არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი არქივიდან

საჯარო მოხსენებებმა ხელი შეუწყო ირლანდიაში სასიხარულო ცნობის გავრცელებას

საჯარო მოხსენებებმა ხელი შეუწყო ირლანდიაში სასიხარულო ცნობის გავრცელებას

იდგა 1910 წლის მაისი. როგორც კი გემი ვიწრო ყურეს, ბელფასტ-ლოხს მიადგა, გემბანზე მდგომ მგზავრების პატარა ჯგუფს თვალწინ გადაეშალა ამწვანებული ფერდობები, რომელთაც განთიადის ნათელი დაჰფენოდა. მგზავრებს შორის იყო ჩარლზ ტეიზ რასელი. ეს მისი მეხუთე მოგზაურობა იყო ირლანდიაში. ძმა რასელის თვალწინ აღიმართა ორი დიდი მშენებარე საოკეანო ლაინერის — ბედკრული „ტიტანიკისა“ და მისი ტყუპისცალი „ოლიმპიკის“ — სილუეტი. * რასელს ნაპირზე თორმეტი ბიბლიის მკვლევარი ელოდა.

დაახლოებით 20 წლით ადრე, მთელ მსოფლიოში სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად საუკეთესო გზების ძიების დროს, რასელმა გადაწყვიტა, რომ რამდენიმე მოგზაურობა ამერიკის ფარგლებს გარეთ დაეგეგმა. მისი პირველი მოგზაურობა ირლანდიიდან დაიწყო, სადაც 1891 წლის ივლისში ჩავიდა. მზის ჩასვლისას გემი (City of Chicago) ქუინსლენდის სანაპიროს მიუახლოვდა. შესაძლოა ძმა რასელს თვალწინ გაუცოცხლდა სამშობლოზე მშობლების მონათხრობი. როცა რასელმა და მასთან მყოფმა სხვა მოგზაურებმა თვალი მოჰკრეს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებს, მაშინვე მიხვდნენ, რომ ყანები მზად იყო მოსამკელად.

ძმა რასელი ირლანდიას შვიდჯერ ესტუმრა. მისი პირველი მოგზაურობისას ხალხს იმდენად გაუღვივდა ინტერესი, რომ შემდგომი მოგზაურობების დროს ასობით, ზოგჯერ ათასობით, ადამიანი იყრიდა თავს მისი მოხსენების მოსასმენად. 1903 წლის მაისში, მეორე მოგზაურობის დროს, დაიგეგმა საჯარო შეხვედრების ჩატარება ბელფასტსა და დუბლინში, რის შესახებაც ადგილობრივი გაზეთები იუწყებოდნენ. როგორც თავად რასელმა თქვა, აუდიტორია გაფაციცებით ისმენდა მოხსენებას სახელწოდებით „ფიცით დადებული დაპირება“, რომელიც აბრაამის რწმენასა და კაცობრიობის მომავალ კურთხევებს ეხებოდა.

იმდენად დიდი ინტერესი გამოავლინეს ირლანდიაში, რომ ევროპაში მესამე მოგზაურობის დროს რასელი ისევ ესტუმრა ამ ქვეყანას. 1908 წლის აპრილის ერთ მშვენიერ დილას რასელს ბელფასტის პორტში ხუთი ძმა დახვდა. მან იმავე საღამოს წარმოთქვა ადგილობრივ გაზეთებში დაანონსებული საჯარო მოხსენება „სატანის იმპერიის დამხობა“, რომელსაც „დაახლოებით 300 მოაზროვნე ადამიანი დაესწრო“. მსმენელთა შორის ერთი მამაკაცი ცდილობდა, რასელის ნათქვამი გაეკრიტიკებინა, მაგრამ მან კარგად შერჩეული ბიბლიური მუხლებით მალევე გააბათილა მოწინააღმდეგის აზრები. დუბლინში „ახალგაზრდა ქრისტიან მამაკაცთა ასოციაციის“ მდივანი ო’კონორი ცდილობდა, რომ მთელი აუდიტორია, რომელიც 1 000-ზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა, ბიბლიის მკვლევრების წინააღმდეგ აემხედრებინა. როგორ განვითარდა მოვლენები?

