არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სულგრძელობა — მიზანმიმართულად გამოვლენილი მოთმინება

სულგრძელობა — მიზანმიმართულად გამოვლენილი მოთმინება

ვინაიდან „ბოლო დღეებში“ ზეწოლა ძლიერდება, იეჰოვას ხალხს უფრო მეტად სჭირდება სულგრძელობის გამოვლენა, ვიდრე ოდესმე (2 ტიმ. 3:1—5). ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანი საკუთარი თავის მოყვარული და თავშეუკავებელია, რომლებთანაც შეუძლებელია მორიგება. მათთვის უცხოა სულგრძელობა. და მაინც, თითოეულმა ქრისტიანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: „მეც მათსავით მოუთმენელი ხომ არ გავხდი? რას ნიშნავს ნამდვილი სულგრძელობა და როგორ შემიძლია ეს ძვირფასი ქრისტიანული თვისება ჩემი ბუნების ნაწილად ვაქციო?“.

რას ნიშნავს სულგრძელობა

ბიბლიური გაგებით სულგრძელობა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ რთულ სიტუაციასთან შეგუება ან მისი ატანა. ღვთისმოსაწონი სულგრძელობა მიზანმიმართულ მოთმინებას ნიშნავს. სულგრძელი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ფიქრობს, არამედ იმ ადამიანის კეთილდღეობაზეც, ვის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. შესაბამისად, როცა მას ცუდად ექცევიან ან მდგომარეობიდან მის გამოყვანას ცდილობენ, ის იმედს არ კარგავს, რომ მათ შორის ურთიერთობა აღდგება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იმ შესანიშნავ თვისებებს შორის, რომელთაც სიყვარული წარმოშობს, ბიბლია პირველად სულგრძელობას მოიხსენიებს (1 კორ. 13:4) *. ღვთის სიტყვაში სულგრძელობა „სულის ნაყოფის“ ერთ-ერთ თვისებადაც არის მოხსენიებული (გალ. 5:22, 23). ამიტომ იბადება კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ღვთისმოსაწონი თვისება განვივითაროთ?

როგორ განვივითაროთ სულგრძელობა

სულგრძელები რომ გავხდეთ, იეჰოვას ლოცვაში უნდა ვთხოვოთ წმინდა სული, რომელსაც ის თავის მოიმედეთ აძლევს (ლუკ. 11:13). მართალია, ღვთის სულს უსაზღვრო ძალა აქვს, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ლოცვის თანახმად ვიმოქმედოთ (ფსალმ. 86:10, 11). ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ვეცადოთ სულგრძელობის გამოვლენას, რათა მან ჩვენს გულში ფესვი გაიდგას. თუმცა ეს თვისება ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილი რომ გახდეს, მეტი ძალისხმევა გვჭირდება. კიდევ რა დაგვეხმარება ამაში?

სულგრძელობის განვითარებაში იესოს სრულყოფილ მაგალითზე დაფიქრება და მისი მიბაძვა დაგვეხმარება. სწორედ იესოს მაგალითზე დაკვირვებით აღწერა ღვთივშთაგონებით პავლე მოციქულმა „ახალი პიროვნება“, რომელსაც სულგრძელობა ახასიათებს, შემდეგ კი მოგვიწოდა: „თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა ბატონობდეს“ (კოლ. 3:10, 12, 15). ასეთი მშვიდობა ჩვენს გულებში იმ შემთხვევაში „იბატონებს“, თუ მივბაძავთ იესოს ურყევ რწმენას, რომ ღმერთი თავის დროზე გამოასწორებს დღეს არსებულ მდგომარეობას, რომელიც მოსვენებას გვიკარგავს. თუ იესოს მაგალითს მივყვებით, რთულ სიტუაციებშიც კი არ გამოვალთ მდგომარეობიდან და მოთმინებას არ დავკარგავთ (იოან. 14:27; 16:33).

მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ღვთის დაპირებული ახალი ქვეყნიერება, უფრო გვიადვილდება მოთმინება, როცა ჩვენ მიმართ იეჰოვას მიერ გამოვლენილ სულგრძელობაზე ვფიქრობთ. წმინდა წერილები გვარწმუნებს: „იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). განა არ აღგვძრავს იეჰოვას მოთმინებაზე ფიქრი, რომ ჩვენც უფრო მომთმენები ვიყოთ სხვების მიმართ?! (რომ. 2:4). რა სიტუაციებში გვჭირდება მოთმინების გამოვლენა?

როდის გვჭირდება მოთმინება

ყოველდღე იქმნება ისეთი სიტუაციები, რომლებიც ჩვენს მოთმინებას სცდის. მაგალითად, როცა რაღაც მნიშვნელოვანი გვაქვს სათქმელი, ზოგჯერ შეიძლება მოთმინება დაგვჭირდეს, რომ სხვას სიტყვა არ შევაწყვეტინოთ (იაკ. 1:19). შეიძლება მოთმინების გამოვლენა მაშინაც გახდეს საჭირო, როცა თანამორწმუნის მანერები გვაღიზიანებს. ნაცვლად იმისა, რომ მწვავედ ვრეაგირებდეთ, გონივრული იქნება, იმაზე დავფიქრდეთ, თუ იეჰოვა და იესო როგორ რეაგირებენ ჩვენს სისუსტეებზე. ისინი ჩვენს უმნიშვნელო შეცდომებს კრიტიკული თვალით არ უყურებენ. პირიქით, ჩვენში დადებით თვისებებს ამჩნევენ და მოთმინებას ავლენენ, როცა ხედავენ, რომ გამოსწორებას ვცდილობთ (1 ტიმ. 1:16; 1 პეტ. 3:12).

ჩვენი მოთმინება მაშინაც იცდება, როცა ვინმე მიგვითითებს, რომ რაღაც არასწორად ვთქვით ან გავაკეთეთ. ამ დროს შეიძლება ადვილად გავნაწყენდეთ და თავის მართლება დავიწყოთ. თუმცა ღვთის სიტყვა საპირისპირო მოქმედებისკენ მოგვიწოდებს: „მომთმენი კაცი სჯობია სულით ამპარტავანს. ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“ (ეკლ. 7:8, 9). მაშინაც კი, როცა უსამართლოდ გვადანაშაულებენ, მოთმინება უნდა გამოვავლინოთ და პასუხის გაცემამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ. სწორედ ასე იქცეოდა იესო, როცა მას უსამართლოდ ეპყრობოდნენ და დასცინოდნენ (მათ. 11:19).

მშობლებს განსაკუთრებით მართებთ მოთმინება, როცა შვილს არასწორ შეხედულებებთან, სურვილებსა თუ მიდრეკილებებთან გამკლავებაში ეხმარებიან. მათიასი, რომელიც სკანდინავიის ფილიალში მსახურობს, მოზარდობის ასაკში რწმენის გამო თანაკლასელებისგან დაცინვას იტანდა, რასაც ბოლო არ უჩანდა. თავიდან მშობლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. თუმცა მათ იმ შედეგებთან მოუწიათ გამკლავება, რაც დაცინვას მოჰყვა, რადგან მათმა შვილმა ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დააყენა. მათიასის მამა იილისი იხსენებს: «ძალიან დიდი მოთმინება დაგვჭირდა. ის ხშირად გვეკითხებოდა: „ვინ არის ღმერთი? ნამდვილად ღვთის სიტყვაა ბიბლია? საიდან ვიცით, რომ ღმერთი მოითხოვს ჩვენგან ამის გაკეთებას? რატომ უნდა განმსაჯონ იმის გამო, თუ თქვენსავით არ ვფიქრობ და თქვენს მრწამსს არ ვიზიარებ?“».

იილისი განაგრძობს: „ზოგჯერ მის ტონში აგრესია იგრძნობოდა, ოღონდ არა ჩვენდამი, არამედ ჭეშმარიტებისადმი, რომელმაც, მისი აზრით, ბევრი პრობლემა შეუქმნა“. როგორ გაართვა თავი იილისმა ამ სიტუაციას? „ზოგჯერ საათობით ვსაუბრობდით. ძირითადად ვუსმენდი. შიგადაშიგ კითხვებს ვუსვამდი, რომ სრული სურათი დამენახა და გამეგო, რას გრძნობდა და რას ფიქრობდა. ზოგჯერ ერთ დღეს ან უფრო მეტ დროს ვაძლევდი, რომ ჩემს ნათქვამზე დაფიქრებულიყო. ზოგჯერ მე ვთხოვდი დროს მის ნათქვამზე დასაფიქრებლად. ასეთი ხშირი საუბრების შედეგად მათიასმა ნელ-ნელა უკეთ გაიგო და გაითავისა ისეთი საკითხები, როგორიცაა გამოსასყიდი, ღვთის უზენაესობა და იეჰოვას სიყვარული. ამას დრო დასჭირდა და ხშირად ეს არც ისე ადვილი იყო, მაგრამ თანდათანობით მან შეძლო იეჰოვას შეყვარება. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიხარია, რომ მოთმინება, რომელიც ჩვენი მოზარდი შვილის მიმართ გამოვავლინეთ, საბოლოოდ დაჯილდოვდა და ჭეშმარიტება მის გულს შეეხო“.

იილისსა და მის მეუღლეს იეჰოვას მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ იმ წლების მანძილზე, როცა თავიანთ ვაჟს მოთმინებით ეხმარებოდნენ. წარსულის გახსენებისას იილისი ამბობს: „ჩვენს ბიჭს ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე და დედამისს ძალიან გვიყვარდა და გამუდმებით ვთხოვდით იეჰოვას ლოცვაში, რომ ამ საკითხების უკეთ გაგებაში დახმარებოდა მას“. რა მადლიერნი არიან ისინი, რომ თავიანთი შვილის მიმართ ასეთი მნიშვნელოვანი თვისება, მოთმინება გამოავლინეს.

სულიერი დახმარების გარდა, ნამდვილმა ქრისტიანებმა სიყვარული და მოთმინება უნდა განივითარონ, როცა ქრონიკულად დაავადებულ ოჯახის წევრსა თუ მეგობარს უვლიან. განვიხილოთ ელენის * მაგალითი, რომელიც სკანდინავიის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს.

დაახლოებით რვა წლის წინ ელენის ქმარმა ორი ინსულტი გადაიტანა, რამაც ტვინის უბნები დაუზიანა. შედეგად, მას აღარ შეუძლია თანაგრძნობა და აღარც ბედნიერებისა თუ მწუხარების შეგრძნება აქვს. ელენისთვის ეს მძიმე ასატანია. ის ამბობს: „ეს დიდი მოთმინებისა და მხურვალე ლოცვების ფასად მიჯდება“. შემდეგ დასძენს: «მანუგეშებს ჩემი საყვარელი მუხლი, ფილიპელების 4:13, სადაც ნათქვამია: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“». ამ ძალის წყალობით იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებული ელენი მოთმინებით იტანს განსაცდელს (ფსალმ. 62:5, 6).

მიჰბაძეთ იეჰოვას სულგრძელობას

რა თქმა უნდა, როცა საქმე მოთმინებას ეხება, საუკეთესო მისაბაძი მაგალითი იეჰოვაა (2 პეტ. 3:15). ბიბლიაში იეჰოვას მიერ გამოვლენილი უდიდესი მოთმინების არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი (ნეემ. 9:30; ეს. 30:18). მაგალითად, როგორ მოიქცა იეჰოვა, როცა აბრაამმა ეჭვქვეშ დააყენა სოდომის განადგურება? იეჰოვამ არ შეაწყვეტინა აბრაამს ლაპარაკი. ის მოთმინებით უსმენდა, რას ეკითხებოდა აბრაამი და რა აწუხებდა მას. შემდეგ იეჰოვამ გაიმეორა ის, რაც აბრაამს აწუხებდა, რითაც დაანახვა, რომ უსმენდა, და დაარწმუნა, რომ არ გაანადგურებდა სოდომს მაშინაც კი, თუ იქ ათ მართალ კაცს მაინც იპოვიდა (დაბ. 18:22—33). ეს მართლაც შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოვუსმინოთ მოთმინებით ადამიანს და მწვავე რეაქცია არ გვქონდეს მის ნათქვამზე!

ღვთისმოსაწონი სულგრძელობა ახალი პიროვნებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი თვისებაა, რომლითაც თითოეული ქრისტიანი უნდა შეიმოსოს. თუ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განვივითაროთ ეს გამორჩეული თვისება, პატივს მივაგებთ ჩვენს მზრუნველ და მომთმენ ზეციერ მამას და ჩვენც ვიქნებით მათ შორის, „რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრ. 6:10—12).

^ აბზ. 4 თვისება სიყვარული განხილულია ამ ცხრანაწილიანი სტატიათა სერიის პირველ სტატიაში. თითოეულ სტატიაში განხილულია სულის ნაყოფის თითო თვისება.

^ აბზ. 15 სახელი შეცვლილია.