არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 12

გულთან ახლოს მიიტანეთ სხვისი საწუხარი

გულთან ახლოს მიიტანეთ სხვისი საწუხარი

„იყავით გულისხმიერნი . . . თანამგრძნობნი“ (1 პეტ. 3:8).

სიმღერა 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

მოკლე შინაარსი *

1. პირველი პეტრეს 3:8-ის თანახმად, რატომ გვსიამოვნებს იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი გრძნობები და კეთილდღეობა?

ყველას გვსიამოვნებს იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი გრძნობები და კეთილდღეობა. ასეთი ადამიანები ცდილობენ, ჩვენს ადგილას დააყენონ საკუთარი თავი, რათა გაგვიგონ და თანაგვიგრძნონ. მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ ჩვენი საჭიროებები და ხანდახან იმაზე ადრე გვიწვდიან დახმარების ხელს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ. ძალიან ვაფასებთ და ვემადლიერებით იმ ადამიანებს, რომლებიც გულისხმიერები * და თანამგრძნობები არიან ჩვენ მიმართ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8).

2. რატომ შეიძლება დაგვჭირდეს თანაგრძნობის სწავლა?

2 როგორც ქრისტიანებს, გვსურს, თანამგრძნობები ვიყოთ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყოველთვის არ გამოგვდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი არასრულყოფილებაა (რომ. 3:23). ამიტომ წინ უნდა აღვუდგეთ თანდაყოლილ ეგოისტურ მიდრეკილებებს და მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ. ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება აღზრდის ან წარსული გამოცდილების გამო გვიჭირს სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა. ჩვენზე შეიძლება გარშემო მცხოვრები ხალხის დამოკიდებულებაც ახდენს გავლენას. ამ ბოლო დღეებში ბევრს საერთოდ არ ანაღვლებს სხვების გრძნობები, რადგან „საკუთარი თავის მოყვარულები“ არიან (2 ტიმ. 3:1, 2). რა დაგვეხმარება, რომ ზემოხსენებული ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად თანამგრძნობები ვიყოთ სხვების მიმართ?

3. ა) როგორ შეგვიძლია უფრო თანამგრძნობები ვიყოთ სხვების მიმართ? ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 უფრო მეტად შევძლებთ თანაგრძნობის გამოვლენას, თუ მივბაძავთ იეჰოვა ღმერთს და მის ძეს, იესო ქრისტეს. იეჰოვა სიყვარულის ღმერთია, ამიტომ ის თანაგრძნობისა და გულისხმიერების საუკეთესო მაგალითს გვაძლევს (1 იოან. 4:8). იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის პიროვნებას (იოან. 14:9). დედამიწაზე ყოფნის დროს მან საკუთარი მაგალითით გვაჩვენა, თუ როგორ შეგვიძლია თანაგრძნობის გამოვლენა. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ ავლენდნენ იეჰოვა და იესო სხვების მიმართ თანაგრძნობას და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ.

იეჰოვას მაგალითი

4. როგორ ჩანს ესაიას 63:7—9-დან, რომ იეჰოვას აღელვებს თავისი მსახურების გრძნობები?

4 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას აღელვებს თავისი მსახურების გრძნობები. გაიხსენეთ, რას გრძნობდა ის, როცა ისრაელმა ერმა არაერთი განსაცდელი გამოიარა. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (წაიკითხეთ ესაიას 63:7—9). მოგვიანებით ზაქარია წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ თქვა, რომ ის პირად შეურაცხყოფად თვლიდა, როცა მის ხალხს ცუდად ეპყრობოდნენ. მან თავის მსახურებს უთხრა: „თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (ზაქ. 2:8). მართლაც რა ძლიერი შედარება გამოიყენა იეჰოვამ თავისი გრძნობების აღსაწერად!

თანაგრძნობით აღძრულმა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტის მონობიდან დაიხსნა (იხილეთ აბზაცი 5)

5. რა გააკეთა იეჰოვამ თავისი მსახურების დასახმარებლად? მოიყვანეთ მაგალითი.

5 რთულ მდგომარეობაში მყოფი მსახურების მიმართ იეჰოვა მხოლოდ თანაგრძნობით როდი შემოიფარგლება. ის მოქმედებს კიდეც მათ დასახმარებლად. მაგალითად, იეჰოვას კარგად ესმოდა ეგვიპტის მონობაში მყოფი ისრაელების ტკივილი, ამიტომ მათი გათავისუფლება გადაწყვიტა. მან უთხრა მოსეს: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი . . . კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან. ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან“ (გამ. 3:7, 8). სწორედ თანაგრძნობამ აღძრა იეჰოვა, რომ მონობიდან გაეთავისუფლებინა თავისი ხალხი. საუკუნეების შემდეგ აღთქმულ მიწაზე ყოფნის დროს ისრაელებს მტრები ესხმოდნენ თავს. ბიბლიიდან ვიგებთ, რას გრძნობდა ამ დროს ღმერთი: „წუხდა იეჰოვა, რომ კვნესოდნენ ისინი მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში“. თანაგრძნობამ ის ამჯერადაც აღძრა თავისი ხალხის დასახმარებლად და მსაჯულები დაუყენა, რომ მტრების ხელიდან დაეხსნა ისინი (მსაჯ. 2:16, 18).

6. როგორ გაითვალისწინა იეჰოვამ იონას გრძნობები, რომელიც არასწორად აზროვნებდა?

6 იეჰოვა მაშინაც ზრუნავს თავის ხალხზე, როცა ისინი დროდადრო არასწორ აზროვნებას ავლენენ. დავფიქრდეთ იონას შემთხვევაზე. ღმერთმა ეს წინასწარმეტყველი ნინევეში განაჩენის გასაცხადებლად გაგზავნა. მას შემდეგ, რაც ნინეველებმა მოინანიეს, ღმერთმა გადაიფიქრა მათი განადგურება. თუმცა იონას არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება. ის „რისხვით აენთო“, რადგან არ შესრულდა მის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება. იეჰოვამ დიდსულოვნება გამოავლინა იონას მიმართ და თვალსაზრისის შეცვლაში დაეხმარა (იონ. 3:10—4:11). დროთა განმავლობაში წინასწარმეტყველი მიხვდა, რის სწავლება სურდა მისთვის იეჰოვას. ამ ისტორიიდან, რომელიც ღმერთმა თავად იონას დააწერინა, ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ (რომ. 15:4). *

7. რაში გვარწმუნებს თავისი ხალხისადმი იეჰოვას დამოკიდებულება?

7 თავისი ხალხისადმი იეჰოვას დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ ის თანამგრძნობი ღმერთია. მან კარგად იცის ჩვენი გასაჭირი და ტკივილი. იეჰოვა იცნობს „ადამიანის ძეების გულს“ (2 მატ. 6:30). მან კარგად უწყის, რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ გულის სიღრმეში და სად არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი. ის „არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც . . . [ჩვენს] შესაძლებლობას აღემატება“ (1 კორ. 10:13). ეს სიტყვები დიდად გვანუგეშებს!

იესოს მაგალითი

8—10. რა დაეხმარა იესოს, რომ შესულიყო სხვის მდგომარეობაში?

8 დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს გული შესტკიოდა ხალხზე. თანაგრძნობას ის სულ მცირე სამი მიზეზის გამო ავლენდა. პირველი, იესო სრულყოფილად ირეკლავდა ზეციერი მამის თვისებებს. მამის მსგავსად მასაც უყვარდა ადამიანები. მართალია, იესოს ძალიან ახარებდა იეჰოვასთან ერთად სამყაროს შექმნა, მაგრამ განსაკუთრებით „ადამიანის მოდგმა“ უყვარდა (იგავ. 8:31). სწორედ სიყვარული აღძრავდა მას, რომ სხვების საწუხარი გულთან მიეტანა.

9 მეორე, იეჰოვას მსგავსად იესოს გულების წაკითხვის უნარი ჰქონდა. მას შეეძლო გაეგო, რას გრძნობდნენ ადამიანები და რა მოტივები ამოძრავებდათ (მათ. 9:4; იოან. 13:10, 11). ამიტომ, როცა იესო გულდამძიმებულ ადამიანებს ხედავდა, თანაგრძნობა მათი ნუგეშისცემისკენ აღძრავდა (ეს. 61:1, 2; ლუკ. 4:17—21).

10 მესამე, იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა ზოგიერთი პრობლემა, რაც ხალხს აწუხებდა. როგორც ჩანს, იესო ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ის თავის მამობილთან, იოსებთან ერთად მუშაობდა და მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა (მათ. 13:55; მარ. 6:3). სავარაუდოდ, იოსები მანამდე გარდაიცვალა, სანამ იესო მსახურებას შეუდგებოდა, ამიტომ იესოსთვის ნაცნობი იქნებოდა, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. გარდა ამისა, მან კარგად იცოდა, რა რთულია რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრება (იოან. 7:5). როგორც ზემოთ მოხსენიებული, ისე სხვა ფაქტორები დაეხმარებოდა იესოს, გულთან ახლოს მიეტანა ხალხის გრძნობები და გასაჭირი.

თანაგრძნობით განმსჭვალული იესო ხალხისგან მოშორებით კურნავს ყრუ მამაკაცს (იხილეთ აბზაცი 11)

11. განსაკუთრებით როდის ვლინდებოდა იესოს თანაგრძნობა? ახსენით (იხილეთ სურათი გარეკანზე).

11 იესოს თანაგრძნობა განსაკუთრებით მის სასწაულებში ვლინდებოდა. ის სასწაულებს მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ ახდენდა, არამედ გული ეწვოდა გატანჯული ადამიანების დანახვაზე (მათ. 20:29—34; მარ. 1:40—42). წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა იესო, როცა ყრუ მამაკაცი ხალხისგან მოშორებით გაიყვანა და სმენა დაუბრუნა ან როცა ქვრივს ერთადერთი ვაჟი გაუცოცხლა (მარ. 7:32—35; ლუკ. 7:12—15). აშკარაა, იესო შევიდა მათ მდგომარეობაში და დახმარების სურვილი გაუჩნდა.

12. როგორ ცხადყოფს იოანეს 11:32—35, რომ იესომ თანაუგრძნო მართასა და მარიამს?

12 იესომ მართასა და მარიამის მიმართაც გამოავლინა თანაგრძნობა. ძმის სიკვდილით გულმოკლული დების შემხედვარე „იესო აცრემლდა“ (წაიკითხეთ იოანეს 11:32—35). ის ახლო მეგობრის სიკვდილს არ აუტირებია, რადგან ლაზარეს აღდგენას აპირებდა. იესო იმიტომ აცრემლდა, რომ გულთან ახლოს მიიტანა მეგობრების ტკივილი.

13. რატომ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იესო თანამგრძნობია?

13 იმის ცოდნა, რომ იესო თანაუგრძნობდა ადამიანებს, ძალიან გვამხნევებს და მისადმი სიყვარულს გვიძლიერებს (1 პეტ. 1:8). გვახარებს, რომ დღეს იესო ღვთის სამეფოს მეფეა და მალე წერტილს დაუსვამს ყოველგვარ ტანჯვას. ის მართლაც საუკეთესოდ მოუშუშებს ადამიანებს სატანის მმართველობისგან მიყენებულ ჭრილობებს, რადგან თვითონაც იყო ერთ დროს ადამიანი. დიდი კურთხევაა, რომ გვყავს მმართველი, რომელიც თანაგვიგრძნობს „ჩვენს სისუსტეებში“ (ებრ. 2:17, 18; 4:15, 16).

მიჰბაძეთ იეჰოვას და იესოს

14. ეფესოელების 5:1, 2-ის თანახმად, რა გვიბიძგებს თანაგრძნობისკენ?

14 იეჰოვას და იესოს მაგალითზე დაფიქრება აღგვძრავს, უფრო თანამგრძნობები ვიყოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1, 2). მართალია, ვერ ვხვდებით, რა აქვთ ადამიანებს გულში, მაგრამ შეგვიძლია მივხვდეთ, რას გრძნობენ და რას საჭიროებენ ისინი (2 კორ. 11:29). ეგოისტური სულით გაჟღენთილი ქვეყნიერებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი . . . [არ ვიზრუნოთ], არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:4).

(იხილეთ აბზაცები 15—19) *

15. განსაკუთრებით ვის მართებს თანაგრძნობის გამოვლენა?

15 თანაგრძნობის გამოვლენა განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ. მათ ესმით, რომ ანგარიშვალდებულნი არიან სამწყსოზე, რომელზე ზრუნვაც იეჰოვამ მიანდო (ებრ. 13:17). თანამორწმუნეების დასახმარებლად უხუცესებს გულისხმიერება სჭირდებათ. როგორ შეუძლიათ მათ ამ თვისების გამოვლენა?

16. რას აკეთებს თანამგრძნობი უხუცესი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

16 გულისხმიერი და სხვების კეთილდღეობით დაინტერესებული უხუცესი დროს გამოუყოფს თანაქრისტიანებს. ის კითხვებს უსვამს, შემდეგ კი ყურადღებითა და მოთმინებით უსმენს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც კრების წევრი თავისი გრძნობების და განცდების გაზიარებას ცდილობს, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობს (იგავ. 20:5). როცა უხუცესები დროს უთმობენ კრების წევრებს, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება და ნდობა და სიყვარული მტკიცდება (საქ. 20:37).

17. ყველაზე მეტად რას აფასებენ კრების წევრები უხუცესებში? მოიყვანეთ მაგალითი.

17 ბევრმა და-ძმამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად უხუცესებში თანაგრძნობასა და გულისხმიერებას აფასებენ. რა არის ამის მიზეზი? „როცა იცი, რომ გაგიგებენ, უფრო გიადვილდება მათთან საუბარი“, — ამბობს ადელაიდა. ის დასძენს: „მათი რეაქციიდან შეგიძლია დაინახო, რომ გულთან ახლოს მიაქვთ შენი ნათქვამი“. ერთი ძმა მადლიერებით იხსენებს: „ერთხელ, როცა ჩემს პრობლემებს ვუზიარებდი, შევნიშნე, რომ უხუცესს თვალზე ცრემლი მოადგა. ეს მომენტი მთელი სიცოცხლე მემახსოვრება“ (რომ. 12:15).

18. როგორ შეგვიძლია გავხდეთ თანამგრძნობები?

18 ცხადია, მხოლოდ უხუცესებს არ მართებთ თანაგრძნობის გამოვლენა. ეს თვისება ყველამ უნდა განვივითაროთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? შეეცადეთ გაიგოთ, რასთან უწევთ ბრძოლა ოჯახისა თუ კრების წევრებს და შეხვიდეთ მათ მდგომარეობაში. ყურადღება გამოავლინეთ მოზარდების, ხანდაზმულების, მგლოვიარეებისა და მათ მიმართ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჰკითხეთ, როგორ გრძნობენ თავს და ყურადღებით მოუსმინეთ. აგრძნობინეთ, რომ კარგად გესმით მათი მდგომარეობა. დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ მათთვის და შესთავაზეთ დახმარება. როცა ასე ვიქცევით, გულწრფელ სიყვარულს საქმეებით ვამტკიცებთ (1 იოან. 3:18).

19. რატომ უნდა გამოვიჩინოთ გონიერება, როცა სხვების დახმარებას ვცდილობთ?

19 როცა სხვების დახმარებას ვცდილობთ, გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან პრობლემების დროს ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგს ვინმესთვის გულის გადაშლა სჭირდება, ზოგი კი საკუთარ თავში იკეტება. ამიტომ, როცა დახმარებას ვთავაზობთ, უნდა მოვერიდოთ პირადული კითხვების დასმას (1 თეს. 4:11). როდესაც სხვები გულახდილად გვესაუბრებიან, შეიძლება ისეთი რამ გვითხრან, რაშიც არ ვეთანხმებით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი იმას გვეუბნებიან, რასაც გრძნობენ. ამიტომ სწრაფები უნდა ვიყოთ მოსმენაში და ნელი სიტყვაში (მათ. 7:1; იაკ. 1:19).

20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 თანამგრძნობები არა მხოლოდ კრების წევრების, არამედ მათ მიმართაც უნდა ვიყოთ, ვისაც ვუქადაგებთ. როგორ შეგვიძლია ამ თვისების გამოვლენა მოწაფეების მომზადების დროს? ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

სიმღერა 130 იყავი მიმტევებელი

^ აბზ. 5 იეჰოვასა და იესოსთვის სულერთი არ არის ჩვენი გრძნობები. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რის სწავლა შეგვიძლია მათგან, რატომ უნდა გამოვავლინოთ თანაგრძნობა და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

^ აბზ. 1 განმარტება: გულისხმიერების გამოვლენა ნიშნავს, შევეცადოთ, გავიგოთ, რას გრძნობენ სხვები და ჩვენც იგივე ვიგრძნოთ (რომ. 12:15). ამ სტატიაში სიტყვები „გულისხმიერება“ და „თანაგრძნობა“ სინონიმებად იქნება გამოყენებული.

^ აბზ. 6 იეჰოვა სხვა ერთგული მსახურების მიმართაც ავლენდა თანაგრძნობას, რომლებიც გულგატეხილობასა და შიშს ებრძოდნენ. დაფიქრდით ხანაზე (1 სამ. 1:10—20), ელიაზე (1 მეფ. 19:1—18) და ებედ-მელექზე (იერ. 38:7—13; 39:15—18).

^ აბზ. 65 სურათის აღწერა: კრების შეხვედრებზე ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობების გამოხატვის ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა. 1) უხუცესი თბილად ესაუბრება დედა-შვილს; 2) მამა-შვილი ხანდაზმულ დას მანქანამდე მისვლაში ეხმარება; 3) უხუცესები ყურადღებით უსმენენ დას, რომელსაც დახმარება სჭირდება.