არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

სიღარიბიდან სულიერ სიმდიდრემდე

სიღარიბიდან სულიერ სიმდიდრემდე

დავიბადე ინდიანას შტატის (აშშ) ძალიან პატარა ქალაქ ლიბერთიში. ვცხოვრობდით ხის მორებით აწყობილ ქოხში, რომელიც მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგებოდა. მე მეოთხე შვილი ვიყავი და მყავდა უფროსი ძმა და ორი და. მოგვიანებით ჩემს მშობლებს კიდევ ორი ბიჭი და ერთი გოგონა შეეძინათ.

ქოხი, სადაც დავიბადე

სკოლაში სწავლის პერიოდში ჩვენს ქალაქში ბევრი არაფერი შეცვლილა. ჩემს სკოლაში ბავშვები პირველი კლასიდან ბოლო კლასამდე ერთად სწავლობდნენ, ამიტომ ქალაქში თითქმის ყველა ერთმანეთს სახელით ვიცნობდით.

შვიდი დედმამიშვილი ვიყავით; ახალგაზრდობაში ბევრ სასოფლო-სამეურნეო საქმეს დავეუფლე

ჩვენი ქალაქი სახნავ-სათესი მიწებით იყო გარშემორტყმული, სადაც ძირითადად სიმინდი მოჰყავდათ. მამაჩემიც ერთ-ერთ ადგილობრივ ფერმერთან მუშაობდა. მოზარდი ვიყავი, როცა ტრაქტორის ტარება ვისწავლე და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმეების კეთებასაც დავეუფლე.

მამა ახალგაზრდა არ მახსოვს. როცა დავიბადე, ის 56 წლისა იყო, დედაჩემი კი — 35-ის. მიუხედავად ამისა, მამაჩემი ჯანმრთელი და ძლიერი კაცი იყო. ის მძიმედ შრომობდა და ჩვენც გვასწავლიდა შრომის ფასს. მას ბევრი ფული არასდროს ჰქონია, მაგრამ თავზე ჭერი გვქონდა და არც ტანსაცმელი და საჭმელი გვაკლდა. მამა ყოველთვის გვერდით გვყავდა. ის 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედაჩემი კი — 86 წლის ასაკში. არცერთი არ ემსახურებოდა იეჰოვას. ჩემი დედმამიშვილებიდან მხოლოდ ერთი ძმა მსახურობს ერთგულად 1972 წლიდან უხუცესად.

ბავშვობის წლები

დედაჩემი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და კვირაობით ბაპტისტურ ეკლესიაში დავყავდით. 12 წლის ასაკში პირველად გავიგე სამების შესახებ. ცნობისმოყვარეობით აღძრულმა დედას ვკითხე: „როგორ შეიძლება, იესო ერთდროულად ძეც იყოს და მამაც?!“. დედამ მითხრა: „ეს საიდუმლოა. ამას ჩვენ ვერ გავიგებთ“. ეს ჩემთვის მართლა საიდუმლოებით იყო მოცული. ამის მიუხედავად, დაახლოებით 14 წლის ასაკში ნათლობის დროს სამების სახელით სამჯერ ჩამაყვინთინეს პატარა მდინარეში.

1952 — 17 წლის ასაკში, სანამ ჯარში გამიწვევდნენ

მაღალ კლასებში სწავლის დროს ვმეგობრობდი ერთ ბიჭთან, რომელიც პროფესიონალი მოკრივე იყო. მან დამარწმუნა, რომ მეც მომესინჯა ძალები სპორტის ამ სახეობაში. ასე რომ, დავიწყე ვარჯიში და პროფესიონალური კრივის ასოციაციის წევრი გავხდი, რომელსაც „ოქროს ხელთათმანი“ ერქვა. რამდენიმე ორთაბრძოლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემგან მოკრივე არ დადგებოდა, ამიტომ კრივს თავი დავანებე. მოგვიანებით შეერთებული შტატების ჯარში გამიწვიეს და გერმანიაში გამგზავნეს. იქ მსახურების დროს ჩემმა ზედამხედველებმა სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად გამიშვეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ლიდერის თვისებები მქონდა. მათ სურდათ, რომ სამხედრო კარიერა შემექმნა. მე კი ამის არანაირი სურვილი არ მქონდა, ამიტომ ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 1956 წელს, სამხედრო სამსახურიდან წამოვედი. მაგრამ არც ისე დიდი ხნის შემდეგ სრულიად განსხვავებულ „ჯარს“ შევუერთდი.

