არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი დაიცავით სატანის მახისგან

თავი დაიცავით სატანის მახისგან

ისრაელები მდინარე იორდანის გადასაკვეთად და აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად ემზადებოდნენ, როცა მათ მოაბელი ქალები ესტუმრნენ, რომლებიც ისრაელ მამაკაცებს ნადიმებზე ეპატიჟებოდნენ. ეს მათთვის შეიძლება მაცდუნებელი შეთავაზება ყოფილიყო. ახალი მეგობრები, ცეკვა და გემრიელი საკვები ისრაელი მამაკაცებისთვის მიმზიდველი იქნებოდა. თუმცა ამ ხალხის ტრადიციები და ზნეობრივი ნორმები ეწინააღმდეგებოდა ღვთის კანონს. ზოგი ებრაელი მამაკაცი შეიძლება ფიქრობდა: „ისინი ვერ შეგვაცდენენ. ფრთხილად ვიქნებით“.

როგორ განვითარდა მოვლენები? ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიწყო ხალხმა გარყვნილების ჩადენა მოაბის ასულებთან“. სინამდვილეში, მოაბელ ქალებს სურდათ, ისრაელ მამაკაცებს ცრუ ღმერთებისთვის ეცათ თაყვანი, და მიზანსაც მიაღწიეს. ამიტომაც „აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე“ (რიცხ. 25:1—3).

ამ მამაკაცებმა იეჰოვას ორი კანონი დაარღვიეს: მათ ცრუ ღმერთების წინაშე მოიდრიკეს მუხლი და სექსუალური უზნეობა ჩაიდინეს. ურჩობის შედეგად ათასობით ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს (გამ. 20:4, 5, 14; კან. 13:6—9). რა სძენდა განსაკუთრებულ სიმძაფრეს ამ ტრაგედიას? დრო! ისრაელ მამაკაცებს ღვთის კანონი რომ არ დაერღვიათ, ეს ხალხი ცოტა ხანში გადაკვეთდა მდინარე იორდანეს და აღთქმულ მიწაზე შევიდოდა (რიცხ. 25:5, 9).

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მოციქულმა პავლემ დაწერა: „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1 კორ. 10:7—11). ცხადია, სატანა გაახარა იმან, რომ ზოგმა ისრაელმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება არ მიეცათ. რამდენად გონივრულია, გულთან ახლოს მივიტანოთ ეს გაფრთხილება, რადგან სატანას ყველაზე მეტად ის გაახარებს, თუ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესაძლებლობას დაგვაკარგვინებს.

საშიში მახე

სატანა ქრისტიანების მახეში გასაბმელად კარგად ნაცად მეთოდს მიმართავს. ამ მახეში ბევრი ადამიანი გაება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან ისრაელების შესაცდენად სექსუალური უზნეობა გამოიყენა, რაც ჩვენს დროშიც საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ერთ-ერთი მისი ძლიერი იარაღი, რითაც უზნეობის მახეში აბამს ადამიანს, პორნოგრაფიაა.

დღეს ადამიანმა შეიძლება ისე უყუროს პორნოგრაფიას, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგოს. ათწლეულების წინ თუ ვინმეს პორნოგრაფიის ყურება უნდოდა, კინოთეატრში უნდა წასულიყო, სადაც მსგავს ფილმებს აჩვენებდნენ, ან წიგნების ისეთი მაღაზია უნდა მოეძებნა, სადაც პორნოგრაფიული ლიტერატურა იყიდებოდა. იმის შიშით, რომ სხვებს არ დაენახათ, ბევრი თავს იკავებდა ასეთ ადგილებში სიარულისგან. მაგრამ დღეს ინტერნეტის მეშვეობით ყველას შეუძლია პორნოგრაფიის ყურება, მაგალითად სამუშაოზე ან მანქანაში. ბევრ ქვეყანაში პორნოგრაფიის ყურება სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი.

უფრო მეტიც, ელექტრონულმა მოწყობილობებმა ბევრად გააადვილა პორნოგრაფიის ყურება. ხალხს შეუძლია ქუჩაში სეირნობისას და ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობისას თავის ელექტრონულ მოწყობილობაში დაათვალიეროს უზნეობის ამსახველი გამოსახულებები.

ვინაიდან პორნოგრაფიის ყურება და ამ ფაქტის დამალვა ასე გაადვილდა, პორნოგრაფია დღეს გაცილებით მეტ ადამიანზე ახდენს საზიანო გავლენას, ვიდრე ოდესმე. მრავალი, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, საფრთხეს უქმნის ქორწინებას, კარგავს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას და იუხეშებს სინდისს. უფრო უარესი კი ის არის, რომ ასეთი ადამიანი ღმერთთან ურთიერთობას იფუჭებს. აშკარაა, რომ პორნოგრაფიის ყურება ზიანის მომტანია, რაც ხშირ შემთხვევაში ღრმა კვალს ტოვებს ადამიანზე. ის შეიძლება ჭრილობას შევადაროთ, რომელიც ნელ-ნელა შუშდება, მაგრამ ნაიარევი დიდხანს რჩება.

იეჰოვა გვასწავლის, როგორ დავიცვათ თავი სატანის ამ მახისგან. თუ გვსურს, იეჰოვამ დაგვიცვას, ისრაელი მამაკაცებისგან განსხვავებით გულისყურით უნდა მოვუსმინოთ მას (გამ. 19:5). უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთს სძულს პორნოგრაფია. საიდან ჩანს ეს?

იეჰოვას მსგავსად შეიძულეთ უზნეობა

დაფიქრდით, რით განსხვავდებოდა ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონი სხვა ერების კანონებისგან. ღვთის კანონი იცავდა ისრაელს და აფრთხილებდა, არ გადმოეღოთ მეზობელი ერების საზიზღარი წეს-ჩვეულებები (კან. 4:6—8). ამ კანონიდან ნათლად ჩანდა, რომ იეჰოვას სძულს სექსუალური უზნეობა.

როცა მეზობელი ერების გაუკუღმართებულ ცხოვრების წესზე უმახვილებდა ყურადღებას, იეჰოვამ ისრაელებს უთხრა: „არ მოიქცეთ ისე, როგორც . . . ქანაანის მიწაზე იქცევიან, სადაც მიმყავხართ . . . გაუწმინდურებულია მიწა და მე დავატეხ მას სასჯელს მისივე დანაშაულის გამო“. იეჰოვასთვის, წმინდა ღმერთისთვის, ქანაანელები იმდენად დიდ სისაძაგლეს სჩადიოდნენ, რომ მათი მიწა უწმინდური და წაბილწული იყო (ლევ. 18:3, 25).

მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ დასაჯა ქანაანელები, სხვა ერები მაინც აგრძელებდნენ უზნეობის ჩადენას. 1 500-ზე მეტი წლის შემდეგ იმ ერებს, რომელთა შორისაც ქრისტიანები ცხოვრობდნენ, პავლემ „ყველანაირად ზნედაცემულნი“ უწოდა. მან თქვა, რომ ისინი „თავაშვებულობას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით“ (ეფეს. 4:17—19). დღესაც ბევრი ავლენს თავაშვებულობას და ურცხვად სჩადის უზნეობას. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ყველანაირად უნდა ეცადონ, მოერიდონ ქვეყნიერებაში გავრცელებულ უზნეობას.

პორნოგრაფია შეურაცხყოფს ღმერთს, რომელმაც ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა და სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი მისცა. ის ბრძნულად მოიქცა, როცა სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული საზღვრები დაგვიწესა; ეს იმას ნიშნავდა, რომ სქესობრივი კავშირით მხოლოდ დაქორწინებულ წყვილს შეეძლო დამტკბარიყო (დაბ. 1:26—28; იგავ. 5:18, 19). მაგრამ რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც პორნოინდუსტრიაში არიან ჩაბმული ან ავრცელებენ მსგავს მასალას? ისინი სრულიად უგულებელყოფენ ღვთის ზნეობრივ ნორმებს. დიახ, ის ხალხი, რომლებიც ხელს უწყობენ პორნოგრაფიის გავრცელებას, შეურაცხყოფენ იეჰოვას. ღმერთი გაასამართლებს ასეთ ადამიანებს, რადგან არაფრად აგდებენ მის ნორმებს (რომ. 1:24—27).

მაგრამ რას ვიტყვით მათზე, ვინც შეგნებულად კითხულობს ან უყურებს პორნოგრაფიას? ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ეს უწყინარი გართობაა. თუმცა ისინი სინამდვილეში მათ წისქვილზე ასხამენ წყალს, რომლებიც იეჰოვას ნორმებს უგულებელყოფენ. ისინი, ვინც პორნოგრაფიის მახეში გაებნენ, შეიძლება არც კი ფიქრობდნენ, რომ ამით იეჰოვას შეურაცხყოფდნენ. მაგრამ ბიბლია გასაგებად ამბობს, რომ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს უნდა სძულდეთ პორნოგრაფია. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“ (ფსალმ. 97:10).

პორნოგრაფიისთვის თვალის არიდება შეიძლება მათთვისაც კი რთული იყოს, ვისაც მისი ყურების სურვილი არა აქვს. ჩვენ არასრულყოფილები ვართ, ამიტომ შეიძლება უწმინდურ სურვილებთან ბრძოლა დაგვჭირდეს. გარდა ამისა, ჩვენი ვერაგი გული ცდილობს, შეცდომაში შეგვიყვანოს და გვაფიქრებინოს, რომ პორნოგრაფიის ყურებაში ცუდი არაფერია (იერ. 17:9). თუმცა ბევრმა, ვინც ქრისტიანი გახდა, გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. ამის ცოდნა თვითრწმენას შეგმატებთ, თუ თქვენც მსგავს პრობლემას ებრძვით. განვიხილოთ, როგორ შეუძლია ღვთის სიტყვას დაგეხმაროთ, არ გაებათ პორნოგრაფიის მახეში.

ნუ მისცემთ უზნეო სურვილებს გასაქანს

როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ისრაელებს იმიტომ დაატყდათ თავს უბედურება, რომ გასაქანი მისცეს არასწორ სურვილებს. დღესაც შეიძლება იგივე მოხდეს. იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, ეს საფრთხე შემდეგი სიტყვებით დაგვანახვა: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკ. 1:14, 15). თუ ადამიანი უმართებულო სურვილებს ფესვის გადგმის საშუალებას მისცემს, უფრო მეტი ალბათობაა, რომ ის ცოდვას ჩაიდენს. ამიტომ უნდა მოვიშოროთ უზნეო ფიქრები და არ უნდა მივცეთ მათ გასაქანი.

თუ თავში უზნეო ფიქრები მოგივათ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. იესო თქვა: „ამიტომ, თუ ხელი ან ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე . . . თუ თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე“ (მათ. 18:8, 9). იესო თვითდასახიჩრებისკენ არ მოგვიწოდებდა. მან მაგალითის სახით დაგვანახვა, რომ უნდა მოვიშოროთ დაბრკოლების წყარო ანუ ის, რაც არასწორი ფიქრებისკენ გვიბიძგებს, და შემდეგ შესაბამისი ცვლილებები მოვახდინოთ. როგორ შეიძლება ეს რჩევა პორნოგრაფიასთან მიმართებით გამოვიყენოთ?

თუ პორნოგრაფიულ მასალას წააწყდებით, ნუ იფიქრებთ, რომ არ შეცდებით. დაუყოვნებლივ მოარიდეთ თვალი. მაშინვე გამორთეთ ტელევიზორი. სასწრაფოდ გათიშეთ კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა. ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, რაც წმინდაა. ასე მოქცევა დაგეხმარებათ, აკონტროლოთ ფიქრები და არ მისცეთ გასაქანი არასწორ სურვილებს.

მეხსიერებაში ჩარჩენილი უზნეო კადრები

შეიძლება დღეს პორნოგრაფიას აღარ უყურებთ, მაგრამ წარსულში ნანახი უზნეო კადრები თავს გახსენებთ. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? პორნოგრაფიული კადრები ან უზნეო ფიქრები შეიძლება ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჩარჩეს გონებაში. ის შეიძლება ნებისმიერ დროს ამოტივტივდეს. ასეთმა უწმინდურმა ფიქრებმა შეიძლება ადამიანი მასტურბაციამდე მიიყვანოს. იცოდეთ, რომ ასეთი ფიქრები შეიძლება გონებაში ამოგიტივტივდეთ, ამიტომ მზად იყავით მათ მოსაშორებლად.

მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ თქვენი ფიქრები და მოქმედებები იეჰოვას ნებას შეუსაბამოთ. გვინდა, ისეთივე განწყობა გვქონდეს, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა. მან თქვა: „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს“ (1 კორ. 9:27). ნუ დაემონებით უწმინდურ სურვილებს! „განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომ. 12:2). გახსოვდეთ: ღვთისმოსაწონი ფიქრები და საქმეები გაცილებით დიდ კმაყოფილებას მოგანიჭებთ, ვიდრე ცოდვილი სურვილების აყოლა.

ღვთისმოსაწონი ფიქრები და საქმეები გაცილებით დიდ კმაყოფილებას მოგანიჭებთ, ვიდრე ცოდვილი სურვილების აყოლა

შეეცადეთ, დაიმახსოვროთ ზოგიერთი ბიბლიური მუხლი და, როცა უწმინდური ფიქრები მოგეძალებათ, გაიხსენეთ ისინი. მაგალითად, ფსალმუნის 119:37, ესაიას 52:11, მათეს 5:28, ეფესოელების 5:3, კოლოსელების 3:5 და 1 თესალონიკელების 4:4—8 დაგეხმარებათ, ისეთივე დამოკიდებულება გქონდეთ პორნოგრაფიის მიმართ, როგორიც იეჰოვას აქვს, და გესმოდეთ, რას მოელის იეჰოვა თქვენგან.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ზოგჯერ თავს ვერ იკავებთ უზნეობის ყურებისგან ან ვერ იშორებთ უმართებულო ფიქრებს? ზედმიწევნით მიჰყევით იესოს მაგალითს (1 პეტ. 2:21). იესოს ნათლობის შემდეგ სატანა კვლავაც ცდილობდა მის შეცდენას. როგორ მოიქცა იესო? მას არ შეუწყვეტია წინააღმდეგობის გაწევა. იესომ წმინდა წერილებიდან არაერთი ციტატა მოიყვანა. მან თქვა: „გამშორდი, სატანა!“ და მიატოვა ის ეშმაკმა. იესოს მსგავსად, არც თქვენ უნდა შეწყვიტოთ სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევა (მათ. 4:1—11). სატანა და მისი ქვეყნიერება კვლავაც შეეცდებიან, რომ გონება უზნეო ფიქრებით აგივსონ, ამიტომ ნუ შეწყვეტთ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. თქვენ შეგიძლიათ ამ ბრძოლაში გამარჯვება. იეჰოვას დახმარებით შეძლებთ თქვენი მტრის დამარცხებას.

ილოცეთ და დაემორჩილეთ იეჰოვას

კვლავაც სთხოვეთ ლოცვაში იეჰოვას, რომ დაგეხმაროთ. პავლემ დაწერა: „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). ღვთის მშვიდობა ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. თუ დაუახლოვდებით იეჰოვას, „ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8).

სამყაროს უზენაეს მმართველთან დაახლოება საუკეთესოდ დაგიცავთ ნებისმიერი საფრთხისგან. იესომ თქვა: „ქვეყნიერების მმართველი [სატანა] მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (იოან. 14:30). რატომ იყო იესო ამაში ასე დარწმუნებული? მან ეს თავადვე ახსნა: „ჩემი გამომგზავნელი ჩემთან არის. მას მარტო არ დავუტოვებივარ, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოან. 8:29). თუ იეჰოვას მოსაწონად მოიქცევით, ის არც თქვენ მიგატოვებთ. მოერიდეთ პორნოგრაფიის მახეს და სატანა ვერას დაგაკლებთ.