არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 2

განადიდეთ იეჰოვა კრების წინაშე

განადიდეთ იეჰოვა კრების წინაშე

„კრებულში მოგიძღვნი ქებას“ (ფსალმ. 22:22).

სიმღერა 59 ჩემთან ერთად ადიდეთ იაჰი

მოკლე შინაარსი *

1. რას გრძნობდა დავითი იეჰოვას მიმართ და რისკენ აღძრავდა ეს?

მეფე დავითი წერდა: „დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები“ (ფსალმ. 145:3). მას უყვარდა იეჰოვა და სწორედ ეს გრძნობა აღძრავდა, რომ „კრებულში . . . ქება“ მიეძღვნა მისთვის (ფსალმ. 22:22; 40:5). ორი აზრი არ არსებობს, რომ თქვენც გიყვართ იეჰოვა და იზიარებთ დავითის სიტყვებს, რომელმაც თქვა: „კურთხეული იყავი, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, ჩვენო მამა, მარადიულად!“ (1 მატ. 29:10—13).

2. ა) როგორ შეგვიძლია იეჰოვას განდიდება? ბ) რის გაკეთება უჭირს ზოგს და რაზე ვიმსჯელებთ?

2 ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარების გაკეთება იეჰოვას განდიდების ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა ზოგისთვის ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან შეხვედრებზე მონაწილეობის სურვილის მიუხედავად, შიშს ვერაფერს უხერხებენ. რა დაეხმარება მათ შიშის დაძლევაში? რომელი რჩევები დაგვეხმარება თითოეულს, რომ ჩვენი კომენტარები გამამხნევებელი იყოს? სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ვიმსჯელოთ ოთხ ძირითად მიზეზზე, თუ რატომ ვაკეთებთ შეხვედრებზე კომენტარებს.

რატომ ვაკეთებთ შეხვედრებზე კომენტარებს

3—5. ა) ებრაელების 13:15-ის თანახმად, რატომ ვაკეთებთ შეხვედრებზე კომენტარებს? ბ) ყველასგან ერთნაირ კომენტარებს მოითხოვს იეჰოვა? ახსენით.

3 იეჰოვამ ყველას გვიბოძა მისი განდიდების პატივი (ფსალმ. 119:108). კომენტარები „ქების მსხვერპლის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ მაგივრად სხვა ვერავინ გაიღებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:15). იეჰოვა არ გვთხოვს, რომ ერთნაირი მსხვერპლი გავიღოთ, ანუ ერთნაირი კომენტარები გავაკეთოთ.

4 იეჰოვას ესმის, რომ ყველას განსხვავებული შესაძლებლობები და მდგომარეობა გვაქვს, ამიტომ ის ძალიან აფასებს იმ მსხვერპლს, რომელსაც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვწირავთ. დაფიქრდით, ისრაელების მიერ გაღებული როგორი სახის მსხვერპლი იყო მისაღები იეჰოვასთვის. მაგალითად, ზოგს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ცხვარი ან თხა შეეწირა ღვთისთვის, თუმცა ღარიბებს შეეძლოთ „ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“ მიეყვანათ იეჰოვასთვის. მაგრამ, თუ ვინმეს ორი ფრინველის შეწირვის საშუალებაც არ ჰქონდა, შეეძლო „ერთი ეფა წმინდად დაფქული ფქვილის მეათედი“ შეეწირა (ლევ. 5:7, 11). ფქვილი შედარებით იაფი ღირდა, თუმცა იეჰოვა მოიწონებდა მას, თუ ის წმინდად იქნებოდა დაფქული.

5 ჩვენს კეთილ ღმერთს დღესაც მსგავსი მიდგომა აქვს. ის არ მოითხოვს, რომ კომენტარის დროს ყველანი აპოლოსივით მჭევრმეტყველები და პავლესავით დამაჯერებლები ვიყოთ (საქ. 18:24; 19:8). თუმცა იეჰოვა მოელის, რომ კომენტარის დროს შესაძლებლობიდან გამომდინარე საუკეთესოს გავიღებთ მისთვის. არ დაგავიწყდეთ ქვრივი, რომელმაც მხოლოდ ორი პატარა მონეტა შესწირა. ეს ღარიბი ქვრივი ძვირფასი იყო იეჰოვას თვალში, რადგან შესაძლებლობიდან გამომდინარე საუკეთესო გაიღო მისთვის (ლუკ. 21:1—4).

როცა კომენტარს ვაკეთებთ, ჩვენც ვმხნევდებით და სხვებიც (იხილეთ აბზაცები 6, 7) *

6. ა) ებრაელების 10:24, 25-ის თანახმად, როგორ მოქმედებს ჩვენზე სხვების კომენტარები? ბ) როგორ შეგიძლიათ მადლიერება გამოხატოთ გამამხნევებელი კომენტარებისთვის?

6 კომენტარებით ერთმანეთს ვამხნევებთ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25). ყველას გვსიამოვნებს კრების შეხვედრაზე განსხვავებული კომენტარების მოსმენა. მაგალითად, ძალიან მოგვწონს ბავშვების მარტივი და გულწრფელი კომენტარები. გვამხნევებს მათი მოსმენა, რომლებმაც ახლახან გაიგეს ჭეშმარიტება და აღფრთოვანებით ლაპარაკობენ მასზე. გარდა ამისა, გვხიბლავს იმ და-ძმების მონდომება, რომელთაც შიშისა თუ ენის ბარიერის მიუხედავად გაბედულება მოიკრიბეს და შეძლეს კომენტარის გაკეთება (1 თეს. 2:2). რა უნდა გავაკეთოთ, რომ მადლიერება გამოვხატოთ მათი ძალისხმევისთვის? შეგვიძლია შეხვედრის ბოლოს მადლობა გადავუხადოთ გამამხნევებელი კომენტარისთვის. მათ მიმართ მადლიერებას იმითაც გამოვავლენთ, თუ ჩვენც არ შევიკავებთ თავს კომენტარებისგან. ამგვარად, შეხვედრების დროს არა მხოლოდ ჩვენ გავმხნევდებით, არამედ თავადაც გავამხნევებთ სხვებს (რომ. 1:11, 12).

7. რატომ არის კომენტარის გაკეთება ჩვენთვისვე კარგი?

7 კომენტარის გაკეთება ჩვენთვისვეა კარგი (ეს. 48:17). რატომ ვამბობთ ამას? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, როცა კომენტარის გაკეთებას ვაპირებთ, უკეთ ვემზადებით კრების შეხვედრისთვის. კარგი მომზადება კი ღრმად გვახედებს ღვთის სიტყვის სიღრმეებში. შედეგად, რაც უფრო კარგად გვესმის ესა თუ ის საკითხი, მით უკეთ ვიყენებთ მას. მეორე, როცა განხილვაში ვმონაწილეობთ, უფრო სასიამოვნო ხდება კრების შეხვედრაზე დასწრება. და მესამე, რადგანაც კომენტარის მომზადება ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, ის უფრო დიდხანს გვამახსოვრდება.

8, 9. ა) მალაქიას 3:16-დან გამომდინარე, როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ჩვენი კომენტარების მიმართ? ბ) რა შეიძლება აშინებდეს ზოგს?

8 იეჰოვას გულს ვუხარებთ, როცა ჩვენს რწმენას სიტყვებით გამოვხატავთ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვისმენს და ძალიან აფასებს, რომ ძალისხმევა არ დავაკელით კრების შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებას (წაიკითხეთ მალაქიას 3:16). როცა ყველანაირად ვცდილობთ, იეჰოვას ვასიამოვნოთ, ის კურთხევებს არ გვაკლებს, რითაც გვარწმუნებს, რომ აფასებს ჩვენს ძალისხმევას (მალ. 3:10).

9 აშკარაა, ძალიან კარგი მიზეზები გვაქვს, რომ თავი არ შევიკავოთ კომენტარებისგან. თუმცა ზოგს შეიძლება იმის გაფიქრებაც კი აშინებს, რომ კრებაზე ხელი უნდა აიწიოს. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გულს ნუ გაიტეხთ. ქვემოთ განხილული პრინციპები, ბიბლიური მაგალითები და პრაქტიკული რჩევები ყველას დაგვეხმარება, რომ უფრო ხშირად მივიღოთ მონაწილეობა კრების შეხვედრებზე.

შიშის გადალახვა

10. ა) რატომ ეშინია ზოგს კომენტარის გაკეთების? ბ) რატომ შეიძლება კომენტარის გაკეთების შიში კარგის ნიშანი იყოს?

10 უსიამოვნო შეგრძნება ხომ არ გეუფლებათ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ კრების შეხვედრაზე ხელი უნდა აიწიოთ და კომენტარი გააკეთოთ? თუ ასეა, თქვენ გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენთ. რეალურად კომენტარის გაკეთების დროს თითქმის ყველა ნერვიულობს. შიშს ადვილად დაძლევთ, თუ ჯერ მის გამომწვევ მიზეზს დაადგენთ. ის აზრი ხომ არ გაშინებთ, რომ დაგავიწყდებათ სათქმელი ან არასწორად უპასუხებთ? ხომ არ წუხხართ, რომ სხვებივით კარგ კომენტარს ვერ გააკეთებთ? ასეთი შიში სინამდვილეში კარგის ნიშანიც კია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავმდაბალი ხართ და სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად მიიჩნევთ. იეჰოვას უყვარს თავმდაბალი ადამიანები (ფსალმ. 138:6; ფილ. 2:3). თუმცა ის მოელის, რომ შეხვედრების დროს განადიდებთ მას და გაამხნევებთ და-ძმებს (1 თეს. 5:11). ღმერთს უყვარხართ და გამბედაობას შეგმატებთ.

11. რომელი ბიბლიური შეხსენებები დაგვეხმარება?

11 განვიხილოთ ბიბლიაში ჩაწერილი რამდენიმე შეხსენება. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ლაპარაკის დროს ყველანი ვცდებით, რადგან ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ (იაკ. 3:2). ჩვენგან სრულყოფილებას არავინ მოელის — არც იეჰოვა და არც და-ძმები (ფსალმ. 103:12—14). ისინი ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან, რომელთაც ვუყვარვართ (მარ. 10:29, 30; იოან. 13:35). მათ ესმით, რომ ყოველთვის ისე ვერ გამოვხატავთ აზრს, როგორც გვინდა.

12, 13. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ნეემიასა და იონას მაგალითებიდან?

12 დაფიქრდით ბიბლიურ მაგალითებზე, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ. გაიხსენეთ ნეემია, რომელიც ძლევამოსილი მეფის კარზე მსახურობდა. ის ძალიან დაამწუხრა იმის გაგებამ, რომ იერუსალიმის გალავანი და კარიბჭეები დანგრეული იყო (ნეემ. 1:1—4). წარმოიდგინეთ, როგორ ინერვიულებდა და შეშინდებოდა, როცა მეფემ მოწყენილობის მიზეზი ჰკითხა. ნეემიამ პასუხის გაცემამდე მოკლედ ილოცა. მისი პასუხის შემდეგ მეფემ ბევრი რამ გააკეთა ღვთის ხალხის დასახმარებლად (ნეემ. 2:1—8). დაფიქრდით იონას მაგალითზეც. როცა იეჰოვამ ნინევეში წასვლა და ქადაგება დაავალა, იონას ისე შეეშინდა, რომ სრულიად საპირისპირო მიმართულებით გაიქცა (იონ. 1:1—3). მაგრამ იეჰოვას დახმარებით საბოლოოდ მაინც შეასრულა დავალება. მისმა ქადაგებამ ნინეველებს დიდი სიკეთე მოუტანა (იონ. 3:5—10). ნეემიასგან ვსწავლობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა კომენტარის გაკეთებამდე. იონას შემთხვევიდან კი ვიგებთ, რომ, რაოდენ დიდი შიშიც არ უნდა გვქონდეს, იეჰოვა დაგვეხმარება მისგან დავალებული საქმის შესრულებაში. ცხადია, კრების შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება ნინევეში განაჩენის გაცხადებაზე გაცილებით იოლია.

13 რომელი რჩევები დაგეხმარებათ, რომ გამამხნევებელი კომენტარები გააკეთოთ კრების შეხვედრებზე? განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

14. რატომ უნდა მოვემზადოთ კარგად შეხვედრებისთვის და როდის შეგვიძლია ამის გაკეთება?

14 მოემზადეთ ყოველი შეხვედრისთვის. თუ წინასწარ დაგეგმავთ და კარგად მოემზადებით, კომენტარის დროს უფრო თავდაჯერებული იქნებით (იგავ. 21:5). ცხადია, ყველას სხვადასხვა გეგმა გვაქვს კრების შეხვედრებისთვის მოსამზადებლად. 80 წელს გადაცილებული ქვრივი, სახელად ელოიზი, „საგუშაგო კოშკის“ სტატიის მომზადებას კვირის დასაწყისში იწყებს. ის ამბობს: „როცა წინასწარ ვემზადები, კრების შეხვედრებს უფრო სიამოვნებით ვესწრები“. ჯოის, რომელიც სრულ განაკვეთზე მუშაობს, „საგუშაგო კოშკის“ შესასწავლად შაბათი დღე აქვს გამოყოფილი. როგორც თავად ამბობს, ძალიან მოსწონს, როცა კრებისთვის ახალი მომზადებულია და ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მასალა. ერთი უხუცესი აიკი, რომელსაც საკმაოდ ბევრი საქმე აქვს და თან პიონერად მსახურობს, ამბობს: „მივხვდი, რომ მირჩევნია, კვირის განმავლობაში ცოტ-ცოტა დრო გამოვყო, ვიდრე ერთბაშად მოვემზადო“.

15. როგორ შეგიძლიათ კარგად მოემზადოთ კრების შეხვედრისთვის?

15 რას ნიშნავს კრების შეხვედრისთვის კარგად მომზადება? მომზადება ლოცვით დაიწყეთ და იეჰოვას სთხოვეთ წმინდა სული (ლუკ. 11:13; 1 იოან. 5:14). შემდეგ თვალი გადაავლეთ მასალას და დაფიქრდით სათაურზე, ქვესათაურებზე, სურათებსა და ჩარჩოებზე. თითოეული აბზაცის მომზადებისას შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი მითითებული მუხლი წაიკითხოთ. დაფიქრდით, რა ინფორმაციას გაწვდით ესა თუ ის აბზაცი. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ აზრებზე გაამახვილეთ, რომლებზეც კომენტარის გაკეთებას აპირებთ. რაც უფრო კარგად იქნებით მომზადებული, მით მეტს ისწავლით და მით მეტად გაგიადვილდებათ კომენტარის გაკეთება (2 კორ. 9:6).

16. სულიერი საზრდოს მიღების რომელი საშუალებებია თქვენთვის ხელმისაწვდომი და როგორ იყენებთ მათ?

16 თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი ელექტრონული ფორმატის მასალა. იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ელექტრონული სახითაც გვაწვდის სულიერ საზრდოს, რაც კრების შეხვედრებისთვის მომზადებაში გვეხმარება. აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა®“ შესაძლებლობას გვაძლევს, სასწავლო პუბლიკაციები ჩვენს ელექტრონულ მოწყობილობებში ჩამოვტვირთოთ. ჩამოტვირთული მასალის შესწავლა, ან სულ მცირე წაკითხვა და მოსმენა, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგვიძლია. ზოგი ამ აპლიკაციით სამსახურში ან სკოლაში შესვენების დროს სარგებლობს, ზოგი კი ამისათვის მგზავრობის პერიოდს იყენებს. „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ და „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკა“ ძალიან გვიადვილებს ჩვენთვის საინტერესო საკითხების საფუძვლიანად გამოკვლევას.

როდის გაქვთ დაგეგმილი კრების შეხვედრისთვის მომზადება? (იხილეთ აბზაცები 14—16) *

17. ა) რატომ არის კარგი, თუ რამდენიმე კომენტარს მოამზადებთ? ბ) რა ისწავლეთ ვიდეოდან „დაუმეგობრდი იეჰოვას — მოამზადე შენი კომენტარი“?

17 შეეცადეთ, რამდენიმე კომენტარი მოამზადოთ. რატომ არის ეს კარგი? იმიტომ რომ შეიძლება ჩამტარებელმა ყოველთვის არ გაპასუხებინოთ. ხშირად რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იწევს ხელს, ამიტომ შეიძლება სხვას აპასუხებინონ. კრების შეხვედრა დროულად რომ დამთავრდეს, შეიძლება „საგუშაგო კოშკის“ ჩამტარებელმა გადაწყვიტოს, რომ ზოგიერთ საკითხზე მსჯელობას დიდი დრო არ დაუთმოს. ამიტომ ნუ განაწყენდებით და გულს ნუ გაიტეხთ, თუ სტატიის დასაწყისშივე არ გაპასუხებინებენ. თუ რამდენიმე კომენტარს მოამზადებთ, მონაწილეობის უფრო მეტი შანსი გექნებათ. ერთ-ერთი კომენტარისთვის შეგიძლიათ წასაკითხი ბიბლიური მუხლი მოამზადოთ. აგრეთვე კარგი იქნება, თუ კომენტარს საკუთარი სიტყვებით მოამზადებთ. *

18. რატომ არის კარგი მოკლე კომენტარები?

18 გააკეთეთ მოკლე კომენტარები. ხშირად ყველაზე მეტად მარტივი და მოკლე კომენტარები გვამხნევებს. ამიტომ მიზნად დაისახეთ, რომ მოკლე კომენტარით შემოიფარგლოთ. შეეცადეთ, დაახლოებით 30 წამში ჩაეტიოთ (იგავ. 10:19; 15:23). თუ დიდი ხანია ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარებს აკეთებთ, განსაკუთრებით გმართებთ, რომ მოკლე კომენტარებით შემოიფარგლოთ და ამ მხრივ კარგი მაგალითი მისცეთ სხვებს. თუ ძნელად გასაგებ და რამდენიმეწუთიან კომენტარებს გააკეთებთ, შეიძლება სხვებს შეეშინდეთ ხელის აწევა და იფიქრონ, რომ ვერასდროს შეძლებენ თქვენნაირი კომენტარის გაკეთებას. გარდა ამისა, თუ მოკლე კომენტარებით შემოიფარგლებით, უფრო მეტს მიეცემა მონაწილეობის მიღების საშუალება. თუ კითხვაზე პირველ კომენტარს აკეთებთ, მარტივად და პირდაპირ უპასუხეთ. ნუ შეეცდებით, რომ აბზაცში მოცემული ყველა აზრი თქვათ. მას შემდეგ, რაც მთავარი აზრი აღინიშნება, შეგიძლიათ თქვენს კომენტარში დამატებითი აზრები მოიხსენიოთ (იხილეთ ჩარჩო „ ჩემს კომენტარში შემიძლია . . .“).

19. როგორ შეუძლია ჩამტარებელს თქვენი დახმარება და თქვენ რის გაკეთება გმართებთ?

19 წინასწარ უთხარით ჩამტარებელს, რომელ აბზაცზე გინდათ პასუხის გაცემა. თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტთ, კრების დაწყებამდე საკმაოდ ადრე გააფრთხილეთ ჩამტარებელი. როცა თქვენი კომენტარის დრო მოვა, სწრაფად ასწიეთ ხელი, თანაც საკმაოდ მაღლა, რომ ჩამტარებელმა შეძლოს თქვენი დანახვა.

20. რა გაგებით ჰგავს კრების შეხვედრა მეგობრულ შეკრებას?

20 ჩათვალეთ, რომ კრების შეხვედრის დროს მეგობრებთან ერთად სადილობთ. წარმოიდგინეთ, რომ მეგობრები პიკნიკზე გეპატიჟებიან და გთხოვენ, რაიმე თქვენც მოამზადოთ. თავიდან შეიძლება ცოტა ინერვიულოთ, მაგრამ მაქსიმალურად შეეცდებით, რომ ყველასთვის სასურველი და გემრიელი რამ მოამზადოთ. ჩვენი მასპინძელი, იეჰოვა ღმერთი, კრების შეხვედრებზე სუფრას გვიშლის, რომელზეც უამრავი გემრიელი კერძი დევს (ფსალმ. 23:5; მათ. 24:45). იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როცა თუნდაც მცირედს, მაგრამ საუკეთესოს ვიღებთ მისთვის და სტუმრად ხელდამშვენებულები მივდივართ. ასე რომ, კარგად მოემზადეთ და რაც შეიძლება ხშირად მიიღეთ მონაწილეობა კრების შეხვედრებზე. ამგვარად, არა მხოლოდ გამოიკვებებით იეჰოვას სუფრიდან, არამედ თქვენ მიერ მიტანილ საჩუქარს კრების წევრებსაც გაუზიარებთ.

სიმღერა 2 იეჰოვაა შენი სახელი

^ აბზ. 5 ფსალმუნმომღერალი დავითის მსგავსად თითოეულს გვიყვარს იეჰოვა და სიხარულს გვანიჭებს მისი განდიდება. კრების შეხვედრებზე ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენის განსაკუთრებული შესაძლებლობა გვეძლევა. თუმცა ზოგს უჭირს შეხვედრებზე კომენტარების გაკეთება. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ეს სტატია შიშის მიზეზების ამოცნობასა და მათ გადალახვაში დაგეხმარებათ.

^ აბზ. 17 ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეოს „დაუმეგობრდი იეჰოვას — მოამზადე შენი კომენტარი“ (იხილეთ ბიბლიური სწავლებები / ბავშვები).

^ აბზ. 63 სურათის აღწერა: კრების წევრები სიხარულით მონაწილეობენ „საგუშაგო კოშკის“ განხილვაში.

^ აბზ. 65 სურათის აღწერა: წინა სურათზე ნაჩვენები მაუწყებლები „საგუშაგო კოშკს“ ამზადებენ. განსხვავებული მდგომარეობის მიუხედავად, თითოეული გამოყოფს დროს სასწავლო სტატიის მოსამზადებლად.