არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 18

სიყვარული და სამართლიანობა ქრისტიანულ კრებაში

სიყვარული და სამართლიანობა ქრისტიანულ კრებაში

„ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით შეასრულეთ ქრისტეს კანონი“ (გალ. 6:2).

სიმღერა 12 დიდებული ღმერთი, იეჰოვა

მოკლე შინაარსი *

1. რა ორ რამეში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

იეჰოვა ღმერთს უყვარს თავისი თაყვანისმცემლები. მას ყოველთვის უყვარდა ისინი და მომავალშიც მუდამ ეყვარება. იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულიცაა (ფსალმ. 33:5). ამიტომ შეგვიძლია ორ რამეში ვიყოთ დარწმუნებული: 1) იეჰოვას გულს სტკენს, როცა მის მსახურებს უსამართლოდ ექცევიან; 2) ის არ დაუშვებს, რომ უსამართლობამ დიდხანს გასტანოს. ამ სტატიათა სერიის პირველი სტატიიდან * გავიგეთ, რომ ისრაელისთვის მიცემული კანონი სიყვარულზე იყო დაფუძნებული. კანონი სამართლიანობის გარანტი იყო ყველასთვის, განსაკუთრებით დაუცველთათვის (კან. 10:18). ამ კანონიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა ზრუნავდა თავის თაყვანისმცემლებზე.

2. რომელ კითხვებს ვუპასუხებთ?

2 მოსეს კანონი მას შემდეგ გაუქმდა, რაც ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა. დარჩებოდნენ ქრისტიანები კანონის გარეშე, რომელიც სიყვარულზე იქნებოდა დაფუძნებული და სამართლიანობას შეუწყობდა ხელს? ცხადია, არა! ქრისტიანებს ახალი კანონი მიეცათ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რას გულისხმობს ახალი კანონი. აგრეთვე ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს: რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს კანონი სიყვარულზეა დაფუძნებული და ხელს უწყობს სამართლიანობას? ამ კანონის თანახმად, როგორ უნდა მოეპყრონ ძალაუფლების მქონენი სხვებს?

რას გულისხმობს „ქრისტეს კანონი“?

3. გალატელების 6:2-ის თანახმად, რას მოიცავს ქრისტეს კანონი?

3 წაიკითხეთ გალატელების 6:2. ქრისტიანები ემორჩილებიან ქრისტეს კანონს. იესომ თავის მიმდევრებს კანონთა კრებული კი არ ჩამოუწერა, არამედ მითითებები და მცნებები მისცა და პრინციპებით ცხოვრება ასწავლა. „ქრისტეს კანონი“ იესოს ყველა სწავლებას მოიცავს. მომდევნო აბზაცებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამ კანონზე.

4, 5. როგორ და როდის ასწავლიდა იესო?

4 როგორ ასწავლიდა იესო? უპირველესად, სიტყვით. მის სიტყვებს დიდი ძალა ჰქონდა, რადგან ასწავლიდა ჭეშმარიტებას იეჰოვას, სიცოცხლის აზრისა და ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც ადამიანთა ყველა პრობლემას გადაჭრიდა (ლუკ. 24:19). იესო საკუთარი მაგალითითაც ასწავლიდა. თავისი ცხოვრებით მან აჩვენა, როგორ უნდა ეცხოვრათ მის მიმდევრებს (იოან. 13:15).

5 როდის ასწავლიდა იესო? დედამიწაზე მსახურების დროს (მათ. 4:23). იესო თავის მიმდევრებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც ასწავლიდა. ის სავარაუდოდ 500-ზე მეტ მიმდევარს ეჩვენა და მოწაფეების მომზადება დაავალა (მათ. 28:19, 20; 1 კორ. 15:6). როგორც კრების თავმა, მან ზეცად ამაღლების შემდეგაც განაგრძო მოწაფეების სწავლება. დაახლოებით ახ. წ. 96 წელს, ქრისტემ იოანე მოციქულის მეშვეობით გაამხნევა და რჩევები მისცა ცხებულ ქრისტიანებს (კოლ. 1:18; გამოცხ. 1:1).

6, 7. ა) სად არის ჩაწერილი იესოს სწავლებები? ბ) როგორ ვემორჩილებით ქრისტეს კანონს?

6 სად არის ჩაწერილი იესოს სწავლებები? დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს სწავლებებისა და საქმეების შესახებ ძირითადად ოთხი სახარება მოგვითხრობს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა წიგნებიც გვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ ქრისტეს აზროვნებას, რადგან ისინი ღვთივშთაგონებით დაწერეს მამაკაცებმა, რომელთაც „ქრისტეს გონება“ ჰქონდათ (1 კორ. 2:16).

7 რას ვსწავლობთ: იესოს სწავლებები ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავს. მაგალითად, ქრისტეს კანონი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვიქცევით სახლში, სამსახურში, სკოლასა თუ კრებაში. ამ კანონს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვისა და მასზე ფიქრის დროს ვსწავლობთ. ჩვენ ვემორჩილებით მას, როცა ვითვალისწინებთ ბიბლიის ამ წიგნებში ჩაწერილ მითითებებს, მცნებებსა და პრინციპებს. ქრისტეს კანონის მორჩილებით ჩვენ ვემორჩილებით მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას, რადგან იესოს ყველა სწავლება იეჰოვასგან მომდინარეობს (იოან. 8:28).

სიყვარულზე დაფუძნებული კანონი

8. რაზეა დაფუძნებული ქრისტეს კანონი?

8 მყარ საძირკველზე აგებულ სახლში ადამიანი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს. მსგავსად, მყარ საძირკველზე დაფუძნებული კანონი უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს თავს ყველას, ვინც მის თანახმად ცხოვრობს. ქრისტეს კანონი საუკეთესო საძირკველზე, სიყვარულზეა დაფუძნებული. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?

როცა სიყვარულით ვეპყრობით სხვებს, ვემორჩილებით ქრისტეს კანონს (იხილეთ აბზაცები 9—14) *

9, 10. რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ იესოს საქმეები სიყვარულით იყო ნაკარნახევი და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

9 პირველი, იესოს ყველა საქმე სიყვარულით იყო ნაკარნახევი. მას უყვარდა ადამიანები, ამიტომ სიბრალულსა და თანაგრძნობას ავლენდა მათ მიმართ. ის ასწავლიდა ხალხს, კურნავდა ავადმყოფებს, აპურებდა მშივრებს და აღადგენდა მკვდრებს (მათ. 14:14; 15:32—38; მარ. 6:34; ლუკ. 7:11—15). მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა, იესო მზად იყო, სხვების საჭიროებები საკუთარზე წინ დაეყენებინა. რაც მთავარია, მან უდიდესი სიყვარული გამოავლინა, როცა სხვების საკეთილდღეოდ საკუთარ სიცოცხლეზე თქვა უარი (იოან. 15:13).

10 რას ვსწავლობთ: იესოს ვბაძავთ, როდესაც სხვების საჭიროებებს საკუთარზე წინ ვაყენებთ და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მიმართ უფრო თანამგრძნობები ვხდებით. როცა სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და სწავლებისკენ ასეთი თანაგრძნობა გვიბიძგებს, ქრისტეს კანონს ვემორჩილებით.

11, 12. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში?

11 მეორე, იესო მამის სიყვარულს ამჟღავნებდა. დედამიწაზე მსახურების დროს იესომ ცხადყო, თუ რაოდენ ზრუნავს იეჰოვა თავის მსახურებზე. სხვა ყველაფერთან ერთად იესომ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ თითოეული ძალიან ძვირფასი ვართ ზეციერი მამის თვალში (მათ. 10:31). იეჰოვა სიხარულით იღებს „დაკარგულ ცხვარს“, რომელიც ინანიებს და კრებას უბრუნდება (ლუკ. 15:7, 10). ღმერთმა თავისი სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ საკუთარი ძე გაიღო ჩვენ გამოსასყიდად (იოან. 3:16).

12 რას ვსწავლობთ: როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში? (ეფეს. 5:1, 2). და-ძმები ჩვენს თვალში ძვირფასები არიან და სიხარულით ვიღებთ „დაკარგულ ცხვარს“, რომელიც უბრუნდება იეჰოვას (ფსალმ. 119:176). თანაქრისტიანებს სიყვარულს დავუმტკიცებთ, თუ საკუთარ დროსა და ენერგიას არ დავზოგავთ მათთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი დახმარება სჭირდებათ (1 იოან. 3:17). როდესაც სხვებს სიყვარულით ვეპყრობით, ქრისტეს კანონს ვემორჩილებით.

13, 14. ა) იოანეს 13:34, 35-ის თანახმად, რისკენ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს და რატომ არის ის ახალი მცნება? ბ) როგორ შეგვიძლია დავიცვათ ახალი მცნება?

13 მესამე, იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, რომ თავგანწირული სიყვარული გამოევლინათ (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35). იესოს მცნება იმ გაგებით არის ახალი, რომ განსხვავებული სიყვარულის გამოვლენას მოითხოვს ქრისტიანებისგან. ასეთ სიყვარულს მოსეს კანონი არ ითხოვდა ისრაელებისგან. ჩვენ ისე უნდა გვიყვარდეს და-ძმები, როგორც იესომ შეგვიყვარა. ეს კი თავგანწირულ სიყვარულს ნიშნავს. * ჩვენ საკუთარ თავზე მეტად უნდა გვიყვარდეს თანაქრისტიანები. ეს გრძნობა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ იესოს მსგავსად მათი გულისთვის საკუთარი სიცოცხლის გასაღებადაც კი ვიყოთ მზად.

14 რას ვსწავლობთ: როგორ შეგვიძლია დავიცვათ ახალი მცნება? მარტივად რომ ვთქვათ, მსხვერპლი უნდა გავიღოთ და-ძმებისთვის. ჩვენ მხოლოდ დიდი მსხვერპლის, მაგალითად სიცოცხლის გასაღებად კი არ უნდა ვიყოთ მზად, არამედ მცირედი მსხვერპლისთვისაც. მაგალითად, როცა რეგულარულად მიგვყავს კრებაზე ხანდაზმული და-ძმები, თანაქრისტიანების გულისთვის საკუთარ სიამოვნებაზე ვამბობთ უარს ან სტიქიის შედეგად დაზარალებული თანაქრისტიანების დასახმარებლად შვებულების დღეებს ვიყენებთ, ქრისტეს კანონს ვემორჩილებით. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ, რომ კრებაში თითოეულმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

კანონი, რომელიც სამართლიანობას უწყობს ხელს

15—17. ა) როგორ ვლინდებოდა იესოს საქმეებში სამართლიანობა? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?

15 ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა „სამართლიანობის“ ძირითადი მნიშვნელობაა, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე აკეთო ის, რაც ღვთის თვალში სწორია. რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ ქრისტეს კანონი სამართლიანობას უწყობს ხელს?

იესო პატივისცემით და კეთილად ეპყრობოდა ქალებს, მათაც კი, ვისაც საზოგადოება უღირსად მიიჩნევდა (იხილეთ აბზაცი 16) *

16 პირველი, დაფიქრდით, როგორ ვლინდებოდა იესოს საქმეებში სამართლიანობა. იესოს დროს იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს სძულდათ არაებრაელები, პატივს არ სცემდნენ ქალებს და ზემოდან უყურებდნენ იმ ებრაელებს, რომლებსაც იუდაური რელიგიური განათლება არ ჰქონდათ. თუმცა იესო სამართლიანად და მიუკერძოებლად ექცეოდა ყველას. მან ხელი არ ჰკრა არაებრაელ მამაკაცს, რომელმაც რწმენა გამოავლინა მის მიმართ (მათ. 8:5—10, 13). იესო მიუკერძოებლად უქადაგებდა ყველას — მდიდრებსაც და ღარიბებსაც (მათ. 11:5; ლუკ. 19:2, 9). ის არასდროს შეურაცხყოფდა ქალებს და არც უხეშად ექცეოდა მათ. პირიქით, იესო პატივისცემით და კეთილად ეპყრობოდა მათაც კი, ვისაც საზოგადოება უღირსად მიიჩნევდა (ლუკ. 7:37—39, 44—50).

17 რას ვსწავლობთ: ჩვენ ვბაძავთ იესოს, როცა სოციალური სტატუსისა თუ რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, მიუკერძოებლად ვუქადაგებთ ყველას, ვინც მზად არის მოსასმენად. ქრისტიანი მამაკაცები მიჰყვებიან იესოს მაგალითს და პატივისცემით ეპყრობიან ქალებს. როცა ასე ვიქცევით, ქრისტეს კანონს ვემორჩილებით.

18, 19. რას ასწავლიდა იესო სამართლიანობის შესახებ და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?

18 მეორე, დაფიქრდით, რას ასწავლიდა იესო სამართლიანობაზე. ის პრინციპებს ასწავლიდა, რაც მის მიმდევრებს სამართლიანობის გამოვლენაში დაეხმარებოდა. მაგალითად, დავფიქრდეთ, ოქროს წესზე (მათ. 7:12). ყველას გვსურს, სამართლიანად გვექცეოდნენ, ამიტომ ჩვენც სამართლიანად უნდა მოვექცეთ სხვებს. თუ ასე მოვიქცევით, შეიძლება მათაც გაუჩნდეთ ჩვენ მიმართ სამართლიანობის გამოვლენის სურვილი. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ უსამართლოდ მოგვექცნენ? იესომ თავის მიმდევრებს ისიც ასწავლა, რომ იეჰოვას მინდობოდნენ, რადგან ის „გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ“ (ლუკ. 18:6, 7). ეს სიტყვები ფაქტობრივად, დაპირებაა, რომ ჩვენმა სამართლიანმა ღმერთმა იცის, რა სირთულეებს ვხვდებით ამ ბოლო დღეებში და თავის დროზე აუცილებლად გაგვიჩენს სამართალს (2 თეს. 1:6).

19 რას ვსწავლობთ: როცა იესოს მიერ დატოვებული პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, სხვებს სამართლიანად ვეპყრობით. მაგრამ თუ სატანის ქვეყნიერებაში უსამართლობის მსხვერპლი ვართ, გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა აუცილებლად გაგვიჩენს სამართალს.

როგორ უნდა მოეპყრონ ძალაუფლების მქონენი სხვებს?

20, 21. ა) როგორ უნდა მოეპყრონ ძალაუფლების მქონენი სხვებს? ბ) როგორ შეუძლიათ ქმრებს თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა და როგორ უნდა მოეპყრონ მამები შვილებს?

20 ქრისტეს კანონის თანახმად, როგორ უნდა მოეპყრონ ძალაუფლების მქონენი სხვებს? ვინაიდან ამ კანონს სიყვარული უდევს საფუძვლად, ძალაუფლების მქონენი ღირსეულად და სიყვარულით უნდა მოექცნენ მათ, ვისზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც აკისრიათ. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ქრისტეს გზა სიყვარულის გზაა.

21 ოჯახში. ქმარს ისე უნდა უყვარდეს ცოლი „როგორც ქრისტეს — კრება“ (ეფეს. 5:25, 28, 29). ქმარმა უნდა მიჰბაძოს იესოს თავგანწირული სიყვარულის გამოვლენაში და ცოლის საჭიროებები და ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს. ზოგ მამაკაცს შეიძლება გაუჭირდეს ასეთი სიყვარულის გამოვლენა, რადგან ისეთ გარემოში აღიზარდა, სადაც სხვებს უსამართლოდ ექცეოდნენ და სიყვარულს არ ავლენდნენ. მათთვის შეიძლება ადვილი არ იყოს ცუდი ჩვევების მოშორება, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთონ ეს, რათა დაემორჩილონ ქრისტეს კანონს. ქმარი, რომელიც თავგანწირულ სიყვარულს ავლენს, ცოლის პატივისცემას იმსახურებს. შვილების მოყვარული მამა სიტყვითა თუ საქმით არასდროს მიაყენებს ტკივილს თავის შვილებს (ეფეს. 4:31). ნაცვლად ამისა, ის სიყვარულს გამოხატავს და აქებს შვილებს, რაც მათ თავს უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს. ასეთი მამა შვილების სიყვარულსა და ნდობას იმსახურებს.

22. პირველი პეტრეს 5:1—3-ის თანახმად, ვის ეკუთვნის „ცხვარი“ და როგორ უნდა მოეპყრონ მას?

22 კრებაში. უხუცესებს უნდა ახსოვდეთ, რომ „ცხვარი“ მათი საკუთრება არ არის (იოან. 10:16; წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:1—3). ფრაზები: „ღვთის სამწყსო“ და „ღვთის საკუთრება“ უხუცესებს შეახსენებს, რომ ცხვარი იეჰოვას ეკუთვნის. ღმერთს სურს, რომ მათ მიმართ სიყვარულსა და სათუთ გრძნობებს ავლენდნენ (1 თეს. 2:7, 8). უხუცესები, რომლებიც სიყვარულით ასრულებენ მწყემსის პასუხისმგებლობას, იეჰოვას მოწონებას და თანაქრისტიანების სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ.

23, 24. ა) რა როლი აკისრიათ უხუცესებს, როცა საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება? ბ) რა უნდა ახსოვდეთ უხუცესებს ასეთ შემთხვევაში?

23 რა როლი აკისრიათ უხუცესებს, როცა საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება? მათი პასუხისმგებლობა განსხვავდება იმ მსაჯულებისა თუ უხუცესების პასუხისმგებლობისგან, რომლებიც მოსეს კანონით ხელმძღვანელობდნენ. კანონის თანახმად, ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ღვთისგან დანიშნული მამაკაცები არა მხოლოდ სულიერ საკითხებს აგვარებდნენ, არამედ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებსაც. მაგრამ ქრისტეს კანონი უხუცესებს მხოლოდ სულიერი დახმარების აღმოჩენის პასუხისმგებლობას აკისრებს. მათ ესმით, რომ ღმერთმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეების მოგვარების ვალდებულება, რომელთაც აქვთ უფლება, დააწესონ ისეთი სასჯელი, როგორიცაა ჯარიმა ან პატიმრობა (რომ. 13:1—4).

24 რა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს, როცა ვინმე კრებაში სერიოზულ ცოდვას სჩადის? ისინი ღვთის სიტყვის საფუძველზე აფასებენ მდგომარეობას და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ ახსოვთ, რომ ქრისტეს კანონის საფუძველი სიყვარულია. სიყვარული უბიძგებს უხუცესებს, დაფიქრდნენ შემდეგზე: რის გაკეთებაა საჭირო კრებაში მათ დასახმარებლად, ვინც დანაშაულის მსხვერპლი გახდა? რაც შეეხება შემცოდველს, უხუცესებს ისევ და ისევ სიყვარული აღძრავს, დაფიქრდნენ: ინანიებს თუ არა ის თავის დანაშაულს? შეგვიძლია დავეხმაროთ მას იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში?

25. რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო სტატიაში?

25 რა მადლიერები ვართ, რომ ქრისტეს კანონს ვექვემდებარებით! როცა ყველანაირად ვცდილობთ, დავემორჩილოთ ამ კანონს, ჩვენი წვლილი შეგვაქვს, რომ კრებაში სიყვარული სუფევდეს და თითოეული თავს უსაფრთხოდ და დაფასებულად გრძნობდეს. და მაინც, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, სადაც ბოროტები უფრო და უფრო უარესად იქცევიან (2 ტიმ. 3:13). ამიტომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. როგორ ირეკლავს ქრისტიანული კრება ღვთის სამართლიანობას, როცა საქმე ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ეხება? ამ კითხვაზე მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ.

სიმღერა 15 აქეთ იეჰოვას პირმშო!

^ აბზ. 5 ეს და მომდევნო ორი სტატია იმ სტატიათა სერიის ნაწილია, რომელშიც საუბარია, რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია. იეჰოვას სურს, რომ მის მსახურებს სამართლიანად ეპყრობოდნენ. ის ანუგეშებს მათ, ვინც ამ ბოროტ ქვეყნიერებაში უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

^ აბზ. 1 იხილეთ 2019 წლის თებერვლის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „კანონი იეჰოვას სიყვარულსა და სამართლიანობას ირეკლავს“.

^ აბზ. 13 განმარტება: თავგანწირული სიყვარული აღგვძრავს, სხვების საჭიროებები და ინტერესები საკუთარზე წინ დავაყენოთ. ჩვენ მზად ვართ, დავთმოთ ან მოვიკლოთ რაღაც სხვების საკეთილდღეოდ.

^ აბზ. 61 სურათის აღწერა: იესო უყურებს ქვრივს, რომელსაც ერთადერთი ვაჟი მოუკვდა. სიბრალულით აღძრული იესო აღადგენს ახალგაზრდა მამაკაცს.

^ აბზ. 63 სურათის აღწერა: იესო ფარისეველი სიმონის სახლში სადილობს. ქალმა, რომელიც სავარაუდოდ მეძავი იყო, საკუთარი ცრემლებით დაბანა ფეხები, თმებით შეუმშრალა და ზეთი სცხო. სიმონს არ მოსწონს ქალის საქციელი, მაგრამ იესო იცავს მას.