არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„უფრო მეტად“ გაამხნევეთ ერთმანეთი!

„უფრო მეტად“ გაამხნევეთ ერთმანეთი!

„ყურადღებიანები ვიყოთ . . . გავამხნეოთ ერთმანეთი . . . მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25).

სიმღერები: 121, 119

1. რატომ მოუწოდა პავლე მოციქულმა ებრაელ ქრისტიანებს, „უფრო მეტად“ გაემხნევებინათ ერთმანეთი?

რატომ უნდა შევეცადოთ, რომ „უფრო მეტად“ გავამხნეოთ სხვები? პავლე მოციქულმა ამის მიზეზი ებრაელებისთვის მიწერილ წერილში ახსნა. მან თქვა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). დაახლოებით ხუთ წელიწადში იერუსალიმში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანები დაინახავდნენ „იეჰოვას დღის“ მოახლოებას და მიხვდებოდნენ, რომ უნდა დამორჩილებოდნენ იესოს მითითებას და ქალაქიდან გაქცეულიყვნენ (საქ. 2:19, 20; ლუკ. 21:20—22). ეს დღე ახ. წ. 70 წელს დადგა, როცა რომაელებმა იეჰოვას განაჩენი აღასრულეს იერუსალიმზე.

2. რატომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებიანები ერთმანეთის მიმართ?

2 დღეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ახლოსაა იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე (იოელ. 2:11). წინასწარმეტყველმა სოფონიამ თქვა: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფ. 1:14). ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროსაც ეხება. პავლე მოციქულს იეჰოვას დღის მოახლოება ჰქონდა მხედველობაში, როცა მოგვიწოდა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24). ამგვარად, და-ძმების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რათა საჭირო დროს გავამხნეოთ ისინი.

ვის სჭირდება გამხნევება?

3. რა თქვა პავლე მოციქულმა გამხნევებასთან დაკავშირებით? (იხილეთ სურათი მე-20 გვერდზე)

3 „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“ (იგავ. 12:25). ეს სიტყვები თითოეულ ჩვენგანზე მართლდება. გამხნევება და წახალისება დროდადრო ყველას გვჭირდება. პავლემ ნათლად დაგვანახვა, რომ გამხნევება მათაც სჭირდებათ, ვისაც სხვების გამხნევების პასუხისმგებლობა აკისრიათ. რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მან მისწერა: „ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი თქვენს განსამტკიცებლად, უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომ. 1:11, 12). მიუხედავად იმისა, რომ სხვების გამხნევების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, დროდადრო გამხნევება პავლესაც სჭირდებოდა (წაიკითხეთ რომაელების 15:30—32).

4, 5. ვინ შეგვიძლია გავამხნეოთ და რატომ?

4 შექებას იმსახურებენ ის და-ძმები, რომლებიც თავგანწირვის სულს ავლენენ. მათ შორის არიან ერთგული პიონერები. ბევრმა მათგანმა პიონერობის დასაწყებად საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო. იმავეს თქმა შეიძლება მისიონერებზე, სარაიონო ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებზე, აგრეთვე ფილიალებსა და მთარგმნელობით ოფისებში მომუშავე და-ძმებზე. თითოეულმა მათგანმა რაღაც მსხვერპლი გაიღო, რომ წმინდა მსახურებისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო. ასე რომ, უნდა შევაქოთ და გავამხნეოთ ისინი. გარდა ამისა, გამამხნევებელი სიტყვების მოსმენა ძალიან ესიამოვნებათ მათ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ მსახურობენ სრული დროით, თუმცა უწინდელ სულისკვეთებას არ კარგავენ.

5 შექების ღირსნი არიან ის დაუქორწინებელი და-ძმებიც, რომლებიც ცდილობენ, დაემორჩილონ ბიბლიურ მოწოდებას და დაქორწინდნენ უფალში (1 კორ. 7:39). მეუღლის საქებარი სიტყვები გულს უხარებს გამრჯე ცოლებს (იგავ. 31:28, 31). გამხნევებას იმსახურებენ ის ქრისტიანებიც, რომლებიც დევნებისა თუ გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად ერთგულებას ინარჩუნებენ (2 თეს. 1:3—5). იეჰოვა და იესო ანუგეშებენ ყველა ამ ერთგულ მსახურს (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:16, 17).

უხუცესები ცდილობენ, გაამხნეონ და-ძმები

6. რა როლი აკისრიათ უხუცესებს ესაიას 32:1, 2-ის თანახმად?

6 წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2. იესო ქრისტე გულგატეხილებსა თუ გულდამძიმებულებს ანუგეშებს და ხელმძღვანელობს ცხებული ძმებისა და „მთავრების“ ანუ უხუცესების მეშვეობით, რომლებიც სხვა ცხვრის წარმომადგენლები არიან. ისინი კი არ ბატონობენ ჩვენს რწმენაზე, არამედ გვეხმარებიან, რომ სიხარულით ვემსახუროთ ღმერთს და ბოლომდე ერთგულები დავრჩეთ (2 კორ. 1:24).

