არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერნი არიან გულუხვად გამცემნი

ბედნიერნი არიან გულუხვად გამცემნი

„გაცემას . . . ბედნიერება მოაქვს“ (საქ. 20:35).

სიმღერები: 76, 110

1. როგორ მეტყველებს შემოქმედება იეჰოვას გულუხვობაზე?

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს შექმნამდე იეჰოვა სრულიად მარტო იყო, ის მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობდა. მან სიცოცხლე აჩუქა თავის გონიერ ქმნილებებს — ანგელოზებს და ადამიანებს. ბედნიერ ღმერთს, იეჰოვას, სიხარულს ანიჭებს გაცემა (1 ტიმ. 1:11; იაკ. 1:17). ვინაიდან მას სურს, ბედნიერები ვიყოთ, ის ჩვენც გვასწავლის გულუხვობას (რომ. 1:20).

2, 3. ა) რატომ გვანიჭებს გაცემა ბედნიერებას? ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

2 ღმერთმა ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა (დაბ. 1:27). ეს ნიშნავს, რომ მან თავისი თვისებების გამოვლენის უნარი გვიბოძა. ამიტომ ბედნიერებისა და კმაყოფილების მისაღებად იეჰოვას უნდა მივბაძოთ, ანუ დავინტერესდეთ სხვებით და გულუხვად გავცეთ (ფილ. 2:3, 4; იაკ. 1:5). რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? იმიტომ რომ ამის უნარი იეჰოვამ სიყვარულით გვიბოძა. არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს გულუხვ ღმერთს.

3 ბიბლიიდან ვიგებთ, თუ როგორ შეგვიძლია გულუხვად გაცემა. ქვემოთ განვიხილავთ ამ საკითხთან დაკავშირებულ რამდენიმე ბიბლიურ მუხლს და გავიგებთ, როგორ გვეხმარება გულუხვობა იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვებასა და მისგან დავალებული საქმის შესრულებაში. აგრეთვე ვისაუბრებთ, რა კავშირია ბედნიერებასა და გულუხვობას შორის და რა უნდა გავაკეთოთ, რომ კვლავაც გამოვავლინოთ ეს თვისება.

როგორ მოვიპოვოთ ღვთის კეთილგანწყობა

4, 5. გულუხვობის რა მაგალითი დაგვიტოვეს იეჰოვამ და იესომ?

4 იეჰოვას სურს, რომ მივბაძოთ მას. ამიტომ, როცა გულუხვობას ვიჩენთ, ღმერთს სიხარულს ვანიჭებთ (ეფეს. 5:1). შემოქმედს ჩვენთვის ბედნიერება სურს. ამას ისიც ადასტურებს, რომ მან ადამიანი საოცრად შექმნა და ყველაფრით უზრუნველყოფილ ლამაზ პლანეტაზე დაასახლა (ფსალმ. 104:24; 139:13—16). ასე რომ, იეჰოვასთვის დიდება მოგვაქვს, როცა სხვების ბედნიერებას ვუწყობთ ხელს.

5 ჭეშმარიტი ქრისტიანები ჰბაძავენ ქრისტეს, რომელმაც გულუხვობის სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. მან თქვა: „კაცის ძე არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28). პავლე მოციქულმა კი ქრისტიანებს მოუწოდა: „ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა . . . [მან] ყველაფერზე უარი თქვა [და] მონის სახე მიიღო“ (ფილ. 2:5, 7). ამიტომ კარგი იქნება, თუ თითოეული საკუთარ თავს ვკითხავთ: „შემიძლია იმაზე უკეთ მივბაძო იესოს, ვიდრე აქამდე ვბაძავდი?“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21).

6. რა გვასწავლა იესომ იგავით კეთილ სამარიელზე? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

6 იეჰოვას კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ, მის და ქრისტეს სრულყოფილ მაგალითს უნდა მივბაძოთ, დავინტერესდეთ სხვების კეთილდღეობით და მათთვის სიკეთის კეთების გზები ვეძებოთ. იესომ თავის მიმდევრებს მოუყვანა იგავი კეთილ სამარიელზე და დაანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ წარმომავლობის მიუხედავად ყველას დახმარებოდნენ (წაიკითხეთ ლუკას 10:29—37). გახსოვთ, რა კითხვა დაუსვა ერთმა იუდეველმა იესოს ამ იგავის მოყოლამდე? მან ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. იესოს პასუხიდან გამოჩნდა, რომ, თუ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება გვსურს, იმ სამარიელივით გულუხვები უნდა ვიყოთ.

7. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ იმაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ, რის გაკეთებასაც ღმერთი გვთხოვს?

7 ქრისტიანებს გულუხვობის გამოვლენის არაერთი კარგი მიზეზი გვაქვს. მაგალითად, როცა ვფიქრობთ სატანის მიერ ედემის ბაღში წამოჭრილ საკამათო საკითხზე, ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ თვისების გამოვლენა. სატანა ირწმუნებოდა, რომ არა მხოლოდ პირველი წყვილი, არამედ მთელი კაცობრიობა ეგოისტურად მოიქცეოდა და ღვთის მორჩილებაზე წინ საკუთარ ინტერესებს დააყენებდა. ევა ეგოისტურად მოიქცა, როცა ღმერთივით გახდომა მოინდომა, ადამის ეგოიზმი კი მაშინ გამოჩნდა, როცა ღმერთზე წინ ევა დააყენა (დაბ. 3:4—6). მათი დაუმორჩილებლობის შედეგები სახეზეა. აშკარაა, რომ ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებას ბედნიერება კი არა, უბედურება მოაქვს. ჩვენი გულუხვობით იმის ღრმა რწმენას ვავლენთ, რომ იმაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ, რის გაკეთებასაც ღმერთი გვთხოვს.

ღვთის მიერ დავალებული საქმის შესრულება

8. რატომ უნდა ეზრუნათ ადამსა და ევას შთამომავლებზე?

8 ღმერთმა პირველ წყვილს ისეთი რამ დაავალა, რაც მათ სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვის საშუალებას მისცემდა იმის მიუხედავად, რომ ედემის ბაღში მხოლოდ ორნი იყვნენ. იეჰოვამ აკურთხა ადამი და ევა და უთხრა, რომ გამრავლებულიყვნენ, აევსოთ დედამიწა და დაპატრონებოდნენ მას (დაბ. 1:28). როგორც შემოქმედი ზრუნავდა თავისი ქმნილებების კეთილდღეობაზე, ისე პირველ წყვილს უნდა ეზრუნა ჯერ არშობილი შვილების ბედნიერებაზე. მთელი დედამიწა სამოთხედ უნდა გადაქცეულიყო, სადაც ადამის შთამომავლები იცხოვრებდნენ. დედამიწაზე სამოთხისებური პირობების შექმნა საკმაოდ გრძელვადიანი დავალება იყო, რომლის შესრულებაშიც ადამის შთამომავლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას.

9. რატომ მიანიჭებდა ადამიანებს ბედნიერებას დედამიწის სამოთხედ გადაქცევა?

9 სამოთხის საზღვრები რომ გაეფართოებინათ და მისი ნება შეესრულებინათ, სრულყოფილ ადამიანებს იეჰოვასთან სრულად უნდა ეთანამშრომლათ. ასე მოქმედებით ისინი „ღვთის დასვენებაში“ შევიდოდნენ (ებრ. 4:11). წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო და სიხარულის მომტანი იქნებოდა მათთვის ამ დავალების შესრულება! სხვების კეთილდღეობაზე უანგაროდ ზრუნვა მათ უდიდეს კმაყოფილებასა და კურთხევებს მოუტანდა.

10, 11. რა დაგვეხმარება ღვთისგან დავალებული საქმის შესრულებაში?

10 დღეს იეჰოვამ თავის ხალხს ქადაგება და მოწაფეების მომზადება დაავალა. ამ დავალების შესრულება რომ შევძლოთ, გულწრფელად უნდა ვიზრუნოთ სხვების კეთილდღეობაზე. ქადაგების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ სწორი მოტივები გვექნება, ანუ გვეყვარება ღმერთი და მოყვასი.

11 ახ. წ. პირველ საუკუნეში პავლე მოციქულმა თავის თავსა და რამდენიმე თანამსახურს „ღვთის თანამშრომელნი“ უწოდა, რადგან მათ თავიანთი წვლილი შეჰქონდათ სამეფოს თესლი თესვასა და მორწყვაში (1 კორ. 3:6, 9). ჩვენც ვიქნებით „ღვთის თანამშრომელნი“, თუ გულუხვად გავცემთ ჩვენს დროს, ენერგიასა და სახსრებს იეჰოვასგან დავალებული სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად. რამხელა პატივია ეს ჩვენთვის!

ძალიან ცოტა რამეს მოაქვს იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე მადლიერი ადამიანებისთვის ჭეშმარიტების სწავლებას (იხილეთ აბზაცი 12)

12, 13. რა კურთხევები მოაქვს მოწაფეების მომზადებას პირადად თქვენთვის?

12 როცა ქადაგებისა თუ მოწაფეების მომზადების საქმეში გულუხვად გავცემთ საკუთარ დროსა და ენერგიას, უდიდეს სიხარულს ვგრძნობთ. ბევრი, ვისაც ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები ჰქონია, აღნიშნავს, რომ ძალიან ცოტა რამეს მოაქვს ადამიანისთვის ამაზე დიდი სიხარული. საოცარი შეგრძნებაა, როცა საკუთარი თვალით ხედავ, რომ შემსწავლელები სწვდებიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რწმენაში ძლიერდებიან, იცვლებიან და სხვებთან იწყებენ ქადაგებას. იესომაც განიცადა მსგავსი სიხარული, როცა საქადაგებლად გაგზავნილი 70 მოწაფე კარგი შემთხვევების გამო უკან „გახარებული დაბრუნდა“ (ლუკ. 10:17—21).

13 მთელ მსოფლიოში მცხოვრებ და-ძმებს ახარებს იმის დანახვა, რომ სასიხარულო ცნობა უკეთესობისკენ ცვლის ადამიანების ცხოვრებას. განვიხილოთ ახალგაზრდა დაუქორწინებელი დის, ანას * შემთხვევა, რომელიც მსახურების გასაფართოებლად აღმოსავლეთ ევროპაში გადავიდა. ანა გვიამბობს: «აქ საკმაოდ ბევრი ბიბლიის შესწავლის დაწყება შეიძლება, რაც ძალიან მომწონს. მსახურება უდიდეს სიხარულს მანიჭებს. სახლში დაბრუნებულს თითქმის აღარ მრჩება დრო საკუთარი პრობლემებისთვის. ძირითადად, შემსწავლელების გასაჭირი თუ საწუხარი მიტრიალებს გონებაში. წინასწარ ვფიქრობ, როგორ შემიძლია მათი გამხნევება და პრაქტიკულად დახმარება. დავრწმუნდი, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქ. 20:35).

როცა ჩვენს ტერიტორიაზე ყველა კართან მივდივართ, ხალხს სამეფოს ცნობის მოსმენის შესაძლებლობას ვაძლევთ (იხილეთ აბზაცი 14)

14. როგორ შეგიძლიათ მსახურებაში სიხარულის პოვნა მაშინაც კი, თუ ძალიან ცოტა ეხმაურება სამეფოს ცნობას?

14 გაცემა მაშინაც გვანიჭებს ბედნიერებას, როცა არ გვისმენენ, რადგან ქადაგებით ხალხს სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობას ვაძლევთ. სხვა თუ არაფერი, ჩვენც ხომ იმავე საქმეს ვასრულებთ, რასაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომელსაც იეჰოვამ დაავალა: „უთხარი მათ ჩემი სიტყვები, გინდ მოგისმინონ, გინდ არა“ (ეზეკ. 2:7; ეს. 43:10). არა აქვს მნიშვნელობა, მოგვისმენენ თუ არა სხვები, იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას (წაიკითხეთ ებრაელების 6:10). ამ მხრივ შესანიშნავი განწყობა გამოავლინა ერთმა მაუწყებელმა. თავისი მსახურების შესახებ ის წერდა: „ჩვენ დავრგეთ, მოვრწყეთ და ვლოცულობდით იმ იმედით, რომ იეჰოვა გაზრდიდა ინტერესს“ (1 კორ. 3:6).

როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას

15. როგორ რეაგირებს ბევრი ჩვენს გულუხვობაზე და უნდა იმოქმედოს თუ არა მათმა განწყობამ ჩვენზე?

15 იესოს სურს, რომ გულუხვობამ ბედნიერება მოგვანიჭოს. ბევრი ადამიანი მადლიერია მათ მიმართ გამოვლენილი გულუხვობის გამო. იესომ დაგვარწმუნა: „გაეცით და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკ. 6:38). ცხადია, ყველა არ დააფასებს ჩვენს გულუხვობას, მაგრამ ის, ვინც დააფასებს, აუცილებლად აღიძვრება, რომ ანალოგიურად მოიქცეს. ასე რომ, კვლავაც გაეცით გულუხვად იმის მიუხედავად, დააფასებენ თუ არა ამას სხვები. არასოდეს იცით, რამხელა სიკეთე შეიძლება აღმოჩნდეს თქვენ მიერ თუნდაც ერთხელ გამოვლენილი გულუხვობა.

16. ვის მიმართ უნდა გამოვავლინოთ გულუხვობა და რატომ?

16 გულუხვი ადამიანი არასდროს გასცემს რაიმეს იმ იმედით, რომ სანაცვლოს მიიღებს. იესოს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა მოწაფეებს უთხრა: „როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ“ (ლუკ. 14:13, 14). ბიბლიის ერთმა დამწერმა ღვთივშთაგონებით თქვა, რომ გულუხვი ადამიანი კურთხეული იქნება. სხვამ კი დაწერა: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს“ (იგავ. 22:9; ფსალმ. 41:1). დიახ, ჩვენ უნდა გავცეთ, რადგან სხვების დახმარება სიამოვნებას გვანიჭებს.

17. რის გაცემა შეგვიძლია, რაც სიხარულს მოგვანიჭებს?

17 როცა პავლე ციტირებდა იესოს სიტყვებს, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“, ის მხოლოდ მატერიალური ქონების გაზიარებას კი არ გულისხმობდა, არამედ სხვების გამხნევებას, ხელმძღვანელობის გაწევასა და დახმარებას (საქ. 20:31—35). მოციქულმა სიტყვითა და საქმით გვასწავლა, რომ უნდა გავცეთ ჩვენი დრო, ენერგია, ყურადღება და სიყვარული.

18. რას ამბობენ სოციოლოგები გულუხვობის შესახებ?

18 სოციოლოგებმა შენიშნეს, რომ გაცემას ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს. ერთ სტატიაში ნათქვამია: „ხალხი ამბობს, რომ თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ, როცა სხვებს სიკეთეს უკეთებენ“. სოციოლოგების აზრით, სხვების დახმარება მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა სიცოცხლის აზრი და მიზანი იპოვოს, რადგან ამ დროს იკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნილებებს. ამიტომ სპეციალისტები ხალხს ხშირად ურჩევენ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებში მიიღონ მონაწილეობა, რათა უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. თუმცა ეს აზრი ჩვენთვის ახალი არ არის, რადგან მოსიყვარულე შემოქმედი იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის, რომ გაცემას ბედნიერება მოაქვს (2 ტიმ. 3:16, 17).

კვლავაც გამოავლინეთ გულუხვობა

19, 20. რატომ გსურთ გულუხვობის გამოვლენა?

19 ადვილი არ არის, იყო გულუხვი, როცა შენ გარშემო ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მაგრამ იესომ გვითხრა, რომ უნდა დავიცვათ ორი უდიდესი მცნება: გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით და გვიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით (მარ. 12:28—31). როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, იეჰოვას მოყვარულები ჰბაძავენ მას. იეჰოვაც და იესოც გულუხვები არიან. ისინი გვირჩევენ, რომ ჩვენც ასე მოვიქცეთ, რადგან ეს ნამდვილ ბედნიერებას მოგვიტანს. თუ გულუხვობას გამოვიჩენთ ღვთისა და მოყვასის მიმართ, დიდებას მოვუტანთ იეჰოვას და სიკეთეს გავუკეთებთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს.

20 ეჭვგარეშეა, თქვენ უკვე ეხმარებით სხვებს, განსაკუთრებით თანაქრისტიანებს (გალ. 6:10). თუ ასე განაგრძობთ, სხვებიც არ დაიშურებენ სიყვარულსა და მადლიერებას, რაც ბედნიერებას მოგიტანთ. იგავების 11:25-ში ნათქვამია: „ხელგაშლილი სული დამსუყდება და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“. რა თქმა უნდა, ცხოვრებასა თუ მსახურებაში უანგაროდ გაცემის, სიკეთის კეთებისა და გულუხვობის გამოვლენის არაერთი საშუალება გვაქვს, რასაც კარგი შედეგები მოჰყვება. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ ამ საშუალებებიდან რამდენიმეზე.

^ აბზ. 13 სახელი შეცვლილია.