არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განაგრძეთ სულიერი ზრდა!

განაგრძეთ სულიერი ზრდა!

„იარეთ სულით“ (გალ. 5:16).

სიმღერები: 136, 10

1, 2. რას მიხვდა ერთი ძმა და რა გააკეთა მან?

რობერტი მოზარდი იყო, როცა მოინათლა, მაგრამ სულიერი საკითხების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება არ ჰქონდა. ის ამბობს: „არაფერს ვაშავებდი, თუმცა ყველაფერს ინერციით ვაკეთებდი. სულიერად ძლიერი ვჩანდი, არცერთ შეხვედრას არ ვაცდენდი და წელიწადში რამდენჯერმე დამხმარე პიონერადაც ვმსახურობდი. მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა“.

2 რობერტი ვერ ხვდებოდა, რა იყო პრობლემა, სანამ ოჯახი არ შექმნა. ის და მისი მეუღლე ზოგჯერ ერთმანეთს ბიბლიურ გამოცანებს ეუბნებოდნენ. ვინაიდან მისმა ცოლმა კარგად იცოდა ბიბლია, ადვილად პასუხობდა კითხვებს, თუმცა რობერტი ხშირად ვარდებოდა უხერხულ მდგომარეობაში, რადგან არ იცოდა, რა ეპასუხა. ის ამბობს: «მეგონა, არაფერი ვიცოდი. ჩემს თავს ვუთხარი: „თუ მინდა, კარგი ოჯახისთავი ვიყო, რაღაც უნდა ვიღონო“». რობერტი ასეც მოიქცა. მან თქვა: „დავიწყე ბიბლიის გამოკვლევა და, რაც უფრო მეტს ვიკვლევდი, მით უკეთ ვაკავშირებდი საკითხებს ერთმანეთთან. ჩემთვის ბევრ რამეს მოეფინა ნათელი, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ იეჰოვას დავუახლოვდი“.

3. ა) რის სწავლა შეგვიძლია რობერტის შემთხვევიდან? ბ) რომელ მნიშვნელოვან კითხვებზე ვიმსჯელებთ?

3 რობერტის შემთხვევიდან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. შეიძლება გარკვეულ ბიბლიურ ცოდნას ვფლობთ და რეგულარულად ვესწრებით კრების შეხვედრებს, თუმცა ეს თავისთავად სულიერ ადამიანად ვერ ჩამოგვაყალიბებს. შეიძლება უკვე განვიცადეთ სულიერი პროგრესი, მაგრამ საკუთარი თავის გამოკვლევის დროს ვხვდებით, რომ კიდევ გვჭირდება გაუმჯობესება (ფილ. 3:16). სულიერი პროგრესი რომ არ შევწყვიტოთ, განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი კითხვა: 1) რა დაგვეხმარება, რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა? 2) როგორ განვივითაროთ სულიერი აზროვნება და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ შევწყვიტოთ სულიერი ზრდა? 3) როგორ დაგვეხმარება სულიერი მოწიფულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

თვითშემოწმება

4. ვის ეხება ეფესოელების 4:23, 24-ში ჩაწერილი რჩევა?

4 როცა ღვთის მსახურები გავხდით, მთლიანად გარდავიქმენით. ამან ჩვენი ცხოვრების ყველა მხარე მოიცვა. თუმცა გარდაქმნის პროცესი ნათლობით არ დასრულებულა. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ კვლავაც განვიახლოთ „გონების აღმძვრელი ძალა“ (ეფეს. 4:23, 24). ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, ცვლილებების მოხდენა ყოველთვის გვჭირდება. იეჰოვას მსახურებაში გატარებული მრავალი წლის მიუხედავად, სულიერობაზე ზრუნვა ყველას მართებს (ფილ. 3:12, 13).

5. რომელი კითხვები უნდა დავსვათ თვითშემოწმებისთვის?

5 სულიერი აზროვნების განსავითარებლად და მის შესანარჩუნებლად გულწრფელად უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი. არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, თითოეული უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: „ვატყობ საკუთარ თავს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ჩემს სულიერ ზრდაზე მიანიშნებს? უფრო მეტად ვბაძავ იესოს? რას ამბობს ჩემს სულიერობაზე ის, თუ როგორ ვიქცევი კრების შეხვედრებზე და როგორი დამოკიდებულება მაქვს შეხვედრების მიმართ? რას მეტყველებს ჩემი საუბრები ჩემს სურვილებზე? რაზე მიანიშნებს ჩემი ჩაცმულობა, გარეგნობა ან პირადი შესწავლისა თუ რჩევისადმი ჩემი დამოკიდებულება? როგორ ვიქცევი ცდუნების დროს? ვიზრდები სულიერად, რათა მოწიფულობას მივაღწიო?“ (ეფეს. 4:13). ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, სულიერი განვითარების რა ეტაპზე ვართ.

6. კიდევ რა შეიძლება დაგვჭირდეს ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაფასებლად?

6 ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაფასებლად ზოგჯერ შეიძლება სხვების დახმარება დაგვჭირდეს. როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, ხორციელი ადამიანი ვერ ხვდება, რომ ღვთის თვალში არასწორად იქცევა. ამის საპირისპიროდ, სულიერ ადამიანს კარგად ესმის ამა თუ იმ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი. ის იმასაც აცნობიერებს, რომ იეჰოვა არ იწონებს ხორციელი აზროვნების მქონე ადამიანების ცხოვრებას (1 კორ. 2:14—16; 3:1—3). უხუცესები, რომელთაც „ქრისტეს გონება“ აქვთ, ხშირად საწყის ეტაპზევე ამჩნევენ ხორციელი აზროვნების ნიშნებს. თუ ისინი რჩევას მოგვცემენ, მივიღებთ და გავითვალისწინებთ მას? თუ ასე მოვიქცევით, ცხადვყოფთ, რომ გვსურს, სულიერად გავიზარდოთ (ეკლ. 7:5, 9).

განივითარეთ სულიერი აზროვნება

7. რატომ არ არის ბიბლიური ცოდნა საკმარისი სულიერი აზროვნების განსავითარებლად?

7 გახსოვდეთ, რომ სულიერი აზროვნების განსავითარებლად მხოლოდ ბიბლიური ცოდნა არ კმარა. ძველ დროში მცხოვრები მეფე სოლომონი უდიდეს ცოდნას ფლობდა იეჰოვას შესახებ. მისი გამონათქვამები მოგვიანებით ბიბლიის ნაწილი გახდა. თუმცა მან ბოლომდე ვერ შეინარჩუნა სულიერი სიმტკიცე და იეჰოვას უორგულა (1 მეფ. 4:29, 30; 11:4—6). აქედან გამომდინარე, ბიბლიური ცოდნის მიღების გარდა აუცილებელია, არ შევწყვიტოთ სულიერი ზრდა (კოლ. 2:6, 7). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

8, 9. ა) რა დაგვეხმარება სულიერი სიმტკიცის განვითარებაში? ბ) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი შესწავლისა და ნასწავლზე ფიქრის დროს? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)

8 პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს მოუწოდა, ესწრაფათ მოწიფულობისკენ (ებრ. 6:1). რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გამოვეხმაუროთ პავლეს რჩევას? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შევისწავლოთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“. ამ წიგნის ბოლომდე შესწავლა დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ ბიბლიური პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება. თუ უკვე დაასრულეთ ზემოხსენებული წიგნის განხილვა, შეგიძლიათ სხვა პუბლიკაცია აირჩიოთ, რომელიც თქვენი რწმენის განმტკიცებას მოემსახურება (კოლ. 1:23). ლოცულობთ შესწავლის დროს და ფიქრობთ ღრმად, თუ როგორ შეგიძლიათ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება?