მოდი გადავინაცვლოთ წარსულში და წარმოვიდგინოთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ შეხვედრაზე. ჭეშმარიტებით დაინტერესებული მამაკაცი საჯარო მოხსენების მოსასმენად მიდის, რომლის შესახებაც „აირიშ ტაიმზი“ იუწყება. ის ძლივს პოულობს ადგილს ხალხით გადაჭედილ დარბაზში. მამაკაცი აღტაცებული უსმენს შავ პალტოში გამოწყობილ თეთრთმიან, წვეროსან მომხსენებელს, რომელიც სცენაზე მიმოდის, თავისუფლად ჟესტიკულირებს და ლოგიკურად ხსნის ბიბლიურ მუხლებს. მამაკაცი ნელ-ნელა სწვდება ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ძმა რასელის ხმა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის გარეშეც მთელ დარბაზში ისმის და საათ-ნახევრის მანძილზე აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს. შემდეგ, პროგრამის კითხვა-პასუხების ნაწილში, ო’კონორი და მისი მეგობრები მას ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ, მაგრამ რასელი მოხერხებულად პასუხობს მათ ბიბლიიდან. მოწონების ნიშნად აუდიტორია ტაშს უკრავს. როცა ყველაფერი წყნარდება, დაინტერესებული მამაკაცი ძმებთან მიდის, რათა მეტი გაიგოს ბიბლიიდან. როგორც თვითმხილველთა მონათხრობიდან ჩანს, ასეთი სახით ბევრი იგებდა ჭეშმარიტებას.

1909 წლის მაისში ძმა რასელი ნიუ-იორკიდან თავის მეოთხე მოგზაურობაში გაემგზავრა გემით „მავრიტანია“. მან თან წაიყვანა სტენოგრაფისტი, ძმა ჰანსტინგერი, რათა გემით მგზავრობისას დრო არ დაეკარგა და „საგუშაგო კოშკის“ სტატიები ეკარნახა მისთვის. ბელფასტში ძმა რასელის საჯარო მოხსენების მოსასმენად 450 ადამიანი მივიდა, რომელთაგან თითქმის 100 კაცი ადგილების უკმარისობის გამო ფეხზე იდგა.

ძმა რასელი გემ „ლუზიტანიაზე“

მეხუთე მოგზაურობის დროსაც, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, მოვლენები მსგავსად განვითარდა. დუბლინში საჯარო მოხსენების წარმოთქმის შემდეგ ო’კონორის მიერ მიყვანილი ცნობილი თეოლოგის კითხვებს რასელმა ბიბლიიდან უპასუხა, რაზეც აუდიტორიის დიდმა ნაწილმა ოვაციები ვერ დამალა. მეორე დღეს მოგზაურები საფოსტო-სამგზავრო გემით გადავიდნენ ლივერპულში, იქიდან კი გემით „ლუზიტანია“ ნიუ-იორკისკენ აიღეს გეზი. *

განცხადება საჯარო მოხსენების შესახებ „აირიშ ტაიმზში“, 1910 წლის 20 მაისი

1911 წელს გაზეთებში დაიბეჭდა რასელის საჯარო მოხსენებების შესახებ, რომლებიც მისი მეექვსე და მეშვიდე მოგზაურობის დროს წარმოითქმებოდა. ამ წლის გაზაფხულზე ბელფასტში ოცმა ბიბლიის მკვლევარმა 2 000 ადამიანს უმასპინძლა, რომლებმაც მოისმინეს მოხსენება „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“. ო’კონორი დუბლინშიც ჩავიდა ერთ რელიგიურ მსახურთან ერთად. რასელმა მის კითხვებსაც ბიბლიიდან უპასუხა, რის გამოც აუდიტორიამ ის ტაშით დააჯილდოვა. იმავე წლის შემოდგომაზე რასელი სხვა ქალაქებსაც ეწვია და მისი მოხსენებები ბევრმა მოისმინა. ო’კონორი თავის 100 თანამოაზრესთან ერთად კიდევ ერთხელ შეეცადა დუბლინში გამართული შეხვედრის ჩაშლას, მაგრამ აუდიტორიამ ამჯერადაც მომხსენებელს დაუჭირა მხარი.

მართალია, ძმა რასელი იმ დროს თავად წარმოთქვამდა მოხსენებებს, მაგრამ მას ესმოდა, რომ „შეუცვლელი არავინ არის“, რადგან „ეს ღვთის საქმეა და არა ადამიანის“. ასეთი შეხვედრები, სადაც წინასწარ დაანონსებული საჯარო მოხსენებები წარმოითქმებოდა (დღეს საჯარო შეხვედრა ეწოდება), შესანიშნავი საშუალება იყო ბიბლიური ჭეშმარიტების გასაცხადებლად. რა იყო შედეგი? საჯარო მოხსენებებმა სასიხარულო ცნობის გავრცელებასა და ირლანდიის ბევრ ქალაქში კრებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი (ჩვენი არქივიდან, დიდი ბრიტანეთი).

^ აბზ. 3 „ტიტანიკი“ ორი წლის შემდეგ ჩაიძირა.

^ აბზ. 9 „ლუზიტანია“ 1915 წლის მაისში ირლანდიის სამხრეთ სანაპიროსთან ჩაიძირა.