არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 7

განივითარეთ თვინიერება და გული გაუხარეთ იეჰოვას

განივითარეთ თვინიერება და გული გაუხარეთ იეჰოვას

„ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო . . . ეძებეთ თვინიერება“ (სოფ. 2:3).

სიმღერა 80 „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) როგორ ახასიათებს ბიბლია მოსეს და რა გააკეთა მან? ბ) რა მიზეზი გვაქვს თვინიერების განსავითარებლად?

ბიბლია მოსეზე ამბობს, რომ ის „უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“ (რიცხ. 12:3). ნიშნავს ეს იმას, რომ მოსე სუსტი, მერყევი და მშიშარა იყო? სწორედ ასე ახასიათებს ზოგი თვინიერ ადამიანს. თუმცა ეს აზრი ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისგან. მოსე ძლიერი, მტკიცე და გაბედული ღვთის მსახური იყო. ის იეჰოვას დახმარებით ეგვიპტის ძლევამოსილ მმართველს დაუპირისპირდა, თითქმის 3 მილიონ ადამიანს უდაბნოში წინამძღოლობა გაუწია და ისრაელ ერს მტრების დამარცხებაში დაეხმარა.

2 მოსესგან განსხვავებით ჩვენ ასეთი სირთულეების გადალახვა არ გვიწევს, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობის დროს ყოველდღე გვექმნება ისეთი სიტუაციები, როცა ძნელია თვინიერების შენარჩუნება. მაგრამ ამ თვისების განსავითარებლად მიზეზი ნამდვილად გვაქვს, რადგან იეჰოვა გვპირდება, რომ „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმ. 37:11). იტყოდით საკუთარ თავზე, რომ თვინიერი ხართ? სხვები თუ დაგახასიათებდნენ თვინიერ ადამიანად? სანამ ამ მნიშვნელოვან კითხვებს ვუპასუხებთ, მოდი გავიგოთ, რას ნიშნავს თვინიერება.

რას ნიშნავს თვინიერება?

3, 4. ა) რას შეიძლება შევადაროთ თვინიერება? ბ) რომელი ოთხი თვისება გვჭირდება, რომ თვინიერები ვიყოთ და რატომ?

3 თვინიერება * შეიძლება ლამაზ ნახატს შევადაროთ. რა მსგავსებაა მათ შორის? როგორც მხატვარი ცდილობს, რამდენიმე სასიამოვნო ფერის შერწყმით შექმნას ნახატი, ისე ჩვენც გვჭირდება რამდენიმე მიმზიდველი თვისების „შერწყმა“ თვინიერების გამოსავლენად. ამ თვისებებს შორის გამორჩეულია თავმდაბლობა, მორჩილება, რბილი ხასიათი და შინაგანი სიმტკიცე. რატომ უნდა განვივითაროთ ეს თვისებები, თუ გვსურს, რომ იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ?

4 მხოლოდ თავმდაბალი ადამიანები დაემორჩილებიან ღვთის ნებას. ღვთის ნებაში ისიც იგულისხმება, რომ რბილი ხასიათი გვქონდეს (მათ. 5:5; გალ. 5:23). როცა ღვთის ნებას ვასრულებთ, სატანის განრისხებას ვიწვევთ. მაშინაც კი, თუ თავმდაბლები და რბილი ხასიათისანი ვართ, ბევრ ადამიანს ვძულვართ, რადგან ისინი სატანის ქვეყნიერების ნაწილი არიან (იოან. 15:18, 19). ამიტომ შინაგანი სიმტკიცე გვჭირდება, რომ წინ აღვუდგეთ სატანას.

5, 6. ა) რატომ სძულს სატანას თვინიერი ადამიანები? ბ) რომელ კითხვებს განვიხილავთ?

5 თვინიერი ადამიანებისგან განსხვავებით ამპარტავნები ვერ იოკებენ ბრაზს და არ ემორჩილებიან იეჰოვას. ზუსტად ასეთია სატანაც. ამიტომ არ გვიკვირს, რატომ სძულს მას თვინიერი ხალხი, რომლებიც მის პიროვნულ ნაკლს ააშკარავებენ. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ სატანა მატყუარაა, რადგან რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს, ვერ შეაწყვეტინებს თვინიერ ადამიანებს იეჰოვას მსახურებას (იობ. 2:3—5).

6 როდის არის რთული თვინიერების გამოვლენა? და რატომ უნდა განვაგრძოთ ამ თვისების განვითარება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ მოსეს, ბაბილონის ტყვეობაში მყოფი სამი ებრაელისა და იესოს მაგალითები.

როდის არის რთული თვინიერების გამოვლენა?

7, 8. როგორი რეაქცია ჰქონდა მოსეს, როცა უპატივცემულოდ მოექცნენ?

7 როცა ძალაუფლება გვეძლევა. ძალაუფლების მქონე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს თვინიერების გამოვლენა, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფი პირი უპატივცემულოდ ექცევა ან ეჭვქვეშ აყენებს მის გადაწყვეტილებებს. მომხდარა ასეთი რამ თქვენს შემთხვევაშიც? ოჯახის წევრი ხომ არ მოგქცევიათ მსგავსად? რა რეაქცია გქონდათ ამაზე? განვიხილოთ, როგორ მოიქცა მოსე მსგავს სიტუაციაში.

8 იეჰოვამ მოსე ისრაელის წინამძღოლად დანიშნა და პატივი არგუნა, დაეწერა კანონები, რომლებითაც მთელი ერი იხელმძღვანელებდა. იოტისოდენა ეჭვიც არ არსებობდა, რომ მოსეს უკან იეჰოვა იდგა. მიუხედავად ამისა, ღვიძლი და-ძმა, მირიამი და აარონი აკრიტიკებდნენ მოსეს და ამბობდნენ, რომ ქორწინების საკითხში არასწორი არჩევანი გააკეთა. მოსეს ადგილას სხვა შეიძლება გაბრაზებულიყო და შური ეძია, მაგრამ ის ასე არ მოქცეულა. მოსე ადვილად არ ნაწყენდებოდა. ის იმასაც კი შეევედრა იეჰოვას, რომ განეკურნა მირიამი კეთრისგან (რიცხ. 12:1—13). რატომ მოიქცა მოსე ასე?

მოსემ შეჰღაღადა იეჰოვას, რომ განეკურნა მირიამი (იხილეთ აბზაცი 8)

9, 10. ა) რა ასწავლა იეჰოვამ მოსეს? ბ) რის სწავლა შეუძლიათ ოჯახისთავებსა და უხუცესებს მოსესგან?

9 მოსე საშუალებას აძლევდა იეჰოვას, რომ მისთვის ესწავლებინა. დაახლოებით 40 წლით ადრე, როცა ეგვიპტის სამეფო ოჯახის წევრი იყო, მოსეზე თვინიერი ნამდვილად არ ითქმოდა. ის ისეთი ფიცხი იყო, რომ კაციც კი მოკლა, რადგან ჩათვალა, რომ უსამართლოდ იქცეოდა. მოსემ დაასკვნა, რომ იეჰოვა მოიწონებდა მის საქციელს. იეჰოვას 40 წელი დასჭირდა მოსესთვის იმის სასწავლებლად, რომ ისრაელი ერის წინამძღოლობისთვის გაბედულებაზე მეტი იყო საჭირო; ის თვინიერი უნდა გამხდარიყო. თვინიერების გამოსავლენად კი მას თავმდაბლობა, მორჩილება და რბილი ხასიათი სჭირდებოდა. საბოლოოდ მან განივითარა ეს თვისებები და შესანიშნავი ზედამხედველი გახდა (გამ. 2:11, 12; საქ. 7:21—30, 36).

10 დღეს ოჯახისთავებმა და უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ მოსეს. როცა უპატივცემულოდ გექცევიან, ადვილად ნუ განაწყენდებით. თავმდაბლად აღიარეთ, რომ შეცდომებს თქვენც უშვებთ (ეკლ. 7:9, 20). პრობლემის გადაჭრის დროს დაემორჩილეთ იეჰოვას მითითებებს და ყოველთვის მშვიდად უპასუხეთ სხვებს (იგავ. 15:1). როცა ოჯახისთავები და ზედამხედველები ღვთისმოსაწონად იქცევიან, ხელს უწყობენ მშვიდობას და თვინიერების კარგ მაგალითს იძლევიან.

11—13. რა მაგალითი დაგვიტოვა სამმა ებრაელმა?

11 როცა გვდევნიან. ისტორიიდან ვიცით, რომ მმართველები ყოველთვის დევნიდნენ იეჰოვას ხალხს. ისინი ათასგვარ ბოროტებას გვაბრალებენ, მაგრამ სინამდვილეში დევნის მიზეზი ის არის, რომ ადამიანებზე მეტად ღმერთს ვემორჩილებით, როგორც მმართველს (საქ. 5:29). ჩვენ შეიძლება დაგვცინონ, დაგვაპატიმრონ ან ფიზიკურადაც კი შეურაცხგვყონ, მაგრამ იეჰოვას დახმარებით სამაგიეროს არ გადავუხდით და სიმშვიდეს შევინარჩუნებთ.

12 განვიხილოთ სამი გადასახლებული ებრაელის — ხანანიას, მიშაელისა და აზარიას მაგალითი *. ბაბილონის მეფემ უბრძანა მათ, რომ უზარმაზარი ოქროს კერპის წინაშე დამხობილიყვნენ. ამ სამმა ახალგაზრდამ მშვიდად აუხსნა მეფეს, რატომ არ სცემდნენ თაყვანს კერპს. მათ ღვთისადმი მორჩილება გამოავლინეს იმის მიუხედავად, რომ მეფე გავარვარებულ ღუმელში ჩაყრით ემუქრებოდა. ისინი არ ელოდნენ, რომ იეჰოვა რამეს მოიმოქმედებდა მათთვის, მაგრამ ღმერთმა გადაწყვიტა, მაშინვე ეხსნა ეს ახალგაზრდები. ასე რომც არ მომხდარიყო, ისინი მზად იყვნენ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა დაუშვებდა (დან. 3:1, 8—28). მათ დაამტკიცეს, რომ თვინიერი ადამიანები სინამდვილეში გაბედულები არიან — ვერც მეფე, ვერც მუქარა და ვერც სასჯელი ვერ შეგვაცვლევინებს გადაწყვეტილებას, რომ „განსაკუთრებული ერთგულება“ მხოლოდ იეჰოვას მიმართ გამოვავლინოთ (გამ. 20:4, 5).

13 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ სამ ებრაელს, როცა ჩვენი ერთგულება იცდება? თავმდაბლობა უნდა გამოვავლინოთ და გვჯეროდეს, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე (ფსალმ. 118:6, 7). ჩვენ რბილად და პატივისცემით ვექცევით მათ, ვინც არასწორ საქციელში გვადანაშაულებს (1 პეტ. 3:15). აგრეთვე უარს ვამბობთ იმის კეთებაზე, რაც მოსიყვარულე მამასთან ახლო ურთიერთობას გაგვიფუჭებს.

როცა სხვები გვეწინააღმდეგებიან, ჩვენ პატივისცემით ვპასუხობთ მათ (იხილეთ აბზაცი 13)

14, 15. ა) რა შეიძლება მოხდეს, როცა სტრესი გვაქვს? ბ) ესაიას 53:7, 10-ის თანახმად, რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ სტრესის დროს თვინიერების გამოვლენის საუკეთესო მაგალითი იესომ მოგვცა?

14 როცა სტრესი გვაქვს. სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება თითოეული ჩვენგანი განიცდიდეს სტრესს. სტრესი შეიძლება გვქონდეს სკოლაში გამოცდის წინ ან სამსახურში კონკრეტული საქმის შესრულების დროს. სტრესს შეიძლება იმის გაფიქრებაც კი გვიქმნიდეს, რომ ექიმთან ვართ მისასვლელი. რთულია სტრესის დროს თვინიერების შენარჩუნება. შეიძლება ამ დროს ისეთმა რამემ გაგვაღიზიანოს, რაც ჩვეულებრივ არ მოქმედებს ჩვენზე, და სხვებს უხეშად და ცივად ველაპარაკოთ. თუ ოდესმე სტრესი გქონიათ, დაფიქრდით იესოს მაგალითზე.

15 დედამიწაზე ყოფნის ბოლო თვეებში იესოს ძლიერი სტრესი ჰქონდა. მან იცოდა, რომ სასტიკად აწამებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ (იოან. 3:14, 15; გალ. 3:13). სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მან აღნიშნა, რომ დამწუხრებული იყო (ლუკ. 12:50). რამდენიმე დღით ადრე კი თქვა: „ჩემი სული აფორიაქებულია“. მისი თავმდაბლობა და ღვთისადმი მორჩილება ჩანს მის მხურვალე ლოცვაში: „მამა, მიხსენი ამ საათისგან; თუმცა ამისთვის მოვედი ამ საათამდე. მამა, განადიდე შენი სახელი“ (იოან. 12:27, 28). როცა დრო დადგა, იესომ გაბედულად გადასცა საკუთარი თავი ღვთის მტრებს, რომლებმაც დაამცირეს და სასტიკი წამებით მოკლეს. ძლიერი სტრესისა და ტანჯვის მიუხედავად, იესო თვინიერად დაჰყვა მამის ნებას. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესომ სტრესის დროს თვინიერების გამოვლენის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (წაიკითხეთ ესაიას 53:7, 10).

იესომ თვინიერების უდიდესი მაგალითი დაგვიტოვა (იხილეთ აბზაცები 16, 17) *

16, 17. ა) როგორ გამოსცადეს მეგობრებმა იესოს თვინიერება? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?

16 დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელ ღამეს უახლოესმა მეგობრებმაც კი გამოსცადეს იესოს თვინიერება. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესის ქვეშ იქნებოდა იესო იმ ღამეს. შეძლებდა ის სიკვდილამდე სრულყოფილი ერთგულების შენარჩუნებას? მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე სასწორზე იდო (რომ. 5:18, 19). და რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, საქმე ზეციერი მამის რეპუტაციას ეხებოდა (იობ. 2:4). უკანასკნელი ვახშმის დროს მოციქულებს „შორის გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“. იესომ ამ საკითხზე არაერთხელ შეუსწორა მოციქულებს თვალსაზრისი. იმ საღამოს ცოტა ხნით ადრეც იგივე გააკეთა, როცა მათ ფეხები დაბანა! აღსანიშნავია, რომ იესო არ გაღიზიანებულა; ის მშვიდად ელაპარაკა მათ. მან გულთბილად, თუმცა მტკიცედ, კიდევ ერთხელ აუხსნა, როგორი განწყობა უნდა ჰქონოდათ. შემდეგ კი შეაქო თავისი მეგობრები, რომ ერთგულად უჭერდნენ მას მხარს (ლუკ. 22:24—28; იოან. 13:1—5, 12—15).

17 როგორ მოიქცეოდით, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით? ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და სტრესის დროსაც კი რბილი ხასიათი შევინარჩუნოთ. დაე მზადყოფნით დავემორჩილოთ იეჰოვას მითითებას და მოვუთმინოთ ერთმანეთს (კოლ. 3:13). ამ მითითების გათვალისწინება გაგვიადვილდება, თუ გვემახსოვრება, რომ ყველა ვამბობთ ან ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც სხვებს აღიზიანებს (იგავ. 12:18; იაკ. 3:2, 5). შეეცადეთ, ყოველთვის შეაქოთ სხვები კარგი თვისებებისთვის, რასაც მათში ხედავთ (ეფეს. 4:29).

რატომ უნდა განვაგრძოთ თვინიერების განვითარება?

18. როგორ ეხმარება იეჰოვა თვინიერებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ რა მოითხოვება მათგან?

18 მივიღებთ უკეთეს გადაწყვეტილებებს. თუ ცხოვრებაში რთული არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებით, იეჰოვა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ თვინიერები ვიქნებით. ის გვპირდება, რომ მოისმენს „თვინიერთა სურვილს“ (ფსალმ. 10:17). იეჰოვა არა მხოლოდ მოგვისმენს, არამედ როგორ ბიბლია ამბობს: „აღძრავს თვინიერებს, მისი სამართლით იარონ, თავის გზას ასწავლის თვინიერებს“ (ფსალმ. 25:9). იეჰოვა ხელმძღვანელობას გვიწევს ბიბლიის, პუბლიკაციებისა * და ქრისტიანული შეხვედრების მეშვეობით, რომლებსაც „ერთგული და გონიერი მონა“ ამზადებს (მათ. 24:45—47). ჩვენ თავმდაბლად ვაღიარებთ, რომ გვჭირდება იეჰოვას დახმარება, თუ ვიკვლევთ მის მიერ მოწვდილ სულიერ საზრდოს და მთელი გულით ვცდილობთ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას.

19—21. რა შეცდომა დაუშვა მოსემ კადეშთან და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

19 ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით მოსეს მაგალითზე. ის ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებდა თვინიერებას და იეჰოვას მოსაწონად იქცეოდა. თუმცა უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის მიწურულს მოსემ ვერ გამოავლინა ეს თვისება. იმ პერიოდში კადეშში მოკვდა მისი და, მირიამი. როგორც ჩანს, სწორედ მან გადაარჩინა მოსე ეგვიპტეში. მაშინ ისრაელებმა კიდევ ერთხელ დაიწყეს წუწუნი, რომ მათზე სათანადოდ არ ზრუნავდნენ. ხალხმა დავა დაუწყო მოსეს უწყლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოსე იეჰოვას მეშვეობით არაერთ სასწაულს ახდენდა და დიდი ხნის მანძილზე უანგაროდ წინამძღოლობდა ისრაელს, ხალხი მაინც დრტვინავდა მის წინააღმდეგ. ისინი მხოლოდ უწყლობის გამო კი არ წუწუნებდნენ, არამედ მოსეს გამოც, თითქოს მისი ბრალი იყო, რომ უწყლო ადგილას აღმოჩნდნენ (რიცხ. 20:1—5, 9—11).

20 რისხვით ანთებული მოსე მდგომარეობიდან გამოვიდა. ნაცვლად იმისა, რომ რწმენით ეთქვა კლდისთვის, როგორც იეჰოვამ უბრძანა, გამწარებული ელაპარაკა ხალხს და საკუთარი თავი განადიდა. მან ორჯერ დაჰკრა კლდეს და წყალმა გადმოჩქეფა. სიამაყემ და ბრაზმა მოსეს დიდი შეცდომა დააშვებინა (ფსალმ. 106:32, 33). თვინიერების დროებით დაკარგვა მას ძვირად დაუჯდა და აღთქმულ მიწაზე ვერ შევიდა (რიცხ. 20:12).

21 ამ შემთხვევიდან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. პირველი, ჩვენ გამუდმებით უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ თვინიერება. საკმარისია, წამიერად მოვადუნოთ ყურადღება, რომ სიამაყე თავს წამოყოფს და სისულელეს გვათქმევინებს ან უგუნურებას ჩაგვადენინებს. მეორე, სტრესის დროს შეიძლება გაგვიჭირდეს თვინიერების შენარჩუნება, განსაკუთრებით, თუ ზეწოლას განვიცდით.

22, 23. ა) რატომ უნდა განვაგრძოთ თვინიერების განვითარება? ბ) რაზე მიუთითებს სოფონიას 2:3-ში ჩაწერილი სიტყვები?

22 დაცულები ვიქნებით. მალე იეჰოვა გაანადგურებს ბოროტ ხალხს და დედამიწას მხოლოდ თვინიერები დაიმკვიდრებენ. მაშინ დედამიწაზე ნამდვილი მშვიდობა დაისადგურებს (ფსალმ. 37:10, 11). თქვენც იქნებით თვინიერთა შორის? რა თქმა უნდა, თუ სოფონიას 2:3-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილი მოწოდების თანახმად იცხოვრებთ.

23 რაზე მიუთითებს სოფონიას 2:3-ში ჩაწერილი სიტყვები „იქნებ თავშესაფარი პოვოთ“? ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვას არ შეუძლია მათი დაცვა, ვინც მის მოსაწონად იქცევა და ვინც მას უყვარს. პირიქით, ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ, თუ გვინდა, იეჰოვამ დაგვიცვას, ჩვენი მხრიდანაც უნდა გავაკეთოთ რაღაც. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავურჩეთ „იეჰოვას რისხვის დღეს“ და ვიცხოვროთ მარადიულად, თუ ძალისხმევას არ დავაკლებთ თვინიერების განვითარებას და იეჰოვას მოსაწონად მოვიქცევით.

სიმღერა 120 მიჰბაძეთ ქრისტეს და გქონდეთ რბილი ხასიათი

^ აბზ. 5 თვინიერება დაბადებიდან არავის დაგვყოლია, ამიტომ უნდა განვივითაროთ ეს თვისება. შეიძლება მშვიდობიან ადამიანებთან ადვილად ვავლენდეთ თვინიერებას, მაგრამ ამაყ ადამიანებთან გაგვიჭირდეს ამ თვისების გამოვლენა. ამ სტატიაში განვიხილავთ ზოგიერთ სირთულეს, რომლებიც ხელს გვიშლის შესანიშნავი თვისების, თვინიერების განვითარებაში.

^ აბზ. 3 განმარტება: თვინიერება. თვინიერი ადამიანები კეთილად ექცევიან სხვებს და რბილ ხასიათს ინარჩუნებენ მაშინაც კი, თუ მათ გაღიზიანებას ცდილობენ. თავმდაბლობა. თავმდაბალი ადამიანები შორს არიან სიამაყისა და ქედმაღლობისგან; ისინი სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად მიიჩნევენ. როცა სიტყვა „თავმდაბლობა“ იეჰოვასთან მიმართებით გამოიყენება, ეს ნიშნავს, რომ იეჰოვა თავისზე დაბლა მდგომთ სიყვარულითა და გულმოწყალებით ექცევა.

^ აბზ. 12 ბაბილონელებმა ამ სამ ებრაელს შეუცვალეს სახელები და დაარქვეს შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო (დან. 1:7).

^ აბზ. 18 იხილეთ 2011 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს“.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: იესომ შეინარჩუნა რბილი ხასიათი და მშვიდად შეუსწორა მოწაფეებს თვალსაზრისი, როცა კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი.