არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღესვე დაუჭირეთ მხარი ღვთის სამეფოს!

დღესვე დაუჭირეთ მხარი ღვთის სამეფოს!

წარმოიდგინეთ, რომ გამანადგურებელი ქარიშხალი გიახლოვდებათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები ყველას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი. ალბათ, გონივრული იქნებოდა, უმალვე დაგეტოვებინათ იქაურობა.

დღეს სადაცაა გამანადგურებელი „შტორმი“ დაგვატყდება თავს, რომელსაც იესომ „დიდი გასაჭირი“ უწოდა (მათე 24:21). მიუხედავად იმისა, რომ ამ რეალობის წინაშე თითოეული ჩვენგანი დავდგებით, თავშესაფრის პოვნა ყველას შეგვიძლია. რა უნდა გავაკეთოთ?

მთაზე ქადაგების დროს იესო ქრისტემ შემდეგი მითითება მოგვცა: „უპირველესად ეძებეთ [ღვთის] სამეფო და მამის სიმართლე“ (მათე 6:33). რას ნიშნავს ეს სიტყვები?

უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის სამეფოს ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა ეკავოს (მათე 6:25, 32, 33). რატომ არის გონივრული ასე მოქცევა? იმიტომ რომ ადამიანებს არ ძალუძთ კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა. ამის გაკეთება მხოლოდ ღვთის სამეფოს ხელეწიფება.

ეძებეთ მამის სიმართლე. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ღვთის სამართლიანი კანონებისა და პრინციპების თანახმად ვიცხოვროთ. თუ თავად დავადგენთ, რა არის სწორი და რა — არასწორი, შედეგები სავალალო იქნება (იგავები 16:25). მაგრამ, თუ ღვთის ნორმების თანახმად ვიცხოვრებთ, საკუთარ თავსაც ვარგებთ და, რაც მთავარია, ღმერთსაც გავახარებთ (ესაია 48:17, 18).

არ შეწყვიტოთ ღვთის სამეფოსა და მამის სიმართლის ძებნა. იესომ გაგვაფრთხილა, რომ ზოგი ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანდა და უსაფრთხოების გარანტად ბევრ ფულს მიიჩნევდა. ზოგიც იმდენად იქნებოდა მოცული ცხოვრებისეული საზრუნავით, რომ დრო აღარ დარჩებოდა ღვთის სამეფოსთვის (მათე 6:19—21, 25—32).

იესო დაგვპირდა, რომ, თუ ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დავაყენებთ, დღესვე გვექნება ყოველივე აუცილებელი, მომავალში კი წარმოუდგენელ კურთხევებს მივიღებთ (მათე 6:33).

იესოს მოწაფეები, რომლებიც ღვთის სამეფოსა და მამის სიმართლეს პირველ ადგილზე აყენებდნენ, ისე დაიხოცნენ, რომ ტანჯვასა და ტკივილს ბოლო არ მოღებია. მაგრამ ეს ერთგული ადამიანები დაცულები იყვნენ. რა გაგებით?

ისინი ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრობდნენ და, ამ ნორმების უგულებელმყოფელებისგან განსხვავებით, თავიდან ირიდებდნენ ზედმეტ პრობლემებს. ღვთის ამ ერთგულ მსახურებს სამეფოს მტკიცე იმედი ურთულეს განსაცდელებს ატანინებდა. ღმერთი მათ აღმატებულ ძალას აძლევდა, რათა სირთულეებს არ შეპუებოდნენ (2 კორინთელები 4:7—9).

ᲗᲥᲕᲔᲜᲪ ᲔᲫᲔᲑᲗ ᲣᲞᲘᲠᲕᲔᲚᲔᲡᲐᲓ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲡ?

პირველი საუკუნის ქრისტიანები ითვალისწინებდნენ იესოს მოწოდებას და უპირველესად სამეფოს ეძებდნენ. მათ სასიხარულო ცნობა იმდროინდელ მსოფლიოში თითქმის ყველგან იქადაგეს (კოლოსელები 1:23). აგრძელებს დღეს ვინმე მათ დაწყებულ საქმეს?

დიახ! იეჰოვას მოწმეებმა კარგად იციან, რომ ქვეყნიერების აღსასრულამდე დრო ცოტაღა დარჩა, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ პირნათლად შეასრულონ იესოს დავალება: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).

როგორ გამოეხმაურებით სასიხარულო ცნობას? კარგი იქნება, თუ ისეთივე სულისკვეთებას გამოავლენთ, როგორსაც პირველ საუკუნეში მაკედონიის ქალაქ ბერეაში მცხოვრები ხალხი ავლენდა. მათ „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს“ სამეფოს შესახებ ცნობა, რომელიც პავლე მოციქულისგან მოისმინეს. ბერეელები „გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“, რათა მოსმენილის სისწორეში დარწმუნებულიყვნენ. შედეგად, მათ ნასწავლის თანახმად დაიწყეს ცხოვრება (საქმეები 17:11, 12).

თქვენც შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ. თუ პირველ ადგილზე დააყენებთ ღვთის სამეფოს და მამის სიმართლეს, დღესვე იპოვით ნამდვილ თავშესაფარს, მომავალში კი მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრებთ.