არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 28

არ შეწყვიტოთ იეჰოვას თაყვანისცემა აკრძალვის დროს

არ შეწყვიტოთ იეჰოვას თაყვანისცემა აკრძალვის დროს

„ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:19, 20).

სიმღერა 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) რატომ არ გვიკვირს, როცა მთავრობა ჩვენს საქმიანობას კრძალავს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2018 წლის მონაცემებით იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული იყო, 223 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობდა. მთავრობების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვიკვირს. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ჭეშმარიტი ქრისტიანები მოელიან, რომ დევნის ობიექტები გახდებიან (2 ტიმ. 3:12). არა აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ, ხელისუფლებამ შეიძლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უეცრად აკრძალოს ჩვენი საქმიანობა.

2 თუ მთავრობა თქვენს ქვეყანაშიც აკრძალავს იეჰოვას თაყვანისცემას, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვები: იმიტომ ხომ არ ვიდევნებით, რომ ღვთის კეთილგანწყობა დავკარგეთ? სამუდამოდ შეაჩერებს ეს აკრძალვა ჩვენს საქმიანობას? იქ ხომ არ გადავიდე საცხოვრებლად, სადაც ღვთისადმი თაყვანისცემა არ იზღუდება? წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე გავცემთ პასუხს. აგრეთვე დავინახავთ, როგორ განვაგრძოთ იეჰოვასადმი თაყვანისცემა აკრძალვის დროს და რა მახეებს უნდა მოვერიდოთ.

ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვაზე მიანიშნებს დევნა?

3. მეორე კორინთელების 11:23—27-ის თანახმად, როგორ იდევნებოდა მოციქული პავლე და რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან?

3 თუ მთავრობა ჩვენს საქმიანობას აკრძალავს, შეიძლება არასწორად დავასკვნათ, რომ ღვთის კურთხევა აღარ გვაქვს. თუმცა გახსოვდეთ: დევნა არ ნიშნავს, რომ იეჰოვა ჩვენით უკმაყოფილოა. დავფიქრდეთ პავლე მოციქულის მაგალითზე. ცხადია, ღმერთი იწონებდა მის მსახურებას. პავლეს წილად ხვდა პატივი, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შემავალი 14 წერილი დაეწერა და უცხოტომელთა მოციქული გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, მასაც მოუწია სასტიკი დევნის ატანა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 11:23—27). პავლე მოციქულის შემთხვევიდან ჩანს, რომ იეჰოვამ შეიძლება დაუშვას თავისი ერთგული მსახურების დევნა.

4. რატომ ვძულვართ ქვეყნიერებას?

4 იესომ აგვიხსნა, რატომ არ უნდა გაგვკვირვებოდა წინააღმდეგობა. მან თქვა, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით ქვეყნიერების ნაწილი და ხალხი შეგვიძულებდა ამის გამო (იოან. 15:18, 19). ასე რომ, დევნა იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვას კი არ ნიშნავს, არამედ იმაზე მიუთითებს, რომ სწორად ვიქცევით ღვთის თვალში!

სამუდამოდ შეაჩერებს აკრძალვა ჩვენს საქმიანობას?

5. შესწევთ ადამიანებს ძალა, შეაჩერონ იეჰოვას თაყვანისმცემლობა?

5 ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა ვერასდროს შეაჩერებს ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობას. ბევრი შეეცადა ამის მიღწევას, მაგრამ ამაოდ! გავიხსენოთ, რა მოხდა II მსოფლიო ომის დროს. იმ პერიოდში არაერთი ქვეყნის მთავრობამ დაიწყო ღვთის ხალხის სასტიკი დევნა. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა არა მარტო ნაცისტებმა აკრძალეს გერმანიაში, არამედ ავსტრალიის, კანადისა და სხვა ქვეყნების მთავრობებმაც. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 1939 წელს, როცა ომი დაიწყო, მსოფლიოში 72 475 მაუწყებელი იყო, 1945 წელს კი, ომის დასასრულს, იეჰოვას კურთხევით მაუწყებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათმა რიცხვმა 156 299-ს მიაღწია.

6. რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს დევნას? მოიყვანეთ მაგალითი.

