არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

იეჰოვამ დიდად აკურთხა ჩემი გადაწყვეტილება

იეჰოვამ დიდად აკურთხა ჩემი გადაწყვეტილება

უკვე თენდებოდა, როცა ჩვენს ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე სახლის კარის ქვეშ ბუკლეტები შევაცურეთ. ჯერ კიდევ შუაღამისას ავდექით და რამდენიმე მანქანით გავემგზავრეთ პატარა ქალაქ ჯოპლინში (სამხრეთ-დასავლეთი მისური, აშშ), რომელიც ჩვენი ქალაქიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე იყო. როგორც კი ჩვენი საქმე უჩუმრად დავამთავრეთ, ჩავსხედით მანქანაში და დათქმულ ადგილზე მივედით, სადაც სხვა ჯგუფების მოსვლას დაველოდეთ. ეს მოხდა 1939 წელს. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ წავედით მსახურებაში გათენებამდე და რატომ დავტოვეთ ასე სწრაფად ის ტერიტორია. ამაზე ცოტა მოგვიანებით გიამბობთ.

დავიბადე 1934 წელს. მადლიერი ვარ, რომ ქრისტიანმა მშობლებმა, ფრედ და ედნა მოლოჰენებმა აღმზარდეს და ღვთისადმი ერთგულება ჩამინერგეს. ჩემს დაბადებამდე ისინი 20 წლით ადრე შეუერთდნენ ბიბლიის მკვლევართა (იეჰოვას მოწმეები) რიგებს და აქტიურად იყვნენ ჩაბმული მსახურებაში. ჩვენ პარსონზში (სამხრეთ-აღმოსავლეთი კანზასი) ვცხოვრობდით და იმ კრებაში, სადაც დავდიოდით, თითქმის ყველა ცხებული ქრისტიანი იყო. ჩვენი ოჯახი რეგულარულად ესწრებოდა კრებებს და მონაწილეობდა სამქადაგებლო საქმიანობაში. შაბათ ნაშუადღევს მონაწილეობას ვიღებდით მსახურების იმ სფეროში, რომელსაც დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებას ვეძახით. ხანდახან ცოტა ვიღლებოდით, მაგრამ მამა მსახურების შემდეგ ნაყინით გვაჯილდოებდა.

ჩვენს პატარა კრებას დიდი ტერიტორია ჰქონდა, რომელშიც რამდენიმე პატარა ქალაქი და ახლომდებარე რეგიონების ბევრი სოფელი შედიოდა. სოფლის მცხოვრებთ ხშირად ლიტერატურას სახლში მოყვანილ ბოსტნეულში ან პირდაპირ საქათმიდან აღებულ კვერცხში ვუცვლიდით. ზოგჯერ ქათმებსაც გვაძლევდნენ. ვინაიდან ლიტერატურის ფულს მამა წინასწარ სწირავდა, ეს პროდუქტები თავის რჩენაში გვეხმარებოდა.

სამქადაგებლო კამპანიები

ჩემმა მშობლებმა მსახურებისთვის ფონოგრაფი შეიძინეს. მე ძალიან პატარა ვიყავი, რომ დამოუკიდებლად გამომეყენებინა ის, მაგრამ სიამოვნებით ვეხმარებოდი მშობლებს, როცა ისინი განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიის შესწავლების დროს ხალხს ძმა რუტერფორდის მოხსენებებს ასმენინებდნენ.

მშობლებთან ერთად „ხმოვანი მანქანის“ წინ

მამამ 1936-წლიანი ფორდის სახურავზე ხმის დიდი გამაძლიერებელი დაამაგრა. ჩვენ მას „ხმოვან მანქანას“ ვეძახდით, რომელიც დიდად წაგვადგა სამეფოს ცნობის გავრცელებაში. თავიდან, ხალხის ყურადღების მისაპყრობად მუსიკას ვრთავდით, შემდეგ კი — ბიბლიური მოხსენების ჩანაწერს. ჩანაწერის დასრულების შემდეგ მათ, ვინც ინტერესს ავლენდა, ლიტერატურას ვთავაზობდით.

კანზასის პატარა ქალაქ ჩერიველში პოლიციამ მამას ქალაქის პარკში „ხმოვანი მანქანის“ შეყვანა აუკრძალა, რადგან კვირაობით იქ ბევრი ხალხი ისვენებდა. თუმცა პარკის გარეთ გაჩერება ნებადართული იყო. ასე რომ, მამამ უსიტყვოდ გადააყენა მანქანა მომიჯნავე ქუჩაზე, რომელიც პირდაპირ პარკს უყურებდა და საიდანაც ხალხი ადვილად მოისმენდა ჩანაწერს. ამგვარად, მამას არ შეუწყვეტია მსახურება. ყოველთვის მიხაროდა მსგავს სიტუაციებში მამაჩემთან და ჩემს უფროს ძმასთან, ჯერისთან ყოფნა.

1930-იანი წლების მიწურულს სპეციალური კამპანიები წამოვიწყეთ, რათა სწრაფად დაგვემუშავებინა მოწინააღმდეგეებით დასახლებული ტერიტორიები. უთენია ვდგებოდით (როგორც ამას ჯოპლინში ვაკეთებდით) და ჩუმად ვაცურებდით ბუკლეტებსა და ბროშურებს კარებების ქვეშ. შემდეგ ერთმანეთს ქალაქგარეთ ვხვდებოდით, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ პოლიციას არავინ დაუკავებია.

იმ პერიოდში კიდევ ერთი საინტერესო სახის მსახურება გამოვცადეთ, რასაც „საინფორმაციო მსვლელობას“ ვეძახდით. სამეფოს შესახებ რომ გვეუწყებინა, პლაკატებით მთელ ქალაქში დავდიოდით. ერთ-ერთი ასეთი მსვლელობის დროს ჩვენმა მეგობრებმა პლაკატებით, რომლებზეც ეწერა „რელიგია სატყუარა და თაღლითობაა“, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი გაიარეს. ისინი ჩვენთან გახარებულები დაბრუნდნენ, რადგან არანაირ წინააღმდეგობას არ შეხვდნენ და ბევრი ინტერესით აკვირდებოდა მათ.

კონგრესები

ჩვენი ოჯახი კანზასიდან ხშირად მიემგზავრებოდა ტეხასში კონგრესებზე დასასწრებად. მამაჩემი მისური-კანზასი-ტეხასის სარკინიგზო კომპანიაში მუშაობდა. ამიტომ მისი საშვით მთელი ოჯახი უფასოდ ვმგზავრობდით. ეს საშუალებას გვაძლევდა, მოგვენახულებინა ნათესავები და ერთად დავსწრებოდით კონგრესებს. დედაჩემის უფროსი ძმა ფრედ უიზმარი და მისი მეუღლე იულელი ტეხასის ქალაქ ტემპლში ცხოვრობდნენ. ბიძია ფრედმა ჭეშმარიტება 1900-იანი წლების დასაწყისში გაიგო და მალევე მოინათლა. მაშინ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. ის ნასწავლს თავის დედმამიშვილებს უზიარებდა, მათ შორის დედაჩემს. ბიძაჩემს ტეხასში და-ძმები კარგად იცნობდნენ, რადგან გარკვეული პერიოდის მანძილზე სამხარეო მსახური იყო (ასე ეწოდებოდა ადრე სარაიონო ზედამხედველებს). ის კეთილი და მხიარული კაცი იყო; ყოველთვის მიხაროდა მის გვერდით ყოფნა. ბიძაჩემი ჭეშმარიტების გულმოდგინე მქადაგებელი იყო და კარგი გავლენა მოახდინა ჩემზე ახალგაზრდობაში.

1941 წელს მთელი ოჯახი მატარებლით გავემგზავრეთ ქალაქ სენტ-ლუისში (მისურის შტატი) დიდ კონგრესზე დასასწრებად. ყველა ბავშვი სცენის წინ სპეციალურად გამოყოფილ სექციაში დაგვსვეს, რათა მოგვესმინა ძმა რუტერფორდის მოხსენება „მეფის ბავშვები“. მოხსენების ბოლოს თავად ძმა რუტერფორდმა და მისმა დამხმარეებმა თითოეულ ბავშვს საჩუქრად დაგვირიგეს წიგნი „ბავშვები“. ამ სულიერი კურთხევით 15 000-ზე მეტმა ბავშვმა გაიხარა.

1943 წლის აპრილში ჩვენ პატარა, თუმცა ღირსშესანიშნავ კონგრესს დავესწარით კოფივილში (კანზასის შტატი), რომლის დევიზიც იყო „მოქმედების დროა“. კონგრესზე გამოცხადდა, რომ კრებებში ჩატარდებოდა თეოკრატიული მსახურების სკოლა. ამ სკოლისთვის აგრეთვე გამოიცა 52-გაკვეთილიანი ბროშურა. მოგვიანებით, იმავე წელს, პირველად გამოვედი ამ სკოლაში დავალებით. ეს კონგრესი იმითაც დამამახსოვრდა, რომ სხვებთან ერთად ახლომდებარე ცივ ტბაში მოვინათლე.

ბავშვობის ოცნება — ბეთელში მსახურება

1951 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ძალიან მინდოდა, რომ ბეთელში მემსახურა, სადაც ადრე ჩემი ძმა ჯერი მსახურობდა. ჩემი ბლანკი ძმებმა ბრუკლინის ბეთელში მაშინვე გაგზავნეს. ეს გადაწყვეტილება სულიერ ზრდაში დამეხმარა. ბეთელში მალევე მიმიწვიეს და იქ 1952 წლის 10 მარტს დავიწყე მსახურება.

იმედი მქონდა, რომ სტამბაში ვიმუშავებდი და ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის ბეჭდვაში მივიღებდი მონაწილეობას. მაგრამ მიმტანად დამნიშნეს, მოგვიანებით კი სამზარეულოში გადამიყვანეს, რამაც კარგი გამოცდილება შემძინა. ასე რომ, სტამბაში არასდროს მიმუშავია. თუმცა სამზარეულოს მოქნილი გრაფიკი იმის საშუალებას მაძლევდა, რომ ბეთელის დიდ ბიბლიოთეკაში დღის შედარებით წყნარი პერიოდი პირადი შესწავლისთვის გამომეყენებინა. ეს სულიერ ზრდასა და რწმენის გაძლიერებაში დამეხმარა და განმიმტკიცა გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება დიდხანს მემსახურა ბეთელში. ჯერიმ ბეთელში მსახურება 1949 წელს შეწყვიტა და დაქორწინდა პატრიციაზე. თუმცა ისინი იქვე, ბრუკლინში დარჩნენ საცხოვრებლად და ყოველთვის მეხმარებოდნენ და მამხნევებდნენ ბეთელში მსახურების პირველ წლებში.

ბეთელში მსახურების დაწყებიდან ცოტა ხანში ძმებმა გადაწყვიტეს, საცდელი ვადით უფრო მეტი ძმა დაენიშნათ ბეთელის მომხსენებლებად. ამ ძმებს ერთი წლის მანძილზე ბრუკლინის გარშემო 322 კმ-ის რადიუსში არსებულ კრებებში საჯარო მოხსენება უნდა წაეკითხათ და კრებასთან ერთად ემსახურათ. ეს პატივი მეც მხვდა წილად. პირველი მოხსენების დროს, რომელიც მაშინ ერთ საათს გრძელდებოდა, ძალიან ვნერვიულობდი. კრებები რომ მომენახულებინა, ძირითადად, მატარებლით ვმგზავრობდი. კარგად მახსოვს, 1954 წლის ერთ სუსხიან კვირა დღეს ჩავჯექი ნიუ-იორკისკენ მიმავალ მატარებელში, რომელიც იქ საღამო ხანს ჩამიყვანდა. მაგრამ ძლიერი ქარბუქი ამოვარდა და ძალიან აცივდა. მატარებლის ელექტროძრავში მოკლე ჩართვა მოხდა და გაითიშა. საბოლოოდ, მატარებელმა როგორც იქნა ორშაბათს დილის ხუთი საათისთვის ჩააღწია ნიუ-იორკის სადგურში. საჩქაროდ მეტროს მივაშურე და ბრუკლინში წავედი. მივედი თუ არა ბეთელში, მუშაობა დავიწყე. მართალია, ცოტა შემაგვიანდა და თანაც დაღლილი ვიყავი იმის გამო, რომ მთელი ღამე არ მეძინა, მაგრამ ასეთი სიტუაციები ვერ ჩრდილავდა კრებების მომსახურებითა და ბევრ ახალ და-ძმასთან შეხვედრით გამოწვეულ სიხარულს.

რადიოსადგურ WBBR-ის სტუდიაში გადაცემისთვის მზადება

ბეთელში მსახურების პირველ წლებში რადიოსადგურ WBBR-ის გადაცემებში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. სტუდიები კოლუმბია ჰაიტსის 124-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე იყო. სხვებთან ერთად ვმონაწილეობდი ბიბლიის შესწავლის პროგრამაში, რომელიც ყოველკვირა გადაიცემოდა. ძმა მაკმილანი, რომელიც დიდი ხანი მსახურობდა ბეთელში, რეგულარულად მონაწილეობდა ამ რადიოგადაცემაში. მას სიყვარულით ძმა მაკს ვეძახდით. ბეთელის ოჯახის ახალგაზრდა წევრებს ის ერთგულების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევდა.

რადიოსადგურ WBBR-ის სარეკლამო ბარათი, რომელსაც მსახურებაში ვავრცელებდით

1958 წელს დანიშნულება შემიცვალეს და სკოლა „გალაადთან“ დავიწყე თანამშრომლობა. ამ გულმოდგინე კურსდამთავრებულებს ვიზების მიღებაში ვეხმარებოდი და მათ გამგზავრებაზე ვზრუნავდი. იმ წლებში საჰაერო მიმოსვლა ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე კურსდამთავრებულს ვუშვებდით თვითმფრინავით. უმრავლესობა კი, რომლებიც აფრიკასა და შორეულ აღმოსავლეთში იყვნენ დანიშნულნი, სატვირთო გემებით მგზავრობდნენ. მას შემდეგ, რაც კომერციულმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს ფრენა, საჰაერო მიმოსვლა ბევრად გაიაფდა და მალე მისიონერთა უმეტესობას თვითმფრინავით ვუშვებდით დანიშნულების ადგილებში.

გამოსაშვებ საღამომდე სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულთა დიპლომებს ერთად ვაწყობ

კონგრესებზე გამგზავრება

1960 წელს საქმე მომემატა, რადგან 1961 წელს ევროპაში საერთაშორისო კონგრესები იგეგმებოდა და შეერთებული შტატებიდან ჩარტერული რეისები უნდა დამეჯავშნა. ერთ-ერთი ასეთი ჩარტერული რეისით მეც გავფრინდი ნიუ-იორკიდან ჰამბურგში (გერმანია) საერთაშორისო კონგრესზე. კონგრესის შემდეგ მე და სამმა ბეთელელმა ძმამ ვიქირავეთ მანქანა და გერმანიიდან იტალიაში გადავედით, რათა რომის ფილიალი მოგვენახულებინა. იქიდან საფრანგეთში ჩავედით, პირენეების ქედი გადავკვეთეთ და ესპანეთში გადავედით, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. ჩვენ შევძელით, რომ ბარსელონელი ძმებისთვის ლიტერატურა გადაგვეტანა, რომელიც საჩუქრებივით გვქონდა შეფუთული. მათთან შეხვედრამ ძალიან გაგვახარა! შემდეგ მანქანით ამსტერდამში ჩავედით, საიდანაც ნიუ-იორკში გავფრინდით.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დამავალეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კონგრესებზე მიწვეული დელეგატების ტრანსპორტირებაზე მეზრუნა. 1963 წელს უნდა გამართულიყო კონგრესი დევიზით „მარადიული სასიხარულო ცნობა“. საერთაშორისო კონგრესზე დამსწრე 583 და-ძმისთვის უნდა დამეგეგმა მგზავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დელეგატები კონგრესებს დაესწრებოდნენ ევროპაში, აზიასა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, იქიდან კი ჰონოლულუში (ჰავაი) და პასადინაში (კალიფორნია) გაემგზავრებოდნენ. დაგეგმილი იყო აგრეთვე საგანმანათლებლო ტურები, რომლებშიც ბიბლიური ტერიტორიების, ლიბანისა და იორდანიის მონახულებაც შედიოდა. ავია-ბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის გარდა, ჩვენმა განყოფილებამ ყველა იმ ქვეყნის ვიზა მიიღო, სადაც დელეგატები აპირებდნენ ჩასვლას.

ცხოვრების თანამგზავრი

1963 წელი ჩემთვის სხვა მიზეზითაც იყო განსაკუთრებული. 29 ივნისს დავქორწინდი ლაილა როჯერზზე, რომელიც მისურიდან იყო. ის სამი წლით ადრე გახდა ბეთელის ოჯახის წევრი. ქორწინებიდან ერთი კვირის შემდეგ მე და ლაილაც გავემგზავრეთ კონგრესის დელეგატებისთვის მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ერთ-ერთი მარშრუტით და მოვინახულეთ საბერძნეთი, ეგვიპტე და ლიბანი. ბეირუთიდან იორდანიაში გადავფრინდით, სადაც ძალიან პატარა აეროპორტი ჰქონდათ. რადგანაც იმ ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო, გვეუბნებოდნენ, რომ მოწმეებს ვიზებს არ აძლევდნენ. გვაინტერესებდა, რა მოხდებოდა. ძალიან გაგვიხარდა, როცა აეროპორტში ტერმინალის ზემოთ მდგარი და-ძმები დავინახეთ, რომელთაც ხელში პლაკატი ეჭირათ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, იეჰოვას მოწმეებო!“. ამასთანავე, ძალიან გაგვიხარდა, რომ საკუთარი თვალით ვიხილეთ ბიბლიური ტერიტორიები და ის ადგილები მოვინახულეთ, სადაც პატრიარქები ცხოვრობდნენ, სადაც ქრისტე და მისი მოწაფეები ქადაგებდნენ და საიდანაც ქრისტიანობა გავრცელდა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში (საქ. 13:47).

უკვე 55 წელია, რაც ლაილა ჩემი ერთგული თანამგზავრია და ნებისმიერი დანიშნულების დროს მხარში მიდგას. შესაძლებლობა მოგვეცა, რომ რამდენჯერმე ესპანეთსა და პორტუგალიას ვწვეოდით, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. ჩვენ ვამხნევებდით და-ძმებს და მათთვის ლიტერატურა და სხვა საჭირო ნივთები ჩაგვქონდა. იქ ყოფნისას ქალაქ კადისში (ესპანეთი) მოვინახულეთ რამდენიმე პატიმარი ძმა, რომლებიც ძველ სამხედრო ციხეში ჰყავდათ დაპატიმრებული. ჩემმა მოხსენებამ ისინი გააძლიერა, რამაც მეც უდიდესი სიხარული მომიტანა.

ჯერი და პატრიცია მოლოჰენებთან ერთად მივემგზავრებით კონგრესზე დევიზით „მშვიდობა დედამიწაზე“, 1969 წელი

1963 წლიდან მოყოლებული წლების მანძილზე შესაძლებლობა მქონდა, ძმებს საერთაშორისო კონგრესებისთვის ტურების დაგეგმვაში დავხმარებოდი. კონგრესები იმართებოდა აფრიკაში, ავსტრალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში, ჰავაიზე, ახალ ზელანდიასა და პუერტო-რიკოში. მე და ლაილა არაერთ დაუვიწყარ კონგრესს დავესწარით, მათ შორის იყო 1989 წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული კონგრესი. იმ წელს ბევრ რუს და-ძმას პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ ასეთ დიდ კონგრესს დასწრებოდა. მათ შორის ის და-ძმებიც იყვნენ, რომლებიც რწმენის გამო წლების განმავლობაში საბჭოთა ციხეებში იხდიდნენ სასჯელს.

მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალის მონახულების დროს ბეთელის ოჯახის წევრებისა და მისიონერების გამხნევებას დიდი სიხარული მოჰქონდა ჩემთვის. ბოლოს სამხრეთ კორეის ფილიალს ვესტუმრეთ, სადაც სუვონის ციხეში 50 დაპატიმრებული ძმა მოვინახულეთ. ძმებს დადებითი განწყობა ჰქონდათ და მთელი გულით ელოდნენ იმ დროს, როცა კვლავ მიიღებდნენ მსახურებაში მონაწილეობას. ყველაზე მეტად მათთან შეხვედრამ გამამხნევა (რომ. 1:11, 12).

ზრდას სიხარული მოაქვს

საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ აკურთხა იეჰოვამ წლების მანძილზე თავისი ხალხი. 1943 წელს, როცა მე მოვინათლე, დაახლოებით 100 000 მაუწყებელი იყო. დღეს კი 240 ქვეყანაში 8 000 000-ზე მეტი ადამიანი ემსახურება იეჰოვას. ეს კი დიდწილად სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულების მძიმე შრომის შედეგია. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ შესაძლებლობა მქონდა, წლების მანძილზე ბევრ მათგანთან მეთანამშრომლა და თავიანთი დანიშნულების შესასრულებლად უცხო ქვეყანაში გამგზავრებაში დავხმარებოდი.

მიხარია, რომ ახალგაზრდობაში მსახურების გაფართოება გადავწყვიტე და ბეთელის ბლანკი შევავსე. იეჰოვამ ჩემი ყველა ნაბიჯი დიდად აკურთხა. ბეთელში მსახურების გარდა მე და ლაილას ძალიან გვახარებდა ათწლეულების მანძილზე ბრუკლინის კრებებთან თანამშრომლობა, სადაც ბევრი ერთგული მეგობარი შევიძინეთ.

დღემდე ვაგრძელებ ბეთელში მსახურებას და ლაილა ყოველდღე მხარში მიდგას. მიუხედავად იმისა, რომ 84 წელს გადავაბიჯე, მიხარია, რომ ჯერ კიდევ შემიძლია მნიშვნელოვანი საქმის შესრულება და ფილიალისთვის საკორესპონდენციო საქმეში დახმარება.

ლაილასთან ერთად დღეს

რამხელა პატივია, იეჰოვას დიდებულ ორგანიზაციას მიეკუთვნებოდე და ხედავდე, რაოდენ განსხვავდებიან ღვთის მსახურები სხვებისგან. ჩვენ უკეთ გვესმის მალაქიას 3:18-ში ჩაწერილი სიტყვები: „კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“. ყოველდღიურად ვამჩნევთ, რომ სატანის ქვეყნიერება უარესობისკენ მიექანება, ხალხი უიმედო მდგომარეობაშია და თითქმის აღარაფერი ანიჭებთ სიხარულს. ისინი კი, ვისაც უყვარს იეჰოვა და ემსახურება მას, ამ ძნელად ასატან დროშიც კი არ კარგავენ სიხარულსა და მომავლის იმედს. სასიხარულო ცნობის გავრცელება მართლაც რომ დიდი პატივია! (მათ. 24:14). ჩვენ შევნატრით იმ დროს, როცა ღვთის სამეფო ამ ქვეყნიერებას ახალი ქვეყნიერებით ჩაანაცვლებს და ყველა დაპირებულ კურთხევას მივიღებთ, მათ შორის სრულყოფილ ჯანმრთელობასა და მარადიულ სიცოცხლეს. ეს დრო მალე დადგება! მაშინ იეჰოვას ერთგული მსახურები უსასრულო სიცოცხლით გაიხარებენ.