჩვენ ბევრი რამ ვიცით სატანისა და მისი ხრიკების შესახებ (2 კორ. 2:11). ნაწილობრივ იობის წიგნის დამსახურებაა, რომ ჩვენთვის უცნობი არ არის, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. დანიელის წინასწარმეტყველებიდან კი ვიცით, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს მთელ მსოფლიოში და მას ქრისტე უდგას სათავეში (დან. 7:13, 14). ეს სამეფო ძალიან მალე ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს ყოველგვარ ტანჯვას.

20 იობის შემთხვევა იმის აუცილებლობასაც გვანახვებს, რომ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანების მიმართ თანაგრძნობა გამოვავლინოთ. იობის მსგავსად, მათ ზოგჯერ შეიძლება დაუფიქრებლად ილაპარაკონ (ეკლ. 7:7). მათი განსჯის ნაცვლად, მოდი წვდომის უნარი და თანაგრძნობა გამოვავლინოთ! ამგვარად მივბაძავთ ჩვენს მოსიყვარულე და მწყალობელ ღმერთს, იეჰოვას (ფსალმ. 103:8).

იეჰოვა გაგაძლიერებთ

21. რატომ გვახსენებს ნოეს, დანიელისა და იობის ისტორიები 1 პეტრეს 5:10-ში ჩაწერილ სიტყვებს?

21 მიუხედავად იმისა, რომ ნოეს, დანიელსა და იობს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვითარებაში უწევდათ ცხოვრება, მათ გაუძლეს ყველანაირ სირთულეს. მათი ისტორიები გვახსენებს პეტრე მოციქულის სიტყვებს: „ყოველგვარი წყალობის ღმერთი . . . მცირე ხნით თქვენი ტანჯვის შემდეგ თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 პეტ. 5:10).

22. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

22 პეტრეს ღვთივშთაგონებული სიტყვების თანახმად, იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ის განამტკიცებს და გააძლიერებს თავის მსახურებს. ეს სიტყვები დღეს ღვთის ხალხზეც მართლდება. ყველას გვსურს, რომ იეჰოვამ გაგვაძლიეროს და განგვამტკიცოს, რათა ბოლომდე შევინარჩუნოთ ერთგულება. ამიტომ გვინდა, მივბაძოთ ნოეს, დანიელსა და იობს რწმენასა და მორჩილებაში! როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, მათ უმწიკვლობის შენარჩუნებაში იეჰოვას კარგად გაცნობა დაეხმარა. მათ იცოდნენ, რას მოითხოვდა ღმერთი მათგან (იგავ. 28:5). ამის გაგება ჩვენც შეგვიძლია.

^ აბზ. 2 ეზეკიელი ძვ. წ. 617 წელს გადაასახლეს. ეზეკიელის 8:1—19:14-ში ჩაწერილი მონაკვეთი მან გადასახლებიდან „მეექვსე წელს“, ძვ. წ. 612 წელს დაწერა.

^ აბზ. 5 ნოეს ღვთისმოშიში მამა ლამექი წარღვნამდე დაახლოებით ხუთი წლით ადრე მოკვდა. თუ წარღვნის დროს ნოეს დედა და დედმამიშვილები ცოცხლები იყვნენ, ფაქტია, რომ ისინი ვერ გადაურჩნენ წარღვნას.

^ აბზ. 13 იმავეს თქმა შეიძლება დანიელის სამ მეგობარზეც, რადგან მათაც მაღალი თანამდებობა ეკავათ (დან. 2:49).