6 ხშირად წინააღმდეგობა კი არ გვაფრთხობს, არამედ იეჰოვასადმი მსახურების სურვილს გვიძლიერებს. მაგალითად, ერთი წყვილი თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც მთავრობამ ჩვენი საქმიანობა აკრძალა. ნაცვლად იმისა, რომ შეშინებოდათ და ქადაგება შეეწყვიტათ, წყვილმა პიონერად მსახურება დაიწყო. ცოლმა მსახურების გაფართოების მიზნით მაღალანაზღაურებადი სამსახურიც კი მიატოვა. მისი მეუღლე ამბობს, რომ აკრძალვამ ხალხში იეჰოვას მოწმეებისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია, რამაც ბიბლიის შესწავლების დაწყება გააადვილა. აკრძალვას სხვა კარგი შედეგებიც მოჰყვა. ამავე ქვეყანაში მცხოვრებმა ერთმა უხუცესმა თქვა, რომ ბევრმა, ვინც აღარ ესწრებოდა შეხვედრებს, კვლავ განაახლა მათზე დასწრება.

7. ა) რას ვსწავლობთ ლევიანების 26:36, 37-დან? ბ) როგორ მოიქცევით აკრძალვის დროს?

7 აკრძალვის დროს ჩვენი მტრების მიზანია, დაგვაშინონ და ღვთის მსახურებაზე უარი გვათქმევინონ. მათ შეიძლება ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ ჩვენზე, სახლები გაგვიჩხრიკონ, სასამართლოში გვიჩივლონ ან დაგვაპატიმრონ კიდეც. ისინი იმედოვნებენ, რომ ზოგიერთი ჩვენგანის დაპატიმრებით სხვა მოწმეებსაც დააშინებენ. თუ ისინი საწადელს მიაღწევენ და ჩვენში შიშს ჩანერგავენ, შეიძლება საკუთარი ნებით „ავიკრძალოთ“ ღვთის მსახურება. ჩვენ არ გვინდა, რომ ლევიანების 26:36, 37-ში მოხსენიებულ ადამიანებს დავემსგავსოთ (წაიკითხეთ). შიშს არ დავრთავთ ნებას, რომ შეგვანელებინოს ან საერთოდ შეგვაწყვეტინოს ღვთის მსახურება. ჩვენ სრულად ვენდობით იეჰოვას, ამიტომ პანიკაში არ ვცვივდებით (ეს. 28:16). ლოცვაში ვთხოვთ ღმერთს ხელმძღვანელობას. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვას მხარდაჭერით ძლევამოსილი მთავრობებიც კი ვერ შეგვაწყვეტინებენ მის თაყვანისცემას (ებრ. 13:6).

„იქ ხომ არ გადავიდე საცხოვრებლად, სადაც ღვთისადმი თაყვანისცემა არ იზღუდება?“

8, 9. ა) რა არის თითოეული ქრისტიანის პირადი გადასაწყვეტი? ბ) რა დაეხმარება ქრისტიანს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში?

8 თუ მთავრობა თქვენს ქვეყანაშიც კრძალავს ჩვენს საქმიანობას, შეიძლება ისეთ ქვეყანაში გადასვლის სურვილი გაგიჩნდეთ, სადაც თავისუფლად შეძლებთ იეჰოვას მსახურებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით პირველი საუკუნის ქრისტიანებზე, რომლებიც დევნას შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტების მტრებმა სტეფანე ჩაქოლეს, იერუსალიმში მყოფმა მოწაფეებმა იუდეასა და სამარიას შეაფარეს თავი. ზოგი მოწაფე კი უფრო შორს, ფინიკიაში, კვიპროსსა და ანტიოქიაში გადავიდა საცხოვრებლად (მათ. 10:23; საქ. 8:1; 11:19). თუმცა ზოგი შეიძლება პავლე მოციქულის მაგალითზე დაფიქრდეს, რომელმაც დევნის ახალი ტალღის აგორების შემდეგ გადაწყვიტა, იქაურობას არ გარიდებოდა. მან თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო, რათა იმ ქალაქებში ექადაგა სასიხარულო ცნობა და განემტკიცებინა და-ძმები, სადაც ქრისტიანები იდევნებოდნენ (საქ. 14:19—23).

9 რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან? თითოეულმა ოჯახისთავმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, შეიცვლის თუ არა საცხოვრებელ ადგილს დევნის გამო. გადაწყვეტილების მიღებამდე მან უნდა ილოცოს, გაითვალისწინოს ოჯახის მდგომარეობა და ის დადებითი თუ უარყოფითი შედეგები, რომლებიც სხვაგან გადასვლას მოჰყვება. ამ საკითხში თითოეულმა ქრისტიანმა თავისი სატარებელი უნდა ატაროს (გალ. 6:5). ამიტომ ჩვენ არ უნდა გავაკრიტიკოთ სხვები მიღებული გადაწყვეტილების გამო.

როგორ განვაგრძობთ იეჰოვასადმი თაყვანისცემას აკრძალვის დროს?

10. რა მითითებებს მივიღებთ ფილიალისგან და უხუცესებისგან?

10 როგორ შეგიძლიათ განაგრძოთ იეჰოვასადმი თაყვანისცემა აკრძალვის დროს? უხუცესები ფილიალისგან მიიღებენ მითითებებსა და პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მივიღოთ სულიერი საზრდო, როგორ შევიკრიბოთ თაყვანსაცემად და როგორ ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა. თუ ფილიალი ვერ დაუკავშირდება უხუცესებს, მაშინ უხუცესები აიღებენ ინიციატივას, რათა კრების თითოეულ წევრს იეჰოვასადმი თაყვანისცემის გაგრძელებაში დაეხმარონ. მათი მითითებები ბიბლიაზე და ჩვენს პუბლიკაციებზე იქნება დაფუძნებული (მათ. 28:19, 20; საქ. 5:29; ებრ. 10:24, 25).

11. რატომ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ სულიერი საზრდო გექნებათ და რა უნდა გააკეთოთ სულიერი საზრდოს დასაცავად?

11 იეჰოვა დაგვპირდა, რომ მისი მსახურები სულიერად დანაყრებულები იქნებოდნენ (ეს. 65:13, 14; ლუკ. 12:42—44). ამიტომ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ მისი ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთგულების შენარჩუნებაში დაგეხმაროთ. მაგრამ პირადად თქვენ რის გაკეთება გმართებთ? აკრძალვის დროს შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ბიბლიასა და სხვა პუბლიკაციებს დამალავთ. სულიერი საზრდო, იქნება ეს ბეჭდვითი თუ ელექტრონული სახით, არ დატოვოთ ისეთ ადგილას, სადაც ადვილად მიაგნებენ. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ სულიერი სიმტკიცე შევინარჩუნოთ.

იეჰოვას მხარდაჭერით უშიშრად შევიკრიბებით მის თაყვანსაცემად (იხილეთ აბზაცი 12) *

12. როგორ შეუძლიათ უხუცესებს, ისე დაგეგმონ კრების შეხვედრები, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციონ?

12 რის თქმა შეიძლება კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე? უხუცესები ისე გაუწევენ შეხვედრებს ორგანიზებას, რომ მოწინააღმდეგეების ყურადღება არ მიიქციონ. მათ შეიძლება მითითება მოგცენ, რომ პატარ-პატარა ჯგუფებად შეიკრიბოთ. სავარაუდოდ, ისინი ხშირად შეცვლიან შეხვედრის დროსა და ადგილს. სხვების უსაფრთხოებას შეუწყობთ ხელს, თუ შეხვედრაზე მისვლისას და წამოსვლისას ხმაურს არ გამოიწვევთ. ზედმეტი ყურადღების თავიდან ასარიდებლად შეიძლება არაოფიციალური ტანსაცმლით მოგიწიოთ შეხვედრებზე სიარული.

მთავრობის მხრიდან აკრძალვის მიუხედავად არ შევწყვეტთ ქადაგებას (იხილეთ აბზაცი 13) *

13. რის სწავლა შეგვიძლია ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები და-ძმებისგან?

13 რაც შეეხება სამქადაგებლო საქმეს, სხვადასხვა ტერიტორიაზე განსხვავებული ვითარება იქნება. ვინაიდან ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და სიამოვნებას გვანიჭებს სხვებთან სამეფოს შესახებ საუბარი, აკრძალვის დროსაც გამოვძებნით ქადაგების შესაძლებლობებს (ლუკ. 8:1; საქ. 4:29). ისტორიკოსმა, ემილი ბარანმა ყოფილ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ თქვა: „როცა მთავრობამ მორწმუნეებს თავიანთ რელიგიაზე საუბარი აუკრძალა, მოწმეებმა მეზობლებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან განაგრძეს ქადაგება. როცა ამის გამო ისინი შრომა-გასწორების ბანაკში მოხვდნენ, მათ სხვა პატიმრებთან დაიწყეს თავიანთი რწმენის შესახებ საუბარი“. აკრძალვის მიუხედავად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩვენს და-ძმებს არ შეუწყვეტიათ ქადაგება. თუკი ოდესმე თქვენს ტერიტორიაზეც აიკრძალება სამქადაგებლო საქმიანობა, კარგი იქნება, თუ ამ და-ძმების მსგავს სულისკვეთებას გამოავლენთ.

რა მახეებს უნდა მოვერიდოთ

საჭიროა, ვიცოდეთ, როდის არის დუმილის დრო (იხილეთ აბზაცი 14) *

14. რა მახეს აგვარიდებს ფსალმუნის 39:1-ის გათვალისწინება?

14 ინფორმაციის გაზიარებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. აკრძალვის დროს უნდა შეგვეძლოს იმის განსაზღვრა, თუ როდის არის „დუმილის დრო“ (ეკლ. 3:7). არ უნდა გავცეთ საიდუმლო ინფორმაცია, მაგალითად და-ძმების სახელები, შეხვედრის ჩატარების ადგილი და ქადაგებისა თუ სულიერი საზრდოს მიღების მეთოდები. ამ ინფორმაციას არც მთავრობის წარმომადგენლებს ვუზიარებთ და არც ჩვენს ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ კეთილმოსურნე მეგობრებსა და ნათესავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება და-ძმებს საფრთხე შევუქმნათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 39:1).

15. რის გაკეთებას შეეცდება სატანა და როგორ შეგვიძლია ავერიდოთ მის მახეს?

15 არ უნდა მივცეთ უმნიშვნელო პრობლემებს ჩვენი დაყოფის საშუალება. სატანამ კარგად იცის, რომ გაყოფილი სახლი დიდხანს ვერ იარსებებს (მარ. 3:24, 25). ის არ მოგვეშვება და ყველანაირად შეეცდება, განხეთქილება ჩათესოს ჩვენ შორის. სატანის მიზანია, რომ მას კი არა, ერთმანეთს დავუპირისპირდეთ.

16. რა მაგალითი დაგვიტოვა გერტრუდ პოეტზინგერმა?

16 მოწიფულმა ქრისტიანებმაც უნდა იფრთხილონ, რომ ამ მახეში არ გაებან. განვიხილოთ ორი ცხებული დის, გერტრუდ პოეტზინგერისა და ელფრიდე ლერის შემთხვევა. ისინი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში სხვა ქრისტიან დებთან ერთად იხდიდნენ სასჯელს. გერტრუდს შეშურდა ელფრიდესი, რომელიც გამამხნევებელი სიტყვით მიმართავდა ხოლმე დებს. მოგვიანებით გერტრუდს შერცხვა თავისი საქციელის და იეჰოვას ლოცვაში სთხოვა დახმარება. ის წერდა: „უნდა შეგვეძლოს იმის აღიარება, რომ სხვები ჩვენზე უნარიანები არიან ან ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობები აქვთ“. როგორ გათავისუფლდა გერტრუდი შურისგან? მან ელფრიდეს სხვა თვალით შეხედა. შენიშნა, რომ მას ბევრი კარგი თვისება ჰქონდა და სხვების მიმართ მეგობრული იყო. ეს დაეხმარა მას, რომ კვლავაც კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ელფრიდესთან. ორივე გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს და ორივემ ერთგულად დაასრულა მიწიერი ცხოვრება. თუ ვეცდებით, რომ და-ძმებთან წამოჭრილი პრობლემები მოვაგვაროთ, არ გავებმებით სატანის მახეში, რომელიც ჩვენს დაყოფას ცდილობს (კოლ. 3:13, 14).

17. რატომ უნდა მივყვეთ ყოველთვის ღვთის ორგანიზაციისგან მომდინარე ხელმძღვანელობას?

17 ყოველთვის უნდა მივყვეთ ხელმძღვანელობას. თუ მივყვებით პასუხისმგებელი ძმების ხელმძღვანელობას, პრობლემებს ავირიდებთ თავიდან (1 პეტ. 5:5). მაგალითად, ერთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია, პასუხისმგებელმა ძმებმა მაუწყებლებს მითითება მისცეს, რომ არ გაევრცელებინათ დაბეჭდილი ლიტერატურა. თუმცა ერთი პიონერი ძმა ფიქრობდა, რომ მან უკეთ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ამიტომ გაავრცელა ლიტერატურა. რა მოჰყვა ამას შედეგად? მას და რამდენიმე მაუწყებელს ქადაგების შემდეგ მალევე პოლიციამ დაკითხვა მოუწყო. როგორც აღმოჩნდა, მთავრობის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ მაუწყებლებს და ხალხს მათ მიერ დატოვებულ პუბლიკაციებს ართმევდნენ. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? ხელმძღვანელობას მაშინაც უნდა მივყვეთ, როცა გვგონია, რომ ჩვენ უკეთ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. იეჰოვა ყოველთვის გვაკურთხებს, როცა ვთანამშრომლობთ იმ ძმებთან, რომლებსაც მან ჩვენ შორის ხელმძღვანელობა დააკისრა (ებრ. 13:7, 17).

18. რატომ არ უნდა დავადგინოთ ზედმეტი წესები?

18 არ უნდა დავადგინოთ ზედმეტი წესები. თუ უხუცესები ზედმეტ წესებს დაადგენენ, ამით კიდევ უფრო გაურთულებენ და-ძმებს მდგომარეობას. ძმა იური კამინსკი იხსენებს, რა მოხდა ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში აკრძალვის დროს. ის გვიამბობს: „მას შემდეგ, რაც უხუცესები დააპატიმრეს, იმ ძმებმა, რომელთაც თავიანთ კრებებსა თუ რაიონებში პასუხისმგებლობების აღება მოუწიათ, ზედმეტი წესების დადგენა დაიწყეს. ისინი კარნახობდნენ და-ძმებს, რა უნდა გაეკეთებინათ და რა არა“. იეჰოვას არ მოუცია ჩვენთვის იმის უფლება, რომ სხვების მაგივრად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ის, ვინც ზედმეტ წესებს ადგენს, თანამორწმუნეების უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავს, არამედ მათ რწმენაზე ბატონობს (2 კორ. 1:24).

არასოდეს შეწყვიტოთ იეჰოვას თაყვანისცემა

19. მეორე მატიანის 32:7, 8-ის თანახმად, რა გვაძლევს გაბედულების საფუძველს?

19 ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე, სატანა ეშმაკი, არ შეწყვეტს იეჰოვას ერთგული მსახურების დევნას (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 2:10). სატანა და მისი თანამოაზრეები შეეცდებიან, რომ იეჰოვას თაყვანისცემა აგვიკრძალონ. თუმცა არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ შიშისგან ფარ-ხმალი დავყაროთ (კან. 7:21). ჩვენს მხარეს იეჰოვაა და ის აკრძალვის დროსაც არ მიგვატოვებს (წაიკითხეთ 2 მატიანის 32:7, 8).

20. რა გაქვთ გადაწყვეტილი?

20 მოდი ისეთივე განწყობა გვქონდეს, როგორიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰქონდათ. მათ მმართველებს განუცხადეს: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:19, 20).

სიმღერა 73 მოგვეცი გამბედაობა

^ აბზ. 5 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მთავრობა იეჰოვას თაყვანისცემას აგვიკრძალავს? ეს სტატია გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა მოვერიდოთ, რომ არასდროს შევწყვიტოთ ღვთის თაყვანისცემა.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: სურათებზე ვხედავთ მოწმეებს, რომლებიც იმ ქვეყნებში მსახურობენ, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია. მოწმეების პატარა ჯგუფი შეკრებილია ძმის საკუჭნაოში.

^ აბზ. 61 სურათის აღწერა: და (მარცხნივ), რომელიც მეგობრულად ესაუბრება ქალს, მასთან ქადაგების შესაძლებლობას ეძებს.

^ აბზ. 63 სურათის აღწერა: ძმა, რომელიც პოლიციელებს დაკითხვაზე ჰყავთ, უარს ამბობს კრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე.