არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ აქვს სიცოცხლეს აზრი?

რატომ აქვს სიცოცხლეს აზრი?

ფაიზალს ცოლის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გულზე სერიოზული ოპერაცია დასჭირდა. ის ამბობს: «როცა წიგნ „იობს“ ვკითხულობ, ვხვდები, რომ იეჰოვას ტყუილუბრალოდ არ ჩაუწერია ბიბლიაში მისი ისტორია. მათი შემთხვევების წაკითხვა, რომლებიც ჩვენნაირ მდგომარეობაში იყვნენ, ტკივილს გვიამებს». იგი ასეთ დასკვნას აკეთებს: „ყველაფრის მიუხედავად, ნამდვილად ღირს ცხოვრება!“.

ტარშა პატარა გოგო იყო, დედა რომ დაეღუპა. იგი ამბობს: „ცხოვრებას აზრს სძენს ის, რომ შემოქმედს ვიცნობთ. ეს გვეხმარება, არაერთი სირთულის მიუხედავად, არ დავკარგოთ იმედი და სიხარული. იეჰოვას ნამდვილად შესწევს ძალა, აგვატანინოს ის, რასთანაც ყოველდღიურად გვიწევს ჭიდილი“.

ᲬᲘᲜᲐ ᲡᲢᲐᲢᲘᲔᲑᲨᲘ ვიმსჯელეთ, რამ შეიძლება ცხოვრება აუტანელი გახადოს. პრობლემების დროს შესაძლოა იფიქროთ: ზრუნავს ვინმე ჩემზე ან საერთოდ ღირს კი ცხოვრება? ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ღმერთისთვის ძალიან ძვირფასი ხართ და მისთვის სულერთი არ არის თქვენი მდგომარეობა.

86-ე ფსალმუნის დამწერმა ღვთისადმი ნდობა ასეთი სიტყვებით გამოხატა: „მოგიხმობ გაჭირვების ჟამს და შენც მიპასუხებ“ (ფსალმუნი 86:7). შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: „მე როგორ მიპასუხებს ღმერთი გაჭირვების ჟამს?“.

მართალია, ღმერთმა შეიძლება უმალვე არ მოგვაშოროს პრობლემები, მაგრამ თავის სიტყვაში ის გვარწმუნებს, რომ მოგვცემს შინაგან სიმშვიდეს, რაც ამ ყველაფერს აგვატანინებს: „ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში; ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7). მოდი ვნახოთ ბიბლიური მუხლები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ ღმერთი სათუთად ზრუნავს ჩვენზე.

ღმერთი ზრუნავს თქვენზე

„ღმერთს არცერთი [ბეღურა] . . . არ ავიწყდება . . . უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (ლუკა 12:6, 7).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: სამყაროს შემოქმედს პატარა ბეღურაც კი არ რჩება მხედველობიდან. თითოეული ქმნილება ძვირფასია მისთვის. მაგრამ ადამიანები გაცილებით ძვირფასნი არიან მის თვალში. ადამიანი ხომ ყველაზე გამორჩეული ქმნილებაა მთელ დედამიწაზე, რადგან ღვთის ანარეკლად არის შექმნილი და აქვს უნარი, ისეთივე აღმატებული თვისებები გამოავლინოს, როგორსაც თავად ღმერთი ავლენს (დაბადება 1:26, 27).

„იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ . . . ხვდები ჩემს ფიქრებს . . . შემამოწმე და ნახე, რა მიფორიაქებს სულს“ (ფსალმუნი 139:1, 2, 23).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ღმერთი პირადად გიცნობთ. მან კარგად იცის, რა არის თქვენი გულისნადები და საწუხარი. მაშინ, როცა სხვები შეიძლება ვერ შევიდნენ თქვენს მდგომარეობაში, ღმერთი სათუთად ზრუნავს თქვენზე და თქვენი დახმარების სურვილი აქვს. ამის ცოდნა ნამდვილად სძენს ცხოვრებას აზრს.

თქვენს ცხოვრებას ნამდვილად აქვს აზრი!

„იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა. მოაღწიოს შენამდე ჩემმა ვედრებამ . . . ყური მომაპყარი; სწრაფად მიპასუხე, როცა მოგიხმობ. ის შეისმენს ღატაკის ლოცვას და არ უკუაგდებს მის მუდარას“ (ფსალმუნი 102:1, 2, 17).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: იმ დღიდან მოყოლებული, რაც კაცობრიობა იტანჯება, იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია არცერთი ადამიანის ტკივილი თუ ცრემლი (ფსალმუნი 56:8). მას თქვენი ცრემლებიც ახსოვს! ღმერთს ახსოვს ყველა ის განსაცდელი, რის გადატანაც მოგიწიათ და ის ტკივილი, რაც ამ დროს განიცადეთ, რადგან ძალიან ძვირფასი ხართ მისთვის.

„ნუ გეშინია . . . რადგან შენი ღმერთი ვარ! მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები . . . მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!“ (ესაია 41:10, 13).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ღმერთი მზად არის, დაგეხმაროთ. თუ პრობლემები სიცოცხლის ხალისს გიკარგავთ, ღმერთი გაგამაგრებთ.

უკეთესი მომავლის იმედი

„ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: თქვენ იმდენად ძვირფასი ხართ ღვთისთვის, რომ თავისი ძე, იესო გაიღო თქვენთვის მსხვერპლად. სწორედ ამ მსხვერპლის წყალობით გაქვთ შესაძლებლობა, ბედნიერად, აზრიანად და უსასრულოდ იცხოვროთ. *

შესაძლოა სადარდებელი არ გაკლიათ და ზოგჯერ ცხოვრება აუტანელიც კი ხდება თქვენთვის, მაგრამ თუ საგულდაგულოდ შეისწავლით ღვთის სიტყვას, რწმენას გაიძლიერებთ და ღვთის დანაპირების იმედი გექნებათ. ეს კი დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ სიხარული და ხელი არ ჩაიქნიოთ ცხოვრებაზე.

^ თუ გსურთ, მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რა სიკეთე მოაქვს თქვენთვის იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს, უყურეთ ვიდეორგოლს „ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო“ ვებგვერდზე www.pr418.com. იხილეთ ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ > ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ.