არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 34

სიხარულით შეასრულეთ ახალი დავალება

სიხარულით შეასრულეთ ახალი დავალება

„ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10).

სიმღერა 38 ის გაგაძლიერებთ

მოკლე შინაარსი *

1—3. რა შეიძლება გახდეს სრული დროით მსახურთა ცხოვრებაში ცვლილების მიზეზი?

„მისიონერულ მსახურებაში 21 შესანიშნავი წელი გავატარეთ. მოულოდნელად ჩვენს მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. მართალია, მათზე ზრუნვა გვსიამოვნებდა, მაგრამ გვიჭირდა იმ ქვეყნისა და და-ძმების დატოვება, რომელთაც ჩვენს გულში დიდი ადგილი ეკავათ“, — იხსენებენ რობერტი და მისი მეუღლე მერი.

2 „როცა გავაცნობიერეთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისიონერად მსახურებას ვეღარ გავაგრძელებდით, ორივენი ავტირდით. უცხო ქვეყანაში მსახურება ძალიან მოგვწონდა, რადგან ამაზე ყოველთვის ვოცნებობდით. ახლა კი ამ ყველაფერს წერტილი დაესვა“, — გვიზიარებენ თავიანთ გრძნობებს უილიამი და ტერი.

3 „ვიცოდით, რომ მთავრობა ჩვენი ფილიალის დახურვას აპირებდა, თუმცა მაინც ძალიან გაგვიჭირდა ამ რეალობასთან შეგუება და ბეთელის დატოვება“, — ამბობს ალექსეი.

4. რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

4 ცვლილებებთან შეგუება ბევრ სრული დროით მსახურს, მათ შორის ათასობით ბეთელელს მოუწია, რომელთაც ახალი დავალებები მიიღეს. * ამ ერთგული და-ძმებისთვის ადვილი არ იქნებოდა საყვარელ საქმესთან შელევა. რა ეხმარება მათ ცვლილებებთან შეგუებაში? თქვენ როგორ შეგიძლიათ მათი მხარდაჭერა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თითოეულს გაგვიადვილებს ცვლილებებთან შეგუებას.

ცვლილებებთან შეგუება

რატომ შეიძლება გაუჭირდეთ სრული დროით მსახურებს იმ აზრთან შეგუება, რომ ვეღარ გააგრძელებენ დავალებული საქმის შესრულებას? (იხილეთ აბზაცი 5) *

5. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე ცვლილებებმა?

5 ბეთელში თუ ველზე მსახურ და-ძმებს ძალიან გვიყვარდება ის თანაქრისტიანები, ვის მხარდამხარაც ვშრომობთ. ზოგჯერ იმ ტერიტორიის მიმართაც კი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვიჩნდება, სადაც არაერთი წელი გავატარეთ. ასეა თუ ისე, ძალიან გვიჭირს საყვარელ საქმეზე უარის თქმა და და-ძმებთან გამომშვიდობება. ჩვენ არა მხოლოდ გვენატრება ისინი, არამედ გვაღელვებს მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათთან განშორება დევნის გამო მოგვიწია (მათ. 10:23; 2 კორ. 11:28, 29). მეტიც, ახალი დავალება შეიძლება კულტურულ შოკთანაც იყოს დაკავშირებული. ასეთი რამ შესაძლოა სამშობლოში დაბრუნების დროსაც კი განვიცადოთ. ზემოთ მოხსენიებული წყვილი, რობერტი და მერი, ამბობს: „ჩვენთვის სრულიად უცხო იყო ის კულტურა, რომელშიც აღვიზარდეთ. მშობლიურ ენაზე ქადაგებაც კი გვიჭირდა. სამშობლოში უცხოელებივით ვგრძნობდით თავს“. ცვლილებებს შეიძლება ფინანსური პრობლემები, გულგატეხილობა და დაუცველობისა და არასტაბილურობის განცდა ახლდეს თან. რის გაკეთება შეგიძლიათ ასეთ დროს?

მნიშვნელოვანია, დავუახლოვდეთ იეჰოვას და მივენდოთ მას (იხილეთ აბზაცები 6, 7) *

6. რა დაგვეხმარება, ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ იეჰოვასთან?

6 ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეთ იეჰოვასთან (იაკ. 4:8). რა დაგეხმარებათ ამაში? მიენდეთ ლოცვების მომსმენ ღმერთს და გული გადმოუღვარეთ მას (ფსალმ. 65:2; 62:8). იეჰოვას „შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20). მართლაც, იეჰოვა არა მხოლოდ ჩვენს კონკრეტულ ლოცვებს პასუხობს, არამედ გაცილებით მეტს აკეთებს ჩვენთვის. მან შეიძლება ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად ისეთი რამ მოიმოქმედოს, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.

7. ა) რა არის საჭირო იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად? ბ) ებრაელების 6:10—12-ის თანახმად, რა იქნება შედეგი, თუ კვლავაც ერთგულად განვაგრძობთ ღვთისმსახურებას?

7 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა და მასზე ღრმად დაფიქრება. ყოფილი მისიონერი გვირჩევს: „ცვლილებების დროს მიჰყევით განრიგს და ყოველკვირა გამოუყავით დრო ოჯახურ თაყვანისცემასა თუ შეხვედრებისთვის მომზადებას“. შეძლებისდაგვარად აქტიურად ჩაერთეთ სამქადაგებლო საქმეში ახალ კრებასთან ერთად. იეჰოვა მაშინაც არ ივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს, როცა ისინი უწინდებურად ბევრს ვეღარ აკეთებენ მისთვის (წაიკითხეთ ებრაელების 6:10—12).

8. როგორ გვეხმარება 1 იოანეს 2:15—17 მუხლები, რომ სულიერი კვლავაც პირველ ადგილზე დავაყენოთ?

8 სულიერი კვლავაც პირველ ადგილზე დააყენეთ. არ დაუშვათ, რომ სატანის ქვეყნიერებამ საწუხარი გაგიჩინოთ და იეჰოვას მსახურებას ჩამოგაშოროთ (მათ. 13:22). არ მოექცეთ ქვეყნიერების, კეთილმოსურნე მეგობრებისა და ნათესავების გავლენაში, რომლებიც სიმდიდრის მოხვეჭისა და „უკეთესი ცხოვრებისკენ“ გიბიძგებენ (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15—17). დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებას და დროულად აღმოგვიჩენს სულიერ, ემოციურ და მატერიალურ დახმარებას (ებრ. 4:16; 13:5, 6).

9. იგავების 22:3, 7-ის თანახმად, რატომ არ უნდა დავიდოთ ზედმეტი ვალები და რა დაგვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში?

9 ნუ დაიდებთ ზედმეტ ვალებს (წაიკითხეთ იგავების 22:3, 7). ვინაიდან საცხოვრებლის შეცვლა ხშირად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შეიძლება ვალებიც კი დაგედოთ. ამიტომ ნუ ისესხებთ ფულს არასაჭირო ნივთების შესაძენად. როცა ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, შეიძლება ეს იმდენად განვიცადოთ, რომ მისი მკურნალობისთვის ბევრი ვალიც კი დავიდოთ. ასეთ დროს გახსოვდეთ, რომ ლოცვა ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. იეჰოვა უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს ლოცვას. ის შინაგან სიმშვიდეს მოგცემთ, რომელიც „დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. მშვიდი გული კი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ (ფილ. 4:6, 7; 1 პეტ. 5:7).

10. როგორ შეგვიძლია ახალი მეგობრების შეძენა?

10 შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა მათთან, ვინც დადებით გავლენას ახდენს თქვენზე. გაანდეთ თქვენი წუხილის მიზეზი ახლო მეგობრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია. მეგობრისთვის გულის გადაშლა თავს უკეთ გაგრძნობინებთ (ეკლ. 4:9, 10). ცხადია, ძველ მეგობრებს ვერავინ შეგიცვლით, თუმცა ახალი დავალების მიღების დროს შეეცადეთ, სხვებსაც დაუმეგობრდეთ. გახსოვდეთ: სხვას თქვენთან მეგობრობის სურვილი რომ გაუჩნდეს, თავად უნდა შეგეძლოთ კარგი მეგობრობის გაწევა. რა დაგეხმარებათ ახალი მეგობრების შეძენაში? გაუზიარეთ სხვებს სასიამოვნო მოგონებები და დაანახვეთ, რამხელა სიხარული ახლავს იეჰოვას მსახურებას. ზოგი შეიძლება ვერ ჩასწვდეს თქვენი სიხარულის მიზეზს, რაც სრული დროით მსახურებამ მოგანიჭათ, მაგრამ აუცილებლად იქნებიან ისეთი და-ძმები, რომლებიც გაიზიარებენ თქვენს გრძნობებს და კარგ მეგობრობას გაგიწევენ. თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ ზედმეტი ყურადღება საკუთარ მიღწევებსა და უარყოფით გრძნობებზე არ გაამახვილოთ.

11. როგორ უნდა შეინარჩუნოთ ბედნიერი ოჯახი?

11 თუ მეუღლის ჯანმრთელობის გამო მოგიწიათ სრული დროით მსახურების შეწყვეტა, ნუ დაადანაშაულებთ მას. მეორე მხრივ, თუ თქვენი ჯანმრთელობა გახდა ამის მიზეზი, ნურც საკუთარ თავს დაიდანაშაულებთ და ნუ იფიქრებთ, რომ მეუღლეს იმედი გაუცრუეთ. გახსოვდეთ: თქვენ „ერთი ხორცი“ ხართ და ღვთის წინაშე აღთქმა გაქვთ დადებული, რომ ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით იქნებით (მათ. 19:5, 6). თუ სრული დროით მსახურების შეწყვეტა დაუგეგმავი ორსულობის გამო მოგიწიათ, დაანახვეთ შვილს, რომ ის თქვენთვის იმაზე ბევრად ძვირფასია, ვიდრე ის დავალება, რომელსაც ასრულებდით. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ მას ღვთის ჯილდოდ მიიჩნევთ (ფსალმ. 127:3—5). ამასთანავე, მოუყევით იმ დაუვიწყარი წლების შესახებ, რომლებიც სრული დროით მსახურებაში გაატარეთ. ასეთი სახით მასაც წაახალისებთ, რომ თქვენს კვალს მიჰყვეს და ის სიხარული განიცადოს, რაც სრული დროით მსახურებას ახლავს თან.

სხვების როლი

12. ა) როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სრული დროით მსახურებს? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ მათ ცვლილებასთან შეგუება?

12 სასიამოვნოა, რომ კრებები თუ ცალკეული ქრისტიანები ცდილობენ, ხელი შეუწყონ სრული დროით მსახურებს თავიანთი დავალების შესრულებაში. ზოგი ამხნევებს მათ, ზოგი ფინანსურ ან სხვა მატერიალურ დახმარებას უწევს, ზოგიც ოჯახის წევრებზე ზრუნვაში ეხმარება, რადგან თავად უცხო ქვეყანაში ან სხვა ქალაქში უწევთ მსახურება (გალ. 6:2). თუ სრული დროით მსახურს დავალება შეეცვლება და თქვენს კრებაში დაინიშნება, ნუ დაასკვნით, რომ თავი ვერ გაართვა საქმეს ან რაიმე შეცდომა დაუშვა. * პირიქით, უმჯობესი იქნება, დაეხმაროთ მას ამ ცვლილებასთან შეგუებაში. გულთბილად მიიღეთ და საქებარი სიტყვები მაშინაც კი არ დაიშუროთ მის მიმართ, თუ გაუარესებული ჯანმრთელობის გამო უწინდებურად ბევრს ვეღარ აკეთებს იეჰოვასთვის. ახლოს გაიცანით ის და სასიკეთოდ გამოიყენეთ მისი ცოდნა და გამოცდილება.

13. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვინც ახალ დავალებას იღებს?

13 იმ და-ძმებს, რომლებიც ახალ დავალებას იღებენ, შეიძლება თავიდან თქვენი დახმარება დასჭირდეთ დაბინავებასთან, ტრანსპორტირებასთან, სამსახურსა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა მათ არ იცოდნენ, რომელ სადაზღვევო კომპანიას მიმართონ ან როგორ გადაიხადონ გადასახადები. გახსოვდეთ, რომ მათ სიბრალული კი არა, თანადგომა სჭირდებათ. ზოგი შეიძლება საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ღელავდეს; ზოგს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ტანჯავდეს; * ზოგი კი ხმამაღლა არ საუბრობდეს, მაგრამ ძალიან განიცდიდეს მეგობრებთან განშორებას. მათ დრო სჭირდებათ, რომ ბოლომდე გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა და მოერიონ უარყოფით გრძნობებს.

14. როგორ დაეხმარნენ ადგილობრივი და-ძმები ერთ დას ცვლილებებთან შეგუებაში?

14 თქვენი მხარდაჭერა და მაგალითი ასეთ და-ძმებს ცვლილებებთან შეგუებას გაუადვილებს. ერთი და, რომელიც სხვა ქვეყანაში არაერთი წელი მსახურობდა, ამბობს: „მანამდე ბიბლიის შესწავლებს ყოველდღე ვატარებდი, მაგრამ, როცა ახალი დავალება მივიღე, მსახურებაში ბიბლიის გადაშალა და ერთი ვიდეოს ჩვენებაც კი სანატრელი გამიხდა. ადგილობრივ მაუწყებლებს თავიანთ განმეორებით მონახულებებსა და ბიბლიის შესწავლებზე მივყავდი. იმის დანახვა, რომ ეს ერთგული და გულმოდგინე და-ძმები ნაყოფიერ ბიბლიის შესწავლებს ატარებდნენ, დამეხმარა, ახალი სამქადაგებლო ტერიტორიისთვის დადებითი თვალით შემეხედა. ვისწავლე ადგილობრივებთან საუბრის წამოწყება, რამაც უწინდებური სიხარული დამიბრუნა“.

კვლავაც საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის

ეძებეთ შესაძლებლობები, რომ მშობლიურ მხარეში გააფართოოთ მსახურება (იხილეთ აბზაცები 15, 16) *

15. რა დაგეხმარებათ, წარმატებით გაართვათ თავი ახალ დავალებას?

15 თქვენ შეგიძლიათ წარმატებით გაართვათ თავი ახალ დავალებას. ცვლილებას წარუმატებლობად ან უკან გადადგმულ ნაბიჯად ნუ აღიქვამთ. იფიქრეთ იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვა თქვენთვის აკეთებს, და კვლავაც განაგრძეთ ქადაგება. მიჰბაძეთ პირველი საუკუნის ერთგულ ქრისტიანებს, რომლებიც ყველგან „ახარებდნენ სიტყვას“ (საქ. 8:1, 4). კარგ შედეგებს მოიმკით, თუ კვლავაც შემართებით განაგრძობთ ქადაგებას. მაგალითად, როდესაც ერთი ქვეყნიდან პიონერთა ჯგუფი გააძევეს, ისინი მეზობელ ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც მათ მშობლიურ ენაზე მქადაგებელთა დიდი მოთხოვნილება იყო. რამდენიმე თვეში ჯგუფებიც კი ჩამოყალიბდა, რომლებსაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა.

16. როგორ შეგიძლიათ პოვოთ სიხარული ახალ დავალებაში?

16 „იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა!“, — ასეთი სიტყვებით მიმართა ნეემიამ ისრაელებს (ნეემ. 8:10). არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოგვწონს ესა თუ ის დავალება, ჩვენი სიხარულის მიზეზი იეჰოვასთან ურთიერთობა უნდა იყოს და არა ის საქმე, რომელსაც ვასრულებთ. ამიტომ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეთ იეჰოვასთან და სთხოვეთ სიბრძნე, ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა. გახსოვდეთ: თქვენი დავალება იმიტომ შეგიყვარდათ, რომ მთელი გულით ცდილობდით ხალხის დახმარებას. ასე რომ, თუ ახალ დავალებასაც იმავე განწყობით მიუდგებით, იეჰოვას დახმარებით ამ საქმის შეყვარებასაც შეძლებთ (ეკლ. 7:10).

17. რა უნდა გვახსოვდეს ჩვენს დავალებასთან დაკავშირებით?

17 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დავალებები დროებითია; მუდმივი მხოლოდ იეჰოვასადმი მსახურებაა. ახალ ქვეყნიერებაში შეიძლება სრულიად განსხვავებული დავალება მივიღოთ. ზემოთ მოხსენიებული ალექსეი დარწმუნებულია, რომ ახლანდელი მდგომარეობა მას მომავლისთვის ამზადებს. ის ამბობს: „იეჰოვა და ახალი ქვეყნიერება ჩემთვის ყოველთვის რეალური იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არც ღმერთთან მქონდა ბოლომდე ახლო ურთიერთობა და არც ახალი ქვეყნიერება მესახებოდა ახლო მომავლის პერსპექტივად. დღეს კი პირიქითაა, იეჰოვასთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და ახალ ქვეყნიერებასაც უფრო მალე ველი“ (საქ. 2:25). მოდი ნებისმიერი დავალების დროს შევინარჩუნოთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. გვახსოვდეს, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება და დაგვეხმარება, სიხარული ვპოვოთ მისადმი მსახურებაში (ეს. 41:13).

სიმღერა 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

^ აბზ. 5 გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება ზოგიერთმა და-ძმამ სრული დროით მსახურება ვეღარ გააგრძელოს ან ახალი დავალება მიიღოს. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ ისინი, რა გაუადვილებთ მათ ცვლილებებთან შეგუებას, როგორ შეუძლიათ თანაქრისტიანებს მათი მხარდაჭერა და რომელი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება ცვლილებებთან შეგუებაში.

^ აბზ. 4 გარკვეულ ასაკობრივ ზღვარს რომ მიაღწია, ბევრმა ძმამ თავისი პასუხისმგებლობა შედარებით ახალგაზრდა ძმებს გადააბარა. იხილეთ სტატიები „ხანდაზმულო ქრისტიანებო, იეჰოვა აფასებს თქვენს ერთგულებას!“ (2018 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“) და „შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე ცვლილებების დროს“ (2018 წლის ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“).

^ აბზ. 12 უხუცესებმა რაც შეიძლება მალე უნდა დაწერონ სარეკომენდაციო წერილი, რათა ახალ კრებაში შეუფერხებლად განაგრძოს მან პიონერად, მომსახურედ ან უხუცესად მსახურება.

^ აბზ. 13 იხილეთ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ (№3, 2018), სათაურით „რა შეუმსუბუქებს მგლოვიარეებს მდგომარეობას?“.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: მისიონერი წყვილი, რომელიც უცხო ქვეყანაში მსახურობდა, იძულებულია, დატოვოს იქაურობა. ისინი თვალცრემლიანი ემშვიდობებიან კრების წევრებს.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: სამშობლოში დაბრუნებული წყვილი გამუდმებით ლოცულობს და არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად იეჰოვას დახმარებას სთხოვს.

^ აბზ. 61 სურათის აღწერა: ახალ კრებაში იეჰოვას დახმარებით ეს წყვილი კვლავ იწყებს სრული დროით მსახურებას. ისინი მისიონერობის დროს ნასწავლ ენას მათ ქვეყანაში ჩასულ იმიგრანტებთან საქადაგებლად იყენებენ.