7, 8. სიტყვით გამხნევების გარდა, კიდევ რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს სხვების აღსაშენებლად?

7 მოციქულმა პავლემ ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. მან თესალონიკელ ქრისტიანებს, რომლებიც იდევნებოდნენ, მისწერა: „სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“ (1 თეს. 2:8).

8 თუმცა გამამხნევებელი სიტყვების თქმა ყოველთვის საკმარისი არ არის. პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს უთხრა: «უნდა დაეხმაროთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქ. 20:35). მოციქული მზად იყო, რომ არა მხოლოდ სიტყვით გაემხნევებინა თანამორწმუნეები, არამედ ყველაფერი გაეღო მათთვის და მთლიანად დახარჯულიყო (2 კორ. 12:15). მსგავსად ამისა, უხუცესებმა არა მხოლოდ სიტყვით უნდა გაამხნეონ და ანუგეშონ და-ძმები, არამედ საქმეებით უნდა დაანახვონ, რომ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი მათით (1 კორ. 14:3).

9. რა უნდა გაითვალისწინონ უხუცესებმა რჩევის მიცემის დროს?

9 სხვების აღსაშენებლად შეიძლება მათთვის რჩევების მიცემაც გახდეს საჭირო, თუმცა ამ შემთხვევაშიც უხუცესები უნდა მიჰყვნენ ბიბლიურ მაგალითს და რჩევის მიცემის დროს გაამხნეონ თანაქრისტიანები. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოგვცა. მას მკაცრი რჩევები უნდა მიეცა მცირე აზიის ზოგიერთი კრებისთვის, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, როგორ გააკეთა მან ეს. რჩევის მიცემამდე მან გულთბილად შეაქო ეფესოს, პერგამონისა და თიატირის კრებები (გამოცხ. 2:1—5, 12, 13, 18, 19). ლაოდიკეის კრებას იესომ უთხრა: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხ. 3:19). კარგი იქნება, თუ რჩევის მიცემის დროს უხუცესები იესოს მიჰბაძავენ.

მხოლოდ უხუცესებს არ ევალებათ სხვების გამხნევება

მშობლებო, ასწავლით შვილებს სხვების გამხნევებას? (იხილეთ აბზაცი 10)

10. როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს სხვების აღშენება?

10 მხოლოდ უხუცესებს არ აკისრიათ სხვების გამხნევების პასუხისმგებლობა. პავლემ მოუწოდა ქრისტიანებს: „მხოლოდ კარგი . . . [ილაპარაკეთ] აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფეს. 4:29). თითოეული ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ დავინახოთ სხვების საჭიროებები. პავლემ ურჩია ებრაელ ქრისტიანებს: „გამართეთ ჩამოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები და გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი, რათა კოჭლმა ფეხი არ იღრძოს და განიკურნოს“ (ებრ. 12:12, 13). ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვებს, რომ გამართონ „ჩამოშვებული ხელები“ და გაიძლიერონ „დასუსტებული მუხლები“. სხვების აღშენება და გამხნევება ყველას შეუძლია, მათ შორის ახალგაზრდებსაც.

11. რა დაეხმარა რთულ მდგომარეობაში მყოფ მართას?

11 მართა, * რომელსაც ადრე მძიმე პერიოდი ედგა, წერს: „ერთ დღეს, როცა ვლოცულობდი, რომ ვინმეს გავემხნევებინე, შევხვდი ასაკოვან დას, რომელმაც ჩემ მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა გამოავლინა. ეს მაშინ ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ის ადრე მსგავს პრობლემას ებრძოდა და, როცა თავისი გამოცდილება გამიზიარა, მივხვდი, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ რთულ მდგომარეობაში“. ამ ასაკოვან დას შეიძლება არც კი ეგონა, რომ მისი სიტყვები მართაზე ასე დადებითად იმოქმედებდა.

12, 13. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფილიპელების 2:1—4-ში ჩაწერილი რჩევა?

12 პავლემ ფილიპეს კრებას ურჩია: „ამიტომ, თუ არის რაიმე გამხნევება ქრისტეში, თუ არის სიყვარულით ნუგეში, სულთან მოზიარეობა, სათუთი გრძნობები და თანაგრძნობა, შეავსეთ ჩემი სიხარული; გქონდეთ ერთი აზრი, ერთნაირი სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი, ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:1—4).

13 დიახ, თითოეულმა უნდა ვეძებოთ სხვების დახმარების შესაძლებლობები. და-ძმები რომ გავამხნეოთ, სიყვარულით უნდა ვანუგეშოთ ისინი, ვიზრუნოთ მათზე და „სათუთი გრძნობები და თანაგრძნობა“ გამოვავლინოთ მათ მიმართ.

გამხნევების საშუალებები

14. როგორ შეგვიძლია სხვების გამხნევება?

14 იოანე მოციქულის მსგავსად, გვამხნევებს იმის გაგება, რომ ისინი, ვისაც ადრე დავეხმარეთ, დღემდე ერთგულებას ინარჩუნებენ. იოანე წერდა: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4). ბევრი პიონერი დაგვეთანხმება, რომ ძალიან გამამხნევებელია, როცა ვიგებთ, რომ ისინი, ვისაც წლების წინ ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარეთ, დღემდე ერთგულები არიან და ზოგი მათგანი პიონერადაც კი მსახურობს. გულგატეხილი პიონერის გასამხნევებლად შეიძლება ისიც კი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ წარსულში გაკეთებულ კარგ საქმეებს შევახსენებთ.

15. კიდევ როგორ შეგვიძლია ღვთის ერთგული მსახურების გამხნევება?

15 ბევრმა სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა, როგორ ამხნევებს მათ და მათ მეუღლეებს კრების მონახულების შემდეგ მიღებული პატარა სამადლობელი ბარათები. იმავეს თქმა შეიძლება უხუცესებზე, მისიონერებზე, პიონერებსა და ბეთელის ოჯახის წევრებზე, რომელთაც მადლიერების სიტყვებს მათი ერთგული მსახურებისთვის ეუბნებიან.

როგორ შეგვიძლია თითოეულს სხვების გამხნევება

16. რა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი სხვების გასამხნევებლად?

16 არასწორი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ სხვებს ვერ გავამხნევებთ, რადგან არაკომუნიკაბელური ადამიანები ვართ. გასამხნევებლად ბევრი არ არის საჭირო — მისალმების დროს მხოლოდ ღიმილითაც კი შეგვიძლია გავამხნეოთ სხვა. მაგრამ, თუ ღიმილზე ღიმილით არ გიპასუხეს, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ადამიანს რაღაც უჭირს და შეიძლება ყურადღებით მოსმენამაც კი ანუგეშოს (იაკ. 1:19).

17. როგორ დაეხმარნენ ახალგაზრდა ძმას, რომელიც რთულ მდგომარეობაში იყო?

17 ახალგაზრდა ძმა ანრი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მისმა ახლო ნათესავებმა ჭეშმარიტება დატოვეს; მათ შორის მამამისიც იყო, რომელიც უხუცესად მსახურობდა. ანრი სარაიონო ზედამხედველმა გაამხნევა. მან კაფეში დაპატიჟა ის ყავაზე და გულის გადაშლის საშუალება მისცა. საუბრის შემდეგ ანრი მიხვდა, რომ ოჯახის კრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი, რის გაკეთებაც მას შეეძლო, ერთგულების შენარჩუნება იყო. ის აგრეთვე დიდად ანუგეშა ისეთი ბიბლიური მონაკვეთების წაკითხვამ, როგორიცაა: 46-ე ფსალმუნი, სოფონიას 3:17 და მარკოზის 10:29, 30.

თითოეულს შეგვიძლია სხვების აღშენება და გამხნევება (იხილეთ აბზაცი 18)

18. ა) რა აღნიშნა მეფე სოლომონმა? ბ) რა დასკვნამდე მივიდა მოციქული პავლე?

18 მართასა და ანრის მაგალითებიდან ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავამხნეოთ ის და-ძმები, რომელთაც ნუგეში სჭირდებათ. მეფე სოლომონი წერდა: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა! გაბრწყინებული თვალები გულს ახარებს, კარგი ამბავი ძვლებს ამსუყებს“ (იგავ. 15:23, 30). გარდა ამისა, თუ გულდამძიმებულებს „საგუშაგო კოშკიდან“ ან ჩვენი ვებ-გვერდიდან სტატიებს წავუკითხავთ, შეიძლება ძალიან ვანუგეშოთ ისინი. პავლემ თავისი მაგალითით გვაჩვენა, რომ სამეფოს სიმღერების მღერამ შეიძლება ადამიანს გუნება-განწყობილება გამოუკეთოს. ის წერდა: „ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით და იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას“ (კოლ. 3:16; საქ. 16:25).

19. რატომ ხდება ერთმანეთის გამხნევება სულ უფრო და უფრო საჭირო და რა უნდა გავაკეთოთ?

19 იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება ერთმანეთის გამხნევება (ებრ. 10:25). ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის მიერ თანაქრისტიანებისთვის ნათქვამი სიტყვები: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 5:11).

^ აბზ. 11 სახელები შეცვლილია.