1954—1956 — ორი წელი ვიმსახურე შეერთებული შტატების ჯარში

ვიწყებ ახალ ცხოვრებას

ჭეშმარიტების გაგებამდე ვაჟკაცობაზე არასწორი წარმოდგენა მქონდა. ნამდვილ კაცობაზე შეხედულება ფილმებმა და საზოგადოებაში გავრცელებულმა აზრმა ჩამომიყალიბა. ვფიქრობდი, რომ ბიბლიაზე საუბარი კაცის საქმე არ იყო. მაგრამ შემდეგ ისეთი რამ გავიგე, რამაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ერთ დღეს, როცა ჩემი წითელი კაბრიოლეტით ქალაქში ვმოძრაობდი, ორმა ახალგაზრდა ქალმა ხელი დამიქნია. მათ ვიცნობდი, რადგან ჩემი უფროსი დის მულები იყვნენ. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მანამდე მათ ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ გამოვართვი, მაგრამ „საგუშაგო კოშკის“ სტატიები ჩემთვის ცოტა რთული გასაგები იყო. ამჯერად მათ წიგნის შესწავლაზე დამპატიჟეს. ამ პატარა შეხვედრაზე, რომელიც მათ სახლში ტარდებოდა, ბიბლიას სწავლობდნენ და წაკითხულის გარშემო მსჯელობდნენ. ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. გოგოებმა ღიმილით მკითხეს: „გვპირდები?“. „გპირდებით“, — ვუპასუხე მე.

ცოტა ხნის შემდეგ ვინანე, რომ გოგოებს შეხვედრაზე მისვლას დავპირდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა წავსულიყავი. ასე რომ, იმ საღამოს წიგნის შესწავლას დავესწარი. ყველაზე მეტად ბავშვებმა გამაოცეს. ყურებს არ ვუჯერებდი, იმდენი რამ იცოდნენ ბიბლიის შესახებ! მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს კვირაობით ეკლესიაში დავყვებოდი, ბიბლიიდან ბევრი არაფერი ვიცოდი. გადავწყვიტე, მეტი გამეგო და ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი. პირველი, რაც გავიგე, ის იყო, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს იეჰოვა ერქვა. წლების წინ, როცა დედას იეჰოვას მოწმეების შესახებ ვკითხე, მან მითხრა: „ისინი ერთი მოხუცი კაცის, იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან“. მაგრამ ახლა თითქოს თვალი ამეხილა!

სწრაფად წავიწიე წინ სულიერად, რადგან დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. პირველ შეხვედრაზე დასწრებიდან ცხრა თვეში, 1957 წლის მარტში მოვინათლე. ცხოვრებაზე შეხედულება შემეცვალა. მიხარია, რომ ბიბლიიდან გავიგე, სინამდვილეში რას ნიშნავს ვაჟკაცობა. იესო სრულყოფილი, ფიზიკურად ძლიერი და მტკიცე ხასიათის მამაკაცი იყო, რომელსაც ვერცერთი „ვაჟკაცი“ ვერ შეედრებოდა. მიუხედავად ამისა, ის კი არ ჩხუბობდა, არამედ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მდევნელებს „თავი დააჩაგვრინა“ (ეს. 53:2, 7). გავიგე, რომ იესოს ნამდვილი მიმდევარი „ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“ (2 ტიმ. 2:24).

მომდევნო წელს, ანუ 1958 წელს, პიონერად მსახურება დავიწყე. მაგრამ მალევე მომიწია პიონერობის შეწყვეტა ცოტა ხნით, რადგან გლორიაზე ვაპირებდი დაქორწინებას. ის ერთ-ერთი იყო იმ ორი ახალგაზრდა ქალიდან, რომლებმაც წიგნის შესწავლაზე დამპატიჟეს. ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია. გლორია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია — ის დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ უძვირფასეს ბრილიანტზე ძვირფასია. მას არასდროს გაუცრუებია ჩემთვის იმედი. ბედნიერი ვარ, რომ მასზე დავქორწინდი. საკუთარ თავზე ის თავად გიამბობთ:

„ჩემს მშობლებს 17 შვილი ვყავდით. დედაჩემი იეჰოვას ერთგული მსახური იყო. 14 წლის ვიყავი, როცა ის ხელიდან გამოგვეცალა. ამ პერიოდში მამაჩემმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დედის სიკვდილის შემდეგ მამამ სკოლის დირექტორს სთხოვა, რომ უფლება მოეცა, მე და ჩემს უფროს დას, რომელიც დამამთავრებელ კლასში იყო, დღეგამოშვებით გვევლო სკოლაში. ერთ-ერთი სახლში უნდა დავრჩენილიყავით, რომ პატარებზე გვეზრუნა და სამსახურიდან დაბრუნებული მამისთვის სადილი დაგვეხვედრებინა. დირექტორი დაგვთანხმდა და ასე ვაკეთებდით, ვიდრე ჩემმა დამ სკოლა არ დაამთავრა. ბიბლიის შესწავლას ორი ოჯახი გვიტარებდა და 11 ჩვენგანი იეჰოვას მოწმე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მორცხვი ვიყავი, ძალიან მომწონდა ქადაგება. სამუელი წლების მანძილზე მეხმარებოდა სიმორცხვის დაძლევაში“.

მე და გლორია 1959 წლის თებერვალში დავქორწინდით. ჩვენ ერთად ვმსახურობდით პიონერებად. იმავე წლის ივლისში ბეთელის ბლანკი შევავსეთ და ძალიან გვინდოდა, რომ მთავარ სამმართველოში გვემსახურა. ძმა საიმონ კრეიკერი გაგვესაუბრა და გვითხრა, რომ იმ დროისთვის დაქორწინებულებს არ იწვევდნენ ბეთელში. მთავარ სამმართველოში მსახურების სურვილი არ გაგვნელებია, თუმცა ძალიან დიდხანს მოგვიწია ლოდინი.

ჩვენ წერილი მივწერეთ მთავარ სამმართველოს და ვთხოვეთ, რომ იქ გავეგზავნეთ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. საპასუხო წერილში მხოლოდ პაინ ბლაფი, (არკანზასის შტატი) იყო მითითებული. იმ პერიოდში პაინ ბლაფში ორი კრება იყო — თეთრკანიანებისა და ფერადკანიანების ანუ შავკანიანების. ჩვენ ფერადკანიანთა კრებაში დაგვნიშნეს, რომელშიც დაახლოებით 14 მაუწყებელი იყო.

სეგრეგაცია და რასიზმი

შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ იყო იეჰოვას მოწმეთა კრებები დაყოფილი კანის ფერის მიხედვით. მარტივად რომ გითხრათ, მაშინ სხვა გზა არ იყო. იქ კანონის დარღვევად ითვლებოდა სხვადასხვა რასის ადამიანების ერთად შეკრება. ამასთანავე, ძალადობის სერიოზული საშიშროებაც არსებობდა. ბევრგან ძმებს ეშინოდათ, რომ, თუ ორი რასის ადამიანები თაყვანისცემის მიზნით ერთად შეიკრიბებოდნენ, შეიძლებოდა მათი სამეფო დარბაზი დაენგრიათ. ასეთი შიში უსაფუძვლო არ იყო, რადგან მსგავსი რამ ხდებოდა ხოლმე. თუ შავკანიანები თეთრკანიანთა უბანში იქადაგებდნენ, ისინი შეიძლება დაეპატიმრებინათ და ეცემათ კიდეც. ასე რომ, თუ ქადაგება გვინდოდა, კანონებს უნდა დავმორჩილებოდით და იმედი გვქონოდა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

ჩვენს მსახურებას გარკვეული სირთულეები ახლდა თან. შავკანიანთა ტერიტორიაზე მსახურების დროს ხანდახან შემთხვევით თეთრკანიანთა სახლის კარზე ვაკაკუნებდით. სწრაფად უნდა გადაგვეწყვიტა, შეთავაზება გაგვეკეთებინა თუ ბოდიში მოგვეხადა და სხვა კართან გადაგვენაცვლა. აი ასე გვიწევდა ზოგან მსახურება.

რა თქმა უნდა, თავის სარჩენად და პიონერობის გასაგრძელებლად მუშაობა გვიწევდა. ძირითადად, დღეში სამ დოლარს გამოვიმუშავებდით. გლორია რამდენიმე სახლს ალაგებდა. ერთმა ოჯახმა ნება მოგვცა, რომ გლორიას მეც დავხმარებოდი, რათა საქმეს ნახევარ დღეში მოვრჩენილიყავით. წამოსვლის წინ ისინი სადილად გაყინულ მზა საკვებს გვაძლევდნენ ხოლმე. ყოველკვირა გლორია ერთ ოჯახში სარეცხს აუთოებდა, მე კი ბაღში ვმუშაობდი, ფანჯრებს ვწმენდდი და სხვა წვრილ-წვრილ საქმეს ვასრულებდი. თეთრკანიანთა ერთ ოჯახში ფანჯრებს ვწმენდდით — მე გარედან, გლორია კი შიგნიდან. მთელი დღე ამის კეთება გვიწევდა, ამიტომ საჭმელსაც გვაჭმევდნენ. გლორია სახლში სადილობდა, ოღონდ ოჯახისგან განცალკევებით, მე კი გარეთ, გარაჟში ვჭამდი, მაგრამ ამაზე არ ვჩიოდი, მთავარი ის იყო, რომ კარგი საჭმელი გვქონდა. კარგი ოჯახი იყო; ისინი უბრალოდ საზოგადოებაში გავრცელებული აზრის გავლენაში იყვნენ მოქცეულები. მახსოვს, ერთხელ ბენზინგასამართ სადგურზე ავზის შევსების შემდეგ იქ მომუშავეს ვკითხე, შეეძლო თუ არა გლორიას, საპირფარეშოთი ესარგებლა. მან შემომიბღვირა და უკმეხად მითხრა: „დაკეტილია“.

არაერთი დაუვიწყარი სიკეთე

ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, და-ძმებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და მსახურება დიდ სიხარულს გვანიჭებდა. როცა პირველად ჩავედით პაინ ბლაფში, იმ ძმის სახლში ვცხოვრობდით, რომელიც კრების მსახური იყო. მისი მეუღლე იეჰოვას მოწმე არ იყო, ამიტომ გლორიამ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამასობაში მე მათ ქალიშვილთან და სიძესთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა. დედა-შვილმა იეჰოვას მსახურება გადაწყვიტა და ორივე მოინათლა.

თეთრკანიანთა კრებაში არაერთი ძვირფასი მეგობარი შევიძინეთ. ისინი სავახშმოდ გვეპატიჟებოდნენ, ოღონდ შებინდებისას, რომ ერთად არავის დავენახეთ. იმ პერიოდში საკმაოდ გააქტიურებული იყო ორგანიზაცია „კუ-კლუქს-კლანი“ (კკკ), რომელიც საზოგადოებაში რასიზმისა და ძალადობის სულს აღვივებდა. ჰელოუინის დღესასწაულის ერთ ღამეს დავინახე თავისი სახლის წინ ამაყად მჯდარი ერთი მამაკაცი, რომელსაც ისეთივე სამოსი ემოსა, როგორიც „კუ-კლუქს-კლანის“ წევრებს. მართალია, ხალხში ასეთი ცუდი განწყობა იყო, მაგრამ განსხვავებული კანის ფერის მიუხედავად, და-ძმები ყოველთვის ავლენდნენ სიკეთეს ერთმანეთის მიმართ. ერთ ზაფხულს კონგრესზე წასასვლელი ფული არ გვქონდა, ამიტომ ერთმა ძმამ ჩვენი ფორდი იყიდა, რომელიც 1950 წელს იყო გამოშვებული. ერთი თვის შემდეგ, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, როცა მე და გლორია კარდაკარ მსახურებისა და ბიბლიის შესწავლების შემდეგ სახლში დაღლილები დავბრუნდით, სიურპრიზი დაგვხვდა. სახლის წინ ჩვენი მანქანა იდგა! საქარე მინაზე დატოვებულ პატარა ბარათზე კი ეწერა: „თქვენს მანქანას საჩუქრად გიბრუნებთ. თქვენი ძმა“.

არასდროს დამავიწყდება და-ძმების მიერ გამოვლენილი კიდევ ერთი სიკეთე. 1962 წელს სამეფო მსახურების სკოლაში მიმიწვიეს, რომელიც საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი) ტარდებოდა. ეს იყო ერთთვიანი სწავლების კურსი, რომელიც ამზადებდა კრების ზედამხედველებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებს. როცა მოწვევა მივიღე, უმუშევარი ვიყავი და ფინანსურად ძალიან გვიჭირდა. თუმცა პაინ ბლაფში მანამდე სატელეფონო კომპანიაში გასაუბრებაზე ვიყავი. თუ ამიყვანდნენ, პირველი შავკანიანი თანამშრომელი ვიქნებოდი ამ კომპანიაში. როცა მითხრეს, რომ ჩემს დასაქმებას აპირებდნენ, ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი. აღარ ვიცოდი, სამსახურზე დავთანხმებულიყავი თუ სკოლაში მიწვევა მიმეღო. ნიუ-იორკში წასასვლელი ფული არ მქონდა, ამიტომ სერიოზულად დავიწყე ფიქრი, რომ სკოლაში წასვლაზე უარი მეთქვა. უკვე წერილის დაწერას ვაპირებდი, როცა ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი რამ მოხდა.

ერთ დილას კარზე დაგვიკაკუნა ჩვენი კრებიდან ერთმა დამ, რომლის ქმარიც იეჰოვას მოწმე არ იყო, და კონვერტი გადმომცა. კონვერტი ფულით იყო სავსე. ის და მისი მცირეწლოვანი შვილები დილაუთენია დგებოდნენ და ბამბის პლანტაციას თოხნიდნენ — კვლებიდან სარეველას აშორებდნენ, რათა ჩემთვის ნიუ-იორკში გასამგზავრებელი ფული შეეგროვებინათ. დამ მითხრა: „წადი სკოლაში და რაც შეიძლება მეტი ისწავლე. შემდეგ დაბრუნდი და ჩვენ გვასწავლე“. მოგვიანებით სატელეფონო კომპანიას ვთხოვე, შეიძლებოდა თუ არა, რომ სამუშაოს ხუთი კვირის შემდეგ შევდგომოდი. მათ ცივი უარით გამომისტუმრეს, მაგრამ გული არ დამწყვეტია. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ სამსახურზე უარი ვთქვი.

აი როგორ იხსენებს გლორია პაინ ბლაფში მსახურებას: „ძალიან შემიყვარდა იქ ქადაგება. 15-დან 20-მდე ბიბლიის შესწავლა მქონდა. ასე რომ, დილით კარდაკარ ვქადაგებდით, დანარჩენი დრო კი ბიბლიის შესწავლებს ვატარებდით, ზოგჯერ ღამის 11 საათამდეც კი. პაინ ბლაფში მსახურება ძალიან სახალისო იყო. სიამოვნებით დავრჩებოდი იქ. გამოგიტყდებით, რომ ნამდვილად არ მინდოდა იქაურობის დატოვება და მიმოსვლითი მსახურების დაწყება, მაგრამ იეჰოვას, როგორც ჩანს, სხვა გეგმები ჰქონდა“. და ეს ასეც აღმოჩნდა.