9 გახსოვდეთ, შესწავლისა და ფიქრის მიზანი იმის გულწრფელი სურვილის განვითარება უნდა იყოს, რომ გული გავუხაროთ იეჰოვას და დავემორჩილოთ მის კანონებს (ფსალმ. 40:8; 119:97). ამავე დროს, უნდა მოვიშოროთ ყველაფერი, რაც ხელს შეგვიშლის სულიერ ზრდაში (ტიტ. 2:11, 12).

10. რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა, რომ სულიერად გაიზარდონ?

10 ახალგაზრდებო, ისახავთ სულიერ მიზნებს? ერთი ბეთელელი ძმა სარაიონო კონგრესების დროს მონათვლის მსურველებს ესაუბრება ხოლმე. მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა. ძმა მონათვლის მსურველებს სულიერი მიზნების შესახებ ეკითხება. მათი პასუხებიდან ნათლად ჩანს, რომ ბევრს კარგად აქვს გააზრებული, რის გაკეთება სურს იეჰოვას მსახურებაში. ზოგი ამა თუ იმ ფორმის სრული დროით მსახურების დაწყებას გეგმავს, ზოგს კი იქ მსახურება სურს, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. თუმცა არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომელთაც არა აქვთ ამ კითხვაზე პასუხი. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ისინი ჯერ ვერ აცნობიერებენ სულიერი მიზნების დასახვის აუცილებლობას? ახალგაზრდებო, დაუსვით თქვენს თავს შემდეგი კითხვები: „მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვმონაწილეობ თეოკრატიულ საქმეებში, რომ ამას ჩემი მშობლები მოელიან? ვცდილობ, პირადად განვივითარო ღმერთთან ახლო ურთიერთობა?“. ცხადია, სულიერი მიზნების დასახვა მხოლოდ ახალგაზრდებს არ სჭირდებათ. ასეთი მიზნები იეჰოვას თითოეული მსახურის სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს (ეკლ. 12:1, 13).

11. ა) რა არის საჭირო, რომ სულიერი პროგრესი განვიცადოთ? ბ) რომელ ბიბლიურ მაგალითს შეგვიძლია მივბაძოთ?

11 როგორც კი განვსაზღვრავთ, რაში გვჭირდება გაუმჯობესება, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სულიერობისკენ სწრაფვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია (რომ. 8:6—8). თუმცა სულიერ მოწიფულობას რომ მივაღწიოთ, სრულყოფილება არ არის საჭირო. სულიერ ზრდაში იეჰოვა თავისი სულის მეშვეობით გვეხმარება. მაგრამ ძალისხმევა ჩვენგანაც მოითხოვება. ლუკას 13:24-ზე მსჯელობისას წლების წინ ჯონ ბარმა, რომელიც ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, თქვა: „ბევრს უჭირს ვიწრო კარში შესვლა, ვინაიდან სათანადო მონდომებას არ იჩენენ, რომ სულიერად გაიზარდონ“. ჩვენ იაკობივით ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ კურთხევების მისაღებად, ისევე როგორც ის ერკინებოდა ანგელოზს, სანამ კურთხევა არ მიიღო (დაბ. 32:26—28). მართალია, ბიბლიის კვლევა სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ის რომანივით, მხოლოდ თავშესაქცევად არ უნდა ვიკითხოთ. ძალისხმევაა საჭირო, რომ ღვთის სიტყვის სიღრმეებს ჩავწვდეთ, რადგან სწორედ ეს გვხდის სულიერად მოწიფულებს.

12, 13. ა) რა დაგვეხმარება, რომ გვქონდეს „ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“? ბ) რა მხრივ გვეხმარება პეტრე მოციქულის მაგალითი და მისი რჩევა? გ) რა უნდა გააკეთოთ, რომ ხელი შეუწყოთ თქვენს სულიერ ზრდას? (იხილეთ ჩარჩო „ ნაბიჯები, რომლებიც სულიერ ზრდაში დაგეხმარებათ“)

12 თუ სულიერი აზროვნების განვითარებას ვცდილობთ, წმინდა სული გონების გარდაქმნაში დაგვეხმარება. შედეგად, ჩვენს აზროვნებას ნელ-ნელა ქრისტეს აზროვნებას შევუსაბამებთ (რომ. 15:5). უფრო მეტიც, წმინდა სული ხორციელი სურვილების დაძლევასა და ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში დაგვეხმარება (გალ. 5:16, 22, 23). თუ ატყობთ, რომ მატერიალისტური ფიქრები ან ხორციელი სურვილები გეძალებათ, უმოქმედოდ ნუ იქნებით; გამუდმებით სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული და ის აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ გონება სხვა რამეზე გადაიტანოთ და ის მართებული ფიქრებით აივსოთ (ლუკ. 11:13). გაიხსენეთ პეტრე მოციქულის შემთხვევა. მის ცხოვრებაში რამდენჯერმე იყო ისეთი მომენტი, როცა სულიერი აზროვნება ვერ გამოავლინა (მათ. 16:22, 23; ლუკ. 22:34, 54—62; გალ. 2:11—14). თუმცა ის არ დანებებულა. იეჰოვას დახმარებით მან თანდათან განივითარა ქრისტეს მსგავსი აზროვნება. ასე რომ, ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია!

13 მოგვიანებით სწორედ პეტრემ მოიხსენია ის თვისებები, რომელთა განვითარებასაც ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:5—8). როცა „ყოველ ღონეს“ ვახმართ ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიცაა თავშეკავება, მოთმინება და ძმათმოყვარეობა, სულიერ პროგრესს განვიცდით და სულიერად მოაზროვნე ადამიანებად ვყალიბდებით. ამიტომ კარგი იქნება, ყოველდღე ვკითხოთ საკუთარ თავს: „დღეს რის გაკეთება შემიძლია, რომ ჩემს სულიერ ზრდას შევუწყო ხელი?“.

ბიბლიური პრინციპების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში

14. რა გავლენას მოახდენს სულიერად აზროვნება ჩვენს ცხოვრებაზე?

14 თუ ქრისტეს მსგავსი აზროვნება გვექნება, ეს აისახება ჩვენს მეტყველებაზე, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე და სამსახურსა თუ სკოლაში ჩვენს საქციელზე. ჩვენი გადაწყვეტილებებიდან გამოჩნდება, რომ ვცდილობთ, ქრისტეს მიმდევრები ვიყოთ. როგორც სულიერ ადამიანებს, ჩვენ არ გვსურს, რომ საფრთხე შევუქმნათ ზეციერ მამასთან ურთიერთობას. როცა ცდუნებების წინაშე დავდგებით, ქრისტეს მსგავსი აზროვნება დაგვეხმარება, არ ავყვეთ მათ. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: „რომელი ბიბლიური პრინციპები დამეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში? როგორ მოიქცეოდა ქრისტე ჩემს ადგილას? როგორი გადაწყვეტილება მოეწონებოდა იეჰოვას?“. ასეთ კითხვებზე ფიქრი ჩვევაში უნდა გადაგვივიდეს. განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია. თითოეულ შემთხვევაში დავინახავთ ბიბლიურ პრინციპს, რომელიც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.

15, 16. მოიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ გვეხმარება ქრისტეს მსგავსი აზროვნება ა) ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას? ბ) მეგობრების არჩევისას?

15 ცხოვრების თანამგზავრის არჩევა. ბიბლიური პრინციპი ჩაწერილია 2 კორინთელების 6:14, 15-ში (წაიკითხეთ). პავლეს სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ სულიერ და ხორციელ ადამიანებს საერთო ძალიან ცოტა აქვთ. როგორ შეიძლება ამ პრინციპის გამოყენება ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას?

16 მეგობრების არჩევა. ბიბლიური პრინციპი ჩაწერილია 1 კორინთელების 15:33-ში (წაიკითხეთ). სულიერად მოაზროვნე ადამიანი არასდროს დაიჭერს საქმეს მათთან, ვინც საფრთხეს შეუქმნის მის სულიერობას. რომელი კითხვები დაგეხმარებათ, რომ ეს პრინციპი ცხოვრებაში გამოიყენოთ? მაგალითად: როგორ ეხება ის სოციალური ქსელებით სარგებლობას? ან როგორ მოიქცევით, თუ უცხოები ონლაინ თამაშებში ჩაბმას შემოგთავაზებენ?

დამეხმარება ჩემი გადაწყვეტილებები სულიერ ზრდაში? (იხილეთ აბზაცი 17)

17—19. როგორ დაგვეხმარება სულიერი აზროვნება ა) ფუჭი საქმეებისთვის თავის არიდებაში? ბ) სულიერი მიზნების დასახვაში? გ) უთანხმოებების მოგვარებაში?

17 სულიერ ზრდაში ხელის შემშლელი საქმეები. ებრაელების 6:1-ში პავლე მოციქული თანაქრისტიანებს აფრთხილებდა (წაიკითხეთ). რომელია „მკვდარი საქმეები“, რომელთაც უნდა მოვერიდოთ? ეს არის არაფრის მომტანი, ფუჭი საქმეები, რომლებიც ხელს არ უწყობს ჩვენს სულიერ ზრდას. ამ მუხლში ჩაწერილი პრინციპი დაგვეხმარება, პასუხი მივიღოთ ბევრ კითხვაზე, რომლებიც შეიძლება გაგვიჩნდეს, მაგალითად, «ხომ არ მიეკუთვნება ეს საქმე „ხორცის საქმეებს“? უნდა დავთანხმდე ამ ბიზნეს-შემოთავაზებას? რატომ არ უნდა შევუერთდე იმ ჯგუფებს, რომლებიც მსოფლიოში მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ?».

დამეხმარება ჩემი გადაწყვეტილებები სულიერი მიზნების დასახვაში? (იხილეთ აბზაცი 18)

18 სულიერი მიზნები. იესოს მიერ მთაზე წარმოთქმული ქადაგებიდან ნათლად ჩანს, როგორი მიზნები უნდა დავისახოთ (მათ. 6:33). სულიერი ადამიანი სულიერ მიზნებს ისახავს. ამ პრინციპის გათავისება დაგვეხმარება, სწორი პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვებს: „უნდა ვისწრაფო უმაღლესი განათლებისკენ? უნდა დავთანხმდე კონკრეტულ სამუშაოს?“.

დამეხმარება ჩემი გადაწყვეტილებები სხვებთან მშვიდობის შენარჩუნებაში? (იხილეთ აბზაცი 19)

19 უთანხმოებები. როგორ დაგვეხმარება უთანხმოებების მოგვარებაში პავლეს მიერ რომაელებისთვის მიცემული რჩევა? (რომ. 12:18). როგორც ქრისტეს მიმდევრები, ჩვენ ვცდილობთ, ყველასთან მშვიდობიანად ვიყოთ. როგორ ვრეაგირებთ გაუგებრობების დროს? გვიჭირს დათმობაზე წასვლა თუ მშვიდობისმყოფელ ადამიანად გვიცნობენ? (იაკ. 3:18).

20. რატომ გსურთ, წინ წაიწიოთ სულიერად?

20 ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ გვეხმარება ღვთიური პრინციპების გამოყენება სულიერად მოაზროვნე ადამიანისთვის ჩვეული გადაწყვეტილებების მიღებაში. სულიერი მოწიფულობა ჩვენს ბედნიერებას შეუწყობს ხელს და კმაყოფილებას მოგვანიჭებს. რობერტი, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ამბობს: „მას შემდეგ, რაც ახლო ურთიერთობა განვივითარე იეჰოვასთან, უკეთესი ქმარი და მამა გავხდი. ამასთანავე, უფრო კმაყოფილი და ბედნიერი ვარ“. ჩვენც გვექნება მსგავსი კურთხევები, თუ ჩვენთვის უმთავრესი სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვა იქნება. როგორც სულიერი ხალხი, გავიხარებთ კმაყოფილების მომტანი ცხოვრებით ახლა, მომავალში კი „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ მივიღებთ (1 ტიმ. 6:19).