არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ არ არის ნებადართული იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების პირად ვებ-გვერდებსა თუ სოციალურ მედიაში განთავსება?

ვინაიდან ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს ხალხს უსასყიდლოდ ვთავაზობთ, ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება ამ მასალის სხვა ვებ-გვერდებსა თუ სოციალურ ქსელებში განთავსება. თუმცა სინამდვილეში ამით ირღვევა ჩვენი ვებ-გვერდებით სარგებლობის წესები * და იქმნება სერიოზული პრობლემები. სარგებლობის წესებში გარკვევით წერია, რომ „დაუშვებელია ამ ვებ-გვერდზე მოცემული სურათების, ელექტრონული პუბლიკაციების, სასაქონლო ნიშნების, მუსიკის, ფოტოების, ვიდეოებისა და სტატიების ინტერნეტში (ნებისმიერ ვებ-გვერდზე, ფაილების გაზიარების გვერდზე, ვიდეოების გაზიარების გვერდზე თუ სოციალურ ქსელში) განთავსება“. რატომ არის ასეთი შეზღუდვები საჭირო?

არავის აქვს უფლება, რომ საავტორო უფლებებით დაცული ჩვენი პუბლიკაციები სხვა ვებ-გვერდებზე განათავსოს

ჩვენს ვებ-გვერდებზე განთავსებულ ყველა მასალაზე საავტორო უფლება ვრცელდება. განდგომილები და მოწინააღმდეგეები ცდილობენ, ჩვენი პუბლიკაციები თავიანთ ვებ-გვერდებზე განათავსონ, რათა მიიზიდონ იეჰოვას მოწმეები და სხვები. მათი მიზანია, ასეთი სახით ეჭვი ჩათესონ ჩვენი პუბლიკაციების მკითხველებში (ფსალმ. 26:4; იგავ. 22:5). ზოგი ჩვენს პუბლიკაციებში მოცემულ მასალას ან jw.org-ის ლოგოს იყენებს რეკლამის მიზნით, პროდუქციის გასაყიდად ან აპლიკაციების შესაქმნელად. საავტორო უფლებისა და სასაქონლო ნიშნის ქონა საშუალებას გვაძლევს, კანონის ძალით აღვკვეთოთ ამ მასალის უკანონოდ გამოყენება (იგავ. 27:12). მაგრამ, თუ უფლებას მივცემთ ხალხს, თუნდაც თანაქრისტიანებს, სხვა ვებ-გვერდებზე განათავსონ ჩვენი ელექტრონული პუბლიკაციები ან გამოიყენონ jw.org-ის სასაქონლო ნიშანი პროდუქციის გასაყიდად, შეიძლება კანონის ძალით ვეღარ ავუკრძალოთ მათი გამოყენება მოწინააღმდეგეებსა თუ კომერციულ ორგანიზაციებს.

jw.org-ის გარდა, ჩვენი პუბლიკაციების სხვა ვებ-გვერდებიდან ჩამოტვირთვა შეიძლება სახიფათო იყოს. იეჰოვამ სულიერი საზრდოს მიწოდების პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთგულ და გონიერ მონას დააკისრა (მათ. 24:45). ეს „მონა“ სულიერი საზრდოს მისაწოდებლად იყენებს მხოლოდ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდებს: www.pr418.com, tv.pr418.com და wol.pr418.com. ასევე გვაქვს მხოლოდ სამი ოფიციალური აპლიკაცია: JW ენები®, JW ბიბლიოთეკა®, და JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე®. ეს ელექტრონული საშუალებები არ შეიცავს რეკლამებსა და სატანის ქვეყნიერების მომწამვლელ მასალას. ამიტომ ჩვენ გარანტიას არ ვიძლევით, რომ სხვა ვებ-გვერდებზე განთავსებული სულიერი საზრდო არ იქნება შეცვლილი ან დამახინჯებული (ფსალმ. 18:26; 19:8).

გარდა ამისა, თუ ჩვენი პუბლიკაციები ისეთ ვებ-გვერდებზე განთავსდება, სადაც მომხმარებლებს კომენტარების გაკეთების საშუალება აქვთ, განდგომილებმა თუ სხვა მოწინააღმდეგეებმა შეიძლება ხალხს იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ ნდობა დაუკარგონ. ზოგიერთი ქრისტიანი ჩაება ასეთ ონლაინ დებატებში და უფრო მეტი ჩრდილი მიაყენა იეჰოვას სახელს. ონლაინ ფორუმები არ არის იმისთვის შესაფერისი ადგილი, რომ ქრისტიანი „რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს და ისე არიგებდეს“ (2 ტიმ. 2:23—25; 1 ტიმ. 6:3—5). შევნიშნეთ, რომ ზოგმა ჩვენი ორგანიზაციის, ხელმძღვანელი საბჭოს ან მისი რომელიმე წევრის სახელით სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიში ან ვებ-გვერდი შექმნა. მაგრამ იცოდეთ, რომ ხელმძღვანელი საბჭოს არც ერთ წევრს არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი და არც საკუთარი ანგარიში აქვს შექმნილი სოციალურ მედიაში.

ხალხისთვის jw.org-ის გაცნობა „სასიხარულო ცნობის“ გავრცელებას უწყობს ხელს (მათ. 24:14). ელექტრონული საშუალებები, რომელთაც მსახურების დროს ვიყენებთ, თანდათან უმჯობესდება. ჩვენ გვინდა, რომ ყველამ ისარგებლოს ამ საშუალებებით. ამიტომ სარგებლობის წესებში ნათქვამია, რომ დაშვებულია სხვებისთვის ელექტრონული ფოსტით პუბლიკაციის ან jw.org-ზე განთავსებული მასალის ბმულის გაგზავნა. როდესაც დაინტერესებულ პირებს ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდებს ვაცნობთ, ამით მათ ვაკავშირებთ სულიერი საზრდოს ნამდვილ წყაროსთან, ერთგულ და გონიერ მონასთან.

^ აბზ. 1 სარგებლობის წესების ბმულის ნახვა შეგიძლიათ ვებ-გვერდის jw.org საწყისი გვერდის ბოლოში. ეს შეზღუდვები ეხება ჩვენს ვებ-გვერდებზე განთავსებულ ნებისმიერ მასალას.