არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაქვთ ფაქტები?

გაქვთ ფაქტები?

„მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“ (იგავ. 18:13).

სიმღერები: 126, 95

1, 2. ა) რომელი მნიშვნელოვანი უნარი უნდა განვივითაროთ და რატომ? ბ) რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, უნდა განვივითაროთ ინფორმაციის სწორად შეფასებისა და სწორი დასკვნების გაკეთების უნარი (იგავ. 3:21—23; 8:4, 5). წინააღმდეგ შემთხვევაში სატანა და მისი ქვეყნიერება გაცილებით ადვილად შეძლებენ ჩვენი აზროვნების დამახინჯებას (ეფეს. 5:6; კოლ. 2:8). ცხადია, სწორ დასკვნამდე მისასვლელად ფაქტები გვჭირდება. როგორც იგავების 18:13-ში წერია, „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“.

2 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რატომ არის რთული ფაქტების მოპოვება და სათანადო დასკვნების გამოტანა. აგრეთვე განვიხილავთ ბიბლიურ პრინციპებსა და მაგალითებს, რომლებიც დაგვეხმარება, გავიუმჯობესოთ ინფორმაციის სწორად შეფასების უნარი.

ნუ დაიჯერებთ „ყველა სიტყვას“

3. რატომ უნდა გამოვიყენოთ იგავების 14:15-ში ჩაწერილი პრინციპი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

3 დღეს ადამიანები ვებგვერდების, ტელევიზიისა და სხვა მედიასაშუალებების მეშვეობით ზღვა ინფორმაციას იღებენ, რასაც ბოლო არ უჩანს. ჩვენ უამრავ იმეილსა თუ ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ. გარდა ამისა, ინფორმაციას გვიზიარებენ ჩვენი მეგობრები და ნაცნობები. ვინაიდან მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება და ფაქტების დამახინჯება დღეს ჩვეულებრივ რამედ იქცა, დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს, რომ სწორად შევაფასოთ მოსმენილი. რომელი ბიბლიური პრინციპი დაგვეხმარება ამაში? იგავების 14:15-ში ნათქვამია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“.

4. როგორ გვეხმარება ფილიპელების 4:8, 9 მუხლები იმის განსაზღვრაში, თუ რა წავიკითხოთ, და რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ინფორმაციის მიღება? (იხილეთ ჩარჩო „ ფაქტების მოპოვებაში დამხმარე რამდენიმე საშუალება“)

4 სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უტყუარი ფაქტები გვჭირდება. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და საგულდაგულოდ შევარჩიოთ ინფორმაცია, რომლის წაკითხვასაც ვაპირებთ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:8, 9). დრო არ უნდა გავფლანგოთ საეჭვო ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციისა თუ იმეილით გავრცელებული გადაუმოწმებელი ამბების კითხვაში. განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ისეთ ვებგვერდებს, სადაც განდგომილები თავიანთ მოსაზრებებს აქვეყნებენ. მათი მთავარი მიზანია, რწმენა დაუნგრიონ ღვთის ხალხს და დაამახინჯონ ჭეშმარიტება. არასაიმედო ინფორმაცია არასწორ დასკვნებამდე მიგვიყვანს. ნურასდროს იფიქრებთ, რომ მცდარი ინფორმაცია თქვენს გულსა და გონებაზე გავლენას ვერ მოახდენს (1 ტიმ. 6:20, 21).

5. რა ცრუ ინფორმაცია მოისმინეს ისრაელებმა და როგორ იმოქმედა ამან მათზე?

5 ცრუ ინფორმაციის დაჯერება შეიძლება დამღუპველი იყოს. მაგალითად, როცა მოსემ აღთქმული მიწის დასაზვერად 12 მზვერავი გაგზავნა, ათმა მათგანმა ცუდი ამბავი მიუტანა კრებულს (რიცხ. 13:25—33). ამ აღმაშფოთებელმა და გაზვიადებულმა ამბავმა შეაშინა ღვთის ხალხი და გული გაუტეხა (რიცხ. 14:1—4). რატომ ჰქონდა ხალხს ასეთი რეაქცია? შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ, რომ, რადგან მზვერავების უმეტესობამ ცუდი ამბავი მიიტანა, მათი ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდა. ისრაელებმა არ მოუსმინეს კარგ ამბავს, რომელიც სანდო კაცებმა, იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ მიიტანეს (რიცხ. 14:6—10). ნაცვლად იმისა, რომ ფაქტები მოეპოვებინათ და იეჰოვას მინდობოდნენ, მათ ცუდი ამბის დაჯერება არჩიეს. რამხელა უგუნურებაა!

6. რატომ არ უნდა დაგვცეს თავზარი იეჰოვას ხალხზე აღმაშფოთებელი ინფორმაციის მოსმენამ?

6 განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება, როცა იეჰოვას ხალხზე რაიმე ინფორმაციას ვიგებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სატანა ღვთის ერთგული მსახურების ბრალმდებელია (გამოცხ. 12:10). ამიტომ იესომ გაგვაფრთხილა, რომ მოწინააღმდეგეები „ყველანაირ ბოროტებას“ დაგვაბრალებდნენ (მათ. 5:11). თუ ამ გაფრთხილებას სერიოზულად მოვეკიდებით, იეჰოვას ხალხზე აღმაშფოთებელი ინფორმაციის მოსმენა თავზარს არ დაგვცემს.

7. რაზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ იმეილს ან ტექსტურ შეტყობინებას გავგზავნით?

7 მოგწონთ მეგობრებისა და ნაცნობებისთვის იმეილებისა თუ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა? როცა ახალი ამბებიდან საინტერესო ინფორმაციას იღებთ ან რაღაც განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ ისმენთ, იმ ჟურნალისტს ხომ არ ჰგავხართ, რომელსაც ერთი სული აქვს, პირველმა გაავრცელოს ცხელ-ცხელი ინფორმაცია? თუმცა, სანამ ასეთი შინაარსის ტექსტურ შეტყობინებას ან იმეილს გაგზავნით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება? მაქვს სანდო ფაქტები?“. თუ ბოლომდე არა ხართ დარწმუნებული ინფორმაციის სისწორეში, შეიძლება უნებურად ცრუ ინფორმაცია გაავრცელოთ ძმებს შორის. ამიტომ, თუ გაეჭვებთ, კი ნუ გაგზავნით, წაშალეთ!

8. რა გააკეთეს მოწინააღმდეგეებმა ზოგიერთ ქვეყანაში და როგორ შეიძლება ჩვენდა უნებურად მათ წისქვილზე დავასხათ წყალი?

8 მიღებული იმეილებისა და ტექსტური შეტყობინებების დაუფიქრებლად გადაგზავნას სხვა საფრთხეც ახლავს თან. ზოგ ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია. ასეთ ქვეყნებში ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა შეიძლება მიზანმიმართულად გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რათა შეგვაშინონ ან ჩვენ შორის უნდობლობა ჩათესონ. გავიხსენოთ, რა მოხდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. კა-გე-ბეს სახელით ცნობილმა საიდუმლო პოლიციამ ჭორი გაავრცელა, რომ თითქოს ზოგმა ძმამ, რომელთაც და-ძმები კარგად იცნობდნენ, უღალატა იეჰოვას ხალხს. * რა დასანანია, რომ ბევრმა დაიჯერა ეს სიცრუე და იეჰოვას ორგანიზაციას ჩამოშორდა! საბედნიეროდ, მათგან ბევრი დაუბრუნდა იეჰოვას, მაგრამ ზოგს „რწმენა ხომალდივით დაემსხვრა“ (1 ტიმ. 1:19). როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ასეთი დამღუპველი შედეგები? ნუ გაავრცელებთ ნეგატიურ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას. გულუბრყვილოდ და ბრმად ნუ ენდობით ყველა სიტყვას. დარწმუნდით, რომ გაქვთ ფაქტები.

არასრული ინფორმაცია

9. კიდევ რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს სწორი დასკვნის გაკეთება?

9 სწორი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაშიც გაგვიჭირდეს, თუ მიღებული ინფორმაცია ნახევრად მართალი ან არასრულია. გავრცელებული ამბავი, რომელშიც მხოლოდ 10 პროცენტია სიმართლე, 100 პროცენტით შეცდომაშია შემყვანი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ შეცდომაში არ შეგვიყვანოს ისეთმა ამბებმა, რომლებშიც შეიძლება ძალიან ცოტა იყოს სიმართლე? (ეფეს. 4:14).

10. რა იყო მიზეზი, რომ ისრაელებმა ლამის ხელი აღმართეს თავიანთ ძმებზე და როგორ აირიდეს თავიდან სისხლის ღვრა?

10 დავფიქრდეთ, რა შეემთხვათ მდინარე იორდანის დასავლეთით მცხოვრებ ისრაელებს იესო ნავეს ძის დროს (იეს. 22:9—34). მათ გაიგეს, რომ იორდანის აღმოსავლეთით მცხოვრებმა ისრაელებმა (რეუბენისა და გადის ტომებმა და მენაშეს ტომის ნახევარმა) დიდი, შთამბეჭდავი სამსხვერპლო ააგეს იორდანესთან ახლოს. ეს ამბავი შეესაბამებოდა სიმართლეს. მაგრამ, რადგან სრულ ინფორმაციას არ ფლობდნენ, დასავლეთით მცხოვრებმა ისრაელებმა დაასკვნეს, რომ მათი მოძმეები ეურჩნენ იეჰოვას, ამიტომ მათზე გასალაშქრებლად შეიკრიბნენ (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 22:9—12). თუმცა საბედნიეროდ, შებრძოლებამდე მათ სანდო კაცები გაგზავნეს, რათა ყველა ფაქტი მოეპოვებინათ. მათ დაადგინეს, რომ რეუბენისა და გადის ტომებმა და მენაშეს ტომის ნახევარმა სამსხვერპლო მსხვერპლის შესაწირად კი არა, სამახსოვროდ ააგეს. ეს მომავალი თაობებისთვის იმის მოწმობა იქნებოდა, რომ ისინიც იეჰოვას ერთგული მსახურები იყვნენ. რა კმაყოფილები იქნებოდნენ ისრაელები, რომ არ იჩქარეს და არასაკმარისი ფაქტების საფუძველზე ხელი არ აღმართეს თავიანთ ძმებზე.

11. ა) როგორ გახდა მეფიბოშეთი უსამართლობის მსხვერპლი? ბ) როგორ შეეძლო დავითს ამის თავიდან არიდება?

11 ზოგჯერ შეიძლება ჩვენც გავხდეთ უსამართლობის მსხვერპლი იმის გამო, რომ ნახევრად მართალი ან არასრული ინფორმაცია გავრცელდეს ჩვენ შესახებ ხალხში. გავიხსენოთ მეფე დავითისა და მეფიბოშეთის შემთხვევა. დავითმა ამ უკანასკნელის მიმართ დიდი სიკეთე და გულუხვობა გამოიჩინა და მთლიანად დაუბრუნა პაპამისის, საულის მამულები (2 სამ. 9:6, 7). თუმცა მოგვიანებით დავითმა მეფიბოშეთის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია მოისმინა და ისე, რომ არც კი გადაამოწმა მისი სისწორე, გადაწყვიტა, მთელი ქონება ჩამოერთმია მისთვის (2 სამ. 16:1—4). ბოლოს, როცა დავითი დაელაპარაკა მეფიბოშეთს, მიხვდა თავის შეცდომას და მას ჩამორთმეული ქონების ნაწილი დაუბრუნა (2 სამ. 19:24—29). დავითი ასე უსამართლოდ არ მოეპყრობოდა მეფიბოშეთს, დრო რომ გამოეყო ფაქტების დასადგენად და არასრული ინფორმაციის საფუძველზე არ ეჩქარა გადაწყვეტილების მიღება.

12, 13. ა) როგორ გააბათილა იესომ ცრუ ბრალდებები? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმე ჩვენზე არასწორ ინფორმაციას გაავრცელებს?

12 რა უნდა გააკეთოთ, თუ ვინმე თქვენზე სიცრუეს ავრცელებს? სწორედ ასე მოექცნენ იესოსა და იოანე ნათლისმცემელს (წაიკითხეთ მათეს 11:18, 19). რა გააკეთა იესომ სიცრუის გასაბათილებლად? მას მთელი დრო და ენერგია თავის მართლებისთვის არ დაუხარჯავს. ნაცვლად ამისა, მან მოუწოდა ხალხს, რომ დაკვირვებოდნენ ფაქტებს ანუ მის სწავლებებსა და საქმეებს. როგორც იესომ თქვა, „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“.

13 აქედან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. ზოგჯერ შეიძლება გაგვაკრიტიკონ ან უსამართლოდ დაგვადანაშაულონ. ასეთ დროს შეიძლება სამართლიანობის აღდგენისა და ისეთი რამის გაკეთების ძლიერი სურვილი გაგვიჩნდეს, რაც შელახულ რეპუტაციას აღგვიდგენს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? თუ ვინმე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ჩვენ შესახებ, შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებით დავანახვოთ სხვებს, რომ ეს სიცრუეა. დიახ, როგორც იესოს მაგალითიდან ჩანს, ქრისტიანისთვის შესაფერისი საქმეებით შეგვიძლია მთლიანად გავაქარწყლოთ არასწორი ინფორმაცია და ცრუ ბრალდებები.

ზედმეტად ხომ არ ენდობით საკუთარ თავს?

14, 15. როგორ შეიძლება მახედ გვექცეს საკუთარ გონებაზე დაყრდნობა?

14 ერთ-ერთი, რაც სწორი დასკვნების გამოტანაში გვიშლის ხელს, ის არის, რომ რთულია სანდო ფაქტების მოპოვება. სხვა პრობლემას ჩვენი არასრულყოფილება გვიქმნის. შეიძლება იეჰოვას ათწლეულებია ვემსახურებით და გამჭრიახობა და გონიერება შევიძინეთ. შესაძლოა სხვები გვაფასებენ კიდეც იმის გამო, რომ საღ აზროვნებას ვავლენთ. მაგრამ შეიძლება, რომ სწორედ ეს გვექცეს მახედ?

15 დიახ, საკუთარ გონებაზე ზედმეტად დაიმედება შეიძლება მახედ გვექცეს. ემოციებმა და პირადმა შეხედულებებმა შეიძლება გონება დაგვიბინდოს. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მაშინაც ერთი შეხედვით შევძლებთ სიტუაციის სწორად შეფასებას, როცა ყველა ფაქტი არ ვიცით. ასეთი აზროვნება სახიფათოა. ბიბლია არაორაზროვნად გვაფრთხილებს, რომ არ დავეყრდნოთ საკუთარ გონებას (იგავ. 3:5, 6; 28:26).

16. პირობითი სიტუაციიდან გამომდინარე, რა მოხდა რესტორანში და რა დასკვნა გააკეთა ტომმა მაშინვე?

16 განვიხილოთ პირობითი სიტუაცია. ერთ საღამოს რესტორანში მყოფი გამოცდილი უხუცესი ტომი გაოგნდა, როცა იმავე რესტორანში სხვა უხუცესი, ჯონი დაინახა ერთ ქალთან ერთად, რომელიც მისი ცოლი არ იყო. ტომი ხედავდა, რომ ისინი იცინოდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ; მათ აშკარად სიამოვნებდათ ერთმანეთთან ურთიერთობა. ტომს ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. რა ეშველებოდა ჯონის ცოლ-შვილს? განქორწინებით დასრულდებოდა ეს ყველაფერი? ტომი ადრეც შესწრებია მსგავს არასასიამოვნო სიტუაციებს. თქვენ რას იფიქრებდით მის ადგილას?

17. რა გაიგო ტომმა მოგვიანებით და რას ვსწავლობთ ამ პირობითი სიტუაციიდან?

17 მაგრამ ნუ იჩქარებთ! მართალია, ტომმა მაშინვე დაასკვნა, რომ ჯონმა უღალატა ცოლს, მაგრამ ჰქონდა სინამდვილეში ამის ფაქტები? იმავე საღამოს, ცოტა მოგვიანებით, ტომმა დაურეკა ჯონს. წარმოიდგინეთ, როგორ მოეშვებოდა გულზე ტომს, როცა გაიგებდა, რომ ის ქალი თურმე ჯონის და ყოფილა, რომელიც სხვა ქალაქიდან იყო ჩასული. მათ მრავალი წლის მანძილზე არ ენახათ ერთმანეთი. რადგან ჯონის და მხოლოდ რამდენიმე საათით იმყოფებოდა ამ ქალაქში, ჯონმა მასთან შეხვედრა მხოლოდ რესტორანში შეძლო, მისმა ცოლმა კი ვერ მოახერხა მათთან ერთად ყოფნა. საბედნიეროდ, ტომს არავისთვის გაუზიარებია თავისი არასწორი დასკვნა. რას ვსწავლობთ აქედან? რაც არ უნდა გამოცდილი ქრისტიანები ვიყოთ, ჩვენი გამოცდილება ფაქტებს ვერასდროს შეცვლის.

18. როგორ შეიძლება პირადმა უთანხმოებებმა განსჯის უნარი დაგვაკარგვინოს?

18 საკითხის სწორად შეფასება შეიძლება მაშინაც გაგვიჭირდეს, როცა საქმე ეხება იმ თანაქრისტიანს, ვისთანაც განსხვავებული ხასიათის გამო უთანხმოება გვაქვს. თუ ყოველთვის უთანხმოებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება ამ ადამიანს ეჭვის თვალით დავუწყოთ ყურება. ამიტომ, თუ ასეთ დაზე ან ძმაზე უარყოფით ინფორმაციას მოვისმენთ, შეიძლება ადვილად დავიჯეროთ. აქედან ვსწავლობთ, რომ თანაქრისტიანების მიმართ უარყოფითმა გრძნობებმა შეიძლება არასწორ დასკვნამდე მიგვიყვანოს, რასაც ფაქტები არ ედება საფუძვლად (1 ტიმ. 6:4, 5). თუ შურსა და ეჭვს არ მივცემთ ჩვენს გულში ფესვის გადგმის საშუალებას, განსჯის უნარს არ დავკარგავთ. ნაცვლად იმისა, რომ უარყოფით გრძნობებს გასაქანი მივცეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს საძმო და მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:12—14).

ბიბლიური პრინციპები დაგვიცავს

19, 20. ა) რომელი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება ინფორმაციის სწორად შეფასებაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 ფაქტების მოპოვება და მათი სწორად შეფასება რთულია, რადგან ინფორმაციის უდიდესი ნაწილი, რომელზეც ხელი მიგვიწვდება, არასრულია და ნაწილობრივ სიცრუეა; ამას ისიც ემატება, რომ ჩვენც არასრულყოფილები ვართ. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ ბიბლიური პრინციპები და ვიყენებდეთ მათ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“ (იგავ. 18:13). სხვა ბიბლიური პრინციპი შეგვახსენებს, რომ ბრმად არ დავიჯეროთ ყველა სიტყვა (იგავ. 14:15). დაბოლოს, რაც არ უნდა გამოცდილი ქრისტიანები ვიყოთ, სიფრთხილე გვმართებს, რომ საკუთარ გონებას არ დავეყრდნოთ (იგავ. 3:5, 6). ბიბლიური პრინციპები იმ გაგებით გვიცავს, რომ გვეხმარება, სათანადოდ შევაფასოთ ინფორმაცია, რათა სწორ დასკვნამდე მივიდეთ და გონივრული გადაწყვეტილება მივიღოთ.

20 მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სირთულე. ჩვენ მიდრეკილები ვართ, გარეგნობის მიხედვით ნაჩქარევად გავაკეთოთ დასკვნები. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, რა საფრთხეები არსებობს ამ მხრივ და როგორ შეგვიძლია მათი თავიდან არიდება.

^ აბზ. 8 იხილეთ 2004 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვ. 111, 112 და 2008 წლის „წელიწდეული“, გვ. 133—135.