არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 40

დაუღალავად განაგრძეთ ქადაგება „ბოლო დღეებში“

დაუღალავად განაგრძეთ ქადაგება „ბოლო დღეებში“

„იყავით მტკიცენი, ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58).

სიმღერა 58 ვეძებთ მშვიდობის მეგობრებს

მოკლე შინაარსი *

1. რა გვარწმუნებს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

თუ თქვენ 1914 წლის შემდეგ დაიბადეთ, გამოდის რომ მთელი ცხოვრება „ბოლო დღეებში“ გიცხოვრიათ (2 ტიმ. 3:1). შეიძლება გსმენიათ, როგორ სრულდება ბოლო დღეებთან დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველება. მისი სიტყვების თანახმად, ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები, ეპიდემიები, უკანონობის გამრავლება, იეჰოვას ხალხის დევნა და ა.შ (მათ. 24:3, 7—9, 12; ლუკ. 21:10—12). გარდა ამისა, აშკარად ვხედავთ, რომ დღეს ადამიანები სწორედ იმ თვისებებს ავლენენ, რომელთა შესახებაც პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა (იხილეთ ჩარჩო  „როგორ თვისებებს ავლენენ დღეს ადამიანები“). ეს ყველაფერი იეჰოვას მსახურებს გვარწმუნებს, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (მიქ. 4:1).

2. რა უნდა ვიცოდეთ?

2 ვინაიდან 1914 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბოლო დღეების“ მიწურულს ვცხოვრობთ. ამ ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი, ამიტომ საჭიროა, ვიცოდეთ, რა მოვლენები განვითარდება „ბოლო დღეების“ მიწურულს და რის გაკეთებას მოელის მანამდე იეჰოვა ჩვენგან.

რა მოვლენები განვითარდება „ბოლო დღეების“ მიწურულს?

3. პირველი თესალონიკელების 5:1—3-ის თანახმად, რა განცხადებას გააკეთებენ ერები?

3 პირველი თესალონიკელების 5:1—3-ში პავლე საუბრობს „იეჰოვას დღეზე“ (წაიკითხეთ). ამ მუხლებში მოხსენიებული „იეჰოვას დღე“ მიუთითებს პერიოდზე, რომელიც „დიდ ბაბილონზე“, ცრუ რელიგიურ სამყაროზე, თავდასხმით დაიწყება და არმაგედონის ომით დასრულდება (გამოცხ. 16:14, 16; 17:5). „იეჰოვას დღის“ დადგომამდე ერები „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ გამოაცხადებენ. მართალია, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრის დროს მსოფლიო ლიდერები დღესაც აკეთებენ მსგავს განცხადებებს, * მაგრამ განცხადება „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ, რომელზეც ბიბლია წინასწარმეტყველებს, სრულიად განსხვავებული იქნება. რატომ ვამბობთ ამას? როცა ეს მოხდება, ბევრი დაიჯერებს, რომ წამყვანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად აქციეს. მაგრამ სინამდვილეში მათ „მოულოდნელი განადგურება“ დაატყდებათ თავს, რომელიც „დიდ გასაჭირს“ მოჰყვება (მათ. 24:21).

ნუ დაიჯერებთ „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ ცრუ განაცხადს (იხილეთ აბზაცები 3—6) *

4. ა) რა დეტალები არ ვიცით „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ გამოცხადებასთან დაკავშირებით? ბ) რა ვიცით დანამდვილებით?

4 ზუსტად არ ვიცით, რის საფუძველზე გააკეთებენ მსოფლიო ლიდერები „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ განცხადებას. ჩვენ არც ის ვიცით, ერთი საგანგებო განცხადება გაკეთდება ამის თაობაზე თუ რამდენიმე. როგორც უნდა იყოს, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: მსოფლიო ლიდერები ვერ შეძლებენ მშვიდობის დამყარებას. „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ გამოცხადებით ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდება, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. ეს ყველაფერი კი იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ „იეჰოვას დღე“ სადაცაა დაიწყება.

5. როგორ გვეხმარება 1 თესალონიკელების 5:4—6, რომ მზადყოფნით შევხვდეთ „იეჰოვას დღეს“?

5 წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:4—6. პავლეს ამ მოწოდებიდან ვიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ „იეჰოვას დღეს“ მზადყოფნით შევხვდეთ. ჩვენ არ უნდა „[დავიძინოთ] დანარჩენების მსგავსად“, არამედ უნდა „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“. იეჰოვას მსახურებს არ გვსურს, „ქვეყნიერების ნაწილი“ გავხდეთ, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, ნეიტრალიტეტი შევინარჩუნოთ და პოლიტიკისგან თავი შორს დავიჭიროთ (იოან. 15:19). ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიოში მშვიდობას მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სამეფო დაამყარებს.

6. რაში უნდა დავეხმაროთ სხვებს და რატომ?

6 ღვთის მსახურებმა მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, რომ თავად შევინარჩუნოთ სიფხიზლე, არამედ სხვებსაც უნდა დავეხმაროთ „გამოფხიზლებაში“. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მათ იმ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს გავაცნობთ, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სრულდება. ეს საქმე არ უნდა გადავდოთ, რადგან დიდ გასაჭირში ხალხს აღარ მიეცემა შესაძლებლობა, რომ იეჰოვას მსახურთა რიგებს შეუერთდეს. სწორედ ამიტომ არის სამქადაგებლო საქმე გადაუდებელი! *

აქტიურად განაგრძეთ ქადაგება

როცა ვქადაგებთ, ცხადვყოფთ, რომ ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მხოლოდ ღვთის სამეფო დაამყარებს (იხილეთ აბზაცები 7—9)

7. რის გაკეთებას მოელის იეჰოვა დღეს ჩვენგან?

7 ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავამართლოთ ღვთის მოლოდინი და „იეჰოვა დღის“ დაწყებამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში აქტიურად ჩავებათ სამქადაგებლო საქმიანობაში. ყველას გვსურს, რომ „ბევრი . . . [ვიშრომოთ] უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58). იესომ იწინასწარმეტყველა, რა საქმით იქნებოდნენ დაკავებული მისი მიმდევრები. „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრისას მან თქვა: „ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (მარ. 13:4, 8, 10; მათ. 24:14). გახსოვდეთ, რომ ყოველთვის, როცა ქადაგებთ, ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებაში იღებთ მონაწილეობას.

8. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამქადაგებლო საქმე წინ მიიწევს?

8 ფაქტია, რომ სამქადაგებლო საქმე წინ მიიწევს, რადგან წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი ეხმაურება სასიხარულო ცნობას. დაფიქრდით, როგორ გაიზარდა სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი „ბოლო დღეებში“. 1914 წელს 43 ქვეყანაში 5 155 მაუწყებელი იყო, დღეს კი 240 ქვეყანაში დაახლოებით 8.5 მილიონი მაუწყებელია. თუმცა სამქადაგებლო საქმე ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ კვლავაც უნდა გავაგებინოთ ხალხს, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის (ფსალმ. 145:11—13).

9. რატომ უნდა განვაგრძოთ ქადაგება?

9 სამეფოს შესახებ იქამდე ვიქადაგებთ, სანამ იეჰოვა ჩათვლის საჭიროდ. რამდენი დრო დარჩათ ადამიანებს იეჰოვასა და იესოს გასაცნობად? (იოან. 17:3). ამაზე პასუხი არ გვაქვს. თუმცა ვიცით, რომ დიდი გასაჭირის დაწყებამდე მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოეხმაურონ სასიხარულო ცნობას და გახდნენ იეჰოვას მსახურები (საქ. 13:48). როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო?

10. როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ ადამიანებს ჭეშმარიტება ვასწავლოთ?

10 იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ყველაფრით უზრუნველგვყოფს, რომ ადამიანებს ჭეშმარიტება ვასწავლოთ. მაგალითად, შუა კვირის შეხვედრები ქადაგებისთვის გვამზადებს და გვასწავლის, როგორ წამოვიწყოთ საუბარი, როგორ გავაკეთოთ განმეორებითი მონახულება ან როგორ ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლა. ღვთის ორგანიზაცია „სწავლებაში დამხმარე საშუალებებსაც“ გვთავაზობს, რომლებიც გვეხმარება . . .

  • წამოვიწყოთ ხალხთან საუბარი

  • აღვუძრათ ინტერესი

  • გავუჩინოთ მეტის გაგების სურვილი

  • ვასწავლოთ ჭეშმარიტება ბიბლიის შესწავლის დროს

  • გავაცნოთ ჩვენი ვებგვერდი და დავპატიჟოთ სამეფო დარბაზში.

რა თქმა უნდა, ეს დამხმარე საშუალებები თავის მიზანს იმ შემთხვევაში მოემსახურება, თუ მათ მსახურებაში გამოვიყენებთ. * მაგალითად, თუ საინტერესო საუბრის შემდეგ დაინტერესებულს ბუკლეტს ან ჟურნალს დაუტოვებთ, მომდევნო შეხვედრამდე მას მეტის გაგების შესაძლებლობა ექნება. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ყოველთვიურად აქტიური მონაწილეობა მივიღოთ სამქადაგებლო საქმეში.

11. საიდან გაჩნდა ონლაინ გაკვეთილების შექმნის იდეა?

11 კიდევ ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა ხალხს ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარება „ბიბლიის ონლაინ შესწავლაა“. საიდან გაჩნდა ონლაინ გაკვეთილების შექმნის იდეა? ყოველთვიურად მთელ მსოფლიოში ათიათასობით ადამიანი ინტერნეტის მეშვეობით ცდილობს ბიბლიური საკითხების მოძიებას. ონლაინ გაკვეთილების დახმარებით ხალხს შეუძლია მეტი გაიგოს ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. თუ მსახურების დროს ბიბლიის შესწავლაზე არ დაგთანხმდებიან, კარგი იქნება, თუ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ონლაინ გაკვეთილებს აჩვენებთ ან მის ბმულს გაუგზავნით. *

12. რის სწავლა შეუძლია ხალხს ქვეგანყოფილებიდან „ბიბლიის ონლაინ შესწავლა“?

12 ქვეგანყოფილებაში „ბიბლიის ონლაინ შესწავლა“ განხილულია შემდეგი თემები: „ბიბლია და მისი ავტორი“, „ბიბლიის მთავარი მოქმედი პირები“, „ბიბლიური იმედი“ და სხვა. ეს გაკვეთილები პასუხს სცემს კითხვებს:

  • როგორ შეუძლია ბიბლიას ჩვენი დახმარება?

  • ვინ არიან იეჰოვა და იესო?

  • ვინ არიან ანგელოზები?

  • რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები?

  • რატომ არსებობს ტანჯვა და ბოროტება?

ამ გაკვეთილებში აგრეთვე ახსნილია . . .

  • როგორ მოსპობს იეჰოვა ტანჯვასა და სიკვდილს

  • როგორ დაუბრუნებს მკვდრებს სიცოცხლეს

  • როგორ ჩაანაცვლებს ადამიანურ მთავრობებს ღვთის სამეფოთი.

13. ჩაანაცვლა ონლაინ გაკვეთილებმა ბიბლიის შესწავლები? ახსენით.

13 ონლაინ გაკვეთილები არ ანაცვლებს ბიბლიის შესწავლებს. მოწაფეების მომზადება ჩვენთვის დიდი პატივია, რომელიც იესომ მოგვანდო. ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქვეგანყოფილებას „ბიბლიის ონლაინ შესწავლა“, დააფასებენ ნასწავლს და მეტის გაგებას მოინდომებენ. მათ შეიძლება ბიბლიის შესწავლის სურვილიც გამოთქვან. თითოეული გაკვეთილის ბოლოს მკითხველს შეუძლია რომელიმე იეჰოვას მოწმესთან ბიბლიის შესწავლა მოითხოვოს. ჩვენს ვებგვერდზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 230 ადამიანი ითხოვს ბიბლიის შესწავლას. აუცილებელია, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ბიბლია იეჰოვას მოწმის დახმარებით შეისწავლოს!

ყველანაირად ეცადეთ, მოწაფეებად მოამზადოთ ხალხი

14. მათეს 28:19, 20-ში ჩაწერილი მითითების თანახმად, რის გაკეთებას უნდა ვეცადოთ ყველანაირად და რატომ?

14 წაიკითხეთ მათეს 28:19, 20. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მოწაფეებად მოვამზადოთ ბიბლიის შემსწავლელები და ვასწავლოთ ყველაფრის დაცვა, რაც იესომ მცნებად დაგვიდო. ჩვენ უნდა დავანახვოთ ხალხს, რომ მნიშვნელოვანია, იეჰოვას მსახურები გახდნენ და ღვთის სამეფოს დაუჭირონ მხარი. ეს ნიშნავს, დავეხმაროთ მათ, გაითავისონ ჭეშმარიტება, იცხოვრონ ნასწავლის თანახმად, თავი მიუძღვნან იეჰოვას და მოინათლონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაურჩებიან ისინი იეჰოვას დღეს (1 პეტ. 3:21).

15. ვისთან არ უნდა დავკარგოთ დრო და რატომ?

15 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე ბევრი აღარ დარჩა. ამიტომ დრო არ უნდა დავკარგოთ იმ შემსწავლელებთან, რომლებიც ქრისტეს მოწაფეობას არ აპირებენ (1 კორ. 9:26). ქადაგების საქმე გადაუდებელია! ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა, ვისაც სამეფოს ცნობა არ მოუსმენია.

ყველანაირი კავშირი გაწყვიტეთ ცრუ რელიგიასთან

16. გამოცხადების 18:2, 4, 5, 8-ის თანახმად, რა მოეთხოვება თითოეულ ჩვენგანს? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

16 წაიკითხეთ გამოცხადების 18:2, 4, 5, 8. ამ მუხლებიდან კარგად ჩანს, კიდევ რას მოელის იეჰოვა თავისი მსახურებისგან. ჭეშმარიტ ქრისტიანს არაფერი უნდა აკავშირებდეს დიდ ბაბილონთან. ბიბლიის შემსწავლელი შეიძლება ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო. შესაძლოა ესწრებოდა რელიგიურ მსახურებას, მხარს უჭერდა მათ საქმიანობას ან შესაწირავს იღებდა რომელიმე ორგანიზაციისთვის. სანამ ბიბლიის შემსწავლელი მოუნათლავი მაუწყებელი გახდება, ყველანაირი კავშირი უნდა გაწყვიტოს ცრუ რელიგიასა თუ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც დიდი ბაბილონის ნაწილია. * ამისთვის მას შეიძლება განცხადების დაწერა ან სხვა ზომების მიღება დასჭირდეს.

17. რა სახის სამუშაოს შესრულებაზე უნდა თქვას ქრისტიანმა უარი და რატომ?

17 ქრისტიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი სამუშაო არანაირად არ უკავშირდება დიდ ბაბილონს (2 კორ. 6:14—17). მაგალითად, ის არ უნდა მუშაობდეს რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის სამსახურს არანაირი კავშირი არა აქვს რელიგიასთან, ქრისტიანმა თავი უნდა აარიდოს ხშირი და ხანგრძლივი სამუშაოების შესრულებას რელიგიურ შენობა-ნაგებობებში. თვითდასაქმებულმა ქრისტიანმა არც თავად უნდა აიღოს საქმე, რომელიც რაიმე სახით დიდ ბაბილონთანაა დაკავშირებული, და არც ასეთი ორგანიზაციების საქმიან შეთავაზებას უნდა დასთანხმდეს. რატომ გვაქვს ასეთი მტკიცე პოზიცია ამ საკითხზე? იმიტომ რომ, არ გვსურს, იმ საქმეებისა და ცოდვების თანამონაწილე გავხდეთ, რომლებსაც ღვთისთვის უწმინდური რელიგიური ორგანიზაციები სჩადიან (ეს. 52:11). *

18. როგორ დარჩა ერთი ძმა ბიბლიური პრინციპების ერთგული?

18 წლების წინ თვითდასაქმებულ უხუცესს კონტრაქტორმა ადგილობრივ ეკლესიაში სადურგლო საქმის შესრულება შესთავაზა. კონტრაქტორმა იცოდა, რომ ძმა ყოველთვის უარს ამბობდა ეკლესიისთვის რაიმე საქმის შესრულებაზე. თუმცა, რადგან ვერავინ იპოვა, იძულებული გახდა, ისევ ჩვენი ძმისთვის ეთხოვა დახმარება. ძმა ამჯერადაც ბიბლიური პრინციპების ერთგული დარჩა და უარი თქვა შეთავაზებულ საქმეზე. მომდევნო კვირას ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ასახული იყო დურგალი, რომელიც ეკლესიაზე ჯვარს ამაგრებდა. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იეჰოვა, ჩვენი ძმა ამ საქმეზე რომ დათანხმებულიყო ან როგორ შეელახებოდა მას თანაქრისტიანების თვალში რეპუტაცია გაზეთში მისი ფოტო, რომ დაბეჭდილიყო.

რა ვისწავლეთ?

19, 20. ა) რა ვისწავლეთ ამ სტატიიდან? ბ) რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო სტატიაში?

19 ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, მალე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება — ერები „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ გამოაცხადებენ. იეჰოვასგან მომდინარე ცოდნის წყალობით გვესმის, რომ მსოფლიო ლიდერები ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას ვერ მიაღწევენ. რა უნდა გავაკეთოთ ამ მოვლენის განვითარებამდე, რომელსაც „მოულოდნელი განადგურება“ მოჰყვება? იეჰოვა მოელის, რომ აქტიურად დავკავდებით ქადაგებითა და მოწაფეების მომზადების საქმით და თავს შორს დავიჭერთ ცრუ რელიგიისგან. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ სრულად გამოვეყოფით დიდ ბაბილონთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს და უარს ვიტყვით მათთვის რაიმე საქმის შესრულებაზე.

20 „უკანასკნელი დღეების“ მიწურულს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც განვითარდება. იეჰოვა ჩვენგან კიდევ რაღაცის გაკეთებას მოელის. მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, რა მოვლენები გველის წინ? რის გაკეთებას მოელის იეჰოვა ჩვენგან? და როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის?

სიმღერა 71 ჩვენ იეჰოვას ლაშქარი ვართ!

^ აბზ. 5 მალე მსოფლიო ლიდერები იტყვიან, რომ „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ მიაღწიეს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დიდი გასაჭირი სადაცაა დაიწყება. წინამდებარე სტატიიდან გავიგებთ, რის გაკეთებას მოელის იეჰოვა ჩვენგან, სანამ ერები „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ გამოაცხადებენ.

^ აბზ. 3 მაგალითად, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას ინარჩუნებს.

^ აბზ. 10 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ გამოვიყენოთ „სწავლებაში დამხმარე საშუალებები“, იხილეთ 2018 წლის ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „ასწავლეთ ჭეშმარიტება“.

^ აბზ. 11 ქვეგანყოფილება „ბიბლიის ონლაინ შესწავლა“ ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზეა ხელმისაწვდომი. სხვა ენებზე მოგვიანებით განთავსდება.

^ აბზ. 16 ჩვენ არ უნდა შევუერთდეთ რელიგიური ნიშნით გაერთიანებულ ხალხთა ჯგუფს, მაგალითად ახალგაზრდულ ბანაკებს. ჩვენ არც ისეთ გასართობ ადგილებს უნდა ვესტუმროთ, რომლებიც ცრუ რელიგიასთანაა დაკავშირებული. არსებობს ორგანიზაციები, რომლებშიც მხოლოდ ახალგაზრდები ერთიანდებიან. ისინი ცდილობენ, თავიანთ აქტივობებში ნაკლებად იგრძნობოდეს რელიგიასთან კავშირი, თუმცა ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციების მიზანი ახალგაზრდებისთვის თავიანთი რელიგიური ფასეულობების ჩანერგვაა.

^ აბზ. 17 ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიური თვალსაზრისი უფრო დეტალურად განიხილება 1999 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“.

^ აბზ. 84 სურათის აღწერა: კაფეში ხალხი ახალ ამბებს უსმენს, სადაც „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ საგანგებო განცხადება კეთდება. იეჰოვას მოწმე წყვილი, რომელიც მსახურების დროს იმავე კაფეში ცოტა ხნით ისვენებს, არ ტყუვდება ამ ინფორმაციით.