არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ მოგზაურობდნენ გემით ძველ დროში?

პავლეს დროს, როგორც წესი, სამგზავრო გემები არ არსებობდა. გემით მგზავრობის მსურველს უნდა გაეკითხა, მიდიოდა თუ არა რომელიმე სავაჭრო ხომალდი მისთვის სასურველი მიმართულებით და აიყვანდა თუ არა მგზავრებს (საქ. 21:2, 3). იმ შემთხვევაში, თუ გემი მგზავრისთვის სასურველ პორტში არ შევიდოდა, მგზავრს შეეძლო დანიშნულების ადგილამდე გაჰყოლოდა მას და იქ მოეძებნა სხვა გემი, რომელიც სასურველი მიმართულებით წაიყვანდა (საქ. 27:1—6).

ზღვაში გასასვლელად მეზღვაურები კონკრეტულ სეზონს ირჩევდნენ, თუმცა მკაცრად განსაზღვრული გეგმა არ ჰქონდათ. მეზღვაურებს შეეძლოთ მოგზაურობა არა მხოლოდ ქარის გამო, არამედ ცრურწმენის გამოც გადაედოთ. მაგალითად, მათ შეიძლება გემსართავიდან ყორნების ჩხავილის გაგონებაზე ან სანაპიროზე გემის ნამსხვრევების დანახვაზე გადაეფიქრებინათ ზღვაში გასვლა. ისინი გემს პორტიდან მანამ არ გაიყვანდნენ, სანამ ქარი სასურველი მიმართულებით არ დაუბერავდა. მას შემდეგ, რაც მოგზაური იპოვიდა გემს, რომელიც მზად იყო მგზავრების ასაყვანად, ბარგიანად პორტთან ახლოს მიდიოდა და ელოდებოდა, როდის გამოაცხადებდნენ გემის გასვლას.

ისტორიკოსი ლაიონელ კასონი აღნიშნავს, რომ ქალაქ რომში მგზავრებს მოსახერხებელ სერვისს სთავაზობდნენ, რის გამოც თავად აღარ უწევდათ გემის ძებნა. პორტი მდინარე ტიბრის სანაპიროზე მდებარეობდა. ქალაქ ოსტიას დიდი მოედანი სააგენტოებით იყო გარშემორტყმული, რომელთა უმეტესობაც სხვადასხვა პორტის ექსპორტიორებს ეკუთვნოდა. ერთი სააგენტო ნარბონელი (დღევანდელი საფრანგეთი) ექსპორტიორებისა იყო, მეორე — კართაგენელი (დღევანდელი ტუნისი) ექსპორტიორების და ა. შ. მას, ვინც გემით მგზავრობას მოისურვებდა, სააგენტოში უბრალოდ გემის მარშრუტი უნდა გადაემოწმებინა.

მართალია, გემით მგზავრობა დროს ზოგავდა, მაგრამ მას არაერთი რისკიც ახლდა თან. მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე მოციქული რამდენჯერმე გადაურჩა გემის მსხვრევას (2 კორ. 11:25).