არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 9

კანონი იეჰოვას სიყვარულსა და სამართლიანობას ირეკლავს

კანონი იეჰოვას სიყვარულსა და სამართლიანობას ირეკლავს

„ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია. სავსეა დედამიწა იეჰოვას სიკეთით“ (ფსალმ. 33:5).

სიმღერა 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) რა სურს თითოეულ ჩვენგანს? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

ყველას გვაქვს სიყვარულის მოთხოვნილება და გვსურს, რომ სამართლიანად გვექცეოდნენ. თუ ხშირად უსიყვარულოდ და უსამართლოდ გვეპყრობიან, შეიძლება თავი უღირსად და უიმედოდ ვიგრძნოთ.

2 იეჰოვამ იცის, რომ გვაქვს სიყვარულის მოთხოვნილება და ვისწრაფვით სამართლიანობისკენ (ფსალმ. 33:5). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს ზეციერ მამას გულწრფელად ვუყვარვართ და სურს, სხვები სამართლიანად გვექცეოდნენ. ეს ნათლად ჩანს კანონთა კრებულიდან, რომელიც ისრაელს მოსეს მეშვეობით მისცა. თუ თქვენც განიცდით სიყვარულის ნაკლებობას ან გულს გიტეხთ უსამართლობა, დაფიქრდით, როგორ ცხადყოფს მოსეს კანონი *, რომ იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე.

3. ა) რომაელების 13:8—10-ის თანახმად, რას ვიგებთ მოსეს კანონიდან? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

3 მოსეს კანონიდან ვიგებთ, თუ რა თბილი გრძნობები აქვს ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას (წაიკითხეთ რომაელების 13:8—10). ამ სტატიაში განვიხილავთ ისრაელისთვის მიცემულ რამდენიმე კანონს და ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს: რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ კანონი სიყვარულით იყო შედგენილი? როგორ უწყობდა ხელს კანონი სამართლიანობას? როგორ უნდა ეხელმძღვანელათ ძალაუფლების მქონეთ ღვთის კანონით? განსაკუთრებით ვის იცავდა კანონი? ამ კითხვებზე მიღებული პასუხები გვანუგეშებს, გვაძლევს იმედს და გვაახლოებს ჩვენს მოსიყვარულე მამასთან (საქ. 17:27; რომ. 15:4).

სიყვარულზე დაფუძნებული კანონთა კრებული

4. ა) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოსეს კანონი სიყვარულზეა დაფუძნებული? ბ) რომელ ორ მცნებას გაუსვა ხაზი იესომ მათეს 22:36—40-ში?

4 თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსეს კანონი სიყვარულზეა დაფუძნებული, რადგან ყველაფერი, რასაც იეჰოვა აკეთებს, სიყვარულითაა ნაკარნახევი (1 იოან. 4:8). მთელი კანონთა კრებული იეჰოვამ ორ ძირითად მცნებაზე დააფუძნა — გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი (ლევ. 19:18; კან. 6:5; წაიკითხეთ მათეს 22:36—40). ასე რომ, მოსეს კანონში შემავალი 600-ზე მეტი კანონი იეჰოვას სიყვარულის არაერთ მხარეს ასახავს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

5, 6. რას ითხოვს იეჰოვა დაქორწინებულებისგან და რა იცის მან კარგად? მოიყვანეთ მაგალითი.

5 უერთგულეთ მეუღლეს და იზრუნეთ შვილებზე. იეჰოვას სურს, დაქორწინებულებმა იმდენად ძლიერი სიყვარული განივითარონ ერთმანეთის მიმართ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ გაუნელდეთ (დაბ. 2:24; მათ. 19:3—6). ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა მეუღლის წინაშე ჩაიდინოს, მრუშობაა. სწორედ ამიტომ კრძალავს მეშვიდე მცნება მრუშობას (კან. 5:18). ამის ჩამდენი სცოდავს ღმერთს და უდიდეს დარტყმას აყენებს მეუღლეს (დაბ. 39:7—9). უდანაშაულო მეუღლე შეიძლება წლების მანძილზე გრძნობდეს ღალატით მიყენებულ ტკივილს.

6 იეჰოვამ კარგად იცის, როგორ ექცევიან მეუღლეები ერთმანეთს. მას სურდა, რომ ისრაელ ქალებს ქმრები კარგად მოპყრობოდნენ. ქმარს, რომელიც პატივს სცემდა კანონს, ეყვარებოდა თავისი ცოლი და არ გაეყრებოდა უბრალო მიზეზის გამო (კან. 24:1—4; მათ. 19:3, 8). მაგრამ, თუ სერიოზული პრობლემა წამოიჭრებოდა და გაეყრებოდა ცოლს, მისთვის გაყრის მოწმობა უნდა მიეცა. ხელახლა დაქორწინების შემთხვევაში ამ მოწმობის საფუძველზე ქალს მრუშობაში ვერავინ დაადანაშაულებდა. ამასთან ერთად, სანამ ქმარი ცოლს გაყრის მოწმობას მისცემდა, ის ქალაქის უხუცესებს უნდა დალაპარაკებოდა. ამგვარად უხუცესებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, წყვილს ოჯახის შენარჩუნებაში დახმარებოდნენ. როცა ისრაელი მამაკაცი ეგოისტური მიზნების გამო ეყრებოდა ცოლს, იეჰოვა ყოველთვის არ ერეოდა საქმეში უხუცესებისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით, თუმცა ის ხედავდა ქალის ცრემლებს და გრძნობდა მის ტკივილს (მალ. 2:13—16).

იეჰოვას სურდა, მშობლებს სიყვარულით აღეზარდათ თავიანთი შვილები, რათა ოჯახში თავი მათ უსაფრთხოდ და დაცულად ეგრძნოთ (იხილეთ აბზაცები 7, 8) *

7, 8. ა) რის გაკეთება უბრძანა იეჰოვამ მშობლებს? (იხილეთ სურათი გარეკანზე) ბ) რას ვსწავლობთ აქედან?

7 კანონიდან ისიც ჩანდა, რომ იეჰოვა ზრუნავდა ბავშვების კეთილდღეობაზე. მან უბრძანა მშობლებს, რომ ეზრუნათ შვილების როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე. მშობლებს ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინათ, რომ შვილებისთვის იეჰოვას სიყვარული ჩაენერგათ და მისი კანონის დაფასება ესწავლებინათ (კან. 6:6—9; 7:13). ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასაჯა იეჰოვამ ისრაელები, ის იყო, რომ ზოგიერთი საშინლად ეპყრობოდა თავის შვილებს (იერ. 7:31, 33). მშობლებს თავიანთი შვილები უნდა მიეჩნიათ არა საკუთრებად, რომელსაც ისე მოეპყრობოდნენ, როგორც მოესურვებოდათ, არამედ მემკვიდრეობად, ანუ ღვთისგან ბოძებულ ძვირფას საჩუქრად (ფსალმ. 127:3).

8 რას ვსწავლობთ: იეჰოვა ხედავს, როგორ ეპყრობა ცოლ-ქმარი ერთმანეთს. მას სურს, რომ მშობლებს უყვარდეთ თავიანთი შვილები და პასუხს მოსთხოვს, თუ ცუდად მოეპყრობიან მათ.

9—11. რატომ მისცა იეჰოვამ ისრაელებს კანონი, არ ესურვათ სხვისი რამ?

9 არ ისურვოთ სხვისი რამ. მეათე მცნება კრძალავდა სხვისი რამის სურვილს, ანუ სხვისი რამის მისაკუთრების სურვილს (კან. 5:21; რომ. 7:7). ამ კანონით იეჰოვას თავისი ხალხისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლება სურდა — მათ უნდა დაეცვათ თავიანთი გული, ფიქრები და გრძნობები. მან იცის, რომ ბოროტ საქმეებს წინ ბოროტი ფიქრები და გულისთქმა უძღვის (იგავ. 4:23). თუ ისრაელები არასწორ სურვილებს გულში ფესვის გადგმის საშუალებას მისცემდნენ, სავარაუდოდ, ისინი სხვებს სიყვარულით აღარ მოექცეოდნენ. მაგალითად, მეფე დავითი გაება ამ მახეში. ის კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ერთხელ მან სხვა მამაკაცის ცოლი მოისურვა. ამ სურვილმა ის ცოდვამდე მიიყვანა (იაკ. 1:14, 15). მან იმრუშა, შემდეგ შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა ქალის ქმარი, ბოლოს კი მოაკვლევინა ის (2 სამ. 11:2—4; 12:7—11).

10 იეჰოვამ იცოდა, როდის არღვევდნენ ისრაელები სხვისი რამის სურვილის შესახებ კანონს, რადგან მას გულების წაკითხვა შეუძლია (1 მატ. 28:9). ეს კანონი ასწავლიდა მის ხალხს, რომ მოეშორებინათ ისეთი ფიქრები, რომლებიც მათ არასწორ საქციელამდე მიიყვანდა. რამდენად გონიერი და მოსიყვარულე მამაა იეჰოვა!

11 რას ვსწავლობთ: იეჰოვა იმაზე მეტს ხედავს ადამიანში, ვიდრე გარეგნულად ჩანს. ის ხედავს, სინამდვილეში როგორები ვართ ანუ როგორი გული გვაქვს (1 სამ. 16:7). მის თვალს არ ეპარება არც ერთი ფიქრი, გრძნობა თუ საქმე. ღმერთი ამჩნევს ჩვენში კარგს და მოგვიწოდებს, განვავითაროთ ის. მაგრამ მას სურს, მანამდე ამოვიცნოთ და ვაკონტროლოთ არასწორი ფიქრები, სანამ ისინი ცუდ საქმეებამდე მიგვიყვანს (2 მატ. 16:9; მათ. 5:27—30).

მოსეს კანონი ხელს უწყობდა სამართლიანობას

12. კიდევ რას ვიგებთ მოსეს კანონიდან?

12 მოსეს კანონიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვა სამართლიანობის მოყვარული ღმერთია (ფსალმ. 37:28; ეს. 61:8). ის სამართლიანად მოპყრობის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა ისრაელებს, როცა ისინი მის კანონებს ემორჩილებოდნენ. ხოლო როცა უგულებელყოფდნენ მის სამართლიან ნორმებს, ისინი გასაჭირში ცვიოდნენ. განვიხილოთ კიდევ ორი მცნება.

13, 14. რას მოითხოვდა ათი მცნებიდან პირველი ორი და რა სიკეთე მოჰქონდა ისრაელებისთვის მათ დაცვას?

13 თაყვანი ეცით მხოლოდ იეჰოვას. ათი მცნებიდან პირველი ორი მცნება მოითხოვდა ისრაელებისგან, რომ მხოლოდ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი და კერპთაყვანისმცემლობის შესახებ აფრთხილებდა (გამ. 20:3—6). ეს მცნებები იეჰოვას სასიკეთოდ კი არ იყო მიცემული, არამედ ხალხის სასიკეთოდ. ისინი წარმატებულები იყვნენ, როცა იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებდნენ, ხოლო გასაჭირში ცვიოდნენ, როცა სხვა ხალხების ღმერთებს სცემდნენ თაყვანს.

14 დაფიქრდით ქანაანელებზე. ჭეშმარიტი და ცოცხალი ღვთის ნაცვლად, ისინი უსიცოცხლო კერპებს სცემდნენ თაყვანს და უღირსად იქცეოდნენ (ფსალმ. 115:4—8). კერპთაყვანისმცემლობის დროს ისინი საშინელ გარყვნილებას სჩადიოდნენ და მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ. მსგავსად, როცა ისრაელებიც უგულებელყოფდნენ იეჰოვას და კერპების თაყვანისცემას ირჩევდნენ, ადამიანურ სახეს კარგავდნენ და ტკივილს აყენებდნენ თავიანთ ოჯახებს (2 მატ. 28:1—4). ძალაუფლების მქონენი აღარ იცავდნენ იეჰოვას სამართლიან ნორმებს. ისინი ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას და ჩაგრავდნენ სუსტებსა და დაუცველებს (ეზეკ. 34:1—4). იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, რომ განაჩენს აღასრულებდა მათზე, ვინც ჩაგრავდა უმწეო ქალებსა და ბავშვებს (კან. 10:17, 18; 27:19). ამის საპირისპიროდ, იეჰოვა აკურთხებდა თავის ხალხს, როცა ისინი მისადმი ერთგულებას ინარჩუნებდნენ და ერთმანეთს სამართლიანად ეპყრობოდნენ (1 მეფ. 10:4—9).

იეჰოვას ვუყვარვართ და ხედავს, როცა უსამართლობის გამო ვიტანჯებით (იხილეთ აბზაცი 15)

15. რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ?

15 რას ვსწავლობთ: იეჰოვა არ არის დამნაშავე, როცა ისინი, ვისაც მის მსახურებად მოაქვთ თავი, არ იცავენ მის ნორმებს და ზიანს აყენებენ მის ხალხს. მაგრამ მას ვუყვარვართ და იცის, რომ უსამართლობა გულს გვტკენს. იეჰოვა იმაზე მეტად განიცდის ჩვენს ტკივილს, ვიდრე დედა თავისი შვილის სატკივარს (ეს. 49:15). მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე არ ერევა საქმეში, ის თავის დროზე პასუხს აგებინებს მოუნანიებელ შემცოდველს.

როგორ ხელმძღვანელობდნენ კანონით?

16—18. ცხოვრების რომელ მხარეებს ეხებოდა მოსეს კანონი და რას ვსწავლობთ აქედან?

16 მოსეს კანონი ისრაელთა ცხოვრების ბევრ მხარეს ეხებოდა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, უხუცესებს იეჰოვას ხალხი სამართლიანად განესაჯათ. ისინი არა მხოლოდ სულიერ საკითხებს აგვარებდნენ, არამედ კონფლიქტებსა და სხვა დანაშაულებრივ საქმეებსაც. განვიხილოთ ამის მაგალითები.

17 თუ ისრაელი ვინმეს მოკლავდა, მას ავტომატურად არ სჯიდნენ სიკვდილით. ვიდრე გადაწყვეტდნენ, იმსახურებდა თუ არა სიკვდილით დასჯას, მისი ქალაქის უხუცესები იძიებდნენ, რა ვითარებაში მოხდა დანაშაული (კან. 19:2—7, 11—13). უხუცესები აგვარებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ უამრავ პრობლემას — საკუთრების შესახებ დავით დაწყებული ოჯახური კონფლიქტებით დამთავრებული (გამ. 21:35; კან. 22:13—19). როცა უხუცესები სამართლიანად განსჯიდნენ, ისრაელები კი ემორჩილებოდნენ კანონს, ყველა კმაყოფილი იყო და ერი პატივს მიაგებდა იეჰოვას (ლევ. 20:7, 8; ეს. 48:17, 18).

18 რას ვსწავლობთ: იეჰოვას ჩვენი ცხოვრების ყველა მხარე აინტერესებს. მას სურს, რომ სხვებს სამართლიანად და სიყვარულით მოვექცეთ. ის ხედავს, რას ვაკეთებთ და რას ვამბობთ, მაშინაც კი, როცა მარტონი ვართ (ებრ. 4:13).

19—21. ა) როგორ უნდა მოქცეოდნენ უხუცესები და მსაჯულები ღვთის ხალხს? ბ) რა კანონები დააწესა იეჰოვამ და რას ვსწავლობთ აქედან?

19 იეჰოვას სურდა, რომ თავისი ხალხი მეზობელი ერების გამხრწნელი ზეგავლენისგან დაეცვა. ამიტომ უხუცესებისა და მსაჯულებისგან მოითხოვდა, რომ მიუკერძოებლად განესაჯათ, თუმცა ამ დროს ხალხს უხეშად ან მკაცრად არ უნდა მოპყრობოდნენ. ნაცვლად ამისა, მათ უნდა ყვარებოდათ სამართლიანობა (კან. 1:13—17; 16:18—20).

20 იეჰოვას ებრალება თავისი ხალხი, ამიტომ კანონები დაადგინა, რომ არავინ მოქცეულიყო უსამართლოდ. მაგალითად, კანონს მინიმუმამდე დაჰყავდა იმის შესაძლებლობა, რომ ვინმესთვის ცრუ ბრალდება წაეყენებინათ. ბრალდებულს უფლება ჰქონდა, გაეგო, ვინ ადანაშაულებდა მას (კან. 19:16—19; 25:1). დამნაშავედ რომ ეცნოთ, სულ მცირე ორ მოწმეს უნდა მიეცა ჩვენება (კან. 17:6; 19:15). რის თქმა შეიძლება იმ ისრაელზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდა? მას არ უნდა ეფიქრა, რომ დაუსჯელი დარჩებოდა, რადგან ის, რაც მან გააკეთა, იეჰოვამ დაინახა. ოჯახში მამებს ძალაუფლება ჰქონდათ მიცემული, თუმცა მათი ძალაუფლება შეუზღუდავი არ იყო. ზოგიერთი ოჯახური კონფლიქტის დროს ქალაქის უხუცესებს ევალებოდათ, ჩარეულიყვნენ და საბოლოო გადაწყვეტილება მათ მიეღოთ (კან. 21:18—21).

21 რას ვსწავლობთ: იეჰოვა საუკეთესო მაგალითს გვაძლევს; ის არ იქცევა უსამართლოდ (ფსალმ. 89:14). ღმერთი აჯილდოებს მათ, ვინც მისი ნორმებით ცხოვრობს და სჯის მათ, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას (2 სამ. 22:21—23; ეზეკ. 9:9, 10). ზოგი შეიძლება ბოროტ საქმეებს ჩადის და ისე ჩანს, თითქოს არ ისჯება, მაგრამ იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს სამართალი აღსრულდება (იგავ. 28:13). თუ ისინი არ მოინანიებენ, მალე გაიგებენ, რა „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“ (ებრ. 10:30, 31).

განსაკუთრებით ვის იცავდა კანონი?

უთანხმოებების მოგვარების დროს უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ იეჰოვას სიყვარულისა და სამართლიანობის გამოვლენაში (იხილეთ აბზაცი 22) *

22—24. ა) განსაკუთრებით ვის იცავდა კანონი და რას ვსწავლობთ აქედან იეჰოვას შესახებ? ბ) რა გაფრთხილებას ვკითხულობთ გამოსვლის 22:22—24-ში?

22 კანონი განსაკუთრებით იცავდა მათ, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლო, მაგალითად ობლებს, ქვრივებსა და ხიზნებს. იეჰოვამ უთხრა ისრაელ მსაჯულებს: „არ გაუმრუდო სამართალი არც ხიზანსა და არც უმამო ბავშვს და არ გამოართვა ქვრივს გირაოდ ტანსაცმელი“ (კან. 24:17). იეჰოვა განსაკუთრებით ინტერესდებოდა მათით, ვინც შეიძლებოდა ადვილად დაეჩაგრათ. ის პასუხს სთხოვდა მჩაგვრელებს (წაიკითხეთ გამოსვლის 22:22—24).

23 კანონი ოჯახის წევრებს სისხლის აღრევისგან იცავდა (ლევ. 18:6—30). მეზობელი ერებისგან განსხვავებით, რომლებიც იწყნარებდნენ და მისაღებადაც კი მიიჩნევდნენ სისხლის აღრევას, ისრაელები იზიარებდნენ იეჰოვას თვალსაზრისს და საზიზღრობად თვლიდნენ ამას.

24 რას ვსწავლობთ: პასუხისმგებელი პირებისგან იეჰოვა ითხოვს, რომ გულითადი ინტერესი გამოავლინონ მათდამი, ვისაც ზედამხედველობას უწევენ. მას სძულს ნებისმიერი ხასიათის სექსუალური დანაშაული — იქნება ეს გაუპატიურება, სისხლის აღრევა თუ პედოფილია, და გვარწმუნებს, რომ ყველას, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს, დაიცავს და სამართალს გაუჩენს.

„კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია“

25, 26. ა) რა გაგებით ჰგავს სიყვარული და სამართლიანობა სუნთქვასა და სიცოცხლეს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

25 სიყვარული და სამართლიანობა შეიძლება სუნთქვასა და სიცოცხლეს შევადაროთ. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. როცა დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა სამართლიანად გვექცევა, მისდამი ჩვენი სიყვარული უფრო იზრდება. ღვთისა და მისი სამართლიანი ნორმების სიყვარული კი აღგვძრავს, გვიყვარდეს სხვები და მათ სამართლიანად მოვექცეთ.

26 კანონის შეთანხმება ისრაელებს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. თუმცა ღვთის ხალხს კანონის შესრულება აღარ მოეთხოვება მას შემდეგ, რაც ქრისტემ შეასრულა ის და უკეთესით შეცვალა (რომ. 10:4). მოციქული პავლე კანონს უწოდებს „მომავალ კურთხევათა ჩრდილს“ (ებრ. 10:1). ამ სტატიათა სერიის მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა შედის ამ კურთხევებში და რა როლს ასრულებს ქრისტიანულ კრებაში სიყვარული და სამართლიანობა.

სიმღერა 109 გულითადად გიყვარდეთ

^ აბზ. 5 ეს სტატია პირველია იმ სტატიათა სერიიდან, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება. ამ სტატიათა სერიაში განხილული იქნება, რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე. დანარჩენი სტატიები დაიბეჭდება 2019 წლის მაისის „საგუშაგო კოშკში“. აქედან პირველ სტატიაში განხილული იქნება, როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულსა და სამართლიანობას კრებაში, მეორეში ვისაუბრებთ, როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულსა და სამართლიანობას, როცა ბოროტება ხდება, მესამეში კი განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა.

^ აბზ. 2 განმარტება: 600-ზე მეტი კანონი, რომლებიც იეჰოვამ ისრაელს მოსეს მეშვეობით გადასცა, ცნობილია როგორც „კანონი“, „მოსეს კანონი“ და „მცნებები“. გარდა ამისა, ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს („დაბადებიდან“ „მეორე კანონის“ ჩათვლით) ხშირად მოიხსენიებენ კანონად. ხანდახან ამ სიტყვას უწოდებენ მთელ ღვთივშთაგონებულ ებრაულ წერილებს.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა: ებრაელი ქალი საჭმლის მომზადების დროს თბილად ესაუბრება თავის გოგონებს. უკანა პლანზე ჩანს, როგორ ასწავლის მამა თავის ბიჭს ცხვარზე ზრუნვას.

^ აბზ. 64 სურათის აღწერა: კარიბჭესთან მსხდომი უხუცესები სიყვარულით ეხმარებიან ქვრივსა და მის ვაჟს, რომელთაც ვაჭარი ცუდად მოექცა.