მიმოსვლითი მსახურება

პაინ ბლაფში პიონერად მსახურების დროს სპეციალურ პიონერად მსახურების ბლანკი შევავსეთ. დიდი მოლოდინი გვქონდა, რადგან საოლქო ზედამხედველს სურდა, რომ, როგორც სპეციალური პიონერები, ტეხასში ერთ კრებას დავხმარებოდით. ეს აზრი ძალიან მოგვეწონა. ასე რომ, ველოდებოდით ახალ დავალებას, მაგრამ ჩვენი საფოსტო ყუთი ისევ და ისევ ცარიელი გვხვდებოდა. ერთ დღესაც როგორც იქნა მივიღეთ წერილი, სადაც ეწერა, რომ მიმოსვლითი მსახურება დაგვევალა! ეს იყო 1965 წლის იანვარი. იმავე პერიოდში სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა ძმა ლიონ ვივერი, რომელიც ახლა შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის კოორდინატორია.

ძალიან ვნერვიულობდი, რადგან სარაიონო ზედამხედველად უნდა მემსახურა. დაახლოებით ერთი წლით ადრე საოლქო ზედამხედველი ჯეიმზ ტომფსონ უმცროსი კრების მონახულების დროს მაკვირდებოდა და რბილად მაძლევდა რჩევებს. ის ისეთ მხარეებზე მიმახვილებდა ყურადღებას, რაც კარგ სარაიონო ზედამხედველად გახდომაში დამეხმარებოდა. მიმოსვლითი მსახურება ახალი დაწყებული მქონდა, როცა მივხვდი, რომ მისი რჩევები ნამდვილად გამოსადეგი იყო. სარაიონო ზედამხედველად დანიშვნის შემდეგ პირველი საოლქო ზედამხედველი, ვისთანაც ვითანამშრომლე, სწორედ ძმა ტომფსონი იყო. ამ ერთგული და სულიერად მოწიფული ძმისგან ბევრი რამ ვისწავლე.

მადლიერი ვარ ერთგული ძმების მიერ გაწეული დახმარებისთვის

იმ დროს სარაიონო ზედამხედველები სწავლების მოკლე კურსს გადიოდნენ. ერთი კვირის განმავლობაში სხვა სარაიონო ზედამხედველს ვაკვირდებოდი კრების მონახულების დროს. მომდევნო კვირას კი ის მაკვირდებოდა, როცა სხვა კრებას ვინახულებდით. მან რჩევები და მითითებები მომცა, რის შემდეგაც უკვე მის გარეშე ვინახულებდი კრებებს. კარგად მახსოვს, გლორიას ვეკითხებოდი, ნამდვილად მზად ვიყავით თუ არა, ეს საქმე მარტოებს გაგვეგრძელებინა. თუმცა დროთა განმავლობაში ერთ მნიშვნელოვან რამეს მივხვდი: ყოველთვის იქნებიან კარგი ძმები ჩვენ გვერდით, მთავარია, მათ დახმარების საშუალება მივცეთ. დღემდე ძალიან ვაფასებ იმ გამოცდილი ძმების მხარდაჭერას, რომელთა შორისაც იყვნენ ძმა ჯეიმზ ბრაუნი და ძმა ფრედ რასკი. ძმა ბრაუნი მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, ძმა რასკი კი ბეთელის ოჯახის წევრი იყო.

იმ პერიოდში რასისტულ აზროვნებას ბევრი იზიარებდა. ერთხელ „კუ-კლუქს-კლანის“ წევრებმა მსვლელობა მოაწყვეს ტენესის ერთ ქალაქში, სადაც კრებას ვინახულებდით. სხვა დროს მქადაგებელთა ჯგუფი სწრაფი კვების ობიექტთან შევჩერდით წასახემსებლად. საპირფარეშოში რომ წავედი, შევნიშნე, რომ ერთი ახმახი და კუშტი გამომეტყველების მამაკაცი უკან გამომყვა. სხეულზე გაკეთებული ტატუები მის რასისტულ განწყობაზე მიანიშნებდა. მაგრამ საპირფარეშოში შემოვიდა თეთრკანიანი ძმა, რომელიც ჩემზე და მასზე მხარბეჭიანი იყო, და მკითხა: „ხომ მშვიდობაა, ძმაო ჰერდ?“. ეს მამაკაცი ისე გავარდა, რომ საპირფარეშოთი არც კი უსარგებლია. წლების მანძილზე დავრწმუნდი, რომ რასიზმის არსებობა ადამიანის კანის ფერის კი არა, ცოდვის ბრალია, რომელიც ადამისგან მემკვიდრეობით ყველას გადმოგვეცა. მივხვდი, რომ კანის ფერის მიუხედავად ჩვენ ძმები ვართ და თუ საჭიროება მოითხოვს, მზად ვართ, რომ მოვკვდეთ კიდეც ერთმანეთისთვის.

სულიერი სიმდიდრე

მე და გლორიამ 33 წელი მიმოსვლით მსახურებაში გავატარეთ, აქედან 21 წელი — საოლქო მსახურებაში. ეს შესანიშნავი წლები იყო, რომლებმაც ბევრი კურთხევა მოგვიტანა, თუმცა წინ კიდევ ერთი კურთხევა გველოდა. 1997 წლის აგვისტოში ჩვენი დიდი ხნის ოცნება ახდა. მე და გლორია პირველი ბლანკის შევსებიდან 38 წლის შემდეგ შეერთებული შტატების ბეთელში მიგვიწვიეს. მომდევნო თვიდან ბეთელში მსახურებას შევუდექით. ვფიქრობდი, რომ ძმებს დროებით სჭირდებოდათ ჩემი დახმარება, მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.

გლორია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია

თავიდან სამსახურებრივ განყოფილებაში დავიწყე მსახურება, სადაც ბევრი რამ ვისწავლე. ამ განყოფილებაში მომუშავე ძმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უხუცესთა საბჭოებისა თუ სარაიონო ზედამხედველების მიერ დასმულ ბევრ დელიკატურ და რთულ კითხვაზე უწევდათ პასუხების გაცემა. მადლობელი ვარ იმ ძმების, რომლებიც მოთმინებით მასწავლიდნენ და მეხმარებოდნენ. ვფიქრობ, ისევ ამ განყოფილებაში რომ დამნიშნონ, ძმებისგან მაინც ბევრი რამის სწავლა დამჭირდება.

მე და გლორიას გვიყვარს ბეთელში მსახურება. ადრე ადგომა არასდროს გვიჭირდა, რაც ბეთელში ძალიან გვეხმარება. ბეთელში მოწვევიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივი კომიტეტის დამხმარედ დავინიშნე. 1999 წელს ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გავხდი. ამ ახალმა დავალებამ ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქრისტიანული კრების თავი ადამიანი კი არა, იესო ქრისტეა.

1999 წლიდან მაქვს პატივი, ვიმსახურო ხელმძღვანელ საბჭოში

როცა წარსულს ვიხსენებ, ხანდახან წინასწარმეტყველი ამოსივით ვგრძნობ თავს. იეჰოვამ შეამჩნია თავმდაბალი მწყემსი, რომელიც მძიმე სეზონურ სამუშაოს ასრულებდა — მოჰყავდა სიკომოროს ლეღვი, რაც ღარიბთა საკვებად ითვლებოდა. ღმერთმა ამოსი დიდად აკურთხა და ის წინასწარმეტყველად აირჩია (ამოს. 7:14, 15). იეჰოვამ მეც შემნიშნა — პატარა ქალაქ ლიბერთიში (ინდიანა) მცხოვრები ღარიბი გლეხის ბიჭი, და იმდენად მაკურთხა, რომ შეუძლებელია აქ ყველაფერი მოვიხსენიო (იგავ. 10:22). მართალია, მატერიალურად ღარიბ ოჯახში დავიბადე, მაგრამ ახლა სულიერად მდიდარი ვარ, იმაზე მდიდარი